,,4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა''- პაატა ბურჭულაძე
ბევრ თქვენგანს დასწყდა გული, რომ ბოლომდე ვერ მივაღწიეთ მიზანს, მათ შორის, მეც. ვიცით, ათონელის სასახლესთან რა პროვოკაციასაც ჰქონდა ადგილი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ბურჭულაძის თქმით, მომხდართან დაკავშირებით დღეს ზუსტად ვერ ისაუბრებს, თუმცა ამბობს, რომ ამის გარკვევის დრო მალე დადგება.
ამასთან, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, 4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა.
„რა მოხდა 4 ოქტომბერს - განსაკუთრებით ბატონმა პროკურორმა მომისმინოს. პირველად მეძლევა საშუალება, ჩემი დაკავების შემდგომ გესაუბროთ. „ოცნებას" ყოველთვის აღიზიანებდა ტერმინი „მშვიდობიანი დამხობა". ჩვენი გასამართლების მიზეზიც სწორედ ეს არის. უნდათ, ეს ფრაზა მონათლონ, როგორც ძალადობრივი მოქმედება და მე დღეს მინდა გითხრათ, ბატონო მოსამართლევ, რომ მშვიდობიანი დამხობა შედგა 4 ოქტომბერს. შედგა დიდი წარმატებით, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამართულ ეროვნულ კრებაზე. ყველამ კარგად იცის, რომ არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, საქართველოს მოქალაქეებმა ერთხმად გადავირჩიეთ და დავამხეთ უკანონო ხელისუფლება, რუსი ოლიგარქის არალეგიტიმური რეჟიმი. პასუხი იმისთვის, რაც მოხდა ათონელის რეზიდენციაში, გთხოვთ, მოჰკითხოთ ე.წ. მთავრობას. მეგობრებო, დაფიქრებულხართ, რომ როცა საუბარია 4 ოქტომბერზე, ე. წ. ხელისუფლება მხოლოდ ათონელის სასახლესთან არშემდგარ რევოლუციაზე საუბრობს და არცერთხელ არ ახსენებს, რა მოხდა თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირის მთელ ტერიტორიაზე? ეს იმიტომ, რომ ჩვენს ასობითათასიან სახალხო შეკრებაზე გაფორმდა დიქტატურის აბსოლუტური კრახი და იქ მათ ვერ მოახერხეს პროვოკაცია. ვერავინ იტყვის, რომ მოწოდება იყო ძალადობისკენ. 4 ოქტომბერს ჩვენ ყველანი ვიყავით მიწვეული ეროვნულ კრებაზე. ასე ცხადდებოდა ტელეეთერებიდან და ასე ეწერა მოსაწვევებზე, რომლებსაც ჰქონდა ჩემი ხელმოწერა. ჩემი კარიერაც და ცხოვრებაც საჯაროა. ყველამ იცის ჩემი სამოქალაქო პოზიციაც, ჩემი საქმიანობაც, ჩემი შემოქმედებაც. მთელი ცხოვრება ქვეყნისთვის სამსახურს ვეწეოდი - სცენიდან, ქველმოქმედებით, თუ საზოგადოებრივი საქმიანობით. ახლა წამიყენეს აბსურდული ბრალდებები, თითქოს მე ძალადობისკენ მოვუწოდებდი ხალხს.
ყველასთვის ნათელია, რისთვის კეთდება ეს - „ოცნება" ცდილობს, პატრიოტიზმი გამოაცხადოს კრიმინალად, ხოლო მათი ქცევა, ანუ, სამშობლოს ღალატი - გმირობად. 4 ოქტომბერს, პირველად საქართველოს ისტორიაში, შედგა ეროვნული კრება, ჩვენი, ქართველი ხალხის დამსახურებით. ეს ნამდვილად იყო შეკრება, სადაც მისმა უდიდებულესობამ, ქართველმა ხალხმა გამოხატა საკუთარი ნება, რომ დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია. 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა უპრეცედენტოდ ბევრი, 250 000-ზე მეტი ადამიანი. საქართველოს, არათუ ქალაქებიდან და რაიონებიდან, არამედ თითქმის ყველა სოფლიდან იყო წარმომადგენელი. მათ შორის, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან. ასევე იყო უამრავი ემიგრანტი, ისინი, სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ. აგრეთვე, კრებას ესწრებოდა საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. ბევრ თქვენგანს დასწყდა გული, რომ ბოლომდე ვერ მივაღწიეთ მიზანს, მათ შორის, მეც. ვიცით, ათონელის სასახლესთან რა პროვოკაციასაც ჰქონდა ადგილი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მე დღეს ვერ ვისაუბრებ ზუსტად მომხდარზე, რადგან დაკავების შემდგომ მოწყვეტილი ვარ გარე სამყაროს, შესაბამისად, მოკლებული სრულფასოვან ინფორმაციას, მაგრამ ამის გარკვევის დრო მალე დადგება. თუმცა, ყველას შეგვიძლია, ვიამაყოთ მიღწეულით - ჩვენი ერთობით, ენთუზიაზმით და პატრიოტიზმით. ჩვენ, ქართველმა ხალხმა, შევძელით, გაგვეკეთებინა ის, რაც ოლიგარქიის ბანდამ ვერ შეძლო და ვერც შეძლებს, შვიდივე მილიარდი დოლარიც რომ დახარჯოს. ამიტომაც, დაიმახსოვრეთ, რომ 4 ოქტომბრის ეროვნული კრების შემდგომ, ჩვენ კი არ ვებრძვით არალეგიტიმურ მთავრობას, არამედ უზურპატორის ბანდა ებრძვის ხელისუფლებაში მყოფ საქართველოს ხალხს" , - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ამასთან, პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე წაიკითხა ის „დეკლარაცია", რომელიც 4 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს გააცნო.
პაატა ბურჭულაძის თქმით, „პასუხი უნდა აგონ მოღალატეებმა, ნაცვლად იმ უდანაშაულო ადამიანებისა, ბავშვებისა, ვისაც ქუჩებიდან, სახლებიდან, ოჯახებიდან იტაცებენ".
„ისინი თავად ბოროტებას ემსახურებიან ჩრდილიდან, დევნის, დაშინების და დამორჩილების გზით. სწორედ ამ დამნაშავეების სია იყო ის, რაც სცენიდან იქნა წაკითხული და რის გამოც, ჩვენ საპყრობილეში აღმოვჩნდით, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ეს დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონისა და ქართველი ხალხის წინაშე. ჩვენი გეგმა იყო, ათონელის ქუჩაზეც გაგვემართა მშვიდობიანი მიტინგი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ, როგორც კრების დელეგატები, ასევე, დიდი ალბათობით, ველოდებოდით, სამართალდამცველებსაც და შემდგომ, უამრავი ადამიანი მოვითხოვდით პრეზიდენტის სასახლის გასაღების გადმოცემას, რაც უეჭველად მშვიდობიანად მოხდებოდა, რომ არა ის პროვოკაცია, რაც მოაწყო „ოცნებამ" ქართველი ხალხის წინააღმდეგ. შედეგად კი, უამრავი უდანაშაულო ადამიანია დაკავებული. ჩემი მხარდაჭერა ყველა პოლიტპატიმარს, აუცილებელია მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება", - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
პაატა ბურჭულაძის განმარტებით, 4 ოქტომბერს მის მიერ წარმოთქმული სიტყვა არ შეიცავდა ძალადობის, ან ძალადობისკენ მოწოდების ნასახსაც კი.
„ამის დასტურია, რომ ჩვენ ყველანი იქ ვიყავით შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. ყველაფერი, რასაც ვაკეთებდით, ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან გამოხატვას, რაც არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება. ჩემი მიზანი იყო ის, რაც ჩემი მიზანია დღესაც - საქართველოში დემოკრატიული მმართველობის დამყარება, ხელისუფლების ცვლილება, ქართველი ხალხისგან მოტაცებული, წართმეული უფლებებისა და უფლებამოსილებების ხალხისთვის დაბრუნება. 4 ოქტომბერი - ეს დღე ჩავარდნის დღე კი არ არის, არამედ ერთიანობის, საზოგადოების მიერ ძალაუფლების მშვიდობიანად, ლეგიტიმურად ხელში აღების, გასაჭირში ერთად დგომის დღეა. ეს არის ბოროტებაზე გამარჯვების დღე.
დააკვირდით, ძალიან უცნაურია, რომ, პროტესტის ისტორიაში პირველად, არავის გვინახავს დრონის სრულყოფილი კადრი, რამდენი ადამიანი ესწრებოდა სახალხო კრებას. ხალხის რაოდენობის პიკი იყო დაახლოებით 19:00 საათზე და ადგილზე იმყოფებოდა დაახლოებით 250 000 ადამიანი. თუმცა, შემდგომაც უამრავი ადამიანი გვიერთდებოდა. ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ ამ დღეს საეჭვოდ „დაიკარგა" დრონები. რა თქმა უნდა, სპეცსამსახურებმა ჩამოაგდეს სამი მედიასაშუალების დრონი: „ნეტგაზეთის", „პროექტი 64"-ისა და გამოცემისა „მაუწყებელი". აქედან ნაპოვნია მხოლოდ 1 დრონი და მას ამოცლილი ჰქონდა მეხსიერების ბარათი. ზემოაღნიშნულ საკითხზე ობიექტური სტატია გამოაქვეყნა „რადიო თავისუფლებამ" და კარგი იქნება, თუ მას საზოგადოება გაეცნობა. „ოცნების" მიზანი იყო, არ დაგვენახა რეალური სურათი, არ დაგვენახა ერთმანეთი, რადგან ვიყავით ძალიან ბევრნი. ეს იყო მაქსიმუმი, რაც შეძლო ხუნტამ, რომ ხელი შეეშალა ეროვნული კრებისთვის. მათ ასვე აურიეს ნავიგაციის სისტემა - რუსთაველის გამზირს აჩვენებდა, როგორც თბილისის აეროპორტს და პირიქით. ეს, სავარაუდოდ, არამარტო ხალხის შეკრების, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დივერსიაა, რომელსაც აუცილებლად მომავალში უნდა გაეცეს პასუხი. ქუჩაში იმაზე მეტი ხალხი იდგა, ვიდრე რუსულ სპეცოპერაციაზე, ე. წ. არჩევნებზე მივიდა. ოთხმა ოქტომბერმა დაგვარწმუნა, რომ დიდი უმრავლესობა ვართ და ვხედავთ ჩვენს ძლიერებას - საქართველოს ძლიერებას. ძლიერება ხალხშია, თავისუფალ ადამიანებში და არა იარაღში, ხელკეტებში, ან წიწაკის სპრეის რაოდენობაში. ამ დღეს საქართველოს ე. წ. მთავრობის არალეგიტიმურობა გაფორმდა და ეს გააკეთა ქართველმა ხალხმა, ძალაუფლების წყარომ. 4 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება არა როგორც ოცნების ე. წ. არჩევნების დღე, არამედ, რეალურად, მათი „გადარჩევნების" დღე", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ზოგიერთი გაყიდული ან უგუნური პოლიტიკოსი ცდილობს ამ დღის დაკნინებას.
„რეალურად კი, ჩვენ დავინახეთ, რომ გვყავს უამრავი პატრიოტი, გულანთებული ადამიანი. სამწუხაროდ, მოღალატეებიც საკმარისად გვყოლია. ვთხოვ ყველა მონაწილეს, როგორც კი ოლიგარქის მონები ათონელის პროვოკაციას მოიხსენიებენ არშემდგარ რევოლუციად, ყოველთვის ვუპასუხოთ, რომ მთავარი მოვლენა ამ დღეს იყო ის, რაც მოხდა რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, სადაც ქართველმა ხალხმა „ქოცები" ხელისუფლებიდან გადააყენა, საკადრისად უპასუხა მათ არალეგიტიმურობას. ვიმეორებ, 4 ოქტომბრამდე ჩვენ ვაპროტესტებდით მათ არალეგიტიმურობას, სისასტიკეს, უკანონობას, ხოლო სახალხო კრების შემდეგ - უკვე ლეგიტიმურ ხალხის ხელისუფლებას ებრძვის ავაზაკთა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ პოლიციის მოძალადე ნაწილის მეშვეობით არსებობს. 4 ოქტომბერს მხოლოდ აქცია კი არ გაიმართა, არამედ გაიმართა საქართველოს ეროვნული კრება და ყველასთვის საამაყოა, ვინც მიიღო ამ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა, სადაც მკაფიოდ გაისმა საქართველოს ხმა - თავისუფლება საქართველოს არჩევანია და თავისუფლება საქართველოს ბედისწერაა.
დაბოლოს, მე არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ფეხქვეშ გათელილი რამდენიმე უფლება ჩამოვთვალე. აქვე უნდა დავამატო, რომ ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლებაც. არ შეგაწყენთ თავს იმის ახსნით, რატომ არის ეს ასე. ეს თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. უბრალოდ, მინდა, გითხრათ, ბატონო მოსამართლევ, რომ მესმის თქვენი მდგომარეობა და მე გპატიობთ.
ჩემო თანამებრძოლებო, ჩემო ქართველებო, ვამაყობ, რომ ვარ ერთ-ერთი თქვენგანი. 28 ნოემბერს და ყოველთვის, როცა საჭირო იქნება, ყველა რუსთაველზე. ბრძოლა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებამდე, ბოლომდე", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მსგავსი სიახლეები
,,4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა''- პაატა ბურჭულაძე
ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება
„პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა''- პრეიმერი
,,მელია ეტყობა, ბოლომდე ვერ აღიქვამს, რა ხდება ქვეყანაზე, მათ თვითდაპატიმრებას მიჰყვეს ხელი''- თენგიზ შარმანაშვილი
პრემიერი: განათლების რეფორმა ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა
,,დღეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის კადრების დეფიციტი - შრომის ბაზარზე არის ძალიან ბევრი სფერო, სადაც მიწოდება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას''- პრემიერი
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმებას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
,,მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მაღაროები არ დაიხუროს და შევინარჩუნოთ ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი''- პრემიერი
„ქართულმა ოცნებამ" განათლების სისტემას ნაჯახით მიადგა''- სოფო ხორგუანი
,,სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და უნდა შეიქმნას ბირთვი სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების სახით''- პრემიერი
,,უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით დღეს ოპონენტებისგან არც ერთი შენიშვნა არ მომისმენია''- პრემიერი
,, 3+1+1 სისტემა ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი და მეორე მხრივ - უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას''- პრემიერი
,,რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის''- ირაკლი კობახიძე
,,არასდროს განხორციელებულა უნივერსიტეტებზე ადგილების გადანაწილება შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე''- პრემიერი
,, ყველა მიმართულებით, ყველა ძირითად საგანში არის შესაძლებელი თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შექმნა ''- პრემიერი
,, სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი - ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა''- პრემიერი
,, დღეს არის ერთი წამყვანი კერა - თბილისი და გვინდა, ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე კერად უმაღლესი განათლების მიმართულებით ''- ირაკლი კობახიძე
,,ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი უმაღლესი განათლების სისტემაში,''- ირაკლი კობახიძე
„იგლ ჰილსის“ პროექტიდან სახელმწიფომ მაქსიმუმის წამოღება შეძლო''პრემიერი
ირაკლი კობახიძე - გვაქვს მკაცრი მიგრაციული პოლიტიკა, რაც გვაძლევს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას და ამ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალში მუშაობას