"ტრამპი, ევროპა და ჩინეთ-საბჭოთა კავშირის უთანხმოება 1960-იან წლებში - "ცივი ომი" გვასწავლის, რომ ამერიკა ვერ გაიმარჯვებს, თუ დიქტატორებს ლაქუცს დაუწყებს"-The Daily Telegraph

 "ტრამპი, ევროპა და ჩინეთ-საბჭოთა კავშირის უთანხმოება 1960-იან წლებში - "ცივი ომი" გვასწავლის, რომ ამერიკა ვერ გაიმარჯვებს, თუ დიქტატორებს ლაქუცს დაუწყებს"- ასეთი სათაური აქვს ბრიტანული გაზეთის "დეილი ტელეგრაფის" (The Daily Telegraph) 23  დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორი, საერთაშორისო მიმომხლველი ემბროუზ ევანს-პრიტჩარდი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის გაანალიზების დროს ერთგვარ ისტორიულ პარალელებს აკეთებს თეთრი სახლის დღევანდელ საგარეო პოლიტიკასა და საბჭოთა კავშირ-ჩინეთის ურთიერთობას შორის.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იცის თუ არა დონალდ ტრამპმა იმის შესახებ, რომ მისი ახალი დოქტრინა - „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია“ - აშშ-ის მტერ სახელმწიფოებთან „მშვიდობიანი თანაარსებობის“ შესახებ ცივი ომის დროინდელი საბჭოთა ისტორიის ერთ-ერთ ფურცელს წარმოადგენს?

ნიკიტა ხრუშჩოვმა ტერმინი "მშვიდობიანი თანაარსებობა" პირველად სსრკ კომპარტიის XX ყრილობაზე გააჟღერა, როცა მან გააკრიტიკა იოსებ სტალინის შეურიგებლობა და მუდმივი კონფლიქტი დასავლეთთან და შეეცადა ურთიერთობა გაეაზრებინა როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური მეტოქეობა.

„ეს იყო საბჭოთა კავშირის განცხადება -  ცივი ომიდან როგორც ტოტალური ბრძოლიდან  გასვლის მცდელობა. საბჭოთა კომუნისტებმა მიანიშნეს, რომ აღარ სურთ კონფრონტაცია, რომელსაც ადრე ცივილიზაციის განმსაზღვრელ ფაქტორად თვლიდნენ“, - ამბობს არნო ბერტრანი, გეოპოლიტიკური ანალიტიკოსი.

„და ზუსტად ისევე, როგორც ნიკიტა ხრუშჩოვი, დონალდ ტრამპიც ეუბნება თავის უმცროს პარტიორებს - ევროპელებს: „იმ ბრძოლას, რომლისთვისაც თქვენ დარაზმულები ხართ, ჩვენთვის უკვე აზრი აღარ აქვს“.

ნიკიტა ხრუჩოვის გამოსვლამ XX ყრილობაზე დასაბამი მისცა საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის ისტორიულ გაწყვეტას, რისთვისაც საბჭოური კომპარტიის გენმდივანმა თავის ჩინელი კოლეგისაგან - მაო ძედუნისაგან და მისი გარემოცვისაგან მიიღო ეპითეტები „რევიზიონისტული გველი-დემონი“ და „წითელი კონფუცი“.

დონალდ ტრამპისეულ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ თვალსაზრისი ერთი უკიდურესობიდან მეორემდე ვარირებს: ერთნი თვლიან, რომ დოკუმენტი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებას ნიშნავს, მეორენი ამტკიცებენ, რომ დოკუმენტი სავსეა ერთმანეთზე დახორავებული წინააღმდეგობრიობებით, რაც არ ასახავს აშშ-ის ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას და „სტრატეგია მალე თავის თავს ამოწურავს“.

დოკუმენტის ტექსტი არის შეგნებული უარი ჯონ კენედის ცნობილ განცხადებაზე, რომლის თანახმად, „ნებისმიერი ფასი უნდა გადაიხადო, ნებისმიერი ტვირთი უნდა დაიდო მხრებზე, ნებისმიერ მეგობარს მხარი უნდა დაუჭირო“ თავისუფლების სახელით და რომელსაც აშშ ახორციელებდა ბოლო 80 წლის განმავლობაში, კაცობრიობის კეთილდღეობისათვის.

მასმედიის კომენტარები ტრამპისეული „სტრატეგიის“ დებულებებზე ძირითადად ერთი მიმართულებისაა - „არავითარი ფასის გადახდა“ ლიბერალური ევროპის დასაცავად. თუმცა იმავდროულად იგივე კომენტარები ტირანი ტყუპებისათვის - ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინისათვის - ტკბილ უვერტიურას წარმოადგენს.

ახალი სტრატეგია ნიშნავს უარს გლობალურ ჰეგემონიაზე, რომელიც „პრინციპულად არასასურველი და მიუღწეველი მიზანია“.  დოკუმენტში გატარებული აზრი, რომ აშშ „მონროს დოქტრინას“ უნდა დაუბრუნდეს - მსოფლიოში დომინირობიდან უკან დაიხიოს და დასავლეთ ნახევარსფეროს მოუაროს. ჩინეთისადმი მიძღვნილ თავს ასეთი სათაური აქვს: „ეკონომიკური უპირატესობის სამომავლო მოპოვება. სამხედრო კონფრონტაციის თავიდან აცილება“. კითხვის დროს აშკარად იგრძნობა „ნიკიტა ხრუშჩოვის გავლენა“.

თავის დროზე საბჭოთა ლიდერს სურდა, რომ მსოფლიოს რესურსები მშვიდობას მოხმარებოდა, ხარჯები იარაღის შესაქმნელად კი არ ყოფილიყო მიმართული, არამედ  ეკონომიკური უპირატესობის მოპოვებისაკენ (დევიზით „ხმლებისაგან ნამგლები გამოვჭედოთ“). მოსკოვში კარგად იცოდნენ, რომ ბირთვული ომი ერთმანეთის დაღუპვას ნიშნავს. კომუნისტებს ასევე იმედი ჰქონდათ, რომ ეკონომიკის საბჭოური ცენტრალიზებული დაგეგმვა საბაზრო კაპიტალიზმს აჯობებდა და უპირატესობას მოიპოვებდა. „ჩვენ დაგმარხავთ“, - ამბობდა ნიკიტა ხრუშჩოვი კაპიტალისტური დასავლეთის გასაგონად.

საბჭოთა კავშირში ასევე პოპულარული იყო დევიზი „დავეწიოთ და გავუსწროთ“, რომელიც აშშ-ის ეკონომიკისათვის დაწევასა და გასწრებას ითვალისწინებდა: 10 წელიწადში საბჭოთა ქვეყანას უნდა მიეღწია მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცხოვრების დონისათვის, ანუ ეს უნდა მომხდარიყო ერთი თაობის განმავლობაში, რაც იმ დროს სრულიად შესაძლებელს და იოლად მისაღწევს ჰგავდა: საბჭოთა კავშირში ეკონომიკის ზრდის ტემპი ყოველწლიურად 6%-ით მატულობდა, პლუს ისიც, რომ საბჭოელები ამერიკელებს წინ უსწრებდნენ კოსმოსის ათვისებაში და ატომური ენერგიის მშვიდობიანი მიზნებით გამოყენებაში.

რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის სრული გაწყვეტა ერთ საათში არ მომხდარა. 1950-იანი წლების მეორე ნახევარში მაო ძედუნი ჯერ კიდევ ცდილობდა მოსკოვისაგან თანამედროვე სამხედრო ტექნიკის მიღებას და უპირველეს ყოვლისა, ატომური იარაღის შესაქმნელად საბჭოური ტექნოლოგიის დაუფლებას, რაც ჩინელი ლიდერის სანუკვარ მიზანს წარმოადგენდა - ნებისმიერი ფასით გადაექცია „ცისქვეშეთი“ ზესახელმწიფოდ. იგი მზად იყო ოცნების შესასრულებლად და ამისათვის არაფერს არ ზოგავდა - იმ დროს, როცა ჩინელი ხალხი შიმშილობდა და იხოცებოდა (“დიდი შიმშილობის“ დროს, 1959-61 წლებში ჩინეთში, სხვადასხვა მონაცემებით, 25-30 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა), პეკინს სურსათ-სანოვაგე საზღვარგარეთ გაჰქონდა.

მაო ძედუნი მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირს, თუმცა იმავდროულად მუდმივად ადგენდა გეგმებს ნიკიტა ხრუშჩოვის დასამხობად, მის გადაყენებას მსოფლიო კომუნისტური მოძრაობის ლიდერის პოსტიდან. მაო ძედუნი პირადად ცდილობდა თავისი საბჭოელი კოლეგის დამცირებას რაც ნიკიტა ხრუშჩოვის პეკინში ვიზიტის დროსაც გამოვლინდა 1959 წლის 30 სექტემბერს, როცა იგი აშშ-დან მოსკოვში ბრუნდებოდა. „ჩინეთის მამამ“ საბჭოელი სტუმარი აუზში მიიღო მოსალაპარაკებლად: მაომ კარგად იცოდა, რომ ნიკიტამ ცურვა არ იცოდა, მაგრამ მაინც აუზში საბანაოდ მიიწვია. წარმოიდგინეთ საბჭოთა გენმდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი თავისი შავი სატინის ტრუსებით და გასაბერი რგოლით, რომლის ირგვლივაც მაო ძედუნი საკმაოდ ენერგიულად დაცურავს. რასაკვირველია, ძალზე უხერხული სიტუაციაა.

ამ კონფუზის შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვმა საბოლოოდ შეწყვიტა ჩინეთის დახმარება ატომური ტექნოლოგიებით: იგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მაო ძედუნი შურიანი და ბოღმიანი ადამიანი იყო, განდიდების მანიით და მსოფლიოზე ბატონობის სურვილით შეპყრობილი“. გარდა ამისა, საბჭოთა ლიდერი თვლიდა, რომ მისი ჩინელი კოლეგა სექსუალური მანიაკიც იყო.

„ამბობენ, რომ მაო საკუთარ თავს უფლის ნების შემსრულებელ ადამიანად მიიჩნევდა, სინამდვილეში კი იგი, ალბათ, ფიქრობდა, რომ უფალი მაოს ნებას ასრულებდა“, - წერდა საბჭოთა ლიდერი თავის მემუარებში.

ცხრა წლის შემდეგ მოსკოვ-პეკინის ურთიერთობა იმდენად გაურესდა, რომ ორი ქვეყნის არმია ერთმანეთს შეეტაკა შორეულ აღმოსავლეთში, მდინარე უსურის შუაგულში მდებარე ერთი პატარა სასაზღვრო კუნძულის - დამანსკის - გამო, 1968 წელს. სიტუაცია ისეთი მძიმე იყო, რომ მოსკოვი ვაშინგტონს დაუკავშირდა, რათა გაერკვია - ხომ არ იქნებოდა თეთრი სახლი წინააღმდეგი, მოსკოვს რომ მაო ძედუნის ატომური პროექტისათვის ბირთვული დარტყმა მიეყენებინა. ვაშინგტონმა კრემლს განზრახვა არ მოუწონა. საბედნიეროდ, სასაზღვრო ინციდენტი დროულად განეიტრალდა.

ნიკიტა ხრუშჩოვმა ვერ მიაღწია „ორი სისტემის მშვიდობიან თანაარსებობას“ და ეს სამაგალითო გაკვეთილი უნდა იყოს MAGA-ს ამერიკელი იდეოლოგებისათვის. საბჭოური სისტემის იმპერიული ლოგიკა ისეთი იყო, რომ მოსკოვმა ჯარები გაგზავნა ბუდაპეშტში, დაპირისპირება მოხდა ბერლინის კედლის აშენებისას, წყალქვეშა ნავები და ბირთვული რაკეტები გაიგზავნა კუბაზე კარიბის კრიზისის დროს, შემდეგ კი ისევ ჯარები პრაღაში. 

დონალდ ტრამპს, შესაძლოა სურს მსოფლიოს სამ სახელმწიფოს - აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს - შორის გადანაწილება, მაგრამ თუ იგი ამ დროს კანადას და გრენლანდიას დაემუქრება, ჩინეთი ამას უყურადღებოდ არ დატოვებს.

ძალიან საეჭვოა, რომ სი ძინპინს მშვიდობიანი თანაარსებობა სურდეს ასეთი პირობებით. ფაქტები დამარწმუნებლად მოწმობენ იმას, რომ პეკინს არამარტო აშშ-ის სრული ეკონომიკური და სტრატეგიული მარცხი უნდა, არამედ ისიც, რომ აშშ-ში ისეთი სისტემა იყოს, როგორიც ჩინეთშია.

თითქმის აშკარაა, რომ სი ძინპინი დონალდ ტრამპის დოკუმენტს მწვანე შუქის ანთებად მიიღებს ტაივანთან მიმართებით და როცა ჩინეთის არმია კუნძულს შეუტევს, აზია წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების ისედაც მყიფე სისტემა საბოლოოდ დაიმსხვრევა.

სი ძინპინი სიამოვნებით ისარგებლებს აშშ-სა და ევროპას შორის შექმნილი განხეთქილებით. სამწუხაროდ, დონალდ ტრამპს მხედველობიდან გამორჩა ის რეალობა, რომ აშშ-ის ძლიერება ბევრად არის დამოკიდებული [ჩრდილოატლანტიკური] ალიანსის წევრების ეკონომიკური მდგომარეობაზე და სამხედრო ძლიერებაზე. მათ გარეშე აშშ გადაიქცეოდა ძალიან დასუსტებულ ქვეყნად, რომელსაც ბიუჯეტის დიდი დეფიციტი ექნება (მთლიანი შიდა პროდუქტის 6%), სავაჭრო ბალანსის 1,3 ტრილიონი დოლარის დეფიციტით, კადრების ქრონიკული უკმარისობით და მრავალი სხვა ნეგატიური მომენტით. იცის თუ არა დონალდ ტრამპმა, რომ ევროპაში მთლიანობაში 33 მილიონი სამუშაო ადგილია წარმოებაში, აშშ-ში კი მხოლოდ 13 მილიონი?

ამერიკას ჰყავს გარეგნულად მოოქროვილი შეიარაღებული ძალები, რომლითაც ძალიან რთულია თანამედროვე სერიოზული ომის წარმოება, თანაც არა ორ ფრონტზე ერთდროულად.

მე პირადად ევროკავშირის თაყვანისმცემელი არ ვარ, მაგრამ დონალდ ტრამპის მიერ ნაწინასწარმეტყველევი პერსპექტივა - „ცივილიზებული დაბერება“ - ევროპას ნამდვილად არ ემუქრება, მიუხედავა იმისა, რომ ევროპას, აშშ-საგან განსხვავებით, შენგენის ზონის კარი ღია აქვს.

ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ევროპა ფსკერს მიუახლოვდა. მაგრამ სინამდვილეში ევროპა ციკლური ეკონომიკური აღორძინების ზღურბლზეა. ეროვნული სიამაყე თანდათან ბრუნდება. ევროპა სწრაფად იარაღდება.

ევროპა, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა ერთად უკვე უფრო მეტ დრონებს აწარმოებენ, ვიდრე აშშ. 2027 წლისათვის ისინი ამერიკაზე მეტ საარტილერიო ჭურვებს დაამზადებენ და, სავარაუდოდ, 2030 წლისათვის ევროპელებს ამერიკული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო და საზენიტო სისტემები აღარ დაჭირდებათ. „რეალურად ჩვენ არც ისე სუსტები და არც ისე პატარები არ ვართ, [როგორც ამერიკას წარმოუდგენია], - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა გასულ კვირას.

ალბათ, დადგება დრო და შეიძლება ის დღე ძალიან შორს არ არის, როცა აშშ აღმოაჩენს, რომ მას სასწრაფოდ ჭირდება ევროპა როგორც დემოკრატიის არსენალი რევანშისტული ჩინეთის წინააღმდეგ, რომელიც, ზოგიერთი მონაცემით, ექვსჯერ უფრო სწრაფად იარაღდება, ვიდრე აშშ.

ფრიდრიხ მერცმა დაიჩივლა, რომ Pax Americana („ამერიკული მსოფლიო“ ანუ აშშ-ის გავლენის სფერო) აღარ არსებობს და სამწუხაროდ, ასეთი სიტუაცია მუდმივი ხდება. „ტრამპი ერთ საათში არ გამოჩენილა და მისი პოლიტიკაც ერთ საათში არ გაქრება“, - თქვა გერმანიის კანცლერმა.

მე მას სანახევროდ ვეთანხმები. უფრო ოპტიმისტური თვალსაზრისი გამოიხატება იმით, რომ დონალდ ტრამპი წარმოადგენს 1950-იანი წლების ბოლო ნოსტალგიის განსახიერებას და კოალიცია MAGA დაიშლება, როგორც კი დონალდ ტრამპი პოსტს დატოვებს.

ეს ციებ-ცხელებაც გაივლის - ისევე როგორც სხვა მსგავსი რამ მომხდარა და გაუვლია აშშ-ის ისტორიაში. ამერიკული ინსტიტუტები აღორძინდებიან, ხოლო ქვეყანა თავის მიერ ჩადენილ ეპიკურ სისულელეს გააცნობიერებს, თუ როგორ ემლიქვნელებოდა დაუნდობელ ტირანებს - ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს - და იმავდროულად მეგობარ ევროპელებს და დემოკრატებს  ურტყამდა. მოკლედ, იმედი მაქვს.

 

 

წყარო:





მსგავსი სიახლეები
"ტრამპი, ევროპა და ჩინეთ-საბჭოთა კავშირის უთანხმოება 1960-იან წლებში - "ცივი ომი" გვასწავლის, რომ ამერიკა ვერ გაიმარჯვებს, თუ დიქტატორებს ლაქუცს დაუწყებს"-The Daily Telegraph
"სამხრეთკავკასიური დერეფნები: უკრაინის ომის დასრულების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში გავლენისათვის ბრძოლა გამწვავდება"-უცხოური პრესა
"ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი: ვერსალში ხელის ჩამორთმევიდან "ვულგარულ შეურაცხყოფამდე"- რვაწლიანი რთული დიალოგი"-Le Figaro
"მაკრონი მართალია: ევროპა პუტინს უნდა დაელაპარაკოს და რუსეთთან სრულფასოვანი დიალოგი განაახლოს" - The Spectator
როლების შეცვლა: როგორ ჩააგდო პარიზმა ენერგიული ბერლინი უხერხულ სიტუაციაში-Financial Times
"რუსული აქტივების გამოყენების გეგმა ჩაიშალა. ევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას 90-მილიარდიან კრედიტს ბლოკის ბიუჯეტიდან გამოუყოფენ"-Financial Times
"ვალერი ზალუჟნის ვარაუდი: ფრონტიდან დაბრუნებული ვეტერანები უკრაინას სამომავლოდ რეალურ საფრთხეს შეუქმნიან"
"თურქეთის ინიციატივა: შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი შეთანხმება?"-TRT
"ომის კავშირებითი კილო: "ეს რომ თავიდანვე გვცოდნოდა"-Українська правда
ევროკავშირის პრობლემა არა ბელგია, არამედ ტრამპია -Politico
"მრავალეროვნული სამხედრო ძალები - უკრაინის დასაცავად" -BBC
"ზელენსკის კორუმპირებული მთავრობა მხილებულია, მაგრამ სამი ევროპელი ლიდერი მის მხარდაჭერას მაინც აგრძელებს"-უცხოური პრესა
აშშ უკრაინას, დონბასის დათმობის სანაცვლოდ, ნატო-ს მეხუთე მუხლზე დაფუძნებულ უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს -Axios
"ნატო კრახის პირას: აშშ ალიანსიდან გასვლას აპირებს? ევროპაში ბოლო 80 წლის განმავლობაში რუსეთის უდიდესი გამარჯვების აჩრდილი დადის"-Daily Express
"დონალდ ტრამპი: "ზელენსკი სამშვიდობო გეგმას უნდა დათანხმდეს - იმიტომ, რომ უკრაინა ომს აგებს"-The Daily Telegraph
"აშშ-ის ელჩი თურქეთის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებს"-Cumhuriyet
"კიევი - განხეთქილების ფაქტორი: რატომ აღარ გამოდის კრემლი უკრაინის ევროკავშირში მიღების წინააღმდეგ?"-Neue Zürcher Zeitung
"უკრაინა ცეცხლს ეთამაშება!"-Cumhuriyet
"დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ ჯარისკაცები არ ჰყოფნის"-The Economist
"რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს იკავებს, სამშვიდობო მოლაპარაკება კი დაბრკოლებებს აწყდება"-The Daily Telegraph