"მმართველი გუნდი მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიშლება..." - ინტერვიუ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან

მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით 12 რეკომენდაცია გაასაჯაროვა, ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა საგრძნობლად აიწია. ახლა, ისე როგორც არასდროს, საზოგადოება და დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აღნიშნული რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულების მოლოდინში არიან. 

 

აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთ პარტნიორები და მოკავშირეები არაერთგვაროვანი განცხადებებით მოუწოდებენ, რათა ქვეყანამ რაც შეიძლება მალე დაძლიოს არსებული პრობლემები და ალიანსის კანდიდატობის სტატუსიც დაიმსახუროს. ამასთან, მეტად საყურადღებოა ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც "დეოლიგაქრიზაციის" ნაწილს ეხება.

 

რაც შეეხება ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიციას, მნიშვნელოვანია მთავრობის მეთაურის მიერ, კვირის დასაწყისში გაკეთებული განცხადება, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად, 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას და ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.

 

ერევა თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მართვის პროცესებში და რატომ არის "ოცნება" მუდმივად მისი დაცვის როლში? მოსალოდნელია თუ არა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ მობრუნება და რა გავლენას მოახდენს აღნიშნული ქვეყნის ევროინტეგრაციის მომავალზე? - ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით "ჯორჯიან თაიმსი" საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

 

- ბ-ნო, ალექსანდრე, ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია. მაგალითად, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩი "ქართულ ოცნებას" ღიად უცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციაზე უარის თქმა, "დებიძინიზაციას" ნიშნავს. როგორც შეაფასებდით ევროპარლამენტარის ამ განცხადებას და რას უნდა ნიშნავდეს ის?

 

- სიმართლე გითხრათ, ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებების მოსმენა უკვე მომბეზრდა. მეტწილად, მათი განცხადებები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე სუფთა პიარ სვლაა და მეტი არაფერი. უფრო მეტიც, ვინმეს აქვს რაიმე ვიდეოჩანაწერი, ან დამამტკიცებელი საბუთი, რომ ეს ასე არის?! - რა თქმა უნდა, არავის... ან რას ნიშნავს ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მოუწოდებენ? - კი, ბატონო, უნდა მოუწოდონ, მაგრამ ისინი ამოიჩემებენ რაიმეს, მაგალითად, იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს მათთვის 500 მილიონის გადახდა არ უნდა და ა.შ.  მე იმას არ ვამბობ, რომ ეს ასე არ არის. უბრალოდ მიმაჩნია, რომ ადამიანის სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს, როდესაც მსგავს განცხადებას აკეთებ, ამის უკან შესაბამისი მტკიცებულება უნდა იყოს. 

 

მაგალითად, როცა დიდმა ბრიტანეთმა აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა, მათ დადეს მტკიცებულება აბრამოვიჩისა და პუტინის თანამშრომლობის შესახებ, - თუ რამდენი მილიონი იშოვა ამით მან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავიდანვე ბრიტანეთმა აბრამოვიჩს ყველაფერი არ დაუყადაღა. მხოლოდ იმას შეეხნენ, რაც პუტინთან თანამშრომლობით ჰქონდა მოპოვებული. როცა უკვე ყველაფერში გაერკვნენ, აბრამოვიჩს მისცეს უფლება, რომ "ჩელსი" გაეყიდა, ის რაც თავისით ჰქონდა მოპოვებული. რაც შეეხება ევგენი პრიგოჟინს, ყველამ იცის, რომ ის "ვაგნერის" ხელმძღვანელია და ამ დაქირავებული მკვლელებით შოულობს ფულს, რომელსაც პუტინს უგზავნის. დიახ, ყველამ კარგად იცის, რომ მას ფული ამით აქვს ნაშოვნი, მაგრამ აი, როგორ იშოვა ბიძინა ივანიშვილმა თავისი მილიონები, ეს კაციშვილმა არ იცის. 

 

სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით იძახიან იმას, რისი დამტკიცებაც არ შეუძლიათ. მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში მე საქართველოს ინტერესებს ვიცავ და სულ არ მაინტერესებს, ივანიშვილს სანქციებს დაუწესებენ თუ არა. უფრო მეტიც, არ მაინტერესებს, ექნება თუ არა მას ოლიგარქის სტატუსი. თუმცა, ფაქტია ის, რომ ეს ყველაფერი საქართველოს მნიშვნელოვნად აზიანებს და ჩვენს ქვეყანას ჩირქს ცხებს.  

 

რაც შეეხება ამ ყველაფერთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" განცხადებებს, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენი მთავრობა როგორც საბავშვო ბაღის მოწაფეები, ისე იქცევა."

 

- მიმდინარე კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იყო, რომელსაც როგორც პოლიტიკურ წრეში, ასევე საზოგადოებაში, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. როგორ შეაფასებდით ამ განცხადებას და თქვენი აზრით, რატომ იცავს "ოცნება" ბიძინა ივანიშვილს მუდამ, თუ ის მართლაც არ ერევა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში? 

 

- რამდენად იცავს "ქართული ოცნება"  ბიძინა ივანიშვილს, ეს ცალკე საკითხია. შესაძლოა იმიტომაც, რომ ის ძალიან უყვართ. აქ ადამიანური ფაქტორია ალბათ... მაგრამ, აქვე უნდა ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი ნაკლი აქვს. ის საერთოდ არ ცნობს პიარ ტექნოლოგიებს, რაც მას ძალიან აზიანებს.  

 

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, მინდა ვთქვა, რომ გამოცდილი პოლიტიკოსი ამას ამ მანერით არ გააკეთებდა. მიმაჩნია, რომ ღარიბაშვილის განცხადებაში დიდი სიმართლე დევს, გარდა ივანიშვილთან პოლიტიკური კონსულტაციებისა. ამას ეჭვის დონეზე ვამბობ და შესაბამისად, რაიმე დამამტკიცებელი საბუთი არ გამაჩნია, თუმცა მაქვს უფლება, რომ ღარიბაშვილის განცხადების ამ ნაწილში ეჭვი შევიტანო. საერთო ჯამში კი, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული განცხადებით "გადაამლაშა." 

 

- რამდენად მოსალოდნელია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ მობრუნება და რა გავლენას მოახდენს აღნიშნული ქვეყნის ევროინტეგრაციის მომავალზე?

 

- რა გავლენას მოახდენს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ მობრუნება ქვეყნის ევროინტეგრაციის მომავალზე, ეს ცოტა ბუნდოვანია. თუმცა, ძალიან საინტერესო იყო, მისი ყველაზე დიდი კრიტიკოსის, გია ხუხაშვილის განცხადება, რომ "აუცილებელია, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდესო". ხუხაშვილის ეს განცხადება საინტერესოა იმით, რომ დღეს, ჩვენმა პოლიტიკოსებმა სიტყვის ფასი დაკარგეს. დღეს, ერთს ამბობენ, ხვალ - სხვას, ხოლო მათ მიერ ნებისმიერ დაპირებას აღსრულება არ უწერია. აი, ბიძინა ივანიშვილი კი ამით გამოირჩევა. მაგალითად, ის, რასაც დასავლელ პარტნიორებს ჰპირდებოდა, ზედმიწევნით ასრულებდა. ამ თვალსაზრისით, ივანიშვილი სიტყვის კაცია". ალბათ, ამიტომაც მეჩვენება, რომ თითქოსდა დასავლეთსაც სურს მისი პოლიტიკაში დაბრუნება. ასევე, ფაქტია, რომ თვითონაც დაბნეულები არიან და უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ ყველაფერი, აი ეს "აჯაფსანდალი" კოჰაბიტაციის პოლიტიკის დაწყებას მოჰყვა. ამას არ განვავრცობ, რადგან ეს ცალკე პოლიტიკური ანალიზის საკითხია და ამჟამად ინტერვიუში ამის ადგილი ნამდვილად არ არის. 

 

შეიძლება დასავლეთის ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ ივანიშვილს პოლიტიკაში მობრუნება აიძულონ. ეს ალბათ, იმიტომ, რომ მისი შემცველი ჯერ არ გამოჩენილა. ძალიან მწყინს, როდესაც პოლიტიკოსები სიცილისმომგვრელ განცხადებებს აკეთებენ. აი, მაგალითად, გავიხსენოთ მიხეილ ყაველაშვილის წერილი, რომელიც მან აშშ-ის ელჩს, - კელი დეგნანს გაუგზავნა. ჩემი აზრით, ის, რაც ყაველაშვილმა წერილში ბრძანა, სრული აბსურდი და სისულელეა. არავითარ პარტნიორს და კელი დეგნანს საქართველოს ომში ჩართვა და მეორე ფრონტის გახსნა არ უნდა. ამ იდეის უკან არახამია, პოდოლიაკი და უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსანი დგას, რომლებსაც ზემოთ აღნიშნული ყოველდღიურ ყოფას უბრალოდ თუ შეუმსუბუქებდა და მეტი არაფერი.  


- მოგეხსენებათ, "ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. აქედან გამომდინარე, ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ მმართველი გუნდი დაიშლება? 

 

- მმართველი გუნდი დაიშლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართულ პოლიტიკურ ველზე ისეთი ძალა გამოჩნდება, რომლის გარშემოც "ოცნების" წევრები გაერთიანდებიან. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენი პოლიტიკოსები თავის გადარჩენის ინსტინქტებს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე - ქვეყნის სიყვარულს. მათი ძირითადი პოზიციაა - ჯერ მე, ჩემი ოჯახი, თანამდებობა, ნაბადი, რაც გააჩნიათ და ბოლოს საქართველო, ანუ სამშობლოს სიყვარული. ის, რასაც თავის დროზე ილია ჭავჭავაძე წერდა. სამწუხაროდ, აი, ეს მენტალიტეტი ჯერ კიდევ არ შეცვლილა. ასე რომ, თუ "ოცნების" წევრები მასიურად დატოვებენ პარტიას და ამავდროულად გამოჩნდება ძალა, რომლის გარშემოც გაერთიანდებიან, ისინი ამით ვადამდელ არჩევნებს გამოიწვევენ. 

 

სხვათა შორის, ასეთ ფიგურად თავის დროზე გიორგი გახარია მოიაზრებოდა, თუმცა ისიც  ვერ გამოდგა. მაგრამ, მოვლენებსაც წინ ნუ გავუსწრებთ. მოდი, ვთქვათ, რომ გახარიამ ეს ჯერჯერობით ვერ მოახერხა. აქვე გეტყვით, რომ ჩემი აზრით, ის ყველაზე კარგი პრემიერ-მინისტრი იყო. მიმაჩნია, რომ თუ პოლიტიკურ ველზე მისნაირი ძლიერი პიროვნება გამოჩნდა, მაშინ პოლიტიკური პროცესების მნიშვნელოვან ცვლილებას უნდა ველოდოთ. აქვე გავიმეორებ, რომ ვადამდელი არჩევნები იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ მმართველი პარტია დაიშლება.

 

რაც შეეხება უშუალოდ იმ დეპუტატებს, რომლებმაც "ოცნება" ახლახან დატოვეს, ძალიან მეპარება ეჭვი იმაში, რომ აი, ეს ადამიანები შექმნიან ისეთ ძლიერ ძალას, რომლის გვერდითაც დანარჩენებს შემოიკრებენ.

 

- და ბოლოს, რაც შეეხება ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას, როგორც ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველოსთვის მიცემული ვადა ჩვენმა ხელისუფლებამ გონივრულად გამოიყენოს?

 

- მოდი, ასე ვიტყვი,- ჩვენი პოლიტიკური ელიტა და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ალბათ პროცესებში ჩაერთვება, ამ საშინაო დავალებას თავიანთი უნარ-ჩვევების პროპორციულად შეასრულებს. ხოლო, რამდენად იქნება ეს ყოვლისმომცველი დოკუმენტი კარგი და ამავდროულად, რამდენად კარგად შეასრულებენ მას, ეს მხოლოდ ჩვენი პოლიტიკოსების გამჭრიახობაზეა დამოკიდებული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ის, რაც ამ დოკუმენტაციის გამოგზავნას ქვეყანაში მოჰყვა, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. ანუ, მაშინ, როდესაც მოწოდება დეპოლარიზაციასთან დაკავშირებითაა, მიტინგზე "გადადექი ღარიბაშვილო!" ძახილით გამოდიან.  ამის გაკეთება შეიძლება, თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს. ამიტომ ვამბობ, რომ ყველაფერი თავის დროზე უნდა გააკეთო და არა მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს.

 

ჩვენ რაღაც გზის გასაყარზე ვართ... მართალია, არსებობს სხვადასხვა ზრახვები და შიშები, რომ ჩვენი ბედი ლამის ამ დოკუმენტის და ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებაზე წყდება, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. სწორედ დღეს, ჩვენი ბედი და უსაფრთხოების საკითხი უკრაინაში ბრძოლის ველზე წყდება. აი, ეს გზის გასაყარი კი, მეტად მნიშვნელოვანია და ნამდვილად არ ვიცი, რა გეგმა აქვს "ქართულ ოცნებას", რომ ქვეყნის უსაფრთხოება ბოლომდე დაცული იყოს," - ამბობს "ჯორჯიან თაიმსთან" ალექსანდრე თვალჭრელიძე.

 

/თეო მჟავანაძე/





მსგავსი სიახლეები
"ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები" - კობახიძე
მოსამართლეებისათვის სანქციების დაწესება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება - თამთა მეგრელიშვილი
“ქაჯ არარაობა ღარიბაშვილს რა ეგონა, შვილს პენსილვანიის უნივერსტეტში გაუშვებს სასწავლებლად?” – სამადაშვილ
,,თუ კოქტეილის სროლაზე სახელმწიფო რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ შემდეგ მიტინგზე ყველა ჩაიდებს ჯიბეში ერთ კოქტეილს“ - ირაკლი ჩავლეიშვილი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?! - ანდრია გვიდიანი
“ამ სანქციებს ფასი არ ექნება” – თალაკვაძე
,,ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში''- ედიშერ გვენეტაძე ბლინკენის განცხადებაზე
,,ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად''- ირაკლი გოგავა
,, 9 აპრილამდე, ნაცების მორიგ შეკრებამდე, თამაშდება მოკლევადიანი გეგმა” – დავით ქართველიშვილი
სრულდება ამ ჯოჯოხეთის მმართველობა, რასაც ჰქვია ვლადიმერ პუტინი - ჩარკვიანი მოსამართლეთა სანქცირებაზე
გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია - ჯიმ რიში მოსამართლეების დასანქცირებაზე
"ეს არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა!''- დიმიტრი სამხარაძე
სანქცირებაში მოხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მთავრობის წევრები, ივანიშვილი და მისი ოჯახი, გვექნება ვადამდელი - ნათელაშვილი
ეს არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით - ვატო შაქარიშვილი
,,ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა'' - გიორგი გახარია
,,ჩვენთან აქვთ დიდი გული ამ...'' - ხათუნა ხოფერია:
პირველად საქართველოს ისტორიაში კლანის 4 წევრი დასანქცირებულია, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - ხატია დეკანოიძე
შემდეგი უკვე ღარიბაშვილს აუხსნიან სად არის პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც მისი შვილი სწავლობს - ხუხაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე
მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი, შებღალეს სასამართლოს უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი - დეგნანი მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირებაზე
სამწუხაროა, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს - ლევან მურუსიძე სანქცირებაზე