გრძელდება რეალობის გაყალბების მცდელობა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით -ცესკო
26 ოქტომბრის არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ კვლავ არ წყდება ამ არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია და მცდელობა, ხელოვნურად გაძლიერდეს ნარატივი, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა, – ამის შესახებ ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს, დამახინჯებული ფაქტების მიწოდებით საზოგადოებაში შექმნას აღქმა, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული.
„უფრო მეტიც, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს, ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს და დამახინჯებული ფაქტების მიწოდებით საზოგადოებაში შექმნას აღქმა, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული. ეს ხდება იმ ფონზე, როცა მთელი წლის განმავლობაში ვერცერთმა დაინტერესებულმა მხარემ, რომელიც დღეს არჩევნების ვითომდა გაყალბებაზე საუბრობს, ვერ შეძლო მტკიცებულების წარმოდგენა, მათ შორის ვერც პროკურატურისა და სასამართლოსთვის, რომელიც თუნდაც მინიმალურად გაამყარებდა „გაყალბების“ ბრალდებებს.
საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის შექმნილი 3 111 საუბნო საარჩევნო კომისიის 53 210 წევრიდან 25 261 უფლებამოსილი ცხრა პარტიის მიერ იყო დანიშნული. კიდევ უფრო რომ დავკონკრეტდეთ თითოეული კომისიის 17 წევრიდან რვა ე.წ. ოპოზიციური პარტიების კვოტით იყო დანიშნული, რაც უზრუნველყოფდა გადაწყვეტილებების ბალანსს და პროცესის მრავალპარტიულ კონტროლს.
აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში განსხვავებული აზრი მათგან მხოლოდ ცხრამ დააფიქსირა. ისევე, როგორც შემაჯამებელი ოქმები ძირითადად კომისიის წევრთა დიდი უმრავლესობით იქნა ხელმოწერილი, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ არჩევნების დღეს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პროცესს აკვირდებოდა ათობით ათასი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი.
არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა ეუთო/ოდირმა, რომლის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატების 99%-მა იმუშავა გამართულად, ხმის მთვლელი აპარატის შედეგები კი ემთხვეოდა ხელით დათვლილ შედეგებს.
პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები.
დასკვნაში გამოთქმულია გარკვეული წუხილები და რეკომენდაციები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დამახასიათებელია საარჩევნო პრაქტიკისთვის და არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს არჩევნების ლეგიტიმურობის უგულებელყოფის საფუძველს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დასკვნაში არჩევნების გაყალბებაზე საუბარი არ არის.
ამასთანავე, ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებაში აღნიშნულია, რომ კენჭისყრის დღე ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული პროცედურული თვალსაზრისით და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა. ეს შეფასება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს დასტურს იმისა, რომ არჩევნების დღეს არსებითი დარღვევები არ დაფიქსირებულა. პროცედურული ორგანიზებულობა მოიცავს ყველა იმ მოქმედებას, რომელიც უშუალოდ უკავშირდება კენჭისყრის დღის ადმინისტრირებას – საარჩევნო უბნების გახსნასა და დახურვას, ხმის მიცემის პროცესის მართვას, ფარულობის უზრუნველყოფას, ამომრჩეველთა იდენტიფიცირებას, ხმის დათვლას და შედეგების შეჯამებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აქვე ნათქვამია, რომ როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ ეს პროცესი კარგად იყო ორგანიზებული პროცედურული თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ ტექნიკური და სამართლებრივი პროცედურები სწორად და გამართულად შესრულდა.
„ასეთ პირობებში „არსებით დარღვევებზე” საუბარი თავიდანვე ვერაფრით იქნება დასაბუთებული, რადგან სწორედ პროცედურული სიზუსტე განსაზღვრავს არჩევნების სანდოობას და შედეგების ლეგიტიმურობას.
ამრიგად, ეუთო/ოდირის ეს შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა ორგანიზებულად, გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, რაც გამორიცხავს ნებისმიერი ტიპის გაყალბების თეორიულ შესაძლებლობასაც კი.
ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ რიგი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აგრძელებენ ხმაურიან განცხადებებს გაყალბებაზე, ვერც მათ წარმოადგინეს ე.წ. გაყალბების ფაქტები.
ამრიგად, ნათელია, რომ „გაყალბების“ თემა წარმოადგენს რეალობის შეგნებულად დამახინჯების – გაყალბების მცდელობას, კერძოდ კი კამპანიას, რომელიც საზოგადოებაში უნდობლობის დათესვას და არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას ემსახურება და საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისი წევრების პირდაპირ თუ ირიბ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
ამასთან, 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ადმინისტრირება მაღალპროფესიული სტანდარტით განხორციელდა. 2024 წლის პარლამენტის არჩევნების შემდგომ პერიოდში წარმატებით ადმინისტრირებული საარჩევნო პროცესი მიზანმიმართულად გადაიფარა უსაფუძვლო ბრალდებებითა და საინფორმაციო მანიპულაციებით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი, როცა შედარებით ნაკლები იყო პოლიტიკური ინტერესი არჩევნების არადემოკრატიულად გამოცხადების მიმართულებით, საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, რეალურად დაენახა, როგორ მიმდინარეობდა საქართველოში თანამედროვე სტანდარტებით ორგანიზებული არჩევნები – გამართული, გამჭვირვალე, უსაფრთხო, ტექნიკურად ზუსტი და სამართლებრივად დაცული პროცესი, რომელიც გამორიცხავს რაიმე ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პარტიად ჩამოყალიბდა
პრემიერ-მინისტრმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
"ქართული ოცნება" ყველა არჩევნებს იგებს "ნაციონალური მოძრაობის" შიშის ფაქტორის გამოყენებით, მალე გამოჩნდება, რამდენად ემსახურება სარჩელი "ნაცმოძრაობასთან" ბრძოლას-გიორგი შარაშიძე
,,შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია, სანამ ის იმ წესებითა და კანონებით ხდება,''- ნინო წილოსანი
,,ლევან ხაბეიშვილი ორი თვე რომ იჯდა საკანში ეტყობა რევოლუციონერის მძიმე ხვედრი არ მოეწონა''- თენგიზ შარმანაშვილი
,,სოლიდარობა ყველა ოპოზიციურ ძალას''- სალომე ზურაბიშვილი
ვაგრძელებთ წინააღმდეგობას, ამ ბრძოლაში გამოვიყენებთ სტრატეგიული წინააღმდეგობის ყველა ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე -ირაკლი კუპრაძე
არ გვაღელვებს რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწერილი არცერთი საკონსტიტუციო სარჩელი, პირიქით, ჩვენთვის პატივია, როდესაც რეჟიმი გკრძალავს-ანა წითლიძე
"დროას", "სტრატეგია აღმაშენებელს", "გირჩი–მეტი თავისუფლებას", "ევროპულ საქართველოს", "ფედერალისტებს", "რესპუბლიკურ პარტიას" ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არ აქვთ და მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება-შალვა პაპუაშვილი
მისასალმებელია, რომ "გახარია საქართველოსთვის" წევრები შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას, მართალია დაგვიანებით, თუმცა ერთმა პარტიამ აღიარა ხალხის ნება, დემოკრატია-შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პოლიტიკური ასაკი -ტიერი ბერიშვილი, რამაზ პაპუაშვილი
გრძელდება რეალობის გაყალბების მცდელობა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით -ცესკო
,,ნაციონალური მოძრაობა" არ არის კონკრეტული ქაღალდი ან ბეჭედი იუსტიციის სამინისტროში''- ანა წითლიძე
,, საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დასრულებულია''- ირაკლი კირცხალია
"ალდეს" ლიდერები კაია კალასი და მარტა კოსი თვითმმართველობის არჩევნებს ყალბს უწოდებენ? ანუ გვეუბნებიან, რომ ვინც მონაწილეობა მიიღეთ, ნული ხართ და მნიშვნელობა აქვს შუშანა მაცაბერიძეს-შალვა პაპუაშვილი
"ლელოს" თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად-შალვა პაპუაშვილი
აგენტურა, მოღალატეები და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ -კახა კალაძე
საპროტესტო აქციაზე რამდენი ადამიანი შეიკრიბება, საინტერესო არაა, მხარდაჭერა არ აქვთ, დამარცხებულები არიან, იმედი მაქვს, ბევრი გააცნოებიერებს, როგორ წირავენ მათ ციხისთვის -კახა კალაძე
ევრონესტის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და არ მონაწილეობენ საქართველო და აზერბაიჯანი, ეს აჩვენებს, რომ ევროპარლამენტის ქცევაში რაღაც არასწორია-შალვა პაპუაშვილი
გიორგი გახარია ლენინივით ცდილობს გერმანიიდან რევოლუციების ორგანიზებას -შალვა პაპუაშვილი