"უკრაინელები ომს, სიკვდილსა და ნგრევას გაურბიან, მაგრამ შეუძლებელია ამტკიცო, რომ მათ ეროვნული ნიშნით დევნიან"

"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი


ავტორი: დავით ზარდიაშვილი

 

უკრაინას 15 მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი ჰყავს, კატასტროფული ვითარებაა: პრაქტიკულად ყოველი მესამე უკრაინელი მოქალაქე - ლტოლვილია; მიუხედავად ამისა, რუსული ოკუპაცია, განსხვავებით საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციისგან, მაინც  არ არის ეთნო-წმენდასთან დაკავშირებული;  ადამიანები ომს, სიკვდილსა და ნგრევას გაურბიან, მაგრამ შეუძლებელია ამტკიცო, რომ მათ სწორედ ეროვნული ნიშნით, როგორც ეს მოხდა ჩვენში, სასტიკად დევნიან და ფიზიკური განადგურების მუქარით ართმევენ  სამკვიდროს. ამის მაგალითი - ყირიმია, სადაც ომის, სერიოზული სამხედრო კონფლიქტის  გარეშე მოხდა რუსული ოკუპაცია და შემდგომ ანექსია; ყირიმიდან იქ მცხოვრები მანამდე  უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან მალე  რუსი გახდა; ძალზე იშვიათად, რომ ვინმეს გარუსებაზე უარი ეთქვა და სახლ-კარიდან გადახვეწილიყო; ცხადია, თუ ყირიმში უკრაინული იურისდიქცია აღდგა, მათ არც პირუკუ - ისევ გაუკრაინელება არ გაუჭირდებათ. განსხვავებული ვითარებაა დონბასში - 2014 წლიდან მიმდინარე ომის გამო, იქ მკვეთრად ანტი-უკრაინული იდენტობა ჩამოყალიბდა, თუმცა ეს ანტი-უკრაინელობაც უპირატესად „პოლიტიკურია“, ვიდრე საკუთრივ ეთნიკური; 

 

ეს გახლავთ კიდევ ერთი მამტკიცებელი საბუთი, რომ უკრაინას, როგორც სახელმწიფოს, ბუნებრივად ორმაგი, ასე ვთქვათ - „ბინარული“ ეროვნული იდენტობა აქვს: საკუთრივ უკრაინულიც და რუსულიც; იქ სამკვდრო-სასიცოცხლო ომი მიდის არა ეროვნულ სამკვიდროზე,  რადგან სლავების განსახლებისაა მთლიანად ეს ტერიტორია, არამედ სწორედაც რომ სახელმწიფოებრივ იურისდიქციაზე - უკრაინული იურისდიქცია ანტი-რუსულია და პირიქით. არა ეროვნული, არამედ სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური იდენტობაა ბუნებრივად ურთიერთ-მტრული. 

 

რასაკვირველია, ორმხრივი პროპაგანდა საწინააღმდეგოს ამტკიცებს და ხელოვნურად აღვივებს ეროვნულ მტრობასა და შუღლს; ცდილობენ, ამ ბუნებრივად „ბინარული იდენტობის“ ხელოვნურად დანგრევას, რაც ხშირად ყოფით დონეზეც კი სერიოზული კონფლიქტებით სრულდება - ბიძაშვილ-მამიდაშვილები ერთმანეთს დასანახად ვეღარ იტანენ და ამ პროპაგანდას აყოლილები, მზად არიან ერთი-მეორეს ყელი გამოღადრონ; თუმცა ასეთი კონფლიქტები მასიური არ არის;  ცხადია, ხელოვნურია, წმინდად იდეოლოგიურია და არა მეცნიერული, როცა უკრაინული პროპაგანდის დოქტრინა „მასკალებს“ მთლიანად მონღოლობას უკავშირებს და ისტორიის თავისებური ინტერპრეტაციით ცდილობს, რომ ისინი, როგორც ეთნოსი, უფრო მონღოლების, ვიდრე სლავებისა,  შთამომავლებად და ეთნო-კულტურულადაც, პოლიტიკურადაც მათ მემკვიდრეებად გაასაღონ;  თავის მხრივ, რუსული პროპაგანდა საერთოდ უარყოფს საკუთრივ უკრაინულ ეროვნულ იდენტობას და არანაკლები დოქტრინული შეუვალობით აცხადებს, რომ ისინი, ე.ი. „სკაპეცები“ ისეთივე რუსები,  ოღონდ დახარვეზებულნი, მომცრონი და ნაკლოვანნი, არიან,  როგორიც ველიკორუსები. რუსული დოქტრინა პრივილეგირებული ველოკორუსების და დაბალ საფეხურზე მდგომი მალორუსების, ნოვორუსებისა თუ თუნდაც ბელორუსების შესახებ, რაც სახელწოდებებითაც უთანსწორო განსხვავებულობას ასახავს,   ოფიციალური იდეოლოგიაა კერმლისა და, რასაკვირველია, უკრაინისათვის კატეგორიულად მიუღებელია. 

 

მიუხედავად ამისა, ამ იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული ომისა, ფაქტობრივად ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ უკრაინის ბუნებრივად „ბინარული ეროვნული იდენტობის" გამო, მის ოკუპაციას მაინც განსხვავებული შინაარსი აქვს, უფრო პოლიტიკურ, ვიდრე ეროვნულ თვითგამორკვევასთანაა დაკავშირებული. რუსებმა ეს კარგად იციან და ამიტომაც გამოაცხადეს, რომ ყოველ უკრაინელს გამარტივებული წესით შეუძლია რუსული მოქალაქეობის მიღება, იოლად გარუსება, რაც ხდება კიდეც და მასიური ხასიათიცა აქვს უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში. 

 

განსხვავებით საქართველოსგან, რუსებს არ უდგათ ეთნიკური წმენდის აუცილებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებზე იურისდიქციის შეცვლა სასიკვდილო განაჩენი არ არის, როგორც აქ ქართველებისათვის გახადეს.  ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთში ინკორპორირებისა და სრული ანექსიის უფრო იოლად, მძიმე რეპრესიული ღონისძიებების გარეშეც, რაც საქართველოს შემთხვევაში განსაკუთრებული სისასტიკით, მხეცურად გატარდა და დღემდე ჩვენ იქიდან გვდევნიან,  განსახორციელებლად. ისიც თვალშისაცემია, რომ არც ყირიმის, არც დონბასის და ვეჭვობ, უკვე არც ხერსონის მოსახლეობა დეოკუპაციის მოლოდინში მაინცადამაინც არ დარაზმულა და არც პარტიზანული ომის გაჩაღებას აპირებს, უარესიც: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ომის უბედურებას აპროტესტებენ მხოლოდ და არა იურისდიქციის შეცვლას. 

 

ჩვენს წინააღმდეგ რუსეთის დანაშაული შეუდარებლადაც უფრო მძიმეა: ქართველებს რუსეთმა - აფხაზეთსა და შიდა ქართლში ძალით, უსამართლო, ბარბაროსულად მხეცური   აგრესიით სამკვიდრო წაგვგლიჯეს და არა მხოლოდ ჩვენი იურისდიქცია ამ ტერიტორიებზე; ქართველებს ფიზიკური მოსპობის მუქარით რეალურად აუკრძალეს სახლში დაბრუნება, რაც უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციისას და ანექსიისას არ შეინიშნება; 

 

ჩვენთვის, ქართველებისათვის - სამკვიდრო ყოველთვის უპირატესია, ვიდრე იურისდიქცია; მიზნად -ეს უნდა გვქონდეს: ჯერ სამკვიდროს და ღმერთის შეწევნით - იურისდიქციის, დაბრუნება! 

 

იმათ კი, რადგან სამკვიდრო საერთო-სლავურია, რუსულ-უკრაინულია  და რეალურად გასაყოფი არცა აქვთ, მიუხედავად რუსეთის მიერ ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილი უპატიებელი, ველური ბოროტებისა, მაინც ქრისტიანულად კიდევ უნდა მოუწოდოთ, ნუ დახოცავენ ერთი-მეორეს იურისდიქციისათვის. უნდა მორიგდნენ.





მსგავსი სიახლეები
"ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები" - კობახიძე
მოსამართლეებისათვის სანქციების დაწესება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება - თამთა მეგრელიშვილი
“ქაჯ არარაობა ღარიბაშვილს რა ეგონა, შვილს პენსილვანიის უნივერსტეტში გაუშვებს სასწავლებლად?” – სამადაშვილ
,,თუ კოქტეილის სროლაზე სახელმწიფო რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ შემდეგ მიტინგზე ყველა ჩაიდებს ჯიბეში ერთ კოქტეილს“ - ირაკლი ჩავლეიშვილი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?! - ანდრია გვიდიანი
“ამ სანქციებს ფასი არ ექნება” – თალაკვაძე
,,ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში''- ედიშერ გვენეტაძე ბლინკენის განცხადებაზე
,,ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად''- ირაკლი გოგავა
,, 9 აპრილამდე, ნაცების მორიგ შეკრებამდე, თამაშდება მოკლევადიანი გეგმა” – დავით ქართველიშვილი
სრულდება ამ ჯოჯოხეთის მმართველობა, რასაც ჰქვია ვლადიმერ პუტინი - ჩარკვიანი მოსამართლეთა სანქცირებაზე
გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია - ჯიმ რიში მოსამართლეების დასანქცირებაზე
"ეს არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა!''- დიმიტრი სამხარაძე
სანქცირებაში მოხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მთავრობის წევრები, ივანიშვილი და მისი ოჯახი, გვექნება ვადამდელი - ნათელაშვილი
ეს არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით - ვატო შაქარიშვილი
,,ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა'' - გიორგი გახარია
,,ჩვენთან აქვთ დიდი გული ამ...'' - ხათუნა ხოფერია:
პირველად საქართველოს ისტორიაში კლანის 4 წევრი დასანქცირებულია, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - ხატია დეკანოიძე
შემდეგი უკვე ღარიბაშვილს აუხსნიან სად არის პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც მისი შვილი სწავლობს - ხუხაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე
მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი, შებღალეს სასამართლოს უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი - დეგნანი მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირებაზე
სამწუხაროა, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს - ლევან მურუსიძე სანქცირებაზე