დღევანდელი განსაცდელები ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რაც ჩვენმა ერმა გადაიტანა ისტორიის, საუკუნეების განმავლობაში -მეუფე შიო
ჩვენი ერი სწორედ ის ერია, რომელიც გაანათლა ქრისტეს ჭეშმარიტი სინათლით მრავალი წმინდანის შრომამ და ღვაწლმა... მათ დაამკვიდრეს და განამტკიცეს ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი ერის ცნობიერებასა და ისტორიულ მეხსიერებაში, ჩვენამდე მოიტანეს, რამაც განაპირობა ჩვენი დღემდე გადარჩენა, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა და ყოვლადქებულ მოციქულ ანდრია პირველწოდებულის, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებლისა და წმინდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს ქადაგებისას.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს - წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
წმინდა მოციქული ანდრია და მეფე ვახტანგ გორგასალი ჩვენთვის განსაკუთრებული წმინდანებია, რადგან ანდრია მოციქულმა პირველმა იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში, ხოლო წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით ჩვენმა ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია და იკურთხა პირველი კათოლიკოსი პეტრე, რომლის ხსენებასაც ასევე დღეს აღვასრულებთ. აი, ამიტომ იწოდება ჩვენი ეკლესია სამოციქულო ეკლესიად, რადგან ჩვენთან იქადაგა წმინდა ანდრია მოციქულმა და მასთან ერთად სხვა მოციქულებმაც.
წმინდა ანდრია პირველწოდებული იყო ერთ-ერთი უახლოესი მოწაფე უფალ იესო ქრისტესი. ახალი აღთქმის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში, როგორც სახარებიდან ვხედავთ, მაცხოვრის გვერდით არიან ანდრია მოციქული და მისი ძმა პეტრე, ასევე - იაკობი და იოანე მოციქულები. ამ ოთხ მოციქულს წმინდა სახარება რაღაცნაირად უფრო მეტად გამოარჩევს დანარჩენი თორმეტისგან.
წმინდა ანდრია მოციქულს განსაკუთრებული მისია ერგო წილად. თქვენ იცით, მან იქადაგა მრავალ ქვეყანაში: საბერძნეთში, მცირე აზიის ქვეყნებში და შემდეგ მოაშურა საქართველოს, შემოვიდა დიდაჭარიდან და საქართველოს მრავალ კუთხეში იქადაგა. აკურთხა მღვდლები, დიაკვნები, ააგო და მოაწყო ტაძრები, დაადგინა საღვთისმსახურო წეს-განგება. ამიტომ ეს დიდი მოციქული, ამავე დროს დიდი მოწამეც, არის ჩვენი ერის განსაკუთრებული მფარველი.
შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენს ერს ისტორიის მანძილზე წილად ერგო ამდენი განსაცდელი, ტანჯვა, დევნა და შევიწროება. არ არსებობს ისეთი მეორე ქვეყანა, სადაც ერთდროულად ამდენი ადამიანი ეწამა, როგორც საქართველოში. ეს არის ნიშანი ღვთისგან, რომ უფალი მოგვიწოდებს მისი ერთგულებისკენ, რათა ვიყოთ მისი ერთგული, მისი ეკლესიის ერთგული სიკვდილამდეც კი და თუ საჭირო გახდება, გავიმეოროთ ჩვენი დიდი წინაპრების ღვაწლი; ხოლო ეკლესიისთვის მშვიდობიან პერიოდში მოთმინებით, სიმდაბლით გადავიტანოთ ის განსაცდელები, რომლებიც წილად გვერგება. ამისთვის საჭიროა სულიერი სიმტკიცე და განსჯის უნარი. ერთ-ერთი უმთავრესი სათნოებაა განსჯის, განრჩევის უნარი. ამიტომ დღეს განსაკუთრებით გვმართებს, გავიხსენოთ წმინდა ანდრია მოციქულის ღვაწლი და ვევედროთ მას, შეგვეწიოს ამ თვისებების მოპოვებაში.
უფალმა დაიფაროს ჩვენი ხალხი მისი ლოცვით და მოგვცეს იმის გაგება, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ დღევანდელი განსაცდელები ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რაც ჩვენმა ერმა გადაიტანა ისტორიის მანძილზე, საუკუნეების განმავლობაში და ჩვენი მწუხარებები ძალიან მცირეა იმ მწუხარებებთან შედარებით, რაც გადაიტანეს და დაითმინეს მოწამეებმა, აღმსარებლებმა.
უფალმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით, შეგვეწიოს.
ჩვენი ერი სწორედ ის ერია, რომელიც გაანათლა ქრისტეს ჭეშმარიტი სინათლით მრავალი წმინდანის შრომამ და ღვაწლმა, დაწყებული წმინდა ანდრია პირველწოდებულით, სიმონ კანანელით, მატათათი. ესენი იყვნენ მოწამეები, აღმსარებლები, მეფეები, დედოფლები, პატრიარქები, სხვა სასულიერო თუ საერო პირები, რომლებმაც დაამკვიდრეს და განამტკიცეს ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი ერის ცნობიერებასა და ისტორიულ მეხსიერებაში, ჩვენამდე მოიტანეს, რამაც განაპირობა ჩვენი დღემდე გადარჩენა.
მინდა, თქვენთან ერთად დიდი სიყვარულით მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს. იგი გახლავთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო ღვაწლის გამგრძელებელი დღეს. ყველა ვხედავთ, რომ მისი ეს დიდი მსახურება ნამდვილად სამოციქულოა და ნაყოფები მისი მსახურებისა არის სამოციქულო. დღეს ჩვენ შვილებრივი სიყვარულით ვმადლობთ მას ამისთვის და ვულოცავთ. უფალმა ინებოს მისი ჯანმრთელობა და დღეგრძელობა.
ძვირფასო ძმებო და დებო, მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის მეორმოცე დღე მიტროპოლიტ სერაფიმეს გარდაცვალებიდან. დღეს განსაკუთრებით ვლოცულობთ მისი სულისთვის, ღმერთმა შეუნდოს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი და სასუფეველსა ცათასა დაამკვიდროს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, წმინდა ანდრია პირველწოდებულის, წმინდა ვახტანგ გორგასლის, წმინდა პეტრე კათოლიკოსის ლოცვით გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს საქართველო. ამინ", - განაცხადა მეუფემ.
მსგავსი სიახლეები
საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
დღევანდელი განსაცდელები ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რაც ჩვენმა ერმა გადაიტანა ისტორიის, საუკუნეების განმავლობაში -მეუფე შიო
გორსა და წყალტუბოში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონების პროექტირება იწყება
13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს
13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
„ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი - 13 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რა ეღირება დოლარი და ევრო 13 დეკემბერს
12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვევით, თამარ ტალიაშვილი თეთრი სახლის საშობაო-სადღესასწაულო ტურს ეწვია -აშშ-ში საქართველოს საელჩო
12 დეკემბერს, თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება და "საახალწლო სოფელი" გაიხსნება
თბილისში საახალწლო განათებების ბოლო სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს
რა არის შეკვეთების გაცემის პუნქტი და რა უპირატესობები აქვს მას სელერებისა და მომხმარებლებისთვის
კობა კობალაძემ ხაშურის მუნიციპალიტეტში სამსახურის წარმომადგენელი წარადგინა
“მინდა ყველას მივულოცო ის აღიარება, რომელიც ჩვენი ხორბლის კულტურამ მოიპოვა”- მაკა ბოჭორიშვილი
11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
11 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული მოდელი და უმაღლესი განათლების მიღების სისტემა იცვლება
უფასო განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში არის მთლიანად სოციალური საკითხი, ეს არის სოციალური მხარდაჭერა, რომელსაც მიიღებენ სტუდენტები-ირაკლი კობახიძე