"ევროპისათვის ბრძოლა მხოლოდ იწყება: სანამ ევროკავშირი თავისი ინტერესების დაცვას ცდილობს, სხვები "გათიშე და იბატონეს" პოლიტიკით არიან დაკავებულნი"-Financial Times

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში" (Financial Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით: "ევროპისათვის ბრძოლა მხოლოდ იწყება: სანამ ევროკავშირი თავისი ინტერესების დაცვას ცდილობს, სხვები „გათიშე და იბატონეს" პოლიტიკით არიან დაკავებულნი"(ავტორი - გიდეონ რიჩმანი, პოლიტიკური მიმომხილველი). „ადრე ევროპა მონაწილეობდა მსოფლიოს დანაწილებაში, ახლა მსოფლიოს ქვეყნები ცდილობენ ევროპაზე გავლენა მოახდინონ და დაანაწილონ. ევროპამ „მოძალადეებს" თავისი შესაძლებლობები უნდა აჩვენოს და პასუხი უნდა გასცეს", - ასეთია სტატიის დედააზრი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მრავალი საუკუნის განმავლობაში ევროპა მსოფლიოს თავს ახვევდა თავის ნებას და ქცევის წესებს, ახლა კი მსოფლიო იწყებს ევროპის იძულებას, თუ როგორ უნდა მოიქცეს ბებერი კონტინენტი.

ფოტოსურათზე, რომელიც ივლისის ბოლოს არის გადაღებული, ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი თითქოსდა იძულებით იღიმება, გვერდით კი სახეგაბრწყინებული დონალდ ტრამპი დგას, მაღლა აწეული ცერა თითით. ევროკავშირი, ურსულას სახით, ეს-ესაა დათანხმდა დონალდის წინადადებას, რომ აშშ-მა ევროკავშირის ექსპორტზე 15%-იანი ბაჟი დააწესოს, თანაც საპასუხო დარტყმის გარეშე. ფონ დერ ლაიენი და მისი თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ ამ ფრიად არასასიამოვნო ფაქტს შერიგებოდნენ.

ეს მომენტი მით უფრო დამამცირებელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ითვლებოდა - ვაჭრობა ერთადერთი სფეროა, რომელშიც ევროკავშირს სხვა ნებისმიერ სახელმწიფოს წინ აღუდგეს და თავისი ნება გაატაროს. ერთიანი ევროპული ბაზარი თითქმის თანასწორია აშშ-ისა და ჩინეთის ბაზართან და ყველას იმედი ჰქონდა, რომ ბრიუსელი წინ აღუდგებოდა ვაშინგტონის ზეწოლას. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, ევროკავშირი დანებდა.

დანებდა ძირითადად იმიტომ, რომ ევროპელები შიშობდნენ - თუ ისინიც საპასუხო ტარიფს შემოიღებდნენ აშშ-ის წინააღმდეგ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ისე დაარტყამდა ევროპას, რომ... მაგალითად, შეამცირებდა თავის ვალდებულებას ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. უკრაინაში მიმდინარე ბობოქარი ომისა და რუსული სავარაუდო აგრესიის მიმართ მზარდი შიშების ფონზე, ევროპელებმა ვერ გაბედეს ასეთ რისკზე წასვლა - არ გაამწვავეს აშშ-სთან ურთიერთობა სავაჭრო ტარიფების გამო.

ევროპის სისუსტემ უსაფრთხოების სფეროში თითქმის ნულამდე დაიყვანა მისი უპირატესობა ვაჭრობის დარგში, ანუ ერთმა სისუსტემ ევროპა მეორემდე მიიყვანა. ეს რომ ცალკეული ფაქტები იყოს, კიდევ შეიძლებოდა თავის მართლება, რომ ხდება ხოლმე გარკვეული გარემოებების ერთმანეთთან დამთხვევა. მაგრამ სინამდვილეში ევროპის უსუსურობისა და გაუბედაობის გამოვლენა სულ უფრო ხშირი ხდება.
როცა ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტზე ნიშნავდნენ, მან სურვილი გამოხატა, რომ ევროკავშირის „მთავრობა" „გეოპოლიტიკური კომისიის" როლს შეასრულებდა, მაგრამ რაც დრო გადის, დიპლომატია სულ უფრო ხშირად უკანა პლანზე გადადის - იმ სიტუაციაშიც კი, როცა ომები უშუალოდ ევროკავშირის მისადგომებთან ხდება და პირდაპირ უკავშირდება კონტინენტის ინტერესებს.

ევროპის ქვეყნები ამჟამად უკრაინისათვის ფულისა და იარაღის უდიდეს დონორებს წარმოადგენენ. მაგრამ როცა დონალდ ტრამპმა ომის დასრულების მცდელობა დაიწყო და ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკება გამართა, ევროპელები ტრამპ-პუტინის სამიტის შემდეგ ვაშინგტონში გაიქცნენ და დონალდ ტრამპის წინაშე თავიანთი ინტერესების ლობირება დაიწყეს - „უჩვენოდ ნუ იმღერებთო". იგივე ისტორია იყო ღაზას საკითხთან დაკავშირებით. ეს კონფლიქტი ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე ბობოქრობს, ანუ ფაქტიურად ევროპსაც ეხება. მაგრამ გადამწყვეტი დიპლომატიური ძალისხმევა მის შეჩერებაში ამერიკამ, კატარმა, ეგვიპტემ და ისრაელმა განახორციელეს: ევროპამ ისევ დააგვიანა და სხვების მოქმედებას შორიდან უყურებდა.

სუდანში მიმდინარე საშინელი სამოქალაქო ომი ევროპაში ლტოლვილების ახალ ნაკადს გამოიწვევს. ალბათ, ევროპა სუდანის ამბებით უნდა დაინტერესდეს, მაგრამ არა - მთავარ როლებს იქ არაბთა გაერთიანებული საამიროები, ეგვიპტე, თურქეთი და რუსეთი ასრულებენ. საფრანგეთის გავლენაც დასავლეთ აფრიკაში საკმაოდ მკვეთრად შემცირდა: მალის სახელმწიფოში წარმოქმნილ ვაკუუმს რუსეთი და ჯიჰადისტური ძალები ავსებენ.

რატომ იჩენს ევროპა ასეთ უსუსურობას? ყველაზე ხშირად გვესმის ის განმარტება, რომ ბებერი კონტინენტი სამხედრო და ფინანსურ დეფიციტს განიცდისო, მაგრამ ვითომდა უფულობა და იარაღის არქონა სერიოზულ არგუმენტებს არ წარმოადგენენ. ევროპაში მსხვილი სამხედრო თავდაცვითი მრეწველობა არსებობს და ევროპა დღემდე რჩება მდიდარ კონტინენტად, თუმცა მას უკვე საკმაო ვალებიც გაუჩნდა.
როგორც ჩანს, უფრო სერიოზულ პრობლემებს სტრუქტურული, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ხასიათი აქვს. ბრიუსელი ბიუროკრატიის ცენტრია. ბრიუსელი კარგად ერკვევა პროცედურებსა და კანონებში, მაგრამ არ აქვს სწრაფი და [როცა საჭიროა], დაუნდობელი მოქმედების უნარი - სწორედ ისეთი, როგორსაც წარსულში დიდი ევროპული სახელმწიფოები მიმართავდნენ და როგორც ახლა აშშ და ჩინეთი მოქმედებს.

ევროპელთა მოწოდებები მორალისა და საერთაშორისო სამართლისაკენ ისეთ საკითხებში, როგორიცაა უკრაინა, ხშირად რჩება აფრიკისა და აზიის ქვეყნების ყურადღების მიღმა - იმ ქვეყნებისა, რომელთა ისტორია საუკუნეობით ყალიბდებოდა ევროპული იმპერიალიზმის ულმობელი მოქმედებით.
ევროპული იმპერიების ეპოქაში იმდროინდელი დიდი სახელმწიფოები - დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და თვით პატარა ბელგიაც კი, „აფრიკის დანაწილების ბრძოლაში" მონაწილეობდნენ. დღეს კი, როცა ევროპის ძალა ერთგვარად დასუსტებულია, ჩვენ მოწმენი ვართ „ბრძოლისა ევროპის დანაწილებისათვის" იმდენად, რამდენადაც ევროპის კონტინენტზე გარეშე ძალები თავიანთ გავლენებს ამტკიცებენ.

ბალკანეთის დასავლეთ ნაწილში, რომლის ქვეყნები თეორიულად ევროკავშირის წევრობის გზაზე იმყოფებიან, იზრდება რუსეთის, თურქეთისა და ჩინეთის გავლენები. ევროსაბჭოს მიერ ამას წინათ მიღებულ დოკუმენტში დაფიქსირებულია ის გავლენა, რომელსაც ჩინეთი ახორციელებს რეგიონზე თავისი ინფრასტრუქტურული პროექტებით და ფინანსური კრედიტებით.

გარე ძალების ბრძოლა ევროპისათვის ევროკავშირის შიდა ერთიანობასაც ემუქრება - იმიტომ, რომ გარე ძალები მოქმედებენ პრინციპით „გათიშე და იბატონე". ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ გაბედა ევროკავშირმა დონალდ ტრამპის სავაჭრო ტარიფების გაზრდას, იმაში გამოიხატება, რომ ევროპის ქვეყნებს და კომპანიებს სხვადასხვა ინტერესები აქვთ, ამერიკამ სწორედ ამით ისარგებლა. ეს „პირველი ამერიკული შოკი" იყო ევროპისათვის, ახლა კონტინენტი „მეორე ჩინურ შოკს" უნდა ელოდოს - პეკინი ყველას ცალ-ცალკე ელაპარაკება, რაც აძნელებს ერთიან ევროპულ კოლექტიურ პასუხს „აზიელი სავაჭრო მოძალადისადმი".

არ არის გამორიცხული, რომ ევროპული ერთიანობა უკრაინის მიმართ, რომელიც ბოლო დრომდე შთამბეჭდავია, შეიძლება დაირღვეს იმდენად, რამდენადაც ევროპის პოლიტიკაში ძლიერდებიან მოსკოვის მიმართ სიმპათიებით განწყობილი პარტიები - მაგალითად, ევროკავშირის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სლოვაკეთი და ჩეხეთი.
ევროპელები ზოგჯერ თავს ინუგეშებენ იმ ფაქტით, რომ მართალია, „ხისტ ძალას" არასაკმარისად ფლობენ, მაგრამ სამაგიეროდ, „რბილი ძალა" ძველებურად ჭარბად აქვთ: ევროპა წინანდებურად მიმზიდველია როგორც მსოფლიოს მდიდარი, ასევე ღარიბი ადამიანებისათვის. თუ თქვენ გსურთ საუკეთესო ევროპული საჭმელები ან ევროპული მაღალი სოციალური დახმარება მიიღოთ - ბებერი კონტინენტი თქვენს სამსახურშია.

მაგრამ დემოკრატია, სიმდიდრე და უსაფრთხოება, რომლებიც ცივილიზებული საზოგადოების საფუძველს წარმოადგენს, საბოლოო ჯამში შეიძლება საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, თუ ევროპა ვერ გამოიჩენს უნარს და ვერ მივა დასკვნამდე, რომ მან ხისტი ძალითაც უნდა ისარგებლოს.

 

წყარო:

 





მსგავსი სიახლეები
აშშ მზადაა, ყირიმი და დონბასი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს. ტრამპის გეგმა უკრაინისგან მაქსიმალურ დათმობებს მოითხოვს - Axios
"ევროპისათვის ბრძოლა მხოლოდ იწყება: სანამ ევროკავშირი თავისი ინტერესების დაცვას ცდილობს, სხვები "გათიშე და იბატონეს" პოლიტიკით არიან დაკავებულნი"-Financial Times
ალექსანდრ სტუბი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს
,,2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს''- ირაკლი კობახიძე
საქართველოში ამ დრომდე ფიქსირდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მომატებული კონცენტრაცია, რაც განპირობებულია სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით -გარემოს ეროვნული სააგენტო
ნიკოლ ფაშინიანი - ე.წ. ტრამპის მარშრუტი შეიძლება, მოიცავდეს ბუნებრივი აირის მილსადენს, ნავთობსადენს, კაბელებს და სხვა სატრანსპორტო კავშირებს
,,რუსეთ-უკრაინის ომმა შეჩერებასთან ყველაზე ახლო წერტილს მიაღწია'' - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
„იგლ ჰილსი“ რამდენიმე თვეში დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს კრწანისში და გონიოში''- პრემიერი
უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ პირველადი ნავთობგადამუშავება შეწყვიტა - Reuters
ხალხი ომით და ხარჯებით დაიღალა, უკრაინა თუ კორუფციულ ინციდენტებს მოითმენს, ომს წააგებს -დონალდ ტუსკი
ეკიპაჟის 20-ვე წევრის ცხედარი ნაპოვნია, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ყველა ტექნიკური საშუალება და თვითმფრინავის ფრაგმენტები ნანახია, მიმდინარეობს ექსპერტიზა -გეკა გელაძე
,,არც არასდროს შეწყვეტილა, არც ახლაა შეწყვეტილი და არც მომავალში შეწყდება ბავშვების ინსულინით უზრუნველყოფა''- მიხეილ სარჯველაძე
,,ჰერჩისკის ჰგონია, რომ ბრიუსელი რასაც ვერ ბედავს ევროპული ქვეყნების ლიდერებთან მიმართებით, საქართველოში გაუვა და ასე არაა''- დავით ქართველიშვილი
,, ვნახოთ რა დასკვნას გააკეთებენ ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები''- ირაკლი ჭეიშვილი
,,შეძრულები ვართ თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის საქართველოში ჩამოვარდნით, რომლის შედეგადაც სამხედროები დაიღუპნენ''- ილჰამ ალიევი
საქართველოს მოსახლეობა არ ექვემდებარება შანტაჟს''- ირაკლი კირცხალია
საქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს
,, რუსეთზე ზეწოლა არ არის საკმარისი და აუცილებელია მეტი სანქციის დაწესება''- ვოლოდიმირ ზელენსკი
დღეს ყარაბაღის და აღმოსავლეთ ზანგეზურის აღორძინება მიმდინარეობს, გათავისუფლებულ მიწებზე უკვე 60 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მუშაობს და სწავლობს -ილჰამ ალიევი
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს