"ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი: ვერსალში ხელის ჩამორთმევიდან "ვულგარულ შეურაცხყოფამდე"- რვაწლიანი რთული დიალოგი"-Le Figaro

"ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი: ვერსალში ხელის ჩამორთმევიდან "ვულგარულ შეურაცხყოფამდე"- რვაწლიანი რთული დიალოგი" - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“ (Le Figaro), რომლის ავტორი, ჟურნალისტი ადრიენ ბეზი ანალიზს უკეთებს ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის ურთიერთობებს ბოლო 8 წლის განმავლობაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ემანუელ მაკრონის და ვლადიმერ პუტინს შორის ბოლო სატელეფონო საუბრიდან ექვსი თვე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ორი პრეზიდენტის ურთიერთობა 2022 წლის ბოლოდან შესამჩნევად გაურესდა უკრაინის ომის ფონზე, როგორც ჩანს, მათ კვლავ შეუძლიათ ევროპული სიტუაციის განხილვა უახლოეს კვირეებში. ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ემანუელ მაკრონთან დიალოგის განახლებას - თვითონ ფრანგი პრეზიდენტის სურვილის მიხედვით.

უკრაინის ომამდე: ღია, მაგრამ ნაკლებშედეგიანი პოლიტიკა

2017 წლის მაისში არცთუ დიდი ხნის წინ არჩეულ საფრანგეთის მეთაურს ემანუელ მაკრონს განზრახული ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობა სწორ კალაპოტში დაებრუნებინა. იგი ემზადებოდა, რომ რუსეთთან ურთიერთობაში გოლისტური დიპლომატიის პრინციპების ერთგული ყოფილიყო - ღია და მტკიცე პოლიტიკის შეთავსების თვალსაზრისით. მაგრამ ასეთ მიდგომას მისთვის წარმატება არ მოუტანია. ემანუელ მაკრონს მარინ ლე პენმა გადაასწრო და რუსეთთან ურთიერთობაში ლიდერი გახდა. მაკრონი განაწყენდა და მისმა გარემოცვამ მცდარი ნაბიჯი გადადგა - რუსეთი კომპიუტერულ შეტევაში დაადანაშაულა. კრემლმა, რასაკვირველია, ბრალდება უარყო.

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სურდა, რომ რუსეთი შუამავალ სახელმწიფოდ გადაექცია ისეთი საერთაშორისო კრიზისების მოსაგვარებლად, როგორებიც იყო ირანის ბირთვული ამბიციები, სირიის ომი და, რა თქმა უნდა, უკრაინის კონფლიქტი, რომელიც 2014 წელს დაიწყო. ორი ქვეყნის მეთაურები ერთმანეთს პირველად 2017 წლის მაისში ვერსალში შეხვდნენ, შემდეგ კი 2018 წლის მაისში, სანქტ-პეტერბურგში. საფრანგეთის პრეზიდენტმა, რიგ საკითხებში უთანხმოების მიუხედავად,  ქებით მოიხსენია თავის რუსი კოლეგა და განაცხადა, რომ პუტინთან დიალოგი პირდაპირობითა და გულწრფელობით გამოირჩეოდა.

2019 წლის აგვისტოში ემანუელ მაკრონმა რუსი კოლეგა თავის საზაფხულო რეზიდენცია „ბრეგანსონში“ მიიწვია, ლაჟვარდოვან ნაპირზე და მეგობრულ გარემოში განზრახვები გაანდო: მას სურდა „რუსეთსა და ევროპას შორის კავშირები აღდგენა და კონტინენტზე ნდობისა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის აშენება - „ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე“. იმავე წლის დეკემბერში, დონბასში სამშვიდობო პროცესის აღდგენის მიზნით, ფრანგი პრეზიდენტი ისევ შეხვდა თავის რუს კოლეგას პარიზში „ნორმანდიული ფორმატის“ ჩარჩოებში, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ანგელა მერკელი და ვოლოდიმირ ზელენსკიც. რამდენიმე დღით ადრე კი ნატოს წევრი-სახელმწიფოების სამიტზე, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „რუსეთი ნატოსათვის უკვე მტერი აღარ არის“. მართალია, „გარკვეული საფრთხე ისევ არსებობს, მაგრამ მოსკოვი სულ უფრო ცდილობს იყოს დასავლეთის პარტნიორი“ რიგ საკითხებში.

უკრაინის ომი: მოკავშირეები "პრორუს" პარიზს აკრიტიკებენ

მაგრამ რუსეთთან მეგობრობისათვის ხელგაწვდილობის პოლიტიკას პრაქტიკულად ნაყოფი არ გამოჰქონდა. ამის დამადასტურებელია 2022 წლის 7 თებერვალს მოსკოვში გამართული სასწრაფო შეხვედრა ერთი-ერთზე იმ მიზნით, რომ როგორმე მაკრონს პუტინისათვის უკრაინაში შეჭრა გადაეთქმევინებინა. კოვიდის ეპიდემიის გამო ორი ლიდერი ექვსმეტრიანი მაგიდის კიდეებში ისხდნენ და თითქმის 5 საათის განმავლობაში საუბრობდნენ. ემანუელ მაკრონის მიერ ბოლო შანსის გამოყენების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა:  22 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტის - უმაღლესი მთავარსადლის ბრძანებით, კრემლის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ.

პირველ ხანებში, უშუალო საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი ცდილობდა შუამავლის როლი შეესრულებინა ცეცხლის შეწყვეტისა და ომის სწრაფი დამთავრების მიზნით. ემანუელ მაკრონს სჯეროდა, რომ დარწმუნების გზით საწადელს მიაღწევდა და ვლადიმერ პუტინთან რეგულარულ დიალოგს გეგმავდა.  დეკემბრიდან მარტის დასაწყისამდე, ოფიციალური მონაცემების თანახმად, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის 13-ჯერ გაიმართა სატელეფონო საუბარი. რესპუბლიკის პრეზიდენტმა პრესისათვის მიცემულ ინტერვიუში თავს უფლება მისცა ჯერ კიევი, შემდეგ კი თავისი მოკავშირეები გაეკრიტიკებინა - მათ მოუწოდა, რომ „რუსეთის დამცირება“ ევროპისათვის საფრთხის მომასწავებელი იყო.

თუმცა, რადგანაც დიპლომატიურ ფრონტზე წარუმატებლობა უფრო მეტი იყო, ვიდრე წარმატება, ემანუელ მაკრონს გაღიზიანება შეეტყო. ვლადიმერ პუტინი ყურადღებას არ აქცევდა ევროპელების მოწოდებებს და წინ მიდიოდა. „მეგონა, რომ ნდობის საფუძველზე და ინტელექტუარი საუბრების შედეგად ვლადიმერ პუტინთან საერთო გზას გამოვნახავდი“, - სინანულით აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა ტელეარხ France 2-ის ჟურნალისტებთან ინტერვიუში 2022 წლის 16 ივნისს.

საომარი რიტორიკა: სიმკაცრე და სიმწვავე

კრემლმა უკიდურესად ნეგატიურად აღიქვა France 2-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი საფრანგეთის კულისური დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ. კრემლის მძაფრი უკმაყოფილება გამოიწვია  იმ სატელეფონო საუბრის საჯაროდ ტრანსლირებამ, რომელიც პრეზიდენტებს შორის 20 თებერვალს გაიმართა, უშუალოდ საომარი მოქმედებების დაწყების წინ. „როცა ასეთი რამ ცალმხრივად კეთდება, ეს უწესობაა... ესე იგი, ვიღაც გვისმენს?“ - ციტირებს ვლადიმერ პუტინს ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“. მოკლედ, კრემლი ელისეის სასახლეს უკვე ბრაზიანად უღრენდა.

ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის ურთიერთობები კარდინალურად შეიცვალა 2022 წლის ბოლოდან. თითქმის სამი წლის განმავლობაში, 2022 წლის სექტემბრიდან 2025 წლის ივლისის ჩათვლით პრეზიდენტებს შორის არცერთი სატელეფონო საუბარი არ გამართულა. ემანუელ მაკრონმა თავისი საომარი რიტორიკა, ვლადიმერ პუტინის მიერ მიღწეული წარმატების კვალობაზე,  მნიშვნელოვნად გაამკაცრა, რომელმაც თავის აპოგეას 2024 წლის 26 თებერვალს მიაღწია, როცა მან განაცხადა, რომ არ გამორიცხავს უკრაინის დასახმარებლად სახმელეთო ჯარების გაგზავნას. „დღეს ამ საკითხზე კონსენსუსი არ არის, მაგრამ დინამიკის თვალსაზრისით არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება“, - თქვა ემანუელ მაკრონმა უკრაინის საკითხზე ჩატარებული  ევროკავშირის კონფერენციის დროს.

იმავე წლის მარტში საფრანგეთის პრეზიდენტი იგივე პოზიციით გამოვიდა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრაზე, რომელიც ელისეის სასახლეში გაიმართა: „უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში საფრანგეთისათვის არავითარი წითელი ხაზები არ არსებობს“, - თქვა ემანუელ მაკრონმა.

კრემლმა დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება და განაცხადა, რომ „ემანუელ მაკრონი კონფლიქტში საფრანგეთის მონაწილეობის დონეს ზრდის“. მოსკოვმა საფრანგეთის პრეზიდენტი და მისი ნატოელი მოკავშირეები მილიტარისტული განწყობების გაღვივებაში დაადანაშაულა. ამასობაში თვითონ მაკრონი რუსეთთან მიმართებით „სტრატეგიული ორაზროვნების“ პოზიციაზე გადავიდა და მოსკოვი „ეგზისტენციალურ საფრთხედ“ დაასახელა.

ზაფხულიდან შემოდგომამდე: „პუტინი - მტაცებელია და კაციჭამია“

დღეს ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონს ევროპისა და დასავლეთის ლიდერად მიიჩნევს უკრაინისადმი მხარდაჭერაში. ერთმანეთისგან შორს მყოფი ორი პრეზიდენტი ერთმანეთის მიმართ მწვავე გამონათქვამებს არ იშურებენ. „არიან ზოგიერთები, რომლებსაც ნაპოლეონის დროში სურთ დაბრუნება, მაგრამ ივიწყებენ, თუ რით დასრულდა ყველაფერი“, - გამაფრთხილებლად განაცხადა ვლადიმერ პუტინმა 2025 წლის მარტში. „დიახ, ნაპოლეონი ქვეყნებს იპყრობდა, მაგრამ ერთადერთი იმპერია, რომელსაც დღეს ევროპაში დამპყრობელად ვხედავ, ეს რუსეთია“ - ასეთი რეაგირება გააკეთა ემანუელ მაკრონმა.

2025 წლის ივლისში ისრაელსა და ირანს შორის დაწყებული კონფლიქტის გამო ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს დაურეკა. სატელეფონო საუბარი ორ საათს გაგრძელდა. როგორც აღმოჩნდა, პარიზსა და მოსკოვს ურთიერთშეხების წერტილება და მსგავსი ინტერესები აქვთ - ორივე თვლის, რომ ირანი ბირთვული ქვეყანა არ უნდა გახდეს, სამხედრო თვალსაზრისით.

მაგრამ უკრაინის საკითხში მხარეებს კვლავ ერთმანეთისადმი შეურიგებელი პოზიციები აქვთ: წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა რუსი ლიდერისათვის ასეთი ეპითეტები: „ვლადიმერ პუტინის სახით ჩვენსკენ მტაცებელი და კაციჭამია მოიწევს“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა LCI-სადმი ინტერვიუში აგვისტოს შუა რიცხვებში.

რუსეთმა, რასაკვირველია, მკაცრად დაგმო „ვულგარული შეურაცხყოფა“, რომელიც ზრდილობის ჩარჩოებს გასცდა.

„საახალწლო სურვილები“: „დაველაპარაკოთ რუსეთს“

ბრიუსელში, უკრაინის დაფინანსების მიზნით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა სრულიად მოულოდნელად განაცხადა: „ვფიქრობ, სასარგებლო იქნება ისევ ვლადიმერ პუტინს დაველაპარაკოთ... ჩვენს ინტერესებშია - როგორც ევროპელების, ასევე უკრაინელების - ვიპოვოთ შესაფერისი ჩარჩოები მოსკოვთან დისკუსიის განახლებისთვის. ეს უახლოეს კვირეებში უნდა გაკეთდეს“.

რა თქმა უნდა, თუ უახლოეს ხანში მართლაც მოხდება საუბარი ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის, ორი პრეზიდენტი სიტუაციას დარეგულირებას შეეცდება, რაც პოზიტიური მოვლენაა ნებისმიერ შემთხვევაში.

 

წყარო:





მსგავსი სიახლეები
"ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი: ვერსალში ხელის ჩამორთმევიდან "ვულგარულ შეურაცხყოფამდე"- რვაწლიანი რთული დიალოგი"-Le Figaro
"მაკრონი მართალია: ევროპა პუტინს უნდა დაელაპარაკოს და რუსეთთან სრულფასოვანი დიალოგი განაახლოს" - The Spectator
როლების შეცვლა: როგორ ჩააგდო პარიზმა ენერგიული ბერლინი უხერხულ სიტუაციაში-Financial Times
"რუსული აქტივების გამოყენების გეგმა ჩაიშალა. ევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას 90-მილიარდიან კრედიტს ბლოკის ბიუჯეტიდან გამოუყოფენ"-Financial Times
"ვალერი ზალუჟნის ვარაუდი: ფრონტიდან დაბრუნებული ვეტერანები უკრაინას სამომავლოდ რეალურ საფრთხეს შეუქმნიან"
"თურქეთის ინიციატივა: შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი შეთანხმება?"-TRT
"ომის კავშირებითი კილო: "ეს რომ თავიდანვე გვცოდნოდა"-Українська правда
ევროკავშირის პრობლემა არა ბელგია, არამედ ტრამპია -Politico
"მრავალეროვნული სამხედრო ძალები - უკრაინის დასაცავად" -BBC
"ზელენსკის კორუმპირებული მთავრობა მხილებულია, მაგრამ სამი ევროპელი ლიდერი მის მხარდაჭერას მაინც აგრძელებს"-უცხოური პრესა
აშშ უკრაინას, დონბასის დათმობის სანაცვლოდ, ნატო-ს მეხუთე მუხლზე დაფუძნებულ უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს -Axios
"ნატო კრახის პირას: აშშ ალიანსიდან გასვლას აპირებს? ევროპაში ბოლო 80 წლის განმავლობაში რუსეთის უდიდესი გამარჯვების აჩრდილი დადის"-Daily Express
"დონალდ ტრამპი: "ზელენსკი სამშვიდობო გეგმას უნდა დათანხმდეს - იმიტომ, რომ უკრაინა ომს აგებს"-The Daily Telegraph
"აშშ-ის ელჩი თურქეთის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებს"-Cumhuriyet
"კიევი - განხეთქილების ფაქტორი: რატომ აღარ გამოდის კრემლი უკრაინის ევროკავშირში მიღების წინააღმდეგ?"-Neue Zürcher Zeitung
"უკრაინა ცეცხლს ეთამაშება!"-Cumhuriyet
"დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ ჯარისკაცები არ ჰყოფნის"-The Economist
"რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს იკავებს, სამშვიდობო მოლაპარაკება კი დაბრკოლებებს აწყდება"-The Daily Telegraph
"თუ ვოლოდიმირ ზელენსკის კორუფციული სკანდალი არ დაამხობს, მაშინ პრეზიდენტი სამშვიდობო შეთანხმების მსხვერპლი გახდება"-The Daily Telegraph
"კრემლთან მოლაპარაკება ჩიხში შევიდა: ტრამპს შეუძლია უარი თქვას უკრაინასთან და რუსეთთან შუამავლობაზე?"-The Daily Telegraph