ლევან ვასაძესა და მის ოჯახის წევრებს ქართულმა ბანკებმა ანგარიშები დაუბლოკეს

ლევან ვასაძე წერილს ავრცელებს, სადაც წერს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, "თიბისი" და "საქართველოს ბანკმა" მისი და მისი ოჯახების ანგარიშები დაბლოკა.

" 2025 წლის 19 სექტემბერს, პარასკევს, ბრიტანეთის მთავრობამ თავისი ოფიციალური ვებგვერდის (www.gov.uk) საშუალებით ჩემს მიმართ გამოაცხადა სანქციები შემდეგი მცდარი ფორმულირებით: „ქართველი პოლიტიკოსი და მედიამაგნატი ლევან ვასაძე გახდა სამიზნე იმის გამო, რომ საკუთარი მედია-პლატფორმებით პრორუსულ დეზინფორმაციას ავრცელებს“. ქვემოთ დავამტკიცებ, რომ ამ ფორმულირებაში თითოეული განცხადება მცდარია. მე არც ქართველი პოლიტიკოსი ვარ, არც მედიამაგნატი და არასოდეს გამივრცელებია არავითარი „პრორუსული დეზინფორმაცია“.

ამ განცხადების გავრცელებისთანავე, საქართველოს საბანკო სისტემამ დევნა განახორციელა არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის წევრების მიმართაც (მსგავს ქმედებას წარსულში მხოლოდ „ბოლშევიკები“ და ნაცისტები თუ სჩადიოდნენ).

კერძოდ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა ქართულმა ბანკმა „თიბისიმ“ დაბლოკა ჩემი, ჩემი მეუღლის (რვა შვილის დედის) ყველა ანგარიში და საკრედიტო ბარათი. იგივე ბედი ეწია ჩემი სრულწლოვანი შვილების, ჩემი დის, ჩემი 78 წლის დაქვრივებული დედის ანგარიშებს და ასევე ღვინის საწარმოს ანგარიშებს, რომელიც ჩემს საკუთრებაში კი არ არის, არამედ ჩემს მეუღლეს ეკუთვნის და მის მიერ იმართება.

მოგვიანებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა კიდევ ერთმა ქართულმა ბანკმა - „საქართველოს ბანკმა“ - მოითხოვა, რომ ჩემი მეუღლის მფლობელობაში მყოფ ღვინის საწარმოს მათთან არსებული ყველა ანგარიში დაეხურა. ამგვარად, „თიბისისთან“ ერთად, „საქართველოს ბანკმაც“ საფრთხის ქვეშ დააყენა ასობით საქართველოს მოქალაქის სამუშაო ადგილი და ათასობით ქართველი მევენახის შემოსავალი. მათ დარტყმა მიაყენეს საქართველოს ყველაზე კეთილშობილ აგრარულ დარგს - მეღვინეობას, რომელიც ქვეყნისთვის ექსპორტისა და საგადასახადო შემოსავლის წყაროა.

ამას მოჰყვა ის, რომ სხვა ქართულმა ბანკებმაც, სადაც მე და ჩემს ოჯახს ანგარიშები გვქონდა, შეზღუდეს ჩვენი საბანკო მომსახურება.

ამ ქმედებებით, ყველა ეს ქართული ბანკი არღვევს სუვერენული ქვეყნის კანონდებლობას: საქართველოს კონსტიტუციაში ცალსახად წერია, რომ „საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა“. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს კონსტიტუციასა და უდანაშაულობის პრინციპზე დაყრდნობით, 2023 წლიდან შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ანალოგიური გადაწყვეტილება ეხება საქართველოში რეგისტრირებულ მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს, რომლის წილს ან აქციას ფლობენ საქართველოს სანქცირებული მოქალაქეები.

მე არასოდეს მჭერია და არც ამჟამადაც ვიკავებ არავითარ თანამდებობას ხელისუფლებაში; არ ვეკუთვნოდი და არ ვეკუთვნი არცერთ პოლიტიკურ პარტიას. და მიუხედავად იმისა, რომ ვარ ქართველი საზოგადო მოღვაწე, არ ვარ პოლიტიკოსი.

მართალია, რომ 2021 წლის მაისში ვცადე პოლიტიკაში შესვლა: დავაფუძნე საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი“, რომელიც მომავალში პარტიად უნდა გადაქცეულიყო და არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. თუმცა, ამ განცხადებიდან სულ რამდენიმე კვირაში, უეცრად დამემართა მძიმე და სასიკვდილო დაავადება - სისხლის კიბოს ფორმა „მრავალჯერადი მიელომა“, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს დასხივებამ ან მოწამვლამ. ამას დაემატა AL ტიპის ამილოიდოზიც. მანამდე სრულიად ჯანმრთელი ვიყავი, ვინაიდან ყოფილი პროფესიონალი სპორტსმენი ვარ. მიუხედავად ჩემი უეცარი ავადობის საეჭვო გარემოებებისა, და მიუხედავად ჩემი არაერთი თხოვნისა, საქართველოს ხელისუფლებას არასოდეს გამოუძიებია ეს შემთხვევა.

იმავე 2021 წელს, ექვსი თვის განმავლობაში ჩავიტარე ქიმიოთერაპიის 24 კურსი. მკურნალობას ძლივს გადავურჩი და ძლივს ავიცილე თავიდან გულისა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია, რისი რეკომენდაციაც მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალებით ვცდილობდი ჯანმრთელობის აღდგენას, მუდმივი სისუსტისა და დაუძლურებული მდგომარეობის გამო იძულებული გავხდი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი მეთქვა და საჯარო გამოსვლებსა და ნებისმიერი სახის პოლიტიკურ აქტივობებს ჩამოვშორებოდი.

უკვე წელიწადნახევარზე მეტია - თითქმის ორი წელიც - აღარ მქონია საჯარო გამოსვლა საქართველოში არსებულ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. ოჯახურ ცხოვრებასა და ბიზნესსაქმიანობას დავუბრუნდი და პარალელურად ვაგრძელებ ქრონიკული დაავადებების მუდმივ მკურნალობას. ამიტომ, ამ მიზეზითაც, შეუძლებელია მე პოლიტიკოსთა რიცხვს მიმაკუთვნონ, შესაძლებელია მხოლოდ დამახასიათონ როგორც საზოგადო მოღვაწე, რომელიც აწ უკვე ორი წელია იძულებული გახდა შეეჩერებინა თავისი საჯარო წერილები და გამოსვლები პოდკასტების სახით.

 

არანაკლებ მცდარია ბრალდება, თითქოს მე „მედიამაგნატი“ ვიყო", - წერია ვასაძის ვრცელ წერილში, რომელიც 20 სექტემბრით არის დათარიღებული.





მსგავსი სიახლეები
თინა ბოკუჩავა - სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს
გეკა გელაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტს შეხვდა
პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ირაკლი კირცხალია - ნიკა გვარამიას წარსულის და მისი პიროვნების გამოძახილია მისი მხრიდან ბინძური, არასწორი, არაეთიკური განცხადებები
აუტიზმის სალანძღავ სიტყვად გამოყენება არის უკიდურესად ამორალური, პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც - რატი იონათამიშვილი
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
ლევან იოსელიანი: ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრა შეეხებოდა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას, იმედი მაქვს, ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა გაგრძელდება
"რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან -მოხარული ვიქნები, რომ გეწვიოთ თბილისში და ვიმუშაო ქართულ მხარესთან''- პიტერ მაგიარი
ნიკოლ ფაშინიანი - რკინიგზის ექსპორტი საქართველოს ტერიტორიის გავლით შესაძლებელია იქამდე, ვიდრე „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანთან რკინიგზას თავიდან არ გავხსნით
საქართველოს ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი ეწვევა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერაფერი და ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს
კონსტანტინე გამსახურდია: მოიგო ორბანის პარტიის მაღალი რანგის ყოფილმა ფუნქციონერმა… შედეგად კონსერვატორი მიდის და მორიგი კონსერვატორი მოდის
გრიგოლ გეგელია - ქრისტე აღდგა, გილოცავთ, უნგრეთი დაბრუნდა ევროპაში
ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
ევროკავშირის მხრიდან არის მცდელობა ჩაერიოს უნგრეთის შიდა საქმეებში, ჩვენ ეს სცენარი საქართველოში უკვე ვნახეთ საპარლამენტო არჩევნებზე - დავით მათიკაშვილი
დონალდ ტრამპმა მარკ რუტეს დახურული შეხვედრისას შეურაცხყოფა მიაყენა და შურისძიების ვარიანტების განხილვაზეც მიანიშნა -"პოლიტიკო"
არჩილ გორდულაძე - ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში სალომე ზურაბიშვილი უკვე გადაშლილი ფურცელია
ირაკლი ქადაგიშვილი - პოლიტიკური კანიბალიზმია, როდესაც ადამიანები თავს მორალურ უფლებას აძლევენ, რომ ეროვნულ დღეებში თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ბოღმა ანთხიონ
პეტერ ფიშერმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
მიხეილ სააკაშვილი - ერთნაირი მეთოდებით გვებრძოდნენ: ზვიად გამსახურდია ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს