ნიკა გვარამია - იმ ხაზს უნდა მივყვებოდეთ, რომელსაც მივყვებით - შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ივანიშვილი იძულებული უნდა იყოს, დანიშნოს არჩევნები არა მისი ან გინდათ, ჩვენი წესებით, არამედ საერთაშორისო სტანდარტებით, ამისთვის ზუსტად იმ ხაზს უნდა მივყვებოდეთ, რომელსაც მივყვებით – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, –  ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, წარმატებული პროტესტის ამოსავალი პრინციპი იმაშია, რომ დაუშვებელია და მარცხის წინაპირობაა წინააღმდეგობის, შეუპოვრობის, სწორხაზოვნების ეროზია, რისი უფლებაც პროტესტს არ აქვს.

„ემიგრანტებისთვის ხმის უფლების გაუქმება: ვადამდელი არჩევნები თუ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა? დავიწყებ პასუხით ამ შეკითხვაზე: რა თქმა უნდა, მეორე.

რა აწუხებთ დღეს ქოცებს? პასუხი ცალსახაა: არალეგიტიმურობა, რაც, მათ შორის, საერთაშორისო არაღიარებით გამოიხატება. მაშ რატომ შეიძლება, დანიშნონ ვადამდელი არჩევნები? რატომ გაჩნდა ამის მოლოდინი? როგორ მოაგვარებს არაღიარებას და მისგან გამომდინარე სანქციებს ახალი არჩევნები? უშველის ერთადერთ შემთხვევაში – თუ ეს არჩევნები იქნება დემოკრატიული სტანდარტების, „ოცნება“ გაიმარჯვებს და მიიღებს მანდატს. იმ ვითარებაში, როცა პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური ლიდერების ველი მოდელირებულია (დაჭერილნი და გაუქმებულნი) და იმ ვითარებაში, როცა ამომრჩეველთა ველიც მოდელირებულია (მილიონამდე ადამიანს ღიად უწყვეტენ საარჩევნო უფლებას), ეს ამოცანა შეუსრულებელი მისიაა – გამორიცხულია ამგვარ ვითარებაში არჩევნების ლეგიტიმაციის მინიმალური შანსის არსებობა. მაშინ რად უნდათ ვადამდელი არჩევნები? კონსტიტუციის 78-ე მუხლის გასაუქმებლად? და რაში უშლის ეს მუხლი „ოცნებას“? რას ვერ აკეთებენ მისი არსებობის პირობებში? პასუხი ცხადია: არაფერს უშლის, ყველაფერს აკეთებენ. ამას გარდა, ამ მუხლით არ დაწყებულა და არც ამ მუხლის გამოა ჩვენი ამოცანა ევროკავშირი. 78-ე მუხლის გაჩენამდეც ევროინტეგრაცია იყო ამ ქვეყნის არჩევანი, პოლიტიკურიც და კონსტიტუციურიც, ისტორიულიც და ყოფითიც. ასე რომ, „დავიცვათ 78-ე მუხლი“ ლოგიკას მოკლებული ჩანს და ხელოვნურად კონსტრუირებულ სამიზნეს ჰგავს, ან კი, რატომ უნდა გააუქმონ ქოცებმა ის, რასაც თავად იყენებენ პროპაგანდისტულ თავშესაფრად მათივე ამომრჩევლის თვალში? ერთადერთ არგუმენტად, მათივე ამომრჩევლისთვის, ქოცობის გასამართლებლად საზოგადოების თვალში?

მივუბრუნდეთ ემიგრანტების საკითხს: რატომ დასჭირდათ ამ საკითხის წამოწევა მოწმენდილ ცაზე, უფრო სწორად, მოქუფრული ცის ფონზე, როცა ნებისმიერმა არასწორმა მოძრაობამ შეიძლება გადამწყვეტი ზიანი მოუტანოს („მოასრიალოს“) ? რისთვის და სავაჭროდ. ცხადია, ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების ჩამორთმევა მკაფიოდ ანტიკონსტიტუციურია და არღვევს არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს: საყოველთაობასა და თანასწორობას. ცხადია, რომ ეს გასაჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც როგორც ჩანს, ქოცებმა გადმოიტანეს დემოკრატიის დასამარების მთავარი ხაზი (პარტიების გაუქმების სარჩელს შეგახსენებთ). რა შეიძლება თქვას საკონსტიტუციომ? კი, არღვევს საყოველთაობას, კი, არღვევს თანასწორობას, მაგრამ ორივეს ასევე არღვევს რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის უფლების არ მინიჭება და დაავალოს ხელისუფლებას საჭირო ზომების მიღება. აქ ტესტი შემდეგია: ანტიკონსტიტუციურია ამის თქმა, რომ „არ მონაწილეობენ“ (როგორც ამ კანონში). აი, რაც შეეხება „ვერ მონაწილეობენ“ აქ ორსაფეხურიანი ტესტია: აქვს თუ არა უფლება (თეორიულად) და აქვს თუ არა შესაძლებლობა (პრაქტიკულად), ანუ გააკეთა თუ არა სახელმწიფომ ყველაფერი, რაც კი შეეძლო; ამოწურა თუ არა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებელი რესურსი. 2024-ში სახელმწიფომ ეს არ გააკეთა ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. „არ“ გააკეთა და არა „ვერ“. (ესეც კი საკმარისი იყო იმ არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის, სხვათა შორის. ამომრჩევლების 1/3 არჩევნებს გარეთ დარჩა ხელისუფლების მიზანმიმართული და განზრახ უმოქმედობის გამო). რუსეთში ეს ვერ ( ხაზგასმით, ვერ) იქნება უზრუნველყოფილი, რადგან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს და არჩევნები უცხო ქვეყანაში დიპლომატიური პროცედურაა და ორმხრივი შეთანხმებითა და ვენის კონვენციით რეგულირდება. მაშ რა არის საჭირო, რომ ყველა ემიგრანტმა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, რომ დაცული იყოს საყოველთაობის და თანასწორობის პრინციპი? დიახ – ამ კანონის გაუქმება + რუსეთთან დიპლომატიური კავშირის აღდგენა. და გამოგვიგორებენ ცრუ დილემას: ემიგრანტების ხმის უფლება (ოღონდ ყველასი თანაბრად), თუ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა.

ეს ყველაფერი საკონსტიტუციოს გარეშეც მოხერხდება, თუ „ოცნება“ მოინდომებს: „გაითვალისწინებს მოსახლეობის მოთხოვნებს“ და აღარ მიიღებს ამ კანონს, ოღონდ იმ დათქმით, რუსეთშიც იგივე უფლებების უზრუნველსაყოფად „გაატარებენ ყველა საჭირო ღონისძიებას“, რაც სხვა არაფერია (და ვერც იქნება), თუ არა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. ეს რას ნიშნავს, ამას ახსნა არ მგონია სჭირდებოდეს. არც იმას სჭირდება ახსნა, რუსეთში თუ ქართული არჩევნები (და, შესაბამისად, რეფერენდუმი, პლებისციტი) ჩატარდება, რა შედეგს მოიტანს. ამას, მგონი, კიდევ უფრო არ სჭირდება ახსნა: 300, 400, 500 ათასი დამატებით გაყალბებული ხმა რას ნიშნავს.

კარგად უნდა გვესმოდეს ისიც, რომ დღევანდელი რეგულაცია არაფერში უშლის ხელს „ოცნებას“, თუნდაც ხვალ აპირებდეს არჩევნების ჩატარებას. უბრალოდ როგორც 2024-ში საზღვარგარეთ ისევ მხოლოდ 50 უბანს გახსნის და ამით მორჩება. რაში სჭირდება ამ კონსტიტუციური და საერთაშორისო მასშტაბის სიგიჟის გამოგორება? არც არაფერში, ისევე, როგორც კონსტიტუციის 78-ე მუხლის გაუქმება, რომელიც არაფერში ხელს არ უშლის. რაც მას სჭირდება, ეს ლეგიტიმაციაა და ამაზე სავაჭროდ ყველა მექანიზმის მობილიზება იქნება ეს მისთვის სასურველი წესებით ჩატარებული ფსევდო არჩევნებში ოპოზიციის შეთრევა.

ივანიშვილი იძულებული უნდა იყოს, დანიშნოს არჩევნები არა მისი ან გინდაც ჩვენი წესებით, არამედ საერთაშორისო სტანდარტებით. ამისთვის ჩვენ ზუსტად იმ ხაზს უნდა მივყვებოდეთ, რომელსაც მივყვებით: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია. ამ ფონზე უცნაურია, იმაზე ვმსჯელობდეთ, რომ ჩვენ ვართ იძულებული ივანიშვილის მიერ დანიშნულ და მისი წესებით ჩატარებულ არჩევნებში შევიდეთ, რომელიც, ჩემი აზრით, ისედაც არ ივარაუდება.

ცრუ დილემების მომტანი ამგვარი ხაფანგები კიდევ უამრავი გველის წინ – ასეთია დიქტატურის დიალექტიკა და შინაგანი ლოგიკა. წარმატებული პროტესტის ამოსავალი პრინციპი კი იმაშია, რომ წინააღმდეგობის, შეუპოვრობის და სწორხაზოვნების ეროზია დაუშვებელია და მარცხის წინაპირობაა, რისი უფლებაც არ გვაქვს“, – წერს ნიკა გვარამია.





მსგავსი სიახლეები
ნიკა გვარამია - იმ ხაზს უნდა მივყვებოდეთ, რომელსაც მივყვებით - შიგნით აქცია, გარეთ სანქცია
საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველო კვლავ მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში, რაც შეიძლება იყოს დადებითი შედეგების მომტანი -მიხეილ ყაველაშვილი
მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ -მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა
ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება
საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის ვიზიტი დაიწყო
ივანიშვილმა საქართველოს ჩამოაჭრა 1/3 ემიგრანტების სახით და როცა ამ ყასბურ სამუშაოს დაასრულებს, არხებსაც გათიშავს - კარგი ისაა, რომ "ბესპრედელი" დიდხანს არასდროს გრძელდება-სააკაშვილი
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება -შალვა პაპუაშვილი
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები-საქართველოს საგარეო უწყება
ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის 32-ე კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში" განიხილეს
,,ძალაუფლების ასეთი ცენტრალიზაციით ევროკავშირი მონსტრს დაემსგავსა, რომელიც საკუთარ კანონებსაც აღარ იცავს''- ევროპარლამენტის წევრი, მაიკლ ფონ დერ შულენბურგი
მაიკლ ფონ დერ შულენბურგი: თავი შორს დაიჭირეთ კონფლიქტისგან, დრო საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს
„ასეთი თვითლუსტრაცია არ გაგვიგია, დემოკრატიულ სამყაროში ასე არ ხდება“ - გია ვოლსკი მარტა კოსის განცხადებაზე
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა
პარტიებს ადგილობრივ არჩევნებში მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებად მხოლოდ პარტიის წევრების წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ
ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ არ დავაზიანოთ მათი არსებობა - მარტა კოსი
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
მთავრობას აქვს უამრავი პროგრამა ადგილობრივი თვითმმართველობის და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, "ჩენდლერის ინსტიტუტის" რეიტინგში მოწინავე ადგილი გასაკვირი არ არის-ლევან ჟორჟოლიანი
კორუფციის დასამარცხებლად აუცილებელია, ქვეყნის პირველი პირები არ აკეთებდნენ ფულს, თუ გნებავთ, ამას დაარქვით "კორუფციასთან ბრძოლის სააკაშვილის ფორმულა"-მიხეილ სააკაშვილი