
„ევროპის სახალხო პარტია" სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს მზარდი ავტორიტარული უკუსვლისა და სრულმასშტაბიანი საკონსტიტუციო, პოლიტიკური და ადამიანის უფლებების კრიზისის გამო, რომელშიც ქვეყანა ჩავარდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, - ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიის" პოლიტიკურმა ასამბლეამ ვილნიუსში დღეს დაამტკიცა.
რეზოლუციის თანახმად, პოლიტიკური დისიდენტობის ჩახშობა, მათ შორის პოლიტიკური მოტივით პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნა, რეპრესიული კანონმდებლობის მიღება და პოლიტიკური მოტივით სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დემოკრატიის არსებობას საქართველოში და არღვევს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს.
როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, „არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება პოლიციის სისასტიკესა და დემონსტრაციების დროს ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებთან, ისევე როგორც დემონსტრანტების დაკავებასა და დაკავების დროს წამების, ცუდად მოპყრობის მრავალ დადასტურებულ ფაქტთან დაკავშირებით".
„„ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და სხვა დემოკრატიული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით, ასეთი აკრძალვა თავისთავად ეფექტურად ამყარებს ერთპარტიულ დიქტატურას საქართველოში. უკვე ოთხი წელია, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაუმართლებელ პოლიტიკურ სასჯელს იხდის და 12-ზე მეტი პოლიტიკოსი, 80-ზე მეტი სამოქალაქო აქტივისტი, მათ შორის დამოუკიდებელი ქალი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი დაკავებულია გაუმართლებელი, გაყალბებული ბრალდებებით. „ქართული ოცნების" ქმედებები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის მათ ფუნქციონირებასა და არსებობას. გრძელდება დაშინება, შურისძიება სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ, რაც ძირს უთხრის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სახელმწიფო სამსახურის არსებობას საქართველოში. ბოლოდროინდელი ადგილობრივი არჩევნების ლეგიტიმურობა არ იქნა აღიარებული არც შიდა, არც საერთაშორისო დონეზე", - ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაში.
რეზოლუციის თანახმად, „ევროპის სახალხო პარტია" კიდევ ერთხელ ადასტურებს სოლიდარობას ქართველი ხალხისადმი, მათი ლეგიტიმური დემოკრატიული უფლებებისა და სუვერენული, დემოკრატიული, ევროპული მომავლისადმი.
„მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, ისევე როგორც ეროვნულ პარლამენტებსა და საპარლამენტთაშორისო ინსტიტუტებს, არ აღიარონ „ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის ან მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა, რადგან 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად გაუმართავი. გმობს „ქართული ოცნების" ავტორიტარულ უკუსვლას და გადახრას რუსული ორბიტისკენ, მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას, ყველა რეპრესიული კანონმდებლობის აღსრულების შეჩერებასა და პოლიტიკური მოტივით სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენების, ტერორის დასრულებას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. მოუწოდებს, გამოიყენონ შესაბამისი საერთაშორისო ინსტრუმენტები პოლიციის სისასტიკისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების დამოუკიდებელი, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი გამოძიებისთვის.
მოუწოდებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს და მსგავსი შეხედულებების საერთაშორისო პარტნიორებს, გამოიყენონ საერთაშორისო ინსტრუმენტები, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი და ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი საქართველოში კორუფციისა და ფულის გათეთრების ბოლოდროინდელი გახმაურებული საქმეების გასაკონტროლებლად.
ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება" სრულად არის პასუხისმგებელი საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებულ შედეგებზე, რეგულაციის 2018/1806-ის მუხლი 8a(1)(h)-ის საფუძველზე მოუწოდებს ევროკომისიას, უზრუნველყოს, რომ ის გამოიყენებოდეს მიზნობრივი წესით პასუხისმგებელ პოზიციებზე მყოფი პირებისა და მათი ოჯახების მიმართ. მოუწოდებს ევროპულ საბჭოს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები რეჟიმის მმართველ, ფინანსურ და პროპაგანდისტულ ელიტას, ისევე როგორც საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტების, აქტივისტების დევნაზე პასუხისმგებელ პირებს", - ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის" რეზოლუციაში.
ამასთან, რეზოლუცია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას", გააუქმოს საჯაროდ გამოხატული განზრახვა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და სხვა დემოკრატიული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით. მოუწოდებს „ქართულ ოცნებას", დააწესოს კონკრეტული თარიღი ახალი, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, სახელმწიფო ინსტიტუტებით, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიით, რომლებიც ფუნქციონირებენ პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფლად", - აღნიშნულია „ევროპის სახალხო პარტიის" რეზოლუციაში.
მსგავსი სიახლეები



















