,, სახელმწიფო ვერ და არ უნდა იქცეს „ეშმაკის" ადვოკატად იმ პირებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით აშენებდნენ კორუფციულ სქემებს''- დავით ქართველიშვილი

 

ბოლო თვეებში განსაკუთრებით, საქართველოს საზოგადოებრივ სივრცეში კვლავ და კვლავ ჩნდება ინფორმაცია კორუფციული სკანდალების შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით უკავშირდება წარსულში მმართველ პარტიასთან გაიგივებულ ყოფილ ჩინოვნიკებს. ეს ისტორიები მიზანმიმართულად ან ინერციით ისე წარმოჩინდება, თითქოს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების დღევანდელ „პირად შემადგენლობას" ეკისრებოდეს, რასთანაც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ - მათ არანაირი კავშირი არ გააჩნიათ, - წერს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, სახელმწიფო ვერ და არ უნდა იქცეს „ეშმაკის" ადვოკატად იმ პირებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით აშენებდნენ კორუფციულ სქემებს.

„ბოლო თვეებში განსაკუთრებით, საქართველოს საზოგადოებრივ სივრცეში კვლავ და კვლავ ჩნდება ინფორმაცია კორუფციული სკანდალების შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით უკავშირდება წარსულში მმართველ პარტიასთან გაიგივებულ ყოფილ ჩინოვნიკებს. ეს ისტორიები მიზანმიმართულად ან ინერციით ისე წარმოჩინდება, თითქოს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების დღევანდელ "პირად შემადგენლობას" ეკისრებოდეს, რასთანაც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ - მათ არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. თითქოს სახელმწიფოს ევალებოდეს კოლექტიური დანაშაულის საკუთარ თავზე აღება იმ ადამიანების გამოც, რომლებიც დღეს აღარ იმყოფებიან არც ხელისუფლებაში და არც ქვეყნის პოლიტიკურ მართვაში. ზუსტად აქ გადის ის პრინციპული ზღვარი, რომელიც მკაფიოდ და ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე უნდა განისაზღვროს: ყოფილი ჩინოვნიკები - ეს არ არის მოქმედი ხელისუფლება, წარსულში ჩადენილი დანაშაულები - ეს არ არის დღევანდელი პოლიტიკური კურსი, პარტიული წარსული - არაა "ინდულგენცია" და ვერ აუქმებს ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას თავის ასარიდებლად. სახელმწიფო ვერ და არ უნდა იქცეს "ეშმაკის" ადვოკატად იმ პირებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით აშენებდნენ კორუფციულ სქემებს. უფრო მეტიც, ამ ზღვრის განზრახ დაბინდვა პირდაპირ აზიანებს მოქმედი ლიდერების რეპუტაციას და ძირს უთხრის ინსტიტუციური სახელმწიფოს იდეას.

დიდი ალბათობით, წარსულში ჩადენილი ამ დანაშაულებრივი სქემების ნაყოფია ქვეყანაში შემოსული ის 25 ათასი არალეგალი-მიგრანტი - რომლის შესახებაც ამ წლის გაზაფხულზე გვამცნო შს მინისტრის მოადგილემ. მაგრამ აქაც, პრობლემის ძირი - არა საკუთრივ მიგრანტებია, არამედ, სავარაუდოდ მისი "შემქმნელი" კორუფციული მექანიზმი. იმ პერიოდში, როდესაც ამ ჩინოვნიკების ნაწილი იკავებდა საკვანძო თანამდებობებს, საქართველოში შემოაღწია აზიური რეგიონის ათეულობით ათასმა მოქალაქემ. დიდი ალბათობით, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ბინადრობის ნებართვას იღებდა არა გამჭვირვალე და კანონიერ პროცედურებზე დაყრდნობით, არამედ ქრთამის, ფიქტიური საფუძვლების, ყალბი დოკუმენტებისა და შუამავლური სქემების მეშვეობით.

აქ აუცილებელია მკაფიოდ ითქვას:

პრობლემა არ არის ადამიანების წარმოშობაში, მათი კანის ფერში თუ სარწმუნოებაში. პრობლემა არის მათი არალეგალური ლეგალიზაციის მექანიზმებში. მიგრანტების ქსენოფობიური სტიგმატიზაცია - სახიფათო ჩიხისკენ მიმავალი გზაა. თუმცა იმ ფაქტის იგნორირება, რომ სავარაუდოდ, სწორედ კორუფციამ გახსნა ქვეყნის კარები უკონტროლო ნაკადებისთვის, კიდევ უფრო სახიფათოა. ეს ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას ხელისუფლების მიმართ, აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და ქმნის სახელმწიფო კონტროლის დაკარგვის განცდას.

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლების დღევანდელმა "ლიდერშიფმა" ყოველგვარი გარედან თავსმოხვეული ისტერიკისა და "პერფორმანსების" გარეშე. პირველი და სავალდებულო ნაბიჯი არის ინსტიტუციური პასუხისმგებლობის მკაფიო გამიჯვნა. ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს: თუ კი ადგილი ჰქონდა კორუფციულ ეპიზოდებს - პასუხისმგებლობა ეკუთვნის კონკრეტულ პირებს და მათი მოღვაწეობის კონკრეტულ პერიოდს. სახელმწიფო პასუხისმგებელია შედეგების გამოსწორებაზე, მაგრამ არა სხვისი დანაშაულის დამალვაზე. კოლექტიური პასუხისმგებლობა ოპონენტებისთვის მოსახერხებელი ლოზუნგია, თუმცა დამანგრეველია სახელმწიფოსთვის.

მეორე - უნდა გრძელდებოდეს გაცემული ბინადრობის ნებართვების აუდიტი. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა სრულად იძლევა საშუალებას ჩატარდეს რეტროსპექტული შემოწმება იმ ბინადრობის ნებართვებზე, რომლებიც გაიცა საინვესტიციო, შრომითი ან ჰუმანიტარული საფუძვლებით. ყალბი დოკუმენტები, ფიქტიური შრომითი ხელშეკრულებები, რეალური საცხოვრებელი ადგილის არქონა, ქრთამის ფაქტები - ეს ყველაფერი წარმოადგენს სტატუსის გაუქმების კანონიერ საფუძველს.

მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ: საუბარი არ არის მასობრივ დეპორტაციებზე, რომელსაც აქვს განხორციელების რთული, და ხშირად ხანგრძლივი სამართლებრივი პროცედურა - არამედ კანონის აღდგენაზე. ეს პრინციპული განსხვავებაა - როგორც იურიდიულად, ისე პოლიტიკურად. ბევრს მოეჩვენება, რომ 2025 წელს განხორციელებული 1130 დეპორტაციის ფაქტი არასაკმარისია - მაგრამ, კეთილი ინებოს და გაერკვეს ამ პროცედურის ნიუანსებს და ადვილად მიხვდება, როგორი სამართლებრივი ბერკეტებია აქ გასათვალისწინებელი.

მესამე - ქვეყანაში შესვლის კონტროლის გაძლიერება, უვიზო რეჟიმების დემონსტრაციული გაუქმების გარეშე. უნდა გამკაცრდეს სასაზღვრო ინტერვიუები, ვიზიტის მიზნის დადასტურება, ფინანსური რესურსების არსებობა, უკან დაბრუნების ბილეთი - ეს არის ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის სტანდარტული პრაქტიკა. ეს არ არის „ხრახნების მოჭერა", ეს არის ნორმალური სახელმწიფო კონტროლი. რაც შეეხება ქვეყანაში უკვე შეღწეულ კონტინგენტს: საკვანძო ამოცანაა - მკაფიო სეგმენტაცია. ყველა უცხოელი უნდა დაიყოს სამ ჯგუფად. პირველი - კანონიერად მცხოვრები და ინტეგრირებული პირები. მათ არ უნდა შეეხონ და მით უმეტეს, არ უნდა იქცნენ საზოგადოებრივი ისტერიის ობიექტად.

მეორე - ფორმალურად ლეგალური, მაგრამ საეჭვო სტატუსის მქონე პირები. მათი მდგომარეობა ექვემდებარება განმეორებით გადამოწმებას. და

მესამე - არალეგალური ან ფიქტიურად ლეგალიზებული პირები. მათ მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმები: ბინადრობის ნებართვის გაუქმება, გაგრძელებაზე უარი, ადმინისტრაციული გაძევება სასამართლოს გზით, დეპორტაციის პროცედურები. მაგრამ, აქაც - მასობრივი დეპორტაციები დაუშვებელია. თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს ინდივიდუალური, სამართლებრივად გამართული და პროცედურულად დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ვერ ასცდება სერიოზულ პრობლემებს საერთაშორისო სამართლის კუთხით.

სახელმწიფომ დარტყმა უნდა მიეყენოს კორუფციას და არა ადამიანებს - თუ მექანიზმი არ დაიშალა, პრობლემა კვლავ დაბრუნდება. შემოწმებას უნდა დაექვემდებაროს მიგრაციის სამსახური, შუამავლები, უძრავი ქონების სააგენტოები, ფიქტიური დამსაქმებლები. აუცილებელია „პაკეტური ლეგალიზაციის სერვისების" კრიმინალიზაცია და რამდენიმე ხმაურიანი საქმის მიყვანა გამამტყუნებელ განაჩენამდე. ერთი-ორი ხმაურიანი პროცესი უფრო ეფექტურია, ვიდრე ასობით განცხადება. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, კონკრეტულად ვინ ყიდდა და ღალატობდა სახელმწიფოს, და არ ეძებოს დამნაშავეები კონკრეტული ეროვნებისა თუ რელიგიის ნიშნით.

და რაც მთავარია, მაღალი საზოგადოებრივი ყურადღების გათვალისწინებით - თუ ყოველივე ეს "ჩუმად" გაკეთდება, ხელისუფლება საინფორმაციო სივრცეში დამარცხდება. აუცილებელია მუდმივი ხმამაღალი განცხადებები: საქმე არ ეხება ეროვნებას ან რელიგიას, არამედ კანონის დაცვას. საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა, მაგრამ არა უკონტროლო დერეფანი - ჩვენთან უსაფრთხოება, დემოგრაფია და მიგრაციული პოლიტიკა სუვერენიტეტის ელემენტებია. აუცილებელია მკაფიოდ გაიმიჯნოს მიგრაცია კრიმინალისგან და წარსულში ჩადენილი შეცდომები - ხელისუფლების დღევანდელი კურსისგან.

ხელისუფლების მოქმედმა შემადგენლობამ არ უნდა იმართლოს თავი, არამედ გადადგას მკვეთრი სამართლებრივი ნაბიჯები. მან უნდა იმოქმედოს კანონის, რეალური (და არა გამოგონილი) ციფრებისა და მონაცემების საფუძველზე - პერსონალური პასუხისმგებლობის დაყენების გზით. მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი ერთდროულად შეჩერდეს არალეგალური ნაკადები, გაიწმინდოს სისტემა კორუფციისგან, შემცირდეს საზოგადოებრივი დაძაბულობა და სახელმწიფომ დაიბრუნოს პასუხისმგებელი, სუვერენული და პრაგმატული ლიდერის სახე - ხმაურის, ისტერიკისა და ღირსების დაკარგვის გარეშე", - წერს ქართველიშვილი facebook-ზე.

 

 





მსგავსი სიახლეები
,, არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი''- მიხეილ ყაველაშვილი
,,თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ეს პატიმრები''- მიხეილ ყაველაშვილი
,,ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები - ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის''- მიხეილ ყაველაშვილი
,, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება''- პრემიერი
,,ხორბალი არის ქართული იდენტობის, სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში''- პრემიერი
,, სახელმწიფო ვერ და არ უნდა იქცეს „ეშმაკის" ადვოკატად იმ პირებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით აშენებდნენ კორუფციულ სქემებს''- დავით ქართველიშვილი
ყველა ევროპული ქვეყანა საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ არაბული ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, საქართველოში კი რაღაც აქციებს აწყობენ - გიორგი ფხაკაძე
ადვოკატთა ასოციაციაში თავმჯდომარეს ირჩევენ
პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებდა, აუცილებლად, ამ სახელმწიფოთა გაერთიანებას კრახამდე მიიყვანს - დავით მათიკაშვილი
,,ეს ძალები მიეჩვივნენ იმას, რომ ყოველთვის სხვა ეწირებოდა მათ ინტერესებს და სხვა კვდებოდა მათი უსაფრთხოებისთვის''- ვატო შაქარიშვილი
გაუკვირდათ, როდესაც ამერიკამ პირდაპირ ჩამოხსნა ფარდა და პირდაპირ უთხრა ევრობიუროკრატიას, რომ თუ ევროპაში პოლიტიკა არ შეიცვალა, უკვე ფაქტობრივად, ის ევროპა აღარ იქნება, რაც აქამდე იყო -გურამ მაჭარაშვილი
კობახიძემ აშხაბადში საკუთარი ადგილი იპოვა, მაგრამ ქართველი ხალხი არ ირჩევს აშხაბადს -გრიგოლ გეგელია
ევროპის საბჭოს ბერნის კონვენციის თავმჯდომარედ კარლო ამირგულაშვილი აირჩიეს
მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება-საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და ჩვენ უსასყიდლოდ გავატარებთ იმ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება"
,,საქართველოსთან ყველას დიდი გული აქვს''- ირაკლი ხელაძე
არ ვარ დარწმუნებული, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს გამო ძილი უფრთხება, მაგრამ მოძალადე ადამიანი ასეთია, სუსტთან ძალადობს, ძლიერთან ენის მოჩლექით საუბრობს -ლევან მახაშვილი
ვლადიმერ პუტინი არის საქართველოს მოქალაქეების მკვლელი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი, მასთან ერთ სივრცეში ჯდომა სამშობლოს ღალატია -თაზო დათუნაშვილი
პეტერ ფიშერი პოლიტიკურად მიკერძოებულია, ცოტა ხანში უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, იმედია, მას შეცვლის ისეთი ელჩი, რომელიც იზრუნებს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაჯანსაღებაზე-ირაკლი კობახიძე
ქართული დემოკრატიის სტანდარტი გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიის, ჩვენთვის ფიშერის ფაილი დახურულია -შალვა პაპუაშვილი
ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს -ირაკლი კობახიძე