ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედიდან“ „ჰანიველ პარტნერსის“ გასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

„ჰანიველ პარტნერსი" ტელეკომპანია „იმედიდან" გამოსვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ჰანიველ პარტნერსის" ხელმძღვანელის, ირაკლი რუხაძის განცხადებაშია აღნიშნული, „იმედიდან" გასვლის გადაწყვეტილება პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

ამასთან, რუხაძე განცხადებაში გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს.

„ამ განცხადებაში შევეცდები ავხსნა ის რთული და ემოციური გადაწყვეტილება, რომელიც მე და ჩემმა პარტნიორებმა მივიღეთ „ტელე-იმედთან" („იმედი") დაკავშირებით. 2018 წელს, როცა ბადრი პატარკაციშვილის აქტივების დაბრუნებაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდებოდა, ბადრის ოჯახმა გვთხოვა, რომ მათგან გამოგვესყიდა „იმედი". მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის ფლობა საქართველოში ჩემს გეგმებში არ შედიოდა და ზოგიერთი ჩემი პარტნიორი საერთოდ ამ ნაბიჯის წინააღმდეგი იყო, დავეთანხმეთ ბადრის ოჯახს „იმედის" ყიდვაზე. 2003 წლიდან „იმედის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვიყავი და კარგად მესმოდა, რომ „იმედის" ფლობა სარისკო იყო ჩვენი ბიზნესჯგუფისთვის. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ბიზნესი გამოყოფილი უნდა იყოს პოლიტიკისგან და ამიტომ ვერიდებოდით პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას. „იმედის" განცალკევება პოლიტიკისგან კი ყოველთვის რთული იყო.

ამიტომ, 2018 წელს მე და ჩემი პარტნიორები შევთანხმდით ორ მიზანზე:

1. „იმედი" იდგებოდა ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარების სადარაჯოზე. ეს კი უპირველეს ყოვლისა გამოიხატებოდა იმაში, რომ არ მიგვეცა „ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ანასხლეტებისათვის ხელისუფლებაში დაბრუნების, ქვეყნის ხელახლა არევისა და „იმედის" ხელმეორედ მიტაცების საშუალება (2022 წლიდან „ქვეყნის არევა" ასევე მოიცავდა საქართველოს რუსეთთან ომში ხელმეორედ ჩართვის საფრთხეს);

2. „იმედი" გვემართა სარედაქციო პოლიტიკაში მინიმალური ჩარევით (ძლიერ მენეჯმენტის ჯგუფზე დაყრდნობით, რომელიც მომართული იქნებოდა პირველი მიზნის შესრულებაზე) და ამით მაქსიმალურად შეგვემცირებინა პოლიტიკის მიერ ჩვენი ბიზნესისთვის ხელის შეშლის რისკი.

„იმედის" თვითმიზანი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების" უპირობო მხარდაჭერა, თუმცა „ქართული ოცნების" მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ადვილად მისაღები გადაწყვეტილება იყო. საერთოდ, როგორ შეიძლება, შეადარო ეს ორი პარტია ერთმანეთს ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, სასამართლო სისტემა, პენიტენციური სისტემა, ბიზნესის თავისუფლება, მშვიდობა, ამ თავისუფლებასა და მშვიდობაზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვა, განათლების სისტემა და ა.შ.?! პარტიებს, რომელთა ლიდერებმაც თავიანთი მოსახლეობის თითქმის 10% გაუსაძლისი პირობების ციხეებში გამოკეტეს, არ შეიძლება, პრეტენზია ჰქონდეთ ქვეყნის ხელახლა მართვაზე.

შეიძლება ითქვას, რომ გასული შვიდი-რვა წლის განმავლობაში, ჩვენი მიზნები მეტ-ნაკლებად შევასრულეთ. დღეს, „ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტი პარტიები ფაქტობრივად ჩამოიშალნენ. ამ პროცესში „იმედმაც" მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. საქართველოს ომში ჩართვის საშიშროებაც საკმაოდაა შემცირებული. ქვეყნის შიგნით, დიდი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს მთავრობამ ქართული საზოგადოების მხარდაჭერით შეძლო, რომ საქართველოსთვის აეცილებინა ამ ომში მხარედ გამოსვლა. ქვეყნის გარეთაც, ტრამპის ამერიკა აცხადებს, რომ აქტიურად მუშაობს უკრაინის ომის დასრულებაზე. ამიტომ ქვეყნის არევის საშიშროებაც მინიმუმამდეა დასული. ეს კი, როგორც არაერთხელ საჯაროდაც მითქვამს და ზემოთაც აღვნიშნე, მთავარი მიზეზი იყო, რატომაც ტელევიზიის მფლობელობას დავთანხმდით. სხვა მხრივ ტელევიზია ჩვენთვის, როგორც ბიზნესჯგუფისთვის, ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენს (რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს „იმედი" ემოციურად პირადად ჩემთვის). პირიქით, ის ჩვენ დამატებით სირთულეებს გვიქმნის და აზიანებს ჩვენს მთავარ საქმიანობას - ინვესტიციების განხორციელებას საქართველოს ეკონომიკაში.

ჩემს პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან" დამშვიდობება. ეს გადაწყვეტილება ურთულესია პირადად ჩემთვის, რადგან „იმედთან" და მის თანამშრომლებთან ოცზე მეტი ემოციური და სიამაყით სავსე წელიწადი მაკავშირებს. ამ წლების განმავლობაში, „იმედმა" არაერთხელ დაუმტკიცა მტერს და მოყვარეს, რომ ის ანგარიშგასაწევი ძალა იყო. სააკაშვილის მთავრობის მიერ ორგანიზებული დარბევის და მიტაცების შემდეგ, იგი ფენიქსივით აღსდგა უიმედობის ნანგრევებიდან და დღეს ოთხჯერ მეტი მაყურებელი ჰყავს, ვიდრე სიდიდით შემდეგ კონკურენტს. საქართველოს ტელემაყურებლების ნახევარზე მეტი სწორედ „იმედისგან" იგებს, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში. ამისთვის უღრმესი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს მაყურებლებს", - ნათქვამია რუხაძის განცხადებაში.

როგორც რუხაძე აღნიშნავს, „იმედის" ახალი მფლობელი „პრაიმ მედია გლობალი" ხდება.

„ჩემი მთავარი სინანულია „იმედის" თანამშრომლებთან პროფესიული დაშორება (იმედი მაქვს, რომ პირადი მეგობრობები გაგრძელდება). „იმედი" არ არის აპარატურა, სიხშირე ან ლიცენზია. „იმედი" არის ხალხი და ამ ხალხის გამო დარჩა ის ყველაზე ძლიერი და სანდო წლების განმავლობაში. იცოდეთ, რომ წარმოუდგენელი პრივილეგია იყო თქვენთან მუშაობა. ძალიან დამაკლდება ჩვენი შეხვედრები, კამათები, საერთო სიხარული და გაბრაზება, ახალი იდეები და პროექტები, გამარჯვებების ზეიმი. ძალიან დამაკლდება ლუბლიანას ქუჩაზე მოსვლა.

არ იყო ადვილი „იმედისთვის" ახალი მფლობელის პოვნა. მფლობელის, რომელიც ერთი მხრივ ითავებდა „იმედის" დაფინანსებას საბიუჯეტო დანაკლისის შემთხვევებში და ასევე დათანხმდებოდა, შეენერჩუნებინა არსებული მენეჯმენტის აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში. საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა „პრაიმ მედია გლობალზე". კომპანიაზე, რომელიც მრავალი წელია, თანამშრომლობს „იმედთან" რეკლამის გაყიდვაზე. ეს კომპანია შეიძენს „იმედის" 50%-ს და 50% გადავა მაკა ლომიძისა და მისი ოთხი მოადგილის მფლობელობაში.

წარმატება მინდა ვუსურვო მაკას და მის მთელ გუნდს; წარმატება მინდა ვუსურვო „იმედის" ახალ მფლობელს; დაბოლოს, წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას და ვინატრო, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ადგილას გამოჩნდებიან მორალური, გონიერი, თავის საქმის პროფესიონალი პატრიოტები, რომლებიც შეძლებენ ღირსეული ოპონირების გაწევას „ქართული ოცნებისთვის", ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ევროპული მომავლის მისაღწევად". აქ „იმედია"!", - აღნიშნულია რუხაძის განცხადებაში.

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
„პრაიმ მედია გლობალის“ დამფუძნებლის ილია მიქელაიშვილის განცხადება
ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედიდან“ „ჰანიველ პარტნერსის“ გასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს
,,ევროპა სამხრეთ კავკასიის კავშირის რბოლაში ჩამორჩება''- Carnegie Europe
მედია: რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული შიდა პასპორტებისა და მართვის მოწმობების გაცემას აჩერებს
,,უმაღლეს სასწავლებლებში საჭიროა იმ მოდელის დაბრუნება, რომელიც მოიცავს სწავლებას და კვლევას ერთიან სისტემაში''- შალვა პაპუაშვილი
მოლოდინი გვაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს ცვლილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყანაში გარე ჩარევების პრევენციისთვის -არჩილ გორდულაძე
ან თქვით, რომ რაღაცას იზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ, არ "ტეხავს", ხალხი ალტერნატივას როგორ ვერ ხედავს, ეს მეორედ არ გაიმეოროთ, სისულელეა, თავს რას აჯერებთ -ლევან ხაბეიშვილი
ზოგიერთ უცხოელს ჩვენი ქვეყნის აღიარება ხაჭაპურის აღიარება ჰგონია, ჩამოვა და იტყვის, ხაჭაპური და ცეკვა-სიმღერა კარგი გაქვთო, რაც შეეხება სახელმწიფოს, რასაც გეტყვით, ის უნდა გააკეთოთო -შალვა პაპუაშვილი
სალომე ზურაბიშვილი თვითმარქვია პრეზიდენტია, შტანდარტით დადის, საზღვარგარეთ თუ დააქვს, არ ვიცი, ალბათ, დაკეცავს და მიაქვს, ამას ჰოლივუდის თუ არა, ბოლივუდის ფილმი მოუხდებოდა -შალვა პაპუაშვილი
საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღსადგენად შეხვედრები გაიმართა, პროცესი მიდის, ჩვენ მზად ვართ ამისთვის -კახა კალაძე
ბოლო წლებში ვხედავდით უცხოეთიდან გაუმჭვირვალედ შემოსულ თანხებს, ყველა თავმოყვარე ქვეყანა ამ ყველაფერზე რეაგირებას მოახდენს -კახა კალაძე
არგუმენტები გვესმის, მე-12 კლასი გვჭირდება, ბავშვი სკოლას რომ დაამთავრებს, გაიქცეს, რადგან აქ სწავლა არ ვარგაო, იქვე ამბობენ, აქ ისეთი კარგი უნივერსიტეტები გვაქვს, რეფორმა არ გვჭირდებაო -შალვა პაპუაშვილი
ჯგუფები, რომლებიც პატივს არ სცემენ კონსტიტუციურ წესრიგს, თავს აყენებენ დემოკრატიის მიღმა, ამიტომ არ აქვთ უფლება, ჰქონდეთ პრეტენზია, ისარგებლონ დემოკრატიული პროცესებით -შალვა პაპუაშვილი
საქართველო არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ თუ პატარა ქვეყანამ სახელმწიფო გეზად აიღო ტრადიციულობისა და სუვერენიტეტის დაცვა - ეს ყველასთვის შესაძლებელია -დავით ქართველიშვილი
საჭიროა რეაგირება, როცა არის გარკვეული ძალების კონცენტრაცია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არალეგიტიმურად გამოაცხადონ და გეგმის განსახორციელებლად ხდება გარედან თანხების ჩადება-გია ვოლსკი
ევროპას დიდი პრობლემები აქვს იმიგრაციასა და ენერგეტიკაში, ანგრევენ საკუთარ ქვეყანას-დონლად ტრამპი
საქართველოზე იყო დიდი ზეწოლა რუსეთის მიმართ სანქციებისთვის, რასაც ვერ გავაკეთებდით, საკუთარი ხელით ვერ დავაზიანებდით ჩვენი მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს -ირაკლი კობახიძე
გაცხადებული გვაქვს მიზანი, გვინდა, საქართველო გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებული დისკუსიისთვის მზად ვართ -ირაკლი კობახიძე
თავის დროზე, ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი რექტორის პოზიციაზე, გვინდა, თსუ-ს აღვუდგინოთ ის მდგომარეობა, როგორც შეიქმნა ჯავახიშვილის მიერ -ირაკლი კობახიძე