პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო

საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.

კერძოდ, როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკამყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე.

უწყების განმარტებით, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებით შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, რამაც დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, ოპოზიციური პარტიების ლიდერების და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების მოწოდებებმა მასობრივ დაუმორჩილებლობასა და საყოველთაო წინააღმდეგობაზე, საპროტესტო აქციები ეტაპობრივად გადაზარდა საპოლიციო ძალებთან დაპირისპირებაში, რასაც მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა. შედეგად, ძალადობრივმა ჯგუფებმა სამართალდამცავი უწყების ათეულობით თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს, ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის, ადვილად აალებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებების, მათ შორის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებას. მოძალადე ჯგუფებმა ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტის შენობას, რითიც მნიშვნელოვნად დაზიანდა საკანონმდებლო ორგანო. ასევე, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის კუთვნილ სპეციალურ ტექნიკას, გაანადგურეს რუსთაველის გამზირზე სახელმწიფოსა და კერძო საკუთრებაში არსებული ქონება.

სამართალდამცავების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით ძალადობრივი აქციის ცალკეული მონაწილეები პოლიციასთან დაპირისპირებისას აღჭურვილნი იყვნენ სპეციალური აირწინაღებით, ჩაფხუტებით, სახის დასაფარი ნიღბებით, პირბადეებით, დამცავი სათვალეებით, ხელკეტებით და სხვა საშუალებებით. ასევე, აქციის მონაწილეთა მხრიდან არაერთგზის დაფიქსირდა პოლიციელების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის და სხვა მსგავსი საშუალებების გამოყენება.

გამოძიებით დადგენილია, რომ სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა კოორდინირებულად ხდებოდა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით. კერძოდ, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“, ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველების“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“, ა(ა)იპ „საფარის“, ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორებიცაა – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს.

აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელები ღიად მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და წინააღმდეგობისკენ, ამავდროულად, მათი ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად. ხდებოდა სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა, დაცვის ხარჯების უზრუნველყოფა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა. ხსნებული ქმედებების მიზანი, ერთი მხრივ, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართული პირების წახალისება და, მეორე მხრივ, ამ ქმედებაში ჩართული პირების მფარველობა იყო. საბოლოოდ, კოორდინირებულ მოქმედებას უნდა გამოეწვია სამართალდამცავი უწყებების დასუსტება და მათი ნორმალური ფუნქციონირების მოშლა.

ვინაიდან მითითებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 27 აგვისტოს ყადაღა დაედო აღნიშნული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითიც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდიან ინფორმაციას.





მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ ბათუმში მომხდარ ჯგუფური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა
შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავა და 13 ობიექტი დახურა
პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო
პოლიციამ აჭარაში ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
როგორც „მწვანე საზღვართან" ვერ ვიქნებოდი, სადაც ვითომ დამაკავეს, ისე, საკუთარ თავზე თავდასხმის ორგანიზებას ვერ მოვახდენდი -გიორგი ბაჩიაშვილი
სასაზღვრო პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 11 პირი
გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ექვსი პირი დააკავა
საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სასამართლომ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნინო დათაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
"სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია"- შალვა ხაჭაპურიძე
ბადრი ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
"იარაღი ჩემი იყო, მაგრამ დანაშაული არ ჩამიდენია" - ბადრი ესებუა
ტრამპი არცერთ დანაშაულს არ აღიარებს
ლევან გოფოძე პროკურატურაში გამოკითხეს
სოსო გოგაშვილს სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - შსს
"ლაზარე გრიგორიადისს ადვოკატთან არ დაარეკინეს" - ლიკა ბითაძე
„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს პატიმრობა შეეფარდა