გლობალური დიალოგი საქართველოდან - თბილისი 22 -23 ოქტომბერს "აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს

თბილისი 22 -23 ოქტომბერს „აბრეშუმის გზის ფორუმს“ უმასპინძლებს. 2015 წელს დაარსებული ფორუმი უკვე მეხუთედ ტარდება, ამ წლების განმავლობაში ის  საერთაშორისო მასშტაბის ბრენდად და გეო-ეკონომიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც რთული გეოპოლიტიკური ძვრებისა და ეკონომიკური ტრანზიციების ეპოქაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონული და გლობალური დაკავშირებადობის გაძლიერების პროცესში.

ფორუმი ამჯერადაც, ტრადიციულად, წარმომადგენლობითი, სექტორულად მრავალფეროვანი იქნება და გლობალური ლიდერების შეკრებას უმასპინძლებს - 50-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატს. 22 ოქტომბერს ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გაიხსნება და  ორი დღის განმავლობაში მის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოების მეთაურები, მაღალი რანგის სამთავრობო მოხელეები, მინისტრები, გლობალური კომპანიების აღმასრულებლები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები. სწორედ ეს დიდი მასშტაბი აქცევს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ მთავარ პლატფორმად.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ შესახებ საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხაზს უსვამს, რომ მისი მაღალ დონეზე ორგანიზება და ჩატარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია  როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური კუთხით, ისე ქვეყნის საგარეო იმიჯის თვალსაზრისით. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის მაღალი დონის სადისკუსიო პლატფორმაა, აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების საუკეთესო შესაძლებლობა.

„აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალურ დონეზე. ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ გლობალური ეკონომიკური გამოწვევების, მათი გადაჭრის გზებსა და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე. როგორც ვიცით, ისტორიულად, საქართველო აბრეშუმის გზის ნაწილია და მისი როლი საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვნად იზრდება სატრანსპორტო-ლოგისტიკური, სავაჭრო, ენერგეტიკული, ციფრული და ფინანსური ჰაბის მიმართულებით. საქართველოს მთავრობა ახორციელებს ძირეულ რეფორმებსა და პროექტებს, რომ განვითარდეს ჩვენი ქვეყნის სახმელეთო, სარკინიგზო, საავიაციო, საზღვაო-სატრანსპორტო და ციფრული ინფრასტრუქტურა,  აშენდეს  ციფრულ მონაცემთა გაცვლის და სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრები, გაიზარდოს პორტების, ახალი ტერმინალების რაოდენობა, გამტარუნარიანობა და ტვირთების მომსახურების შესაძლებლობები“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

ბოლო წლებში არსებულმა ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ და გამოწვევებმა შედეგად ახალი დღის წესრიგი შექმნა და მოთხოვნები წამოაყენა, მათ შორის ჩვენს რეგიონში -ტრანსკონტინენტური მარშრუტების განვითარების თვალსაზრისით. თუმცა, არსებულმა რეალობამ და პოლიტიკურ-ეკონომიკურმა კონტექსტმა ამავდროულად, საქართველოსთვის გარკვეული შესაძლებლობები გააჩინა - რომ კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი, როგორც სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული ჰაბის როლი. ამასთან, „შუა დერეფნის“ მარშრუტი ამ მხრივ სულ უფრო მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი ხდება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც  ერთმანეთთან ვაჭრობენ აზიასა და ევროპას შორის. ამ მოცემულობის გათვალისწინებით  „აბრეშუმის გზის ფორუმის“ როლი და ფუნქცია წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, ზრდის დაკავშირებადობას და ხელს უწყობს ქვეყნების მეტად ჩართულობას „შუა დერეფნის“ ინიციატივაში.

როგორც გენადი არველაძე აღნიშნავს, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და ბაზრის ღიაობა, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმები, რომლებსაც დადებითად აფასებენ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები და ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიები, მზარდი ეკონომიკა და რეგიონული მნიშვნელობის სავაჭრო პლატფორმის როლი დიდი ეკონომიკების მქონე ქვეყნებისთვის, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ჰაბის ფუნქციას  და გაზრდის მის როლს ევროპისა და აზიის თანამედროვე ეკონომიკურ ურთიერთობებში.

„თბილისი საუკუნეების განმავლობაში იყო ბუნებრივი გზაჯვარედინი ევროპასა და აზიას შორის. დღეს ეს მემკვიდრეობა განახლებულია: საქართველო საკვანძო მოთამაშეა შუა დერეფანსა და სხვა სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნების ინიციატივებში, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს სამხრეთ კავკასიის გავლით აკავშირებს. მძლავრი ციფრული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, თანამედროვე ლოგისტიკური ქსელების და არაერთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (მათ შორის ევროკავშირთან, ჩინეთთან, ჰონგ კონგთან, დიდ ბრიტანეთთან, თურქეთთან, EFTA-სთან, UAE-სთან, CIS-თან) გათვალისწინებით, საქართველო წარმოადგენს სტრატეგიულ კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობისთვის. მიმდინარე ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტები – პორტებიდან სარკინიგზო მაგისტრალებამდე თუ ციფრულ ავტომაგისტრალებამდე – კიდევ უფრო აძლიერებს ამ როლს“, - აღნიშნავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

წელს ფორუმის მთავარი მესიჯი და სლოგანია  “Invest in Connectivity- Grow in Stability”. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა, სადისკუსიო სესიებსა და პანელებს კი მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. ეს იქნება მაღალი დონის, ცოცხალი დისკუსიები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ციფრული ტრანსფორმაციისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის შესახებ. ამასთან, პირველად, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველო უმასპინძლებს თბილისის ფინანსურ სამიტს,  სინგაპურში დაფუძნებულ ორგანიზაციასთან – Global Finance and Technology Network (GFTN) – პარტნიორობით. სამიტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინანსური სექტორის და ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადი პანელების პარალელურ ღონისძიებებსა და დისკუსიებზე ყურადღება გამახვილდება რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია  დაკავშირებადობის თვალსაზრისითაც.  ეს მოიცავს ფოკუსირებულ სესიებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე და, ასევე, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელების პროექტებზე (როგორც ენერგეტიკული, ასევე ციფრული). ფორმალური სესიების გარდა, ფორუმი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ნეტვორკინგს.

ისევე როგორც გასულ წლებში, ფორუმის ფარგლებში წელსაც გათვალისწინებულია სპეციალური სივრცეები B2B (ბიზნესი ბიზნესთან) და B2G (ბიზნესი მთავრობასთან) შეხვედრებისთვის, სადაც კომპანიებსა და ოფიციალურ პირებს პირისპირ გარიგებებისთვის შეხვედრების შესაძლებლობა ექნებათ, ასევე შეთანხმებების ხელმოსაწერად და ინიციატივების დასაწყებად. აღსანიშნავია, რომ წინა ფორუმებმა ხელი შეუწყო ასობით ორმხრივ შეხვედრას და თანამშრომლობის შეთანხმებას,  2025 წლის ფორუმი კი კიდევ უფრო გაზრდის ამ შესაძლებლობებს.

„ფორუმის დისკუსიები და პარტნიორობა ხელს შეუწყობს უფრო მდგრად, დივერსიფიცირებულ გლობალურ დაკავშირებადობის არქიტექტურას, რომელსაც შეუძლია გაუძლოს გეოპოლიტიკურ გაურკვევლობებს და ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას“, - აცხადებს გენადი არველაძე.

 





მსგავსი სიახლეები
"ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს განვიხილავთ, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან კორიდორს, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, მიიღოს უფრო დიდი ზომის, დაახლოებით 16 მეტრი სიღრმის მქონე გემები", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის." მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს. როგორც მან აღნიშნა, პორტში დიდი ზომის გემების მიღება შეამცირებს გემების განთავსების სირთულეებს. მისი შეფასებით, შესაბამისად, აღარ გახდება საჭირო პორტების შერჩევა გემების მოცულობის მიხედვით. "ეს ეფექტურად დაზოგავს ტვირთბრუნვის ხარჯებს და დააჩქარებს პროცესებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში. ეს საშუალებას მოგვცემს შეიქმნას თავისუფალი სავაჭრო-სამრეწველო ზონები. ვფიქრობ, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს საქართველოს, გადაიქცეს რეგიონულ ჰაბად და გახდეს მაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
"ეკონომიკური პროექტები სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს"-ნიკოლ ფაშინიანი
"ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემი 2029 წლისთვის შემოვა"-თამარ იოსელიანი
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
"აბრეშუმის გზის ფორუმის დისკუსიები და გადაწყვეტილებები მეტ შესაძლებლობას შექმნიან რეგიონალური თანამშრომლობისთვის ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულებით"-ალი ასადოვი
"აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, რომელიც არის სანდო მარშრუტი ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და ევროპის დასაკავშირებლად"-ალი ასადოვი
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
"საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის" -ღიდა ფაქრი
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა -პრემიერი
საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა -ირაკლი კობახიძე
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025" გაიხსნა
გლობალური დიალოგი საქართველოდან - თბილისი 22 -23 ოქტომბერს "აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 22 ოქტომბერს
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უდიდესი შესაძლებლობაა, საქართველომ გაიმყაროს პოზიციონირება საერთაშორისო არეალზე -მარიამ ქვრივიშვილი
Eagle Hills-ის პროექტები ნიშნავს ათასობით ახალ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც მშენებლობის, ისე ოპერირების ეტაპზე -ირაკლი კობახიძე
არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა - როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
საქართველო ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც აუმჯობესებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დაკავშირებადობას -მარიამ ქვრივიშვილი
ინდური კომპანია „ჰინდუსტან სილიჩენ პრაივატ ლიმიტედი" დასავლეთ საქართველოში ნავთობის საბადოების განვითარებისთვის 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 21 ოქტომბერს