„თუ გადავრჩები, ეს პოლონეთის დამსახურება იქნება, პოლონელი ექიმების მისია ჩემი ბოლო შანსია“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.
გამოცემის ცნობით, კორესპონდენტი ცდილობდა ინტერვიუს ჩაწერას, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებს ოთახში ჩამწერი მოწყობილობების შეტანა აუკრძალეს და საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შეკითხვებს წერილობით უპასუხა.
- ბატონო პრეზიდენტო, პირველ რიგში მინდა გკითხოთ თქვენი ჯანმრთელობის შესახებ და როგორ მიდის თქვენი მკურნალობა საავადმყოფოში?
- ამ ჰოსპიტალში მკურნალობასთან დაკავშირებით ძირითად გადაწყვეტილებებს უსაფრთხოების სამსახურები იღებენ. ხსნიან და ნიშნავენ სამედიცინო პერსონალს. ცდილობენ, ჩაერიონ სამედიცინო ისტორიაში. ძალიან ახლოს ვარ მრავლობითი ორგანოს უკმარისობასთან. ძალიან სუსტად ვარ და დიდ ტკივილს განვიცდი.
- ეთანხმებით თუ არა განცხადებას, რომ თქვენ ხართ პუტინის ნომერ პირველი მტერი?
- ვიყავი, ზელენსკის გამოჩენამდე. მე ვიყავი პუტინის მტერი, რადგან წარმატებული რეფორმები გავატარე, დავამარცხე კორუფცია და რაც მთავარია, გავბედე მასთან ბრძოლა.
- იცით, თუ არა, რომ პოლონელი ექიმები თბილისში ჩამოსასვლელად ემზადებიან, პოლონეთმა ასევე გამოხატა მზადყოფნა, რომ მიგიღოთ სამკურნალოდ?
- დიახ, ეს ჩემი უკანასკნელი იმედია, რომ ვიცოცხლო. თავდაპირველად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის კონფერენციაზე საჯაროდ დათანხმდა, ასეთი მისიის მიღებას, თუმცა როგორც ყოველთვის, ეს ტყუილი აღმოჩნდა“.
- პოლონეთმა ევროკავშირში დემარში დაიწყო. ეს არის ოფიციალური პროტესტი, რომელიც გადაეცა საქართველოს ხელისუფლებას, ევროკავშირის 27 ქვეყანა ერთხმად საუბრობს. რა მნიშვნელობა აქვს ამ ევროპულ ზეწოლას თბილისის ხელისუფლებაზე?
- პოლონეთი მსოფლიოში ყველაზე კეთილშობილური და იდეალების ერთგული ქვეყანაა. თუ მე გადავრჩები, პოლონეთის მადლობელი ვიქნები. ლეხ კაჩინსკი იყო ის პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს შეხედულებებზე. ის სულ მეუბნებოდა: „ჩვენ შორის განსხვავება ისაა, რომ როცა მე პრეზიდენტი აღარ ვიქნები, შემეძლება ვიცოცხლო, შენ შეიძლება მოგკლან“. სამწუხაროდ, ის მოკლა პუტინმა და პუტინი ახლა მკლავს მე.
- რაც შეეხება ბოლო დროს საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციებს „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ, ისინი მასიური იყო და ხელისუფლებას აიძულა, უკან წაეღო კანონი, ამიტომ ზეწოლას აზრი აქვს?
- დიახ, ერთადერთი ენა, რომელიც მათ ესმით, ეს არის ხალხის ძალა, ხალხის, რომელსაც არაფრის ეშინია. ბელარუსის მომიტინგეებისგან განსხვავებით, ჩვენი ახალგაზრდობა გადამწყვეტად იბრძოდა. ეს არის „მიშას თაობა“, რომელიც ვარდების რევოლუციის დროს დაიბადა. მას არ გამოუცდია ელექტროენერგიის გათიშვა, სიღარიბე. სკოლაში ყველა ბავშვს მივეცით კომპიუტერი, რუსული ენა ინგლისურით ჩავანაცვლეთ, ათასობით ამერიკელი მასწავლებელი მოვიწვიეთ. ჩვენ გავაძლიერეთ დასავლური სტილის უნივერსიტეტები, რომლებიც ამ პროტესტის საფუძველი იყო. ამ ახალგაზრდებმა გამოცადეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა.
- ამბობენ, რომ ეს კანონი საქართველოს რუსეთმა დაუწესა. საქართველო მოსკოვის მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ისევე როგორც მოლდოვა. ეს ორი ქვეყანა ევროპისკენ მიმავალ გზაზე დგას, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის გამარჯვება გადამწყვეტია?
- ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს პირდაპირ მოსკოვმა დააწესა. ასევე კრემლის მოთხოვნაა, რომ მე არ გადამიყვანონ პოლონეთში სამკურნალოდ. გაზაფხულზე დაგეგმილი უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ მომავალში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება. მე ვარ უკრაინის მოქალაქე და ზელენსკის რეფორმების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, ამიტომ ორმაგი სტატუსი მაქვს.
მსგავსი სიახლეები