"რეჯეფ ერდოღანის ვიზიტი ერ-რიადში:თურქულ-არაბული ურთიერთობების მიმოხილვა"-TRT
თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციის TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „რეჯეფ ერდოღანის ვიზიტი ერ-რიადში: თურქულ-არაბული ურთიერთობების მიმოხილვა“. პუბლიკაციაში საკმაოდ ვრცლად არის განხილული ჩვენი მეზობელი ქვეყნის - თურქეთის კავშირები არაბულ სამყაროსთან. აქვე შევნიშნავთ, რომ მე-16 - მე-18 საუკუნეებში არაბეთის ნახევარკუნძული თურქეთის (ოსმალეთის იმპერიის) შემადგენლობაში შედიოდა.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ორმხრივი ვაჭრობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების ფარგლებში, ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან შესახვედრად რიადს სტუმრობს.
პოლიტიკური კავშირების გაძლიერება თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ვაჭრობას განამტკიცებს და, ამავდროულად, რეგიონულ სტაბილურობაში შეაქვს წვლილი.
როგორც ახლო აღმოსავლეთის ორმა მნიშვნელოვანმა მოთამაშემ, თურქეთმა და საუდის არაბეთმა ბოლო წლებში ურთიერთგახშირებული უმაღლესი დონის ვიზიტების მეშვეობით ხანგრძლივი ურთიერთობები კიდევ უფრო გააღრმავეს.
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამშაბათს საუდის არაბეთს მორიგი ვიზიტით ეწვია. მოსალოდნელია, რომ ოფიციალური დახვედრის ცერემონიალისთვის ერდოღანს დედაქალაქ რიადში, ალ-იამამას სასახლეში, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი მიიღებს.
ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროსა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEİK) ორგანიზებით, „საუდის არაბეთი–თურქეთის ბიზნესფორუმი“ გაიმართება.
გამგზავრებამდე, გასულ კვირას, საუდის არაბეთის მინისტრთა საბჭომ შესაბამის უწყებებს უფლებამოსილება მიანიჭა თურქეთთან განახლებადი ენერგიისა და სამოქალაქო თავდაცვის სფეროებში შეთანხმებების დასასრულებლად და დაამტკიცა ურთიერთგაგების მემორანდუმი სოციალური მომსახურების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
საუკუნეზე მეტი ხნის კავშირები
თურქეთმა და საუდის არაბეთმა, რომლებმაც დიპლომატიური ურთიერთობები 1929 წელს „მეგობრობის ხელშეკრულების“ ხელმოწერით დაამყარეს, თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში მტკიცე კავშირები შექმნეს ურთიერთვიზიტების და ისეთი რეგიონული ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია (İİT).
მაშინ, როცა ორმხრივი ურთიერთობები დიპლომატიური ვიზიტებით ძლიერდებოდა, 1966 წელს საუდის არაბეთის იმდროინდელი მეფე ფაისალ ბინ აბდულაზიზ ალ საუდი თურქეთს ეწვია მუსლიმურ ქვეყნებს შორის ერთიანობის მცდელობის ფარგლებში.
ირან-ერაყის ომის დროს, საერთო ინტერესების საფუძველზე, დაახლოების ახალი პერიოდი დაიწყო; თურქეთის რესპუბლიკის იმდროინდელი პრეზიდენტი ქენან ევრენი ასევე ეწვია საუდის არაბეთს.
2003 წლის 11 ოქტომბერს, ჯედაში, საუდის არაბეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან გაფორმებული ხელშეკრულებით, DEİK-ის ფარგლებში თურქეთ-საუდის არაბეთის ბიზნესსაბჭო ჩამოყალიბდა.
2006 წლის 8 აგვისტოს საუდის არაბეთის მაშინდელი მეფე აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ საუდი 50-ზე მეტ ბიზნესმენთან ერთად ეწვია თურქეთს; ეს იყო პირველი ვიზიტი მეფის დონეზე 40-წლიანი პაუზის შემდეგ.
თურქეთმა და საუდის არაბეთმა ხელი მოაწერეს ოქმს ერთობლივი ეკონომიკური კომისიის (OEK) შექმნის შესახებ, სხვადასხვა სექტორში ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით.
თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის მჭიდრო ურთიერთობები აისახება ორმხრივ ვაჭრობაზეც.
საუდის არაბეთი, რომელიც შემოსავლების 85–90%-ს ნავთობიდან იღებს, თურქეთში ნედლი ნავთობისა და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტს ახორციელებს, ხოლო თურქეთიდან შეაქვს სხვადასხვა პროდუქცია, როგორიცაა ხალიჩები, დამუშავებული სამშენებლო ქვები, თამბაქოს ნაწარმი, საკვები და ავეჯი.
თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, 2024 წელს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 8 მილიარდ დოლარს მიაღწია.
თავდაცვა და სამხედრო პარტნიორობა
თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებამ დადებითი გავლენა მოახდინა სამხედრო თანამშრომლობაზეც.
2015 წლის ივლისში ASELSAN-მა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მეფე აბდულაზიზის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ქალაქთან და TAQNIA DST-თან, თავდაცვის ელექტრონიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიზნით.
მას შემდეგ, რაც შეფასდა, რომ ASELSAN-ის პროდუქცია საუდის არაბეთის შესაბამისი უწყებების საჭიროებებს აკმაყოფილებდა, 2016 წელს ASELSAN-სა და TAQNIA DST-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
საუდის არაბეთის თავდაცვის ელექტრონიკის კომპანია (SADEC), რომელიც ASELSAN-ისა და TAQNIA DST-ის პარტნიორობით დაარსდა, ორ ქვეყანას შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობის მაგალითია.
საბრძოლო დრონების მწარმოებელმა კომპანია Baykar-მა 2023 წლის ივლისში საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა საექსპორტო და თანამშრომლობის ხელშეკრულება Bayraktar AKINCI-ს ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებისთვის. ეს შეთანხმება თურქეთის ისტორიაში თავდაცვისა და საავიაციო სფეროში უმსხვილეს საექსპორტო კონტრაქტად დაფიქსირდა.
თანამშრომლობა ახლო აღმოსავლეთში
როგორც რეგიონის მნიშვნელოვანმა სამხედრო და ეკონომიკურმა ძალებმა, თურქეთმა და საუდის არაბეთმა ბოლო წლებში პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობების გაძლიერებით რეგიონულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს.
ანკარამ და რიადმა, კონფლიქტის ნაცვლად კონტროლირებად კონკურენციასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული მოწიფული ბალანსის შენარჩუნებით, ეფექტიანი პოზიციები დაიკავეს პალესტინის, სირიის, სუდანის, სომალისა და იემენის კრიზისებთან დაკავშირებით ისეთი ინსტიტუტების მეშვეობით, როგორიცაა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია და გაერო.
2023 წლის ოქტომბერში ისრაელის მიერ ღაზის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ, თურქეთმა და საუდის არაბეთმა პალესტინის საკითხში პოზიციები შეაჯერეს; ორ ქვეყანას საერთო ინტერესები აკავშირებს „ორი სახელმწიფოს“ პრინციპით გადაჭრის მხარდაჭერასა და შესაძლო პოლიტიკურ მოგვარებაში ერთობლივი როლის აღებაში.
თურქეთმა და საუდის არაბეთმა ასევე აჩვენეს მტკიცე თანამშრომლობა რეგიონის სხვა ქვეყნებთან 2024 წლის დეკემბერში სირიაში შიდა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, სადაც ბაშარ ასადის რეჟიმი დაემხო. აჰმედ შარას ხელმძღვანელობით ახალი ხელისუფლების მხარდაჭერით, თურქეთის და საუდის არაბეთის მთავრობებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს იმ საერთაშორისო სანქციების მოხსნაში, რომლებიც ხელს შეუწყობს სირიის აღდგენის პროცესს.
გარდა ამისა, თურქეთი და საუდის არაბეთი აგრძელებენ მტკიცე პოზიციის შენარჩუნებას იემენში წლების განმავლობაში მიმდინარე შიდა კონფლიქტების, ასევე სუდანსა და სომალიში არსებული კრიზისების სტაბილიზაციის სასარგებლოდ ჰუმანიტარული ძალისხმევისა და დიპლომატიური მხარდაჭერის გზით.
მსგავსი სიახლეები
სამხედრო სიმულაციამ, რომელიც ლიეტუვაში რუსეთის შეჭრას მოდელირებდა, ნატოს პოტენციური მოუმზადებლობა გამოავლინა -The Wall Street Journal
"რეჯეფ ერდოღანის ვიზიტი ერ-რიადში:თურქულ-არაბული ურთიერთობების მიმოხილვა"-TRT
"აბუ-დაბის მოლაპარაკებების წინ: მოსკოვის მასირებული შეტევა უკრაინის ენერგოსისტემაზე, დიდი ყინვების დროს"-TRT
"ინდოეთის ხელისუფლება მიესალმება დონალდ ტრამპთან დადებულ „გარიგებას“, მაგრამ რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას არ ადასტურებს"-Financial Times
"ნატოს პრობლემა: შობადობის დაბალი დონე"-Newsweek
"ევროკავშირის არმია ევროპას ვერ დაიცავს, ეს მხოლოდ ნატოს შეუძლია"-The Daily Telegraph
"ნატურალური ღვინოები, ხანგრძლივი ქვეითი მარშრუტები და ისტორია: შეუძლია თუ არა ქუთაისს პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად გადაიქცეს?"-Euronews
"თურქეთის პოზიცია: დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" მნიშვნელობა პალესტინისა და მსოფლიოს მომავლისთვის"-TRT
"სამხედრო ისტორიკოსი გვაფრთხილებს: "ჩვენ რუსეთი ობიექტურად უნდა შევაფასოთ"-Bild
"უკრაინა ადამიანებს ეძებს"-Україньска правда
"შეძლებს ამერიკა ვლადიმერ პუტინის დარწმუნებას უარი თქვას დონბასზე?"- The Spectator
"იმიგრანტები: ჩვენ თერითაუნის გულისცემა ვართ"-The Hudson Independent
"ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში წმენდა მიმდინარეობს, სი ძინპინი კი ქვეყნის არმიის ერთპიროვნული ხელმძღვანელი ხდება"-Financial Times
"კომუნალური კატასტროფა უკრაინაში: წყდება ქვეყნის ბედი"-უცხოური პრესა
პლებისციტის მეორე ცდა ბოლო 6 თვეში - როგორი იქნება "ოცნების" პასუხი
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ამერიკელები მოკვლით დაემუქრნენ, თუ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ ითანამშრომლებდნენ
"ჩვენ გვსურს მივიღოთ ყინულის ნაჭერი, მაგრამ დანიელები არ გვაძლევენ", ანუ რაზე ილაპარაკა დონალდ ტრამპმა დავოსში"-BBC
"აშშ თვლის, რომ ძალა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საერთაშორისო სამართალი"- BBC
"ევროპა რუსულ გაზს გადაეჩვია: 2026 წლის მკაცრი ზამთრის მიუხედავად, ენერგოკრიზისი არ შეინიშნება"-BBC
"აშშ-ის სწრაფვას გრენლანდიის დასაუფლებლად ნატოში მწვავე განხეთქილება შეაქვს: დონალდ ტრამპს შეუძლია კუნძულს დაეპატრონოს, მაგრამ დაკარგავს ევროპის კონტინენტს"-The Economist