"აბუ-დაბის მოლაპარაკებების წინ: მოსკოვის მასირებული შეტევა უკრაინის ენერგოსისტემაზე, დიდი ყინვების დროს"-TRT

თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციის TRT-ის  (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „აბუ-დაბის მოლაპარაკებების წინ: მოსკოვის მასირებული შეტევა უკრაინის ენერგოსისტემაზე, დიდი ყინვების დროს“, რომელშიც უკრაინაში შექმნილი მძიმე სიტუაციაა განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სამშაბათს, ოთხწლიანი ომის დასრულებისკენ მიმართული ახალი მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, რუსეთმა მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით, რის გამოც ასობით ათასი უკრაინელი გათბობის გარეშე დარჩა.

თავდასხმები დაემთხვა პერიოდს, როდესაც უკრაინა რუსეთის აგრესიის განმავლობაში ყველაზე ცივ დღეებს განიცდის. იერიშის შედეგად დაზიანდა საბჭოთა ეპოქის მეორე მსოფლიო ომის სიმბოლური მონუმენტიც. გარდა ამისა, ეს თავდასხმა მოხდა ზუსტად ერთი დღით ადრე იმ შეხვედრამდე, რომელიც აბუ-დაბიში უკრაინელ და რუს მომლაპარაკებლებს შორის მეორე რაუნდის ფარგლებში უნდა გაიმართოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაგმო მომხდარი: „ზამთრის ყველაზე ცივი დღეებით სარგებლობა და ხალხის ტერორიზება რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დიპლომატიის მცდელობა“.

ფრანგული სააგენტო AFP-ის კორესპონდენტებს მთელი ღამის განმავლობაში ესმოდათ აფეთქებების ხმა დედაქალაქში. 1000-ზე მეტი კორპუსის მცხოვრებმა გაღვიძებისას აღმოაჩინა, რომ გათბობის სისტემები გაითიშა - ეს მოხდა იმ დროს, როცა ტემპერატურა ქუჩაში -20°C-მდე დაეცა.

კრემლმა გასულ კვირას განაცხადა, რომ დათანხმდა აშშ-ის თხოვნას კიევზე შვიდი დღის განმავლობაში თავდასხმების შეწყვეტის შესახებ; ეს ვადა კვირას ამოიწურა. უკრაინული მხარის ცნობით, გასულ კვირას დედაქალაქზე მასშტაბური იერიშები არ მომხდარა, თუმცა ქვეყნის სხვა რეგიონებზე თავდასხმები გრძელდებოდა.

ენერგეტიკის მინისტრმა დენის შმიგალმა აღნიშნა: „სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ასევე დრონები გამოყენებულ იქნა მრავალსართულიანი შენობებისა და თბოელექტროსადგურების დასაბომბად. ასობით ათასი ოჯახი, მათ შორის ბავშვები, განზრახ დატოვეს გათბობის გარეშე ყველაზე მკაცრი ყინვების დროს“.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა 71 რაკეტა და 450 დრონი გამოიყენა, საიდანაც 38 რაკეტა და 412 დრონი განადგურდა ან იქნა მოგერიებული. ოფიციალური პირების თქმით, დედაქალაქში ხუთი ადამიანი დაშავდა, ათასობით კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

„სიმბოლური და ცინიკური“

დაზიანდა ქალაქის საბჭოთა ეპოქის დიდებული მონუმენტის - „სამშობლო-დედის“ კვარცხლბეკი. კულტურის მინისტრმა ტატიანა ბერეჟნამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ეს ერთდროულად სიმბოლურიცაა და ცინიკურიც: აგრესორი სახელმწიფო ბომბავს ადგილს, სადაც მე-20 საუკუნის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას მიაგებენ პატივს და თავის დანაშაულებს 21-ე საუკუნეში იმეორებს“.

ამ თვეში რუსულმა თავდასხმებმა არაერთხელ გაანადგურა ათიათასობით სახლის ელექტრო და გათბობის სისტემები. კიევი და მისი ევროპელი მოკავშირეები მოსკოვს უკრაინის მოსახლეობის განზრახ გაყინვის მცდელობაში ადანაშაულებენ.

იერიშები განხორციელდა ქვეყნის მეორე დიდ ქალაქ ხარკოვზეც, სადაც გათბობა დროებით 100 000-მდე აბონენტს შეუწყდა. ხარკოვის გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბოვმა სოციალურ ქსელ Telegram-ში დაწერა, რომ მრავალსაათიანი თავდასხმა მიზნად ისახავდა ენერგოინფრასტრუქტურის განადგურებას და „მაქსიმალური ზიანის მიყენებას... რათა ქალაქი ძლიერი ყინვის დროს გათბობის გარეშე დარჩენილიყო“.

ღამის განმავლობაში ტემპერატურა კიევში -19°C-მდე, ხოლო ხარკოვში -23°C-მდე დაეცა.

აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი მოლაპარაკებები

ვაშინგტონი ორ მხარეს შორის გამოსავალს ეძებს, თუმცა გასულ უქმეებზე აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების პირველ რაუნდში პროგრესი არ დაფიქსირებულა. მეორე რაუნდი ოთხშაბათს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში უნდა დაიწყოს.

ზელენსკიმ ორშაბათს აღნიშნა, რომ რუსეთთან ბოლოდროინდელი „დეესკალაციის“ მცდელობები მოლაპარაკებებში ნდობის აღდგენას ეხმარებოდა, თუმცა ეს ენერგოობიექტებზე იერიშების განახლებამდე ითქვა. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ტერიტორიულ საკითხებზე უნდა იყოს ფოკუსირებული, თუმცა ამ კრიტიკულ თემაზე წინსვლა ჯერჯერობით არ შეინიშნება. რუსეთი დონეცკის ოლქზე სრულ კონტროლს ითხოვს, რასაც კიევი კატეგორიულად უარყოფს.

ფრანგული სააგენტო „ფრანს პრესის“ (AFP) ანალიზის თანახმად, იანვრის განმავლობაში მოსკოვის ჯარებმა უკრაინაში წინსვლა დააჩქარეს და წინა თვესთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი ტერიტორია დაიკავეს. „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) მონაცემებით, იანვარში რუსეთმა 481 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია ჩაიგდო ხელში, მაშინ როცა 2025 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 244 კვადრატული კილომეტრი იყო. ეს არის ომის ოთხი წლის განმავლობაში ზამთრის თვეში დაფიქსირებული ყველაზე სერიოზული წინსვლა.

 

წყარო:





მსგავსი სიახლეები
სამხედრო სიმულაციამ, რომელიც ლიეტუვაში რუსეთის შეჭრას მოდელირებდა, ნატოს პოტენციური მოუმზადებლობა გამოავლინა -The Wall Street Journal
"რეჯეფ ერდოღანის ვიზიტი ერ-რიადში:თურქულ-არაბული ურთიერთობების მიმოხილვა"-TRT
"აბუ-დაბის მოლაპარაკებების წინ: მოსკოვის მასირებული შეტევა უკრაინის ენერგოსისტემაზე, დიდი ყინვების დროს"-TRT
"ინდოეთის ხელისუფლება მიესალმება დონალდ ტრამპთან დადებულ „გარიგებას“, მაგრამ რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას არ ადასტურებს"-Financial Times
"ნატოს პრობლემა: შობადობის დაბალი დონე"-Newsweek
"ევროკავშირის არმია ევროპას ვერ დაიცავს, ეს მხოლოდ ნატოს შეუძლია"-The Daily Telegraph
"ნატურალური ღვინოები, ხანგრძლივი ქვეითი მარშრუტები და ისტორია: შეუძლია თუ არა ქუთაისს პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად გადაიქცეს?"-Euronews
"თურქეთის პოზიცია: დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" მნიშვნელობა პალესტინისა და მსოფლიოს  მომავლისთვის"-TRT
"სამხედრო ისტორიკოსი გვაფრთხილებს: "ჩვენ რუსეთი ობიექტურად უნდა შევაფასოთ"-Bild
"უკრაინა ადამიანებს ეძებს"-Україньска правда
"შეძლებს ამერიკა ვლადიმერ პუტინის დარწმუნებას უარი თქვას დონბასზე?"- The Spectator
"იმიგრანტები: ჩვენ თერითაუნის გულისცემა ვართ"-The Hudson Independent
"ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში წმენდა მიმდინარეობს, სი ძინპინი კი ქვეყნის არმიის ერთპიროვნული ხელმძღვანელი ხდება"-Financial Times
"კომუნალური კატასტროფა უკრაინაში: წყდება ქვეყნის ბედი"-უცხოური პრესა
პლებისციტის მეორე ცდა ბოლო 6 თვეში - როგორი იქნება "ოცნების" პასუხი
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ამერიკელები მოკვლით დაემუქრნენ, თუ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ ითანამშრომლებდნენ
"ჩვენ გვსურს მივიღოთ ყინულის ნაჭერი, მაგრამ დანიელები არ გვაძლევენ", ანუ რაზე ილაპარაკა დონალდ ტრამპმა დავოსში"-BBC
"აშშ თვლის, რომ ძალა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საერთაშორისო სამართალი"- BBC
"ევროპა რუსულ გაზს გადაეჩვია: 2026 წლის მკაცრი ზამთრის მიუხედავად, ენერგოკრიზისი არ შეინიშნება"-BBC
"აშშ-ის სწრაფვას გრენლანდიის დასაუფლებლად ნატოში მწვავე განხეთქილება შეაქვს: დონალდ ტრამპს შეუძლია კუნძულს დაეპატრონოს, მაგრამ დაკარგავს ევროპის კონტინენტს"-The Economist