ახალ, 2026 წელს ვეგებებით დიდი იმედით, მკაფიო გეგმებითა და ახალი ენერგიით, ეს იქნება წელი, რომელიც გახდება ათვლის ახალი წერტილი -შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაშია აღნიშნული, 2026 წელს იმედით, მკაფიო გეგმებითა და ახალი ენერგიით ხვდებიან.

მისი თქმით, ეს იქნება წელი, რომელიც გახდება ათვლის ახალი წერტილი.

„ძვირფასო თანამემამულენო, უცხოეთში მცხოვრებო ჩვენო თანამოქალაქეებო, ჩვენო აფხაზო და ოსო დებო და ძმებო, დასრულდა სირთულეებითა და წინააღმდეგობით აღსავსე 2025 წელი, რომელიც ისტორიული და გამორჩეული აღმოჩნდა. ეს იყო წელი, რომელმაც მკაფიოდ განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფოებრივი არჩევანი და ეროვნული პრიორიტეტები. განვლილ წელს ჩვენმა ქვეყანამ გაუძლო გადამწყვეტ წნეხს, რომლითაც სცადეს საქართველოს სუვერენული უფლებების შეზღუდვა, ქართველი ხალხის ნებაზე ზემოქმედება და სხვისი გეგმებისთვის ჩვენი დაქვემდებარება. 2025 იყო წელი, როდესაც საქართველომ უთხრა მტკიცე უარი სხვის სცენარებში მონაწილეობას და ქვეყნის მომავლით თამაშს. ჩვენ, ყველამ ერთად, ეს არჩევანი დავიცავით და ვაჩვენეთ მყარი ერთობა. ჩვენ, ყველამ ერთად, დავაბრუნეთ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში ეროვნული ინტერესის ცნება, როგორც სახელმწიფოს მოქმედების უმთავრესი საფუძველი.

დგება ახალი, 2026 წელი. მას ვეგებებით დიდი იმედით, მკაფიო გეგმებითა და ახალი ენერგიით. ეს იქნება წელი, რომელიც გახდება ათვლის ახალი წერტილი. ამ წელს ჩვენ თანდათანობით, დინჯად, გააზრებულად უნდა დავიწყოთ შენების ახალი ეტაპი. ეს შენება უნდა დაეფუძნოს ჩვენს ისტორიულ მემკვიდრეობას და, ამავე დროს, უზრუნველყოს თანამედროვე, ეპოქის შესაბამისი ეროვნული იდენტობის მკაფიო გამოკვეთა. მსოფლიომ ნათლად უნდა გაიგოს, თუ ვინ ვართ, სად ვდგავართ, რა გვამოძრავებს, რას ვიცავთ და რას ვაშენებთ. ყველამ უნდა იცოდეს, რანი ვიყავით გუშინ, რანი ვართ დღეს და რანი ვიქნებით ხვალ. ამ გზაზე მიგვიძღვის ჩვენი წინაპრების დატოვებული სიბრძნე და ცოდნა, სამშობლოს სიყვარულითა და მასზე ზრუნვით გაჯერებული მემკვიდრეობა. სწორედ ამიტომ არ გვეშინია არცერთი იმ გადაწყვეტილების მიღების, რომელიც საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს ემსახურება. ამ ინტერესთა სამსახურში ვდგავართ ერთად - ასაკოვანი და ახალგაზრდა, ქალი და კაცი, ერი და ბერი.

2026 წელს საქართველო აღნიშნავს განსაკუთრებულ თარიღს - საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს, რაც ჩვენი ისტორიული უწყვეტობის, სულიერი ღერძის და ცივილიზაციური როლის კიდევ ერთი ხაზგასმაა. სწორედ ამიტომ, ბოდბის მონასტრიდან გილოცავთ ახალი, 2026 წლის დადგომას. წმინდა ნინომ დალოცოს სრულიად საქართველო და დაიფაროს ჩვენი მშობლები და შვილები! ვიყოთ და ვიცხოვროთ ერთობით, რადგანაც ძალა ერთობაშია", - აღნიშნულია მილოცვაში.

 





მსგავსი სიახლეები
როცა ახალი წელი მართლაც იწყება
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონი ამოქმედდა
2026 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურება 10%-ით გაიზრდება
ახალ წელს ჩვენ ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღესასწაულს, მივულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას, იმედით უნდა ვიყოთ -ილია მეორე
ახალ, 2026 წელს ვეგებებით დიდი იმედით, მკაფიო გეგმებითა და ახალი ენერგიით, ეს იქნება წელი, რომელიც გახდება ათვლის ახალი წერტილი -შალვა პაპუაშვილი
ახალი წლის პირველი დღის ასტროლოგიური პროგნოზი
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ფინანსების მოსაზიდი რიტუალი ახალი წლის სუფრაზე - ანზორ ოდიშარიას რეკომენდაცია
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილი: გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ გწამდეთ უკეთესი ხვალინდელი დღის, ვინაიდან ჩვენი და ჩვენი შვილების, ძლიერი და წარმატებული საქართველოს მომავალს ერთად ვაშენებთ!
დღეს, ღამით, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის საახალწლო მილოცვა ვეტერანებს
"აუცილებელია დაზიანებული ნივთების გადაყრა..." - წინასაახალწლო რჩევები
2026 წლის 1 იანვრიდან, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეგულაციაში ცვლილებები შედის
თბილისის მერი მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! -საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა
როგორ უნდა შევხვდეთ ახალ 2026 წელს - მიხეილ ცაგარელის რჩევები
31 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს