"ტრამპმა პუტინის დამახინჯებული ფსიქოლოგია ვერ გაიგო. დადგა მომენტი, რომ ევროპელმა ლიდერებმა თავიანთი ნება გამოხატონ"-The Daily Telegraph
„ტრამპმა პუტინის დამახინჯებული ფსიქოლოგია ვერ გაიგო. დადგა მომენტი, რომ ევროპელმა ლიდერებმა თავიანთი ნება გამოხატონ“ - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) სტატია, რომლის ავტორია ანალიტიკოსი ჰემიშ ბრეტონ-გორდონი. პუბლიკაციაში კრიტიკულად არის მიმოხილული დონალდ ტრამპის ლოიალური პოლიტიკური კურსი რუსეთის მიმართ. „ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ როგორ ახდენს გავლენას კრემლის ტირანი თეთრი სახლის მეთაურზე, მაგრამ ახლა სწორედ მომენტია, რომ ევროპელმა ლიდერებმა თავიანთი გაბედულობა დაამტკიცონ და უკრაინას გვერდით დაუდგნენ“, - აღნიშნულია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ჩვენთვის, ვინც ყურადღებით თვალს ვადევნებდით რუსეთ-უკრაინის ომს იმ დღიდან, როცა მოსკოვის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ, რუსეთის ამბიციები იგივე რჩება - ვლადიმერ პუტინს იმპერიის დროინდელი დიდი რუსეთის აღდგენა სურს. მართალია, ომის დაწყებიდან სიტუაცია შეცვლილია, მაგრამ კრემლის ძირითადი მიზანი - უკრაინის სრული დაქვემდებარება - ჯერ-ჯერობით არ შეცვლილა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისათვის შეთავაზებულ თავის გეგმას [რუსეთთან ერთად შემუშავებული] ერთობლივი გეგმა უწოდა, რამაც შემდეგ შემაშფოთებელი კითხვები გამოიწვია: ეს რომ უბრალოდ შემთხვევითი შეცდომა ყოფილიყო, კიდევ ჰო, მოვითმენდით, მაგრამ თუ ეს სიმართლეა, მაშინ ამერიკული მხარის მოქმედება უკრაინელი ხალხის მიმართ თავხედური გულგრილობის გამოვლენისა და ნატოს ევროპელი წევრების შეურაცხყოფის ტოლფასია.
ხმები ვრცელდება, რომ 28 პუნქტისაგან შემდგარი „დონალდ ტრამპის გეგმა“ კრემლშია შემუშავებული და რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს მხოლოდ რუსული ტექსტის ინგლისურად „ცუდად“ გადათარგმნილ ეგზემპლარს წარმოადგენს, რაც მის ფარულ მიზნებს ნიღბავს. და მაინც, რაც მასშია ჩაწერილი, წესიერების ყოველგვარ საზღვრებს სცილდება. ახლა, როცა დონალდ ტრამპი [ჟენევის მოლაპარაკების შემდეგ] უკან იხევს, მან, როგორც ჩანს, აღიარა, რომ აგრესორი სწორედ რუსეთია და არა უკრაინა.
მე ხშირად ვესაუბრები ჩემს კიეველ მეგობრებს და ვიცი, რომ მათ ძალიან სურთ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო შეთანხმების დადება, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად - განსაკუთრებით კი დონბასის რუსეთისათვის გადაცემის ხარჯზე. ტერიტორიის გადაცემის საკითხი, მათი თქმით, განხილვას არ ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, ვლადიმერ პუტინი დაბეჯითებით მოითხოვს დონბასს და აცხადებს, რომ ტერიტორიის გაყოფა აუცილებელი ნებისმიერი ზავის დადების დროს.
ევროპელთა კონტრწინადადება, რომელიც ჟენევის თათბირის დროს იქნა მიღწეული, გონივრულად გამოიყურება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თავდაპირველად დონალდ ტრამპი, სახელმწიფო მოღვაწისათვის შეუფერებლად, ვოლოდიმირ ზელენსკის დაემუქრა და ზუსტი დრო დაუთქვა დასათანხმებლად (27 ნოემბრამდე, რაც მოგვიანებით შეცვალა), იმის შანსი, რომ ევროპელთა ვარიანტს ვლადიმერ პუტინი დაეთანხმება, ძალიან უმნიშვნელოა. მართლაცდა, რატომ უნდა წავიდეს კრემლი კომპრომისზე, როცა თეთრი სახლი თვითონ ცდილობს კიევის პოზიციების იგნორირებას?
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ინტერესები სხვადასხვანაირია: აშშ-ის ლიდერს გეგმაში უფრო მატერიალური მხარე იზიდავს - სასარგებლო წიაღისეულის დამუშავება, იშვიათმიწა ელემენტებით სარგებლობა... ანუ ის, რაც ბიზნესის წყაროს წარმოადგენს. ამ დროს კი ვლადიმერ პუტინი უპირატესობას იდეოლოგიურ, პოლიტიკურ გამარჯვებასა და უკრაინის დამარცხებას ანიჭებს. გენერალ კიტ კელოგის გარეშე, რომელიც კარგად ერკვევა სამხედრო სიტუაციაში, „გულუბრყვილო“ სტივ უიტკოფთან მოლაპარაკება რუსეთისათვის მომგებიანია, რა თქმა უნდა, თავის მხრივ, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ცდილობს უკრაინას რაღაცით დაეხმაროს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ MAGA-ს მომხრე ბევრი საკვანძო ფიგურები, როგორც ჩანს, რუსეთისაკენ იხრებიან, მარკო რუბიოსათვის ძნელი იქნება კიევის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა.
დონალდ ტრამპი, მისთვის დამახასიათებელი ტიპიური მანერით, ახლა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია პროგრესია მიღწეული, მაგრამ რეალობა ამას არ ადასტურებს. შესაძლოა რაიმე კონკრეტულად გაირკვეს დონალდ ტრამპთან იტალიისა და გერმანიის ლიდერების შეხვედრის შემდეგ. როგორც ჩანს, მომავალ კვირაში ვაშინგტონში შეიძლება ვოლოდიმირ ზელენსკიც ვიხილოთ.
საბოლოო ჯამში მთელი პასუხისმგებლობა ჩვენ - ევროპას - გვეკისრება. ჩვენ ისინი ვართ, ვინც უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დამყარების მომხრედ გამოვდივართ, დონალდ ტრამპი კი, ვლადიმერ პუტინის გასახარად, მხარს უჭერს მოსკოვისათვის მომგებიან გარიგებას. დონალდ ტრამპი დაინტერესებულია იმით, რომ მას ჰქონდეს შესაძლებლობა განაცხადოს მორიგი ომის დასრულების თაობაზე. აშშ-ის პრეზიდენტს აკვიატებული აქვს, რომ ნობელის სასურველი მედალი მკერდზე მიიბნიოს, მაგრამ უკრაინის შემთხვევაში მედალის მიბნევა კი არ არის მთავარი, არამედ ის, თუ რისთვის, როგორი ნაბიჯისთვის დაიმსახურა ჯილდო.
ევროპელმა ლიდერებმა ნაბიჯები უნდა გადადგან და სიტუაციაზე პასუხისმგებლობა გაბედულად უნდა აიღონ. ვლადიმერ პუტინის ყოყოჩობის მიუხედავად, მის არმიაში და ეკონომიკაში ბზარებია გაჩენილი. ჩვენ ძალა უნდა გამოვაჩინოთ და პუტინს მისივე წესებით უნდა ვეთამაშოთ.
მიზეზები, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის ჩვენს მტერთან დაახლოებას განაპირობებს, შეიძლება ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ აშკარაა, რომ მოსკოველი ტირანი ვაშინგტონელ ლიდერზე შემაშფოთებელ გავლენას ახდენს, რასაც მათი კავშირების თაობაზე ბოლო დროს გავრცელებული ზოგიერთი ხმები ადასტურებენ.
კირ სტარმერისათვის, ისევე როგორც სხვა ევროპელი ქვეყნების ლიდერებისათვის, დადგა დრო თავიანთი გაბედულების წარმოსაჩენად. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ კრემლს, შესაძლოა, სამხედრო ნაბიჯითაც, რომ უკრაინას გაჭირვებაში არ მივატოვებთ და კიევს სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში მხარს ვუჭერთ. ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენი კონტინენტი ისევ ტირანიის ქვეშ მოაქციოს. თუმცა, რა თქმა უნდა, „ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ“, ვგულისხმობ დონალდ ტრამპს, უფრო სწორად, აშშ-ს, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად დაგვჭირდება.
მსგავსი სიახლეები
"ტრამპმა პუტინის დამახინჯებული ფსიქოლოგია ვერ გაიგო. დადგა მომენტი, რომ ევროპელმა ლიდერებმა თავიანთი ნება გამოხატონ"-The Daily Telegraph
"რით განსხვავდება ევროპული სამშვიდობო გეგმა ამერიკულისაგან"-The Daily Telegraph
კიევის რეჟიმი კოლაფსის და სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას -The Spectator
"უკრაინა შიშობს, რომ აშშ-ის ზეწოლით იძულებული გახდება პრორუსული სამშვიდობო გეგმა მიიღოს: დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინის წინაშე სერიოზული დათმობებისაკენ უბიძგებს"-Financial Times
"ამერიკელმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინისათვის ახალი სამშვიდობო გეგმა მოამზადეს, რომელიც კიევისაგან მნიშვნელოვან დათმობებს ითვალისწინებს"-Financial Times
"ევროკომისია წევრ-ქვეყნებს აფრთხილებს: თუ უკრაინისათვის რუსულ აქტივებს არ გამოიყენებთ, მაშინ ფულის დახარჯვა საკუთარი ჯიბიდან მოგიწევთ"-Financial Times
"ვინ ვინ არის კარიბის ზღვის აუზში: აშშ-სა და ვენესუელის მოკავშირეები" -El Tiempo
"უკრაინას ფინანსური კრახი ელოდება - ევროპას დრო არ ჰყოფნის თანხების მოსაძებნად"-Handelsblatt
"რუსებმა უკრაინის სამხრეთში ახალი ტერიტორიები მას შემდეგ დაიპყრეს, რაც კიევმა ჯარები ჩრდილოეთისაკენ, პოკროვსკში გადაისროლა: ზაპოროჟიეს ოლქის მნიშვნელოვანი ქალაქები ალყის საფრთხის წინაშე დგანან"- The Daily Telegraph
"როგორ შეუძლია დონალდ ტრამპს ნიკოლას მადუროს დამხობა: ვენესუელის ხელისუფლების შეცვლის ვარიანტები"-The Daily Telegraph
"შეუძლია თუ არა დანაწევრებულ ევროპას წარმატებული იყოს? ის, რამაც ევროპის ქვეყნები განვითარებული და აყვავებული გახადა, დღეს შეიძლება დაბრკოლებად იქცეს"-Financial Times
"სად არის სერგეი ლავროვი? ვრცელდება ხმები რუსეთის მთავარი დიპლომატის ბედთან დაკავშირებით: ლავროვს და პუტინს კონფლიქტი მოუვიდათ?"-The Daily Telegraph
„ვიზიტი "თეთრ სახლში გვერდითი კარიდან: დონალდ ტრამპი სირიის ლიდერს აჰმედ აშ-შარაას შეხვდა" -BBC
"ემანუელ მაკრონის გაჭირვება: ამბიციური პოლიტიკური ვუნდერკინდის დაცემა" -Allgemeine Zeitung
"ჩინეთი თუ შეერთებული შტატები? რომელი მოიპოვებს სტრატეგიულ და ეკონომიკურ ბატონობას მიმდინარე ასწლეულში?"-Le Monde
"რამდენად მიზანშეწონილია პრეზიდენტ ზელენსკის ხელგაშლილობა? პოპულიზმი მოქმედებაში"-The Spectator
"პუტინის 20-ზე მეტ ნათესავს სახელმწიფო პოსტები აქვთ დაკავებული"-Deutsche Welle
"ზელენსკის მმართველობის ბნელი მხარეები"- რას წერს უცხოური პრესა
"პუტინმა რუს რეზერვისტებს უკრაინული დრონებისაგან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და სხვა ენერგეტიკული ობიექტების დაცვა დაავალა"-The Daily Telegraph
"ტურიზმი ამჟამად საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული საყრდენია" - Kuwait Times