კახა კალაძე: 60 წლის წინ თბილისში მეტრო გაიხსნა და ამით დაიწყო დედაქალაქის თანამედროვე სატრანსპორტო ისტორია
მიმდინარე წელს თბილისის მეტროს გახსნიდან 60 წელი შეუსრულდა, რომელთან დაკავშირებითაც დღეს საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან ერთად დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა თბილისის მეტროს ცხრა ღვაწლმოსილი თანამშრომელი, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მეტროს საქმიანობაში, თბილისის მერმა კახა კალაძემ კი მადლობის სიგელები გადასცა სპეციალური სამმართველოს - „თბილმეტრომშენის" ყოფილ თანამშრომლებს თბილისის მეტროს მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
დედაქალაქის მერმა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" დაჯილდოებულ თანამშრომლებს წარმატება მიულოცა და უწყების იმ 2 800-მდე თანამშრომელს, რომელიც მეტროს ფუნქციონირებასა და შეუფერხებლად მუშაობაშია ჩართული, თბილისელების სახელით მადლობა გადაუხადა.
„წელს თბილისის მეტროს საიუბილეო თარიღი აქვს - 60 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც დედაქალაქში მეტროს პირველმა მატარებელმა გაიარა. ეს არის იყო მხოლოდ სატრანსპორტო პროექტი ან საინჟინრო მიღწევა, ამ მოვლენამ სრულიად შეცვალა დედაქალაქის ცხოვრება. მაშინ თბილისის მეტრო მხოლოდ ექვს სადგურს ითვლიდა, 60 წლის თავზე ამ რიცხვმა 23-ს მიაღწია. თბილისის მეტროპოლიტენი დღეს დედაქალაქის ცხოვრების რიტმს განსაზღვრავს და უზრუნველყოფს მოქალაქეთა ყველაზე სწრაფ გაადგილებას. მას ყოველდღიურად, დაახლოებით, ნახევარი მილიონი მგზავრი გადაჰყავს. რასაკვირველია, თბილისის მეტრო ცოცხლობს და ვითარდება ადამიანების შრომით. მადლობა მშენებლებს, ინჟინრებს, მეცნიერებს, სპეციალისტებს, ყველას, ვისაც თბილისის მეტროს შექმნაში მიუძღვის წვლილი. მათი ღვაწლი ფასდაუდებელია. დღეს მიწისქვეშა ტრანსპორტის ფუნქციონირებასა და შეუფერხებლად მუშაობაში 2 800-მდე ადამიანია ჩართული, რისთვისაც მინდა, მათ თბილისელების სახელით, მადლობა გადავუხადო.
გუშინ მთავრობის სხდომაზე „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" 17 თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მივანიჭეთ. ვულოცავ მათ ამ მნიშვნელოვანი სტატუსის მიღებას. ამ ადამიანებმა თავიანთი პროფესიონალიზმით შექმნეს დღევანდელი დღე, თუმცა გაცილებით მეტი ადამიანი იმსახურებს დაფასებას და ჩვენი მხრიდან მადლიერების გამოხატვას. მაშინ, როდესაც ქალაქს სძინავს, მეტროში დასაქმებული ადამიანები მიწისქვეშა ქალაქში იწყებენ თავდაუზოგავ შრომას. მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელს გიორგი შარკოვს და თბილისის მეტროპოლიტენს განვითარება უსურვა.
„თბილისის მეტროპოლიტენს ვუსურვებ განვითარებას და იმ გამოწვევების ღირსეულად დაძლევას, რომელთა წინაშეც დღეს დგას. სამწუხაროდ, არაერთი განხორციელებული პროექტის მიუხედავად, ამ მიმართულებით გამოწვევები ჯერ კიდევ გვრჩება. მუნიციპალიტეტს მომდევნო წლებში დაგეგმილი აქვს არაერთი მასშტაბური პროექტი. კერძოდ, 12 მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია და განახლება; თანამედროვე სტანდარტების 111 ვაგონის შემოყვანა; თბილისის მეტროს პირველი ხაზის დაგრძელება, როგორც გლდანის, ისე ვარკეთილის მიმართულებით; „ახმეტელის თეატრისა" და „მარჯანიშვილის" მეორე ამოსასვლელების მოწყობა და ა.შ. ჩვენ ამ ყველაფერზე არ გავჩერდებით, რადგან თბილისი მომდევნო წლებში უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მიმზიდველი ქალაქი, ამაში კი იგულისხმება როგორც გამართული სატრანსპორტო სისტემა, ისე ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და სხვა", - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საკითხში გამოხატული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა ცენტრალურ ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს.
„რასაკვირველია, მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია, რომ არ გვქონდეს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა, რისთვისაც მინდა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადო. 60 წლის წინ თბილისში მეტრო გაიხსნა და ამით დაიწყო დედაქალაქის თანამედროვე სატრანსპორტო ისტორია. დარწმუნებული ვარ, გზა, რომელსაც ახლა გადის მეტროპოლიტენი, ხვალ აუცილებლად სასიკეთოდ შეცვლის თბილისის ცხოვრებას", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალურმა დირექტორმაც და უწყების თითოეულ თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„განსაკუთრებული მადლიერება ეკუთვნით იმ თაობებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მეტროს მშენებლობაში, განვითარებასა და ფუნქციონირებაში. სწორედ მათი და თბილისის მეტროს ტექნიკური პერსონალის - მემანქანეების, დისპეჩერებისა და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა არის ის მყარი საფუძველი, რომელიც განაპირობებს სისტემის უწყვეტ და გამართულ მუშაობას. თბილისის მეტრო არ არის მხოლოდ წარსულის მიღწევა, ის არის მომავლის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. დღევანდელი იუბილე არის შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ წარსულს, შევაფასოთ არსებული მიღწევები და ერთობლივად გავაგრძელოთ მუშაობა თბილისის მეტროს კიდევ უფრო განვითარებისთვის. გილოცავთ მეტროს 60 წლის იუბილეს, ვუსურვებ მეტროს სისტემას სტაბილურ განვითარებას, ხოლო მის თითოეულ თანამშრომელს წარმატებასა და კეთილდღეობას", - განაცხადა გიორგი შარკოვმა.
მეტროს მშენებლობაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 1951 წელს მიიღეს. 1952 წელს ჩამოყალიბდა თბილისის მეტრომშენის სამმართველო, რომელიც სათავეში ჩაუდგა მშენებლობის პროცესს. მეტროს მშენებლობა 1953 წელს შეჩერდა და მხოლოდ 1960 წელს განახლდა. ის მსოფლიოში 26-ე, ხოლო ყოფილ საბჭოთა კავშირში მეოთხე იყო.
1965 წლის 28 ნოემბერს მემანქანე ნოე ლაცაბიძემ ხაზზე პირველი საცდელი მატარებელი გაიყვანა. თბილისის მეტრო 1966 წლის 10 იანვარს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, 11 იანვარს კი ყველა მგზავრისთვის ამუშავდა. ამჟამად, თბილისის მეტრო 23 სადგურისგან შედგება, ხოლო მეტროს ფუნქციონირებაში და შეუფერხებელ მუშაობაში სულ 2 800-მდე თანამშრომელია ჩართული.
მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერიის, საკრებულოსა, პარლამენტის, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები
31 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა კეთილმორწმუნე მეფის თამარის მიცვალებას აღნიშნავს
31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
31 იანვარის ამინდის პროგნოზი
,,დიდი პატივია დღეს აქ დგომა და თბილისის მეტროპოლიტენის 60 წლის იუბილეს თქვენთან ერთად აღნიშვნა''- შალვა პაპუაშვილი
კახა კალაძე: 60 წლის წინ თბილისში მეტრო გაიხსნა და ამით დაიწყო დედაქალაქის თანამედროვე სატრანსპორტო ისტორია
მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ცხრა თანამშრომელს ღირსების ორდენები გადასცა
,,ეს თარიღი ჩვენი ქალაქის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გვახსენებს''- ირაკლი კობახიძე
ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი აირის გაზრდილ დარიცხვებზე განცხადებას ავრცელებს
ბექა ოდიშარია - ისეთი სახელდებები, რომლებიც ჩვენს ისტორიასთან და დღევანდელობასთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის, უნდა გადაფასდეს
რა საშუალებები დაგვეხმარება სეზონური ვირუსული ინფექციების სიმპტომების შემსუბუქებაში
ჩვენ რეფერენტული ფასები გვაქვს, დაახლოებით, 7000-ზე მეტ მედიკამენტზე და შესაძლებელია ამ პროცესის გაგრძელებაც ერთ-ერთი გზა იყოს, არსებობს სივრცე - მედიკამენტებზეც შემცირდეს ფასები - ლევან ჟორჟოლიანი
30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
30 იანვარის ამინდის პროგნოზი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია იმართება
ბათუმის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა
თბილისი 2026 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე ტრენდულ ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა
ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
ჟინვალი-ანანურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს