"მგზავრობა უკრაინის ანტიდრონულ დერეფნებში"-New Stetesman

ბრიტანულ ყოველკვირეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ „ნიუ სთეითმენში“ (New Stetesman) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "მგზავრობა უკრაინის ანტიდრონულ დერეფნებში" (ავტორი - უილ ლოიდი). პუბლიკაციაში გადმოცემულია ჟურნალისტის უკრაინული შთაბეჭდილებები, რომელიც მას ფრონტისპირა ქალაქის ნახვის დროს შეექმნა. ავტორი ომის გამო შექმნილ პრობლემებზე და დასავლურ სკანდალებზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

ჩვენ ხარკოვიდან იზიუმში მივემგზავრებით - ქალაქში, რომელიც დონბასის ისტორიულ ჭიშკარს წარმოადგენს. ქუჩაში ყინვაა - მინუს 18 გრადუსი. ავტომანქანიდან უკრაინის მინდორ-ველებს ვუყურებ - სწორს, ბრტყელს და თოვლით გადათეთრებულს. გზის პირას მუშები ორმოებს იღებენ ლითონის ბოძების მიწაში ჩასასობად, რომელთა სიმაღლე ორსართულიანი ავტობუსის სიმაღლეს აღემატება. ბოძები გზის ორივე მხარეს ყოველ 10 მეტრში დგას, მათ ერთმანეთთან, „კედლებისა და სახურავის“ სახით, მტკიცე პლასტიკური ბადეები აკავშირებთ, რომლებიც უკრაინელებს ევროპელმა მებადურებმა და ფერმერებმა აჩუქეს. ბადეები რუსული დრონების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. გზაზე რომ მივდივართ, თავს გამჭვირვალე პულსირებად დერეფანში თუ მდინარეში ვგრძნობთ.
გზა, რომელიც ბადით არის „გადახურული“, ქვეშეცნეულად განგაშის გამომწვევია, ყოველივე ტრადიციულობისა და რეალობის წინააღმდეგ მიმართული. ომი ყველაფერს ცვლის: ჯერ „დრაკონის კბილები“ (რკინა-ბეტონის პირამიდული ფორტიფიკაციები), შემდეგ ნაღმები და ტანკები, ახლა კი თევზსაჭერი ბადეები ცაში დრონების დასაჭერად. არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ბადეები ჩვენ მალე ყველას დაგვჭირდეს. ან მიწისქვეშ ცხოვრება მოგვიწიოს. შესაძლოა ახლო მომავალში ბადეებით მთელი უკრაინის გზები გადაიხუროს: წარმოიდგინეთ სატვირთო ავტომანქანები და მატარებლები, რომლებიც პოლონეთიდან უკრაინაში „ბადის გვირაბ-დერეფნებით“ შედიან და გამოდიან...

იზიუმში, ფრონტისპირა ქალაქში, სადაც მეტი რუსული დრონი დაფრინავს, ბადეებიც უფრო მეტია. ირგვლივ დიზელ-გენერატორების გუგუნი ისმის - თუ გინდა შენს გვერდით მდგომს რაიმე გააგებინო, ხმამაღლა უნდა ელაპარაკო ან იყვირო. საერთოდ, უკრაინა გენერატორების ქვეყნად არის გადაქცეული, ისინი დგანან ყოველ სახლთან, ყოველ მაღაზიასთან, აფთიაქთან, კერძო კომპანიის თუ სახელმწიფო დაწესებულების ოფისებთან. ერთი ჩემი მეგობარი ხუმრობით ამბობს, რომ ამ ზამთარში გენერატორებმა უფრო მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, ვიდრე უკრაინის ყველა ატომურმა ელექტროსადგურმაო. მე არ მჯერა, მაგრამ სიტუაციას რომ ვუყურებ, შეიძლება მეგობარი მართალს ამბობს.

შევდივართ კაფეში. ვესაუბრებით უკრაინელებს - ჯარისკაცებს, რიგით ადამიანებს... კოლეგა ჟურნალისტებიც საკმაოდ არიან. თქვენ წარმოიდგინეთ და აქაც კი - ფრონტისპირა ქალაქში, სადაც ბომბების გრუხუნი და დრონების ხმა ისმის, ჯეფრი ეპშტეინზე ლაპარაკობენ. მე ვცდილობ ავუხსნა ჩემს უცხოელ კოლეგებს, ვინ არის პიტერ მანდელსონი, რომელიც, ჯეფრი ეპშტეინთან მეგობრობის მიუხედავად, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ჯერ აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩად დანიშნა, შემდეგ კი, როცა საშინელი სკანდალი დაიწყო, პოსტიდან გაათავისუფლა. ადამიანი, რომელიც თავის თავს „ბნელეთის მოციქულს“ უწოდებდა და ისეთ პიროვნებას უწევდა კონსულტაციებს, რომელიც არასრულწლოვან გოგონებს პროტიტუციას აძალებდა.
ჩემი კოლეგები ძნელად აღიქვამენ ამ ამბავს - იმიტომ, რომ მათ წარმოდგენებში დიდი ბრიტანეთი ძლიერი და უმწიკვლო სახელმწიფოა, [ვიქტორიანული ისტორიული წესრიგით და ტრადიციებით], რომელიც მსოფლიოში მხოლოდ სიკეთეს თესავს. ერთმა კოლეგამ მკითხა - შეეძლო თუ არა პიტერ მენდელსონს ვიქტორ იანუკოვჩთან ემუშავა - კორუმპირებულ უკრაინის ექს-პრეზიდენტთან, რომელიც კიევში 2014 წელს ევრომაიდნის შემდეგ რუსეთში გაიქცა? ვუპასუხე, რომ არ გამოვრიცხავ-მეთქი.

 


უკრაინის მიმართ ფართოდ არის გავრცელებული მცდარი მიდგომა - თითქოსდა ეს ქვეყანა ნორმიდან გადახრას, ანომალიას და ევროპული მეინსტრიმიდან ამოვარდნილს წარმოადგენს. ჰგავს თუ არა ომამდელი უკრაინა დღევანდელ დიდ ბრიტანეთს, რომელსაც სკანდალები ზედიზედ აზანზარებს? ომამდე უკრაინაში კრიზისი ფართოვდებოდა - პოლიტიკური, ეკონომიკური, გნებავთ, ეკოლოგიურიც, რაც მთავრობების ხშირ გადადგომებს იწვევდა. მთავრობები კომპლექტდებოდა კორუფციონერებით და ისეთი პარტიების წარმომადგენლებით, რომლებიც ოლიგარქების ბადეებში იყვნენ მოქცეულნი საბოლოო ჯამში, უკრაინა გახდა ისეთი ქვეყანა, რომელსაც საზოგადოებაში ავტორიტეტი შეელახა და რომლის სახელმწიფო ინსტიტუტები ლეგიტიმურად არ მიიჩნეოდა.
იქნებ ასეთია დიდი ბრიტანეთის მომავალიც? (...)

წყარო: 





მსგავსი სიახლეები
"მგზავრობა უკრაინის ანტიდრონულ დერეფნებში"-New Stetesman
"მადუროს დამხობის შემდეგ ჰავანის კომუნისტური რეჟიმის ბედი დონალდ ტრამპის წყალობაზეა დამოკიდებული"-The Daily Telegraph
"ტრამპის მმართველობის შემდეგ აშშ-ის აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია"-Financial Times
"რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყების საფრთხე"-The Malta Independent
"მრავალპოლუსიანობის კრიზისი: როგორ იცვლება რუსეთის პოზიციები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიმართ და რა კავშირი აქვს მათთან დონალდ ტრამპს"-BBC
სამხედრო სიმულაციამ, რომელიც ლიეტუვაში რუსეთის შეჭრას მოდელირებდა, ნატოს პოტენციური მოუმზადებლობა გამოავლინა -The Wall Street Journal
"რეჯეფ ერდოღანის ვიზიტი ერ-რიადში:თურქულ-არაბული ურთიერთობების მიმოხილვა"-TRT
"აბუ-დაბის მოლაპარაკებების წინ: მოსკოვის მასირებული შეტევა უკრაინის ენერგოსისტემაზე, დიდი ყინვების დროს"-TRT
"ინდოეთის ხელისუფლება მიესალმება დონალდ ტრამპთან დადებულ „გარიგებას“, მაგრამ რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას არ ადასტურებს"-Financial Times
"ნატოს პრობლემა: შობადობის დაბალი დონე"-Newsweek
"ევროკავშირის არმია ევროპას ვერ დაიცავს, ეს მხოლოდ ნატოს შეუძლია"-The Daily Telegraph
"ნატურალური ღვინოები, ხანგრძლივი ქვეითი მარშრუტები და ისტორია: შეუძლია თუ არა ქუთაისს პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად გადაიქცეს?"-Euronews
"თურქეთის პოზიცია: დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" მნიშვნელობა პალესტინისა და მსოფლიოს  მომავლისთვის"-TRT
"სამხედრო ისტორიკოსი გვაფრთხილებს: "ჩვენ რუსეთი ობიექტურად უნდა შევაფასოთ"-Bild
"უკრაინა ადამიანებს ეძებს"-Україньска правда
"შეძლებს ამერიკა ვლადიმერ პუტინის დარწმუნებას უარი თქვას დონბასზე?"- The Spectator
"იმიგრანტები: ჩვენ თერითაუნის გულისცემა ვართ"-The Hudson Independent
"ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში წმენდა მიმდინარეობს, სი ძინპინი კი ქვეყნის არმიის ერთპიროვნული ხელმძღვანელი ხდება"-Financial Times
"კომუნალური კატასტროფა უკრაინაში: წყდება ქვეყნის ბედი"-უცხოური პრესა
პლებისციტის მეორე ცდა ბოლო 6 თვეში - როგორი იქნება "ოცნების" პასუხი