საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს. წერილი უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც წერილში აღნიშნულია, თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების შესაძლო გაერთიანება არ გამომდინარეობს „უმაღლესი განათლების სისტემის ეროვნული კონცეფციის" არსიდან, მიზნებიდან და ლოგიკიდან.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პატივისცემით ეკიდება უმაღლესი განათლების სისტემაში რეფორმების განხორციელების აუცილებლობას და მიესალმება იმ პრინციპებს, რომლებიც დეკლარირებულია „უმაღლესი განათლების სისტემის ეროვნული კონცეფციით". თუმცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანება არ გამომდინარეობს აღნიშნული კონცეფციის არსიდან, მიზნებიდან და ლოგიკიდან, შესაბამისად, ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რაც რეფორმითაა განსაზღვრული.

დღემდე აკადემიური საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგადი ფორმულირებები, რომელთა მიხედვითაც დაგეგმილი გაერთიანება - რაც არსობრივად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ინსტიტუციური სტატუსის გაუქმებას ნიშნავს - წარმოდგენილია, როგორც უმაღლესი განათლების სისტემის ოპტიმიზაციისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების საშუალება. აღნიშნული განცხადებები, დეტალური შინაარსობრივი, სტრუქტურული და სამეცნიერო ანალიზის გარეშე, არ იძლევა საფუძველს კონსტრუქციული და პროფესიული დისკუსიის გასაშლელად.

სამწუხაროდ, დღემდე აკადემიურ საზოგადოებას არ გასცნობია რეფორმის კონცეპტუალური დოკუმენტები, მისი განხორციელების მოდელი, ვადები, ფინანსური უზრუნველყოფის გარანტიები (მექანიზმები), სამეცნიერო კომპონენტი ან რეფორმის შემმუშავებელთა პროფესიული შემადგენლობა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება დაკომპლექტებულია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში აღიარებული მეცნიერებითა და მკვლევრებით, თუმცა მათ არ ჰქონიათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნული რეფორმის განხილვასა და ფორმირებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ვერ განიხილება, როგორც რომელიმე სხვა ინსტიტუციის სტრუქტურული დანაყოფი ან „სკოლა". ჩვენი თითოეული საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი წარმოადგენს დამოუკიდებელ სამეცნიერო-აკადემიურ სკოლას, რომელმაც ჩამოაყალიბა და განავითარა საინჟინრო აზროვნება და პრაქტიკა საქართველოში. ჩვენი ქვეყნის განვითარება იყო, არის და, რწმენა გვაქვს, იქნება დაფუძნებული ქართველი ინჟინრების ცოდნასა და პროფესიულ პასუხისმგებლობაზე. ეს არ არის მხოლოდ ემოციური სიტყვები, ეს არის ტრადიცია, წარსულის მემკვიდრეობა და მომავლის განვითარების საფუძველი.

ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე იგი უნივერსალურ სასწავლო-კვლევით დაწესებულებად ჩამოყალიბდა. უნივერსიტეტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ქვეყნის ინდუსტრიული, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული სექტორების განვითარებაში. ასწლოვანი ისტორიის გათვალისწინებით, ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ერთადერთი საინჟინრო-ტექნოლოგიური ცოდნის ტაძარია საქართველოში. დიდი ილია თავის დროზე ამბობდა: „თუ ქვეყანას 12 განათლებული ინჟინერი ეყოლება, ის უფრო სწრაფად და მყარად განვითარდება, ვიდრე მხოლოდ სიტყვით მოაზროვნე ადამიანებით". საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არათუ 12, მისი არსებობის 104-წლიანი ისტორიის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტი პროფესიონალი ინჟინერი გაუზარდა საქართველოს, რომელმაც შექმნა და ფეხზე დააყენა ეს ქვეყანა და ასეთ დამოკიდებულებას არც ჩვენი ისტორია, არც აწმყო და არც მომავალი არ იმსახურებს. ჩვენ ვერ ვიქნებით თაობა, რომელმაც დაუშვა ცოდნის ტაძრის დანგრევა და ქვეყნის დაბრუნება 100 წლით უკან, უფესვებო, უმომავლო საქართველოში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი ავტორიტეტითა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით გვიშუამდგომლოთ რეფორმის შემმუშავებელ კომისიასთან, რათა მიმდინარე ეტაპზე აკადემიურ საზოგადოებას მიეწოდოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია დაგეგმილი რეფორმის შინაარსის, მიზნების, განხორციელების მექანიზმებისა და ვადების შესახებ. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ღია, გამჭვირვალე და პროფესიულ დიალოგზე დაფუძნებული პროცესი უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების სისტემის რეალურ განვითარებასა და ეროვნული ინტერესების დაცვას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების მოთხოვნაა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების საკითხის საპარლამენტო მოსმენამდე, პარლამენტის განათლების კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლები მოვიდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში და მოხდეს საჯარო განხილვა ჩვენს საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან. ან მოხდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლების დასწრება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საპარლამენტო განხილვაზე", - ნათქვამია წერილში.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს
ირანისკენ დიდი გემები მიემართება. შესანიშნავი იქნებოდა, თუ მათი გამოყენება არ მოგვიწევდა -ტრამპი
იანვრის ბოლოს 24 სახელმწიფოსგან შემდგარმა ჯგუფმა ოფიციალურად დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" გამოყენება-დავით ქართველიშვილი
მუნიციპალური განვითარების ფონდმა რაგბის 14 სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა
დონალდ ტრამპის სარისკო თამაში
აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს გამართავს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ექვსი წევრი დააკავეს
დებატებზე წინაპირობების წაყენება არის მცდელობა, გაექცე პასუხისმგებლობას, უარი თქვა საუბარზე, რომელიც არ გინდა, შედგეს, ჩვენ არანაირ წინაპირობებს არ დავაყენებთ-ალექსანდრე რაქვიაშვილი
,,უკრაინაში ომის დასრულება, უპირველეს ყოვლისა, ევროპის პასუხისმგებლობააპენტაგონი: უკრაინაში ომის დასრულება, უპირველეს ყოვლისა, ევროპის პასუხისმგებლობაა''- პენტაგონი
თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით და აღსრულებაშიც ჰქონდათ უკვე მოყვანილი -კახა კალაძე
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ დონბასის ტერიტორია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა-დიმიტრი პესკოვი
"ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს დასრულდება"-ტრამპისა და ზელენსკი შეხვედრა დაახლოებით ერთ საათში დასრულდა
ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის -ჟან-კლოდ იუნკერი
აბსოლუტური უმრავლესობა ჩემს კურსს უჭერს მხარს, არსებობს მიშას ახალი თაობა, თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის, მე რომ გარეთ ვიყო, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი -მიხეილ სააკაშვილი
მედიამ ფაქტები და მოსაზრებები უნდა გამიჯნოს, ამბები მიუკერძოებლად გაავრცელოს-კახა ბექაური
ოპოზიციას, შეიძლება, გაერთიანების პერსპექტივა აქვს, მაგრამ იდეა არ იცვლება, სალომე ზურაბიშვილის კარტიც უკვე გათამაშდა და ვფიქრობ, ამას თავადვე ხვდება -გია ვოლსკი
პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს
გაზსადენის დაზიანების გამო, 12250 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა
Berliner Zeitung: საფრანგეთმა ამერიკასთან უთანხმოების გამო, შესაძლოა, ნატო დატოვოს
"უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა? არანაირი თავდაცვა არ ხდება, უკრაინა რუსულ დრონებს და რაკეტებს ჯეროვან წინააღმდეგობას ვეღარ უწევს"-Berliner Zeitung