ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს ლი ციანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს, ლი ციანს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ლი ციანს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
აღინიშნა ნაყოფიერი თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროებში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს „სარტყელისა და გზის ინიციატივის" ფარგლებში თანამშრომლობასა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და „ერთი ჩინეთის პრინციპისადმი" საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა დაადასტურა.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება - ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და თანამშრომლობის პრინციპებზე დაყრდნობით. ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ურყევ ერთგულებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კუთხით. საქართველო მხარს უჭერს „ერთი ჩინეთის პრინციპს" და ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს მეგობრობა და ურთიერთგაგება ბუნებრივად აისახა ჩვენს ქვეყნებს შორის დინამიკურ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ჩინეთი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორების ოთხეულშია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორმხრივი ვაჭრობის ზრდას. საქართველოს ექსპორტი ჩინეთის მიმართულებით საგრძნობლად გაიზარდა. ასევე, სასიხარულოა ტვირთბრუნვის მზარდი ტენდენცია. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფნით საქართველოს გავლით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 70.6 პროცენტით გაიზარდა. ჩვენ მზად ვართ, გავაღრმავოთ თანამშრომლობა საქართველოს გავლით ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადების კიდევ უფრო ზრდის მიზნით. ამ მიღწევებზე დაყრდნობით, ინვესტიციების სფერო რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. 2025 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 7.43 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 229 პროცენტით მეტია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
ჩვენ გვჯერა, რომ ეს პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორობას. ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა ვაჭრობასა და კულტურულ ურთიერთობას. საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან რეგიონული დაკავშირებადობისა და ვაჭრობის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პოზიტიური დინამიკა და მაღალი დონის ურთიერთობები გაგრძელდება და კიდევ უფრო განმტკიცდება, რაც კავშირების გაღრმავებისა და ჩვენი ხალხების გრძელვადიანი კეთილდღეობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას ადასტურებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
„მადლობას გიხდით საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობისათვის. საქართველო გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს და ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული პროდუქციის წარმოსაჩენად. დარწმუნებული ვარ, ქართული კომპანიები გამოფენაში მონაწილეობის შედეგებს მალე იხილავენ. ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობის შედეგად ორმხრივი ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება. 2023 წელს ჩვენმა ქვეყნებმა დაამყარეს სტრატეგიული პარტნიორობა და მას შემდეგ სხვადასხვა სფეროში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება. ჩინეთი საქართველოს მადლიერია გულწრფელი მეგობრობისთვის. ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან, გავაფართოოთ პრაქტიკული თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხებს", - აღნიშნა ლი ციანმა.
პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. დოკუმენტებს, კოლეგებთან ერთად, ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ აღწერს "ქართული ოცნების" დამკვიდრებულ ავტორიტარულ სისტემას, ქართველი ხალხი გაბედულად აგრძელებს ბრძოლას ევროპული მომავლისთვის-მამუკა ხაზარაძე
,,ხანდახან როგორც საუბრობთ ევროკავშირის გაფართოებაზე, არის რუსეთის ლოგიკის მსგავსი''- ევროპარლამენტარი მარკ ბოტენგა
,,საქართველომ დააფიქსირა ძლიერი ეკონომიკური ზრდა - მშპ-ის ზრდამ 2024 წელს 9.4% შეადგინა''- ევროკომისიის ანგარიში
საქართველოს პირველი არხის განცხადება
,,ამაზე უნდა დაფიქრდნენ ეს ადამიანები, როგორ სწირავენ მათ ევროპულობისგან დაცლილი შიდა თუ გარე ძალები საგამზირე მსხვერპლებად''- შალვა პაპუაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
,, ევროკავშირის დემონიზაციის მაგივრად, საქართველოს ხელისუფლებამ უბრალოდ უნდა შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს ინტეგრაციის გზას'' - პაველ ჰერჩინსკი
"კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი, 71 წლის იქნება ეს თუ 31 წლის"- გია ვოლსკი
,,როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს არცერთ პოლიტიკურ პარტიას არც საქართველოში, არც - სხვაგან''- პაველ ჰერჩინსკი
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში გადასცა
,,ციხეში არ სხედან ოპოზიციონერები, ექიმები, იურისტები თუ ინჟინრები, ციხეში სხედან დამნაშავეები''- შალვა პაპუაშვილი
,, საქართველოში LGBTIQ პირთა უფლებების სამართლებრივი დაცვა დიდწილად არასაკმარისია''- ევროკომისიის ანგარიში
საქართველოს შანტაჟი და საქართველოზე ზეწოლა არ გამოვა- შალვა პაპუაშვილი
"არ მგონია რომ სავიზო რეჟიმი გაუქმდეს ზოგადად მოსახლეობისთვის''- დავით ქართველიშვილი
,, ჩვენ ვითხოვთ მეტ გამჭვირვალობას, ვითხოვთ მეტ სიცხადეს, თუ რისთვის და რა მიზნით იხარჯება თანხები''- ანდრაშ ლასლო
,,როგორც ჩანს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროპული იმედის ლიდერი სომხეთი ხდება''- რასა იუკნევიჩიენე
რეალისტები უნდა ვიყოთ, "ქართული ოცნება"არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე, ზომები, რომელთა მიღება შეგვიძლია, არის პასუხისმგებელ პირთათვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვა -რასა იუკნევიჩიენე
ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან, გავაფართოოთ პრაქტიკული თანამშრომლობა, ერთობლივი ძალისხმევით მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხებს -ლი ციანი
ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს ლი ციანს შეხვდა