
"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი
ავტორი: დავით ზარდიაშვილი
ხატოვნად რომ ვთქვათ, თეირანში ამ სამეულის: "ურდოს ყაენის", "ოსმალეთის სულთანის" და "სპარსეთის შაჰის", ე.ი. რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტების შეკრება - უაღრესად ნიშანდობლივია. შეხვედრაზე, სადაც რუსეთ-ირანის სტრატეგიულ თანამშრომლობას განსაკუთრებით გაესვა ხაზი, ერდოღანის დასწრება - ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. მე მგონი, 24 თებერვლის შემდგომ ასეთი რამ საერთოდაც ძნელად წარმოსადგენი იყო, მიუხედავად იმისა, რომ კავკასიაში ფორმატი 3+3 ომამდე უკვე დეკლარირებული გახლდათ.
რა ხდება? ჩვენი სახელოვანი ექსპერტ-ანალიტიკოსები დუმან. საკითხავია: ფიქრობენ თუ დუმებში არიან წასულნი? ვინ როგორ. თუმცა აშკარაა, ლიბერალ-ფუნდამენტალისტები დიდი ხანია დუმებიდან გამოვიდნენ და იმის იქითა სივრცეებში ნავარდობენ.
არადა აშკარაა - გეოპოლიტიკის სტრუქტურული ცვლილებები ხდება: თურქეთი, რომელიც ევრო-ტალანტური კავშირის, ნატოს აღმოსავლური საზღვრის დარაჯად განიხილება, ირან-რუსეთის ევრაზიულ კავშირთან დაახლოებას არ თაკილობს და პირიქით: ევრო-ტალანტურთან ერთად (გაიხსენეთ ნატოში თურქეთის როლი, როცა მან შვედეთსა და ფინეთს ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენა) ევრაზიულ პოზიციებსაც დემონსტრაციულად იმაგრებს!
ცხადია, ამ სამეულის მიერ კავკასიის შემდგომ ბედზეც იქნებოდა მსჯელობა. საინტერესოა, რომ 3+3-ის პირველი ეშელონის სამეულის ამ შეხვედრამდე თბილისში გაიმართა მეორე ეშელონის სამეულის შეხვედრაც.
ეს ყველაფერი ხდება საქართველოში აშშ-ს ელჩის მძაფრი კრიტიკის ფონზე, რაც, სამწუხაროდ, ამ ელჩმა, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რბილად რომ ვთქვათ - არც თუ მეგობრული ქცევით, უდავოდ დაიმსახურა. ასევე გასათვალისწინებელია მაკრონის მიერ გეოგრაფიის საკითხებზე წაკითხული ბლიც-ტრენინგ-სემინარიც.
ვშიშობ, საქართველოსათვის 3+3 შეიძლება ერთზე, ე.ი. სტრატეგიულ პარტნიორობაზე სწორედაც რომ არითმეტიკულად 6-ჯერ უფრო მეტი აღმოჩნდეს, თუ ასე გაგრძელდა!
მსგავსი სიახლეები



















