დაკარგული თაობა - რა დაემართა 1990-იანების საქართველოს ნაკრებს

"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი


ავტორი: თორნიკე შარაშენიძე


დაკარგული თაობა - რა დაემართა 1990-იანების საქართველოს ნაკრებს

 

90-იან წლებში იყო მომენტები როცა საქართველოს მოქალაქეები ადამიანებად ვგრძნობდით თავებს. საქართველო-უელსი 5:0, უელსი-საქართველო 0:1. გერმანიას ცოტა ხნით გასვლაზე ვუგებდით. ბოლოს კი ნაკრებმა კარი გაიჯახუნა და ბულგარეთს მოუგო. ნუ, ალბანეთთან ექვსი ქულა ავიღეთ. რა მოხდებოდა მოლდოვასთან რომ არ დაგვეკარგა ქულები? ან რა მოხდებოდა ცოტათი უფრო სუსტი ჯგუფი რომ შეგვხვედროდა? (ერთბაშად გერმანია და მაშინდელი ბულგარეთი - ასეთი მეტოქეები გრანდებსაც არ ესიამოვნებოდათ). იქნებ მომხდარიყო სასწაული და გავსულიყავით ევრო 96-ზე.

 

მაგრამ სასწაული არ მოხდა და ალბათ ვერც მოხდებოდა. 

 

ნაკრებმა შესარჩევი ციკლი საკუთარ მოედანზე მოლდოვასთან მოულოდნელი და შოკისმომგვრელი მარცხით დაიწყო. ერთის მხრივ ეს სამი ქულა დასანანი იყო, მაგრამ მეორეს მხრივ მარცხი გუნდის ხელმძღვანელობისათვის კარგ გაკვეთილად იქცა. საქმე ისაა რომ ნაკრები თითქმის თავიდან ბოლომდე თბილისის "დინამოს" მოთამაშეებით კომპლექტდებოდა. (მოლდოვასთან მოედანზე ათი დინამოელი გამოვიდა და დიდი შანსი იყო თერთმეტი დინამოელი გამოსულიყო რომ არა აინტრახტელი კახა ცხადაძის ფაქტორი). "დინამო" კი ერთობ დაუბალანსებელი გუნდი გახლდათ. ნემსაძე (შუახაზელი) დაცვაში თამაშობდა, ყაველაშვილი (თავდამსხმელი) კი შუახაზში. 

 

"დინამოზე" ასეთ სწორებას ალბათ ორი მიზეზი ჰქონდა. ერთი ის რომ შესარჩევის დაწყებამდე გუნდმა შედარებით განსხვავებული შემადგენლობებით რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა გამართა და მათი დიდი ნაწილი წააგო. მეორე ის რომ "დინამოს" ვარსკვლავები სხვა ქართველ მოთამაშეებზე გაცილებით პოპულარულები იყვნენ (ცხადაძის გამოკლებით), ამიტომაც შესარჩევის პირველ მატჩში აქცენტი ისევ მათზე გაკეთდა. ჯერ ერთი რომ ვარსკვლავები იყვნენ (როგორც ასეთი), მეორეც - შეთამაშებული ვარსკვლავები.

 

მოკლედ, ცვლილებები რომ აუცილებელი იყო მოლდოვასთან უკვე აშკარად გამოჩნდა. სულ მალე კი უკვე "დინამო" დამარცხდა სასტიკად გასვლაზე ინსბრუკის "ტიროლთან" (1:5). მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შელიას (დაცვის ბურჯის) დისკვალიფიკაცია იყო - მის გარეშე "დინამოს" ლამის ნომინალური მცველის გარეშე მოუხდა თამაში. აი ამის შემდეგ კი უკვე დადგა ცვლილებების დრო და "დინამოს" თითქმის ხელშეუხებელი შემადგენლობიდან ნაკრების შემდეგ თამაშზე ბევრი საერთოდ ვერ მოხვდა განაცხადში. სამაგიეროდ გუნდი აშკარად დაბალანსდა: ბოლოსდაბოლოს გამოჩნდა ნომინალური მარცხენა მცველი ჩიხრაძის სახით. ეს ფეხბურთელი, რომლის არსებობის შესახებ ბევრმა მაშინ პირველად გაიგო, ქინქლაძისა თუ არველაძეების დარი ვარსკვლავი ნამდვილად არ გახლდათ, მაგრამ მეტი გამოცდილება გააჩნდა (უკრაინაში თამაშობდა) და გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა დაცვაში ვიდრე მაგალითად ნემსაძე. კარის დაცვა დინამოელი ზოიძის ნაცვლად დევაძეს ანდეს. ასევე გამოჩნდნენ გამოცდილი კუდინოვი და გოგიჩაიშვილი (მათ ადრე ნათამაშები ჰქონდათ ნაკრებში). და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდში გამოჩნდა ქეცბაია.

 

გადახალისებული ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა და მასპინძელთა ძლიერ გუნდს ღირსეული ბრძოლა გაუმართა. შემდეგ კი იყო დაუვიწყარი გამარჯვება უელსზე. მეორე გოლის აღნიშვნისას საგოლე პასის ავტორმა ნემსაძემ ხვევნა-კოცნის დროს მუხლის ტრავმა მიიღო. მაგრამ საუბედუროდ საქმე ამით არ დასრულებულა: მკურნალობისას გუნდის საუკეთესო საყრდენს კიდევ ჰეპატიტი ბ დაემართა და ფეხბურთს უფრო დიდი ხნით გამოეთიშა ვიდრე ექიმები თავიდან ვარაუდობდნენ (ნაკრებს ის დაახლოებით ერთი წლის შემდეგღა დაუბრუნდა).

 

ნემსაძის ეს ისტორია ძალიან მრავლისმეტყველია. ამ მართლაც უნიჭიერეს ფეხბურთელებს არა მხოლოდ უმძიმეს პირობებში უხდებოდათ ვარჯიში, არამედ წესიერი მკურნალობის საშუალებაც არ გააჩნდათ. ამიტომ ნამდვილად რთულია ისინი იმის გამო გაამტყუნო რომ საქართველოდან არცთუ მაღალი დონის კლუბებში მიდიოდნენ. მაშინ ძნელად თუ იტყოდა ვინმე უარს შანსზე 90-იანების წლების საქართველოდან სადმე გაეღწია. მითუმეტეს ძნელია გაამტყუნო ფეხბურთელი რომელსაც განსაკუთრებული პირობები სჭირდება და რომლის კარიერაც არც ისე დიდხანს გრძელდება.

 

არადა, იყო შანსი უკვე 1993 წელს ბევრი დინამოელი კარგ კლუბში გადასულიყო. მაგრამ მოხდა აბსურდული კატასტროფა. "დინამოსა" და "ლინფილდის" მატჩის ქართველმა ორგანიზატორებმა არბიტრებს ფული გადასცეს (როგორც თავად აგვიხსნეს, ეგონათ რომ "ჰონორარის" მიცემა იყო საჭირო). ამის გამო "დინამო" ევროთასებიდან მოკვეთეს. არადა, "ლინფილდის" შემდეგ "კოპენჰაგენზე" გავდიოდით, შემდეგ კი (დანიელებს წესით იოლად მოვუგებდით) უკვე თვით "მილანზე." ანუ, ბიჭების თამაშს მთელი ევროპა ნახავდა.

 

რაც მოხდა (არბიტრებისათვის "ჰონორარის" გადაცემა) დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს. საქართველო არამცთუ ძალიან ძალიან შორს იდგა ევროპული სტანდარტებისგან, არამედ ყველაზე მძიმე დანაკარგებით გამოვიდა საბჭოთა კავშირის ნგრევის პროცესიდან და ეს ყველაფერზე აისახა. საერთო კოლაფსს დაემატა ქართული ფეხბურთის სამწლიანი იზოლაცია რაც 1990 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდან გამოსვლას მოჰყვა. მახსოვს, ევროთასებიდან მოკვეთის შემდეგ რუსეთის მთავარ ტელეარხზე ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნეს "დინამოს" ტრაგიკულ ამბავს და დანანებით აღნიშნეს რომ ასეთი ნიჭიერი გუნდი ამას არ იმსახურებდა. რუსეთშიც კი მსგავსი რამ არცერთ კლუბს არ დაემართებოდა. ამიტომ არავის გაუმტყუნებია შელია და ყაველაშვილი როცა ისინი ვლადიკავკაზის "ალანიაში" გადაბარგდნენ.

 

ყველაფერ ამას იმის დაემატა კულტურული შოკის ფაქტორიც. საბჭოთა კავშირში გაზრდილი, 20 წელს გადაცილებული ბიჭებისათვის უცხოეთთან ადაპტირება იოლი არ აღმოჩნდა. აქ პირველ რიგში ალბათ ქინქლაძის შემთხვევა უნდა გავიხსენოთ რომელსაც ცხადია გაცილებით უფრო დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა, მაგრამ… დინამოს ამ თაობიდან ყველაზე მეტს ცხადია შოთა არველაძემ მიაღწია. შესაძლოა ეს იმიტომაც რომ თურქეთთან ადაპტირება იმდენად რთული არ იყო ("იმიტომაც" - ცხადია, შოთას შრომისმოყვარეობამაც ითამაშა თავისი როლი). არც ისე კარგად წარიმართა რეზო არველაძის კარიერა. "ლინფილდის" შემდეგ ის "კიოლნში" აღმოჩნდა, მაგრამ 1994 წლის ზაფხულში "დინამოს" დაუბრუნდა კლუბის ხელმძღვანელობის თხოვნით ("ერთი წელიც ბიჭებო," - ეუბნებოდნენ მას და მის მეგობრებს) და მშვენივრადაც გამოიყურებოდა, მაგრამ "ტიროლთან" განადგურების შემდეგ კარგ კლუბში აღარ უთამაშია.

 

ასე გავიდა ევრო 96-ის შესარჩევი ციკლი. გუნდმა მართლაც რომ ძლიერ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და გაჩნდა იმედი რომ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდით. მაგრამ ამისათვის ნაკრებს თამაშისათვის უნდა მოემატებინა, სინამდვილეში კი პირიქით მოხდა რადგან ბიჭების უმრავლესობის კარიერა უკუღმა წავიდა. ქინქლაძის "სიტი" დაბალ ლიგაში გავარდა და ამ უნიჭიერესმა ფეხბურთელმა მოტივაცია აშკარად დაკარგა. შელიამ საუკეთესო წლები "ალანიაში" გაატარა, ჯამარაული (რომელიც ქინქლაძეზე არანაკლებ უკეთ დირიჟორობდა ხოლმე ნაკრებს) ძალიან ხშირად კლუბის გარეშე იყო. ნემსაძეც აშკარად უკეთეს საკლუბო კარიერას იმსახურებდა. 

 

ყველაზე უფრო მეტად ნაკრებს დაცვაში უჭირდა ხოლმე. არადა 1980-იანების ბოლოს "დინამოს" ჰყავდა კეტაშვილი, თეთრაძე და ცვეიბა. აქედან პირველს ქართული ფეხბურთის თვითიზოლაციის გამო აერია კარიერა, მეორემ იგივე მიზეზის გამო რუსეთის ნაკრებში გააგრძელა კარიერა, მესამე კი აფხაზეთის ომის გამო აღარ გაჰკარებია ქართულ ფეხბურთს. იმდროინდელი "დინამოდან" ფეხბურთი მხოლოდ ცხადაძემ და ქეცბაიამ ითამაშეს.

 

ეს გამორჩეულად ნიჭიერი თაობა იყო რომელსაც გამორჩეულად მძიმე დროს მოუხდა თამაში. თუნდაც დღევანდელი საქართველოს პირობებში ეს ბიჭები გაცილებით მეტს მიაღწევდნენ. არ მკითხოთ მათ შემდეგ რატომ წავიდა თაობათა აშკარა დეგრადაცია. სიამოვნებით მოგახსენებდით პასუხს იგი რომ მქონდეს.





მსგავსი სიახლეები
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ზურაბ ჟვანიას მოედანზე 6-10 აპრილს ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია
"დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ" - "უფლებები საქართველო"
რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა
"კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე" - გია ვოლსკი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს" - კახა კალაძე
ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
"ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს" - კახა კალაძე
5 აპრილს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
როდიდან იცვლება ამინდი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი თუ არის, ამ ცხოვრებაში გასაქანი არ უნდა ჰქონდეს?“ - ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნაზე
Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს