სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.

ლილუაშვილს რამდენიმე ეპიზოდში ადანაშაულებენ. მათ შორის არის ქრთამის აღება, ე.წ. ქოლცენტრები და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს შესყიდვები.

„საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც ბრალად ედება ქრთამის აღება ჩვენს წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში.

პირველი ეპიზოდი: 2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისთვის.

მეორე ეპიზოდი: 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის’’ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი.

მესამე ეპიზოდი შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.

აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.

საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ.

მეოთხე ეპიზოდი: გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ატკატებს იღებდა.

ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დაკითხული არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებებითაც დასტურდება გრიგოლ ლილუაშვილის და სხვათა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასევე ამოღებულია დანაშაულის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო და აუდიოჩანაწერები“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

გენერალური პროკურორის განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულების გამოვლენის და მასთან ერთად სავარაუდო დანაშაულებში მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით. ქართველი სამართალდამცველები ვაგრძელებთ კორუფციასთან ბრძოლას მისი ისტორიულ მინიმუმამდე დაყვანის და მაქსიმალური პრევენციის მიზნით“, – აღნიშნა გვარაკიძემ.





მსგავსი სიახლეები
ბაგა-ბაღების სააგენტოს ყოფილ უფროსს, კახა გვანცელაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
საქართველოს პროკურატურის განცხადებას ავრცელებს
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარედგინა
,,ამ ეტაპზე არ ვიცნობთ საქმეს, არ ვიცით, რაში გვედება ბრალი''- გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი
კაცი მოკლა, მისი ცოლი კი დაჭრა - შსს ზუგდიდში მომხდარზე ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თურქ კოლეგას, ალი იერლიქაიას შეხვდა
ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, საბოტაჟის საქმეზე, 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ადვოკატი "ცენტრალ თაუერის" საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო
მონასტრის გაქურდვის ფაქტზე 47 წლის მამაკაცი დააკავეს
მასშტაბური სპეცოპერაცია რომში - დაკავებულია 39 წლის ქართველი
შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული -პროკურატურა
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი