"ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგე ცდილობს სრული კონტროლის ქვეშ მოაქციოს ქალაქი" - ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 405-ე დღე

 

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 69 შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

 

„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე. უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების კოორდინირებული მოქმედებებისა და თითოეული ჯარისკაცის გმირობის წყალობით, ბოლო დღის განმავლობაში ოკუპანტების 69 თავდასხმა იქნა მოგერიებული. ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას დასახლებებისთვის სასტიკი ბრძოლა გრძელდება“, - აცხადებენ გენშტაბში.

 

უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგე ცდილობს სრული კონტროლის ქვეშ მოაქციოს ქალაქი ბახმუტი და მასზე შტურმს აგრძელებს.

 

ამასთან, გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 3 სარაკეტო და 21 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 33-ჯერ გახსნეს.

 

რაც შეეხება უკრაინულ ძალებს, გენშტაბში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ ოკუპანტების პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებზე 5 დარტყმა განახორციელა და ასევე მტრის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი დაარტყეს ტერიტორიას, სადაც მტრის ცოცხალი ძალა იყო თავმოყრილი.


"რუსულმა ძალებმა ოდესაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს," - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იური კრუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მისი თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მოქმედების შედეგად დრონების ნაწილი ჩამოაგდეს.

 

დრონების განადგურების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებიც.


„საერთო ჯამში, დაფიქსირდა უპილოტო საფრენი აპარატების 17-მდე გაშვება, სავარაუდოდ, აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან. განადგურებულია 14 „შაჰედი“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.


"უკრაინაში, მიმდინარე წლის 1- 31 მარტის პერიოდში, ომის შედეგად 765 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა,"- ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიშშია აღნიშნული.

 

ორგანიზაციის ცნობით, მარტში უკრაინაში 178 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 587 კი - დაშავდა.

 

გაერო-ს განმარტებით, მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეულია მოქმედების ფართო არეალის მქონე იარაღის, ნაღმების და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით.

 

ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, საერთო ჯამში, 8 451 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 14 156 დაშავდა.

 

ამასთან, გაერო-ში განმარტავენ, რომ მსხვერპლთა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია, ვინაიდან ინტენსიური საომარი მოქმედებების ზონიდან მონაცემების მიღება გვიანდება.

 

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 12 ადამიანი - 10 ჯარისკაცი და 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიბრუნა, - ინფორმაციას სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

 

„ტყვეობიდან გათავისუფლებულია 12 უკრაინელი: 10 სამხედრო და ორი მშვიდობიანი მოქალაქე. დამცველები ჯარისკაცები და სერჟანტები არიან, რომლებიც ტყვედ დონეცკის ოლქში ბახმუტის, ოპიტნოესა და ორეხოვო-ვასილიევკა მახლობლად გამართულ ბრძოლებში და ლუგანსკის ოლქის კრემენაიასა და ჩერვონოპოვკას მახლობლად აიყვანეს. ასევე დაბრუნდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც აგრესორებმა ხარკოვის რაიონის სოფელ ლიპციდან და მარიუპოლიდან აიყვანეს მძევლად“, - აცხადებენ შტაბში.

 

მათივე ინფორმაციით, გათავისუფლებულებს შორის 5 მძიმედ დაჭრილია.

 

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის შემდეგ ტყვეობიდან 2005 უკრაინელი გაათავისუფლეს.

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა ჩერნიგოვის ოლქში გამართა, სადაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის მზადების საკითხი განიხილეს.


“განვიხილეთ სიტუაცია ბახმუტში, ავდიივკაში, მარინკაში და დონეცკის მთელ ოლქში. ბილოჰორივკაში და ლუგანსკის მთელ ოლქში. სრულფასოვანი შეხვედრა. სრულფასოვანი კოორდინაცია. ჩვენი აქტიური მოქმედებების სრულფასოვანი მომზადება უკრაინის მიწების გასათავისუფლებლად”, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრე სირსკი, გენერალი ალექსანდრე ტარნავსკი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

 





მსგავსი სიახლეები
ტრამპი ზელენსკითა და პუტინით იმედგაცრუებულია – თეთრი სახლი
პოლონეთი უკრაინას საერთო ჯამში „მიგ-29“ ტიპის 14 საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემს
„ტრამპისთვის ბრალის წაყენება ადასტურებს, რომ კანონზე ზევით არავინ დგას“ - ირაკლი მენაღარიშვილი
"ყირიმს რომ დავიკავებთ, ქერჩის ხიდს გავაუქმებთ" - მიხეილ პოდოლიაკი
ანჯეი დუდამ ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვა
აღმოჩენილია საიდუმლო ინგრედიენტი, რომელსაც ლეონარდო და ვინჩი საღებავებში იყენებდა
"საშიშ და არაპროგნოზირებად გარემოში, კიდევ უფრო აშკარაა რომ უსაფრთხოება არ არის მხოლოდ რეგიონალური საკითხი"
ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა
"პირველი, ვინც გამახსენდა, იყო ლავრენტი ბერია, რომელმაც უთხრა სტალინს - "შენ კაცი მაჩვენე, მე გაჩვენებ დანაშაულს"-ჯონ ბოლტონი
ლოს ანჯელესის სააპელაციო სასამართლომ სტორმი დენიელსს, დონალდ ტრამპის სასარგებლოდ, 122 000 დოლარის გადახდა დაავალა
"ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა"- დონალდ ტრამპი
ბახმუტთან განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს - ომის 406-ე დღე
"უკრაინა ოქტომბერში გაიმარჯვებს" - Deutche Welle
პოლიციამ ბრიუსელში "ევროპის სახალხო პარტიის" სათავო ოფისში რეიდი ჩაატარა
„ფინეთი უკვე ნატოშია! გილოცავთ!" - მატეუშ მორავიეცკი
"ნატო-ს გაფართოება არის რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფა"
ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ილონ მასკს ბერნარ არნომ გადაუსწრო
"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ლიკვიდირებულია
ევროპაში იარაღის უკანონოდ მოვაჭრე 22 პირი დააკავეს
"ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგე ცდილობს სრული კონტროლის ქვეშ მოაქციოს ქალაქი" - ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან