ბრომობენზილ ციანიდი"ანუ იგივე „კამიტი" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია -სუს-ი

გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია.

„როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე როგორც ტელეკომპანია „ბიბისის“ მიერ გაკეთებულ სიუჟეტში გადმოცემულ ინფორმაციებზე, ასევე მის საფუძველზე საქართველოში წარმოებულ კამპანიასთან დაკავშირებით.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ექიმები, ექსპერტები, ბრიტანული მაუწყებლის სიუჟეტის რესპონდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები. ამოღებულია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან გამოძიებამ ამოიღო კვლევის 25 ნიმუში, რომლებზეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა.

ხსენებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში, მიმდინარე აქციების დროს, საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყენებოდა მასების მართვისთვის – არის ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’.

აღნიშნული ნივთიერება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეძენილია ებრაული კომპანიიდან 2007 წლის 18 დეკემბერს და 2009 წლის 27 მარტს გამხსნელ ნივთიერება ,,ტრიქლორეთილენთან’’ ერთად. მას ტრანსპორტირებისას მინიჭებული ქონდა საერთაშორისო გადაზიდვის კოდი UN3439, ხოლო გამხსნელ სითხეს – გადაზიდვის კოდი UN1710. ეს  კოდები ფიქსირდება საბაჟო დოკუმენტაციაში და ყველა სხვა, მათ შორის გამოყენების შემდგომ პერიოდში შედგენილ ჩამოწერის აქტებშიც. ნიმუშის სახით ამოღებულია 17.5 კილოიანი კასრი, რომელშიც ხსენებული ფხვნილი ინახებოდა. მასზე დაკრულია ნივთიერების მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ დამზადებული საინფორმაციო სტიკერი, სადაც სხვა უამრავ მონაცემთან ერთად აღნიშნულია როგორც ხსენებული ნივთიერების დასახელება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, ასევე მინიჭებული საერთაშორისო ტრანსპორტირების კოდი UN3439.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში მოხსენიებული საერთაშორისო გადაზიდვის კოდებით UN3439 და UN1710 შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა სხვადასხვა ქართულ ორგანიზაციას, მათ შორის „ავერსი-რაციონალს“, „ჯიპისის“, „რუსთავის აზოტს“ და სხვებს, ბოლო 20 წლის განმავლობაში 606-ჯერ აქვთ შემოტანილი ათეულობით სხვადასხვა დასახელების სამოქალაქო, საწარმოო და სამედიცინო დანიშნულების ტვირთი, მათ შორის ტრანსპორტირების კოდი UN3439 – 507-ჯერ  და ტრანსპორტირების კოდი UN1710 – 99-ჯერ არის დაფიქსირებული საბაჟო დეპარტამენტის სააღრიცხვო ბაზებში.

რაც შეეხება ნივთიერება „ბრომობენზილ ციანიდს“, იგივე „კამიტს“ – ასეთი ნივთიერება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია.

საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“.

ე.წ. კვლევის ავტორთა განმარტებით, ისინი ვერ დაადგენდნენ ,,კამიტის’’ გამოყენების ფაქტს იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ამ მიმართულებით კვლევა არ უწარმოებიათ.

გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხნენ მედიცინისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებიც, ასევე ღია წყაროებიდან მოპოვებული მასალების მიხედვით, საზოგადოების ინტერესის დასაკმაყოფილებლად შეგვიძლია განვმარტოთ, რომ ნივთიერება „ბრომობენზილ ციანიდის“ ე.წ. კამიტის გამოყენება ადამიანების მიმართ იწვევს უმძიმეს და ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგსაც კი, რის გამოც ის გასული საუკუნის 30-იან წლებში აიკრძალა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში.

ამ ფონზე ნიშანდობლივია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომი დღეების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 54 ადამიანიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა 5 პირს, რომლებიც მეორე დღესვე გაეწერნენ სამედიცინო კლინიკებიდან.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.

ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით გამოძიების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოღებული ნივთიერებები წარმოადგენენ – პირველი: ქიმიური ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’. მეორე: ქიმიური ნივთიერება – ტრიქლორეთილენი (ამ შემთხვევაში საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით). მესამე: ქიმიური ნივთიერება – პროპილენგლიკოლი.

გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები.

საყურადღებო გარემოებაა, რომ აღნიშნული პირის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, ახლო წარსულში ერთ-ერთ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამ საქმეზე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის ცნობილი მოვლენების პარალელურად.

გამოძიება ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებულმა ლაშა შერგელაშვილმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე შეუკვეთა ბექა ჭულუხაძეს ზემოთ აღნიშნული საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების შეძენა და გადამალვა თბილისის მახლობლად. შერგელაშვილი ამჟამად იმყოფება უკრაინაში.

ამრიგად, გამოძიების მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები გვაძლევს  დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ე.წ. ქიმიური იარაღი ,,კამიტის’’ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას, რაშიც, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩართულები და BBC-ის ფილმის ავტორებთან ერთად მათი მოქმედებები ატარებს კარგად დაგეგმილ, ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული მტრული მიზნების მისაღწევად.

შესაბამისად, ვინაიდან გამოძიების მიერ დეტალურად გამოსაკვლევი ორი მიმართულებიდან ერთ-ერთთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა პოლიციის მიერ წინა საუკუნის 30-იან წლებში აკრძალული ნივთიერების „კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტს, საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს გამოძიებას იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით არის გათვალისწინებული და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

როგორც ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებს, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას უსაფრთხოების სფეროში“, – განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ.





მსგავსი სიახლეები
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
პოლიციამ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
მოწმის სახით დაიკითხნენ ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს ეყრდნობოდა „ბიბისის“ ინფორმაცია, გამოკითხვისას ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი დასკვნები ეხებოდა ნივთიერება "კამიტს"-სუს-ი
ბრომობენზილ ციანიდი"ანუ იგივე „კამიტი" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია -სუს-ი
საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი
,,ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ იყო ძალადობა სტანდარტული ფორმით''-
პროკურატურა ლუკა კურტანიძის დამნაშავედ ცნობას ითხოვს
კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით 14 პირი პასუხისგებაში მიეცა
ბოლო 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 75 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს "კამიტი" არ შეუძენია და არ გამოუყენებია, ვერც გამოიყენებდა, ჩვენს სარგებლობაში არ არსებობს -ალექსანდრე დარახველიძე
2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს
ძალადობა სკოლის მოსწავლეზე - ზუგდიდში მომხდარზე შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
დავით ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის საგამოძიებო ფილმში ფიგურირებს, სუს-ში დაიბარეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, შსს-მ ქვეყნიდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა, ალბათ სამ-ოთხ წელიწადში სრულად აღმოიფხვრება არალეგალური მიგრაციის პრობლემა-ირაკლი კობახიძე
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე ერთი პირის მკვლელობისა და ორის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა
ადვოკატი - ალეკო ელისაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და ტერორიზმს ედავებიან