
კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს ნურლან საურანბაიევს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.
შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დამატებითი სატვირთო ნაკადების მოზიდვის ხელშეწყობაზე შუა დერეფანში, რომლის განვითარებაც ორივე ქვეყნის ინტერესებშია. ხაზი გაესვა ერთობლივ ძალისხმევას აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის შემდგომი პოპულარიზებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების კოორდინირებულ თანამშრომლობაზე, რომლის მიზანსაც ჩინეთსა და ევროპას შორის სარკინიგზო გადაზიდვების გააქტიურება წარმოადგენს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ურთიერთობა ტრანსპორტის სხვა სფეროებში. ხაზი გაესვა ნაყოფიერ თანამშრომლობას სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით - 2025 წლის იანვარ- სექტემბრის პერიოდში მგზავრთნაკადი საქართველოსა და ყაზახეთს შორის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,4 პროცენტით გაიზარდა. ასევე ხაზი გაესვა პოზიტიურ დინამიკას ტურიზმის სფეროში.
შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს ორმხრივი დიალოგის ფორმატის მნიშვნელობაზე - ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს საქართველოსა და ყაზახეთის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული ურთიერთობების განმტკიცებისთვის.
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.
მსგავსი სიახლეები



















