ინსულინის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს -მიხეილ სარჯველაძე

საქართველოში დიაბეტის მქონე ყველა ადამიანი, უპირველესად ბავშვები, სრულად არიან უზრუნველყოფილნი ფრანგული კომპანიის, „სანოფი ავენტისის" ინსულინით, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ არსებობს.

„ამას მოიხმარს ევროპის არაერთი განვითარებული სახელმწიფო. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რაიმე შეფერხება ამ საშუალებით პაციენტების უზრუნველყოფაში არც შექმნილა, არც დღეს არსებობს და არც ახლო მომავალში შეიქმნება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება მეორე სახის ინსულინს, „ნოვო ნორდისკის", სარჯველაძის განმარტებით, კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულება და მარაგების შევსებასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. „არსებობს საკმაოდ პოპულარული მეორე ინსულინი, რომელსაც აწარმოებს დანიური კომპანია „ნოვო ნორდისკი". კომპანიასთან 14 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება. სამწუხაროდ, კომპანიამ პირველ ჯერზე ყოველგვარი ახსნის გარეშე დაარღვია ხელშეკრულება და დაგეგმილთან შედარებით ბევრად ნაკლები პრეპარატი მოგვაწოდა, ისიც დაგვიანებით. დღემდე ეს ვალდებულება შეუსრულებელია. განვიხილავდით მათ მიერ შემოთავაზებულ ყველა შესაძლო ვერსიას, თუმცა დღემდე კომპანია უხეშად არღვევს ნაკისრ ვალდებულებებს. სამწუხაროა, მაგრამ მიწევს ამის აღნიშვნა. ჩავთვალეთ, რომ შეიძლება, ეს მენეჯმენტის შედარებით დაბალი რგოლების მიზეზით ყოფილიყო გამოწვეული, რომლებიც „ოზემპიკის" რეალიზაციით უფრო მეტად არიან დაკავებული. ამის გამო კომუნიკაცია გვქონდა კომპანიის მაღალ ხელმძღვანელობასთან. პირადად გავემგზავრე და შევხვდი მათ ოქტომბერში. ჯერ ოქტომბერში დაგვპირდნენ, რომ ნოემბრის დასაწყისში მოხდებოდა მარაგის შევსება და ვალდებულებების შესრულება. ახლაც, დღესაც იწერებიან და აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება დარჩენილი რაოდენობის მოწოდება. მიუხედავად ამისა, მათი მხრიდან დღემდე ვალდებულება არ არის შესრულებული. ვითვალისწინებთ მათი პროდუქციის მიმართ ტიპი ერთი დიაბეტის მქონე პირთა მშობლების კეთილგანწყობას და ვცდილობთ, არ მივიღოთ ხისტი გადაწყვეტილება. ვიმეორებ, მხოლოდ უშუალოდ პაციენტებისა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია მოსახლეობის ინტერესების დაცვა და დიაბეტის მქონე პაციენტების უწყვეტი უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის მედიკამენტებით.

მისივე თქმით, სახელმწიფოს თანამშრომლობა იმ კომპანიებთან გაგრძელდება, რომლებიც პაციენტების ინტერესებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ.

„ჩვენი ინტერესის საგანი ჩვენი მოსახლეობის დაცვაა. ამიტომ, ბუნებრივია, არ მსურს, იძულებული ვიყო, მივიღო ხისტი გადაწყვეტილებები ამ კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით. მათი პროდუქტი ნამდვილად მოსწონთ ჩვენს პაციენტებს, ჩვენ ვართ და ვიქნებით მხოლოდ და მხოლოდ ქართველი პაციენტების მხარეს. რომელიმე მომწოდებელი პრიორიტეტად თუ არ განიხილავს ქართველ პაციენტს, ბუნებრივია, მასთან თანამშრომლობა მარტივი ვერ იქნება. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, რომლებიც პირველ ადგილზე ჩვენს მოქალაქეს და მის საჭიროებებს დააყენებენ. ვეცდები, ყველა საკითხი გადაწყდეს ისე, რომ ინსულინის მიწოდება ქართველი პაციენტებისთვის შეუფერხებლად გაგრძელდეს. მერწმუნეთ, სამინისტროს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა ეს სწორედ ასე იყოს. ცალკეულ ადამიანებს მცდელობები აქვთ, დამახინჯებული ინფორმაციის გამიზნულად გავრცელებით ხელოვნურად შექმნან აჟიოტაჟი საკითხის ირგვლივ, რათა შემდეგ ვინმემ ეს პოლიტიკური სპეკულაციების საბაბად გამოიყენოს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, დღეს საქართველოში არცერთი ბავშვი არ არის დარჩენილი ინსულინის გარეშე, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ ზოგიერთები. ამის რისკიც კი გამორიცხულია. ცალსახად ინფორმირებული არიან მშობლები, მათ შორის იმის შესახებ, რომ „სანოფის" მედიკამენტზე ხელმისაწვდომობას არავითარი რისკი არ ემუქრება. მედიკამენტის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ყველა ექიმი მზად არის, ჩაერთოს მართვაში, ამაში სამინისტროა ჩართული. იციან, რომ საუბარია ძალიან მაღალი ხარისხის მედიკამენტზე. მათ უფლება აქვთ, მოსალოდნელი ცვლილების შესახებ წინასწარ ცოდნოდათ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ სახელმწიფომ შეწყვიტა ინსულინის მოწოდება. ესაა ტყუილის შეგნებულად გავრცელება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
ინფორმაცია, თითქოს ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ, არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება-მიხეილ სარჯველაძე
მუნთან დაკავშირებით არანაირი განგაშის მიზეზი არ არსებობს-მიხეილ სარჯველაძე
ინსულინის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს -მიხეილ სარჯველაძე
კინომცოდნე გიორგი დოლიძე გარდაიცვალა
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გურამ ოქროპირიძე უხელმძღვანელებს
6 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
GM PHARMA ევროპაში
განვმტიკდი იმ აზრზე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი – არქიმანდრიტი ილია მეუფე შიოს
გეკა გელაძემ კახეთში საპოლიციო ღონისძიებისას დაჭრილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი მოინახულა
პატრიარქმა არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია) მღვდელმოქმედება აუკრძალა
მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ის ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია-პაატა იმნაძე
5 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დევნილი ვეტერანების მხარდასაჭერად ახალი ინიციატივები იგეგმება
მარნეულში ხორცის ფარშის ორ ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა
ქართველი საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა
4 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
"მე მომავალში" - საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია იწყება