"რამდენად შესაძლებელია ჟენევაში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო გარიგების მიღწევა?"-The Economist
ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია საინფორმაციო ბიულეტენი - გასული და მიმდინარე კვირის პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვა - სათაურით "რამდენად შესაძლებელია ჟენევაში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო გარიგების მიღწევა?"(ავტორი - ოლივერ კეროლი).
გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან, რომელიც ჟენევაში (შვეიცარია) დაწყებული მოლაპარაკების სავარაუდო შედეგებს ეხება.
„დავიწყოთ იქიდან, რომ წლის დასაწყისიდან ორივე მხარე თითქოსდა შეთანხმების დადებას მიუახლოვდნენ. პარიზში შეხვედრის შემდეგ უკრაინა დარწმუნდა, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევის ინტერესებს აცნობიერებენ. გამოიკვეთა უფრო მტკიცე, ვიდრე მოსალოდნელი იყო, ორმხრივი შეთანხმების კონტურები უსაფრთხოების სფეროში. დელეგაციების შემადგენლობებშიც გარკვეული ცვლილებები მოხდა: რუსეთმა და უკრაინამ შედარებით უფრო პრაგმატული წარმომადგენლები შეარჩიეს, ხოლო უკრაინის დაზვერვის ყოფილმა შეფმა კირილ ბუდანოვმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა როგორც კიევის დელეგაციის ფაქტიურმა ხელმძღვანელმა (ოფიციალურად კი დელეგაციას უშიშროების საბჭოს მდივანი რუსტემ უმაროვი მეთაურობს). ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც ახლოს დგას უკრაინის დელეგაციასთან, გარღვევის შანსი „50/50“-ზე შეაფასა.
მიუხედავად იმისა, რომ მომავალი ოპტიმისტურად მოჩანდა, რეალურად გასულმა კვირამ ერთგვარი იმედგაცრუება მოიტანა. „ფაინენშელ თაიმსში“ გამოქვეყნებულმა სტატიამ, რომლის თანახმად, თითქოსდა აშშ-ის ზეწოლით უკრაინას აქვს გეგმები უახლოეს თვეებში არჩევნები ჩაატაროსო, კიევში ალიაქოთი გამოიწვია. როგორც ჩანს, პუბლიკაციის ავტორმა რაღაც შეცდომები დაუშვა ან მცდარი წყაროებით ისარგებლა. ასეა თუ ისე, გაზეთის მიერ გამოქვეყნებულმა ისტორიამ ოპტიმისტებს უკან დაახევინა და ისინი თავდაცვაში გადავიდნენ.
მოსკოვში კი, ამასობაში კრემლმა მოულოდნელად დელეგაციის ხელმძღვანელად ისევ ვლადიმერ მედინსკი დანიშნა, ფაქტიურად, აღადგინა. ეს დემაგოგი და ისტორიული ფენტეზის მოყვარული პიროვნება 2022 წელსაც რუსეთის დელეგაციის მეთაური იყო სტამბოლის მოლაპარაკების დროს. მოვლენების განვითარება იმას მიუთითებდა, რომ ორივე ბანაკში სპოილერები მუშაობდნენ - ინფორმაციები ჟონავდა.
ჟენევაში უკვე მოლაპარაკება მიმდინარეობს და თუ სინამდვილეში რაიმე შეიცვლება, ამას ცოტა მოგვიანებით გავიგებთ. მხარეებმა ერთმანეთის მიმართ ტონი კი შეცვალეს, მაგრამ შეთანხმებამდე ჯერ კიდევ შორს არიან. აშშ-ის ძალისხმევა - არა მხოლოდ ცალკეული მოლაპარაკებები, არამედ რამდენიმე პარალელური მიმართულებები - რუსეთს შესაძლებლობას აძლევს ტემპი და პროცესი აკონტროლოს. ვლადიმერ პუტინი ინარჩუნებს ვეტოს უფლებას უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-უკრაინის სავარაუდო შეთანხმების მიმართ და უბრალოდ, უარს აცხადებს ცეცხლის შეწყვეტაზე.
მთავარი პრობლემა - ტერიტორიის საკითხი - გადაწყვეტისაგან ძალიან შორს არის. კაცმა რომ თქვას, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების მიზანი უკრაინის მიწა-წყლის ხელში ჩაგდება კი არ იყო, არამედ უკრაინის დამორჩილება და რუსეთის მარიონეტად გადაქცევა. სწორედ ამიტომ არის უკრაინისათვის მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიები და ევროკავშირის წევრობა, მაგრამ რუსეთმა მაინც თავისი გაიტანა - კრემლის ულტიმატუმური მოთხოვნები, რომ კიევმა დონბასში წლების განმავლობაში გამაგრებული პოზიციები დატოვოსო, მოლაპარაკების საკვანძო მომენტად იქცა.
მხარეებმა კარგად შეისწავლეს აშშ-ის მიერ ინიცირებული კომპრომისები, რომლის თანახმად, დონბასის რუსეთისადმი გადაცემის ნაცვლად, დემილიტარიზებული „თავისუფალი ეკონომიკური ზონა“ ჩამოყალიბდეს, ალბათ, „მშვიდობის საბჭოს“ ეგიდით, რომელსაც დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს. ამერიკელი იმპერატორისათვის ასეთი მიდგომა ყველა პარამეტრს აკმაყოფილებს, მაგრამ რეალურად ის განუხორციელებელია, რუსეთის ნეგატიური პოზიციის გამო.
საინტერესოა, რომ უკრაინის დელეგაციაში უთანხმოება ჩნდება. ერთი ფრთა, რომელშიც კირილ ბუდანოვი შედიოს, თვლის, რომ უკრაინის ინტერესებს ყველაზე მეტად პასუხობს შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად დადება აშშ-ის ხელმძღვანელობით, რადგან არ არის გამორიცხული, რომ ამის შანსი მეტად აღარ იქნება, ანუ შეიძლება „ფანჯარა დაიხუროს“. მეორე ფრთა, რომელიც, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის ანდრეი ერმაკის გავლენის ქვეშ იმყოფება (ადრე სწორედ იგი იყო უკრაინის დელეგაციის მეთაური), სკეპტიკურად არის განწყობილი და არ ჩქარობს. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი მათ შორის ბალანსის დაცვას ცდილობს, თუმცა მასაც აქვს თავისი მოსაზრებები.
რა იქნება კარგი უკრაინისათვის - გარიგების სწრაფად დადება თუ კიევი დაყოვნებით უფრო მოიგებს? არასტაბილური ბალანსის პირობებში ეს კითხვა უპასუხოდ რჩება. რისკები ორივე ვარიანტშია. მხარეებმა კარგად იციან დონალდ ტრამპის პოზიცია - იგი მთავარი ლობისტია იმისა, რომ შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად იქნეს მიღწეული.
ჟენევაში მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს. დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა კიევს და მოსკოვს, შეთანხმდნენ და ომი სწრაფად დაასრულონ... მაგრამ არცერთს არ სურს დათმოს საკუთარი პრინციპი: მოსკოვი კატეგორიულად ითხოვს ტერიტორიას, კიევი კატეგორიულად უარზეა. არადა, თუ დონბასის კუთვნილების საკითხი ვერ გადაწყდება, ომი გაურკვეველი ვადით გაგრძელდება.
წყარო:
მსგავსი სიახლეები
"აშშ დაბეჯითებით მოუწოდებს ნატოს მასშტაბური გადატვირთვისა და ერაყში მისიის დასრულებისკენ"-Politico
"საით მიდიხარ, ევროპა?" -Daily Sabah
"გერმანიასა და საფრანგეთს შორის უთანხმოება დაუშვებელია"-Sueddeutsche Zeitung
"ჩრდილოეთის ნაკადების“ აღდგენა ჯერ კიდევ შეიძლება"-Berliner Zeitung
"რამდენად შესაძლებელია ჟენევაში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო გარიგების მიღწევა?"-The Economist
"მგზავრობა უკრაინის ანტიდრონულ დერეფნებში"-New Stetesman
"მადუროს დამხობის შემდეგ ჰავანის კომუნისტური რეჟიმის ბედი დონალდ ტრამპის წყალობაზეა დამოკიდებული"-The Daily Telegraph
"ტრამპის მმართველობის შემდეგ აშშ-ის აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია"-Financial Times
"რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყების საფრთხე"-The Malta Independent
"მრავალპოლუსიანობის კრიზისი: როგორ იცვლება რუსეთის პოზიციები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიმართ და რა კავშირი აქვს მათთან დონალდ ტრამპს"-BBC
სამხედრო სიმულაციამ, რომელიც ლიეტუვაში რუსეთის შეჭრას მოდელირებდა, ნატოს პოტენციური მოუმზადებლობა გამოავლინა -The Wall Street Journal
"რეჯეფ ერდოღანის ვიზიტი ერ-რიადში:თურქულ-არაბული ურთიერთობების მიმოხილვა"-TRT
"აბუ-დაბის მოლაპარაკებების წინ: მოსკოვის მასირებული შეტევა უკრაინის ენერგოსისტემაზე, დიდი ყინვების დროს"-TRT
"ინდოეთის ხელისუფლება მიესალმება დონალდ ტრამპთან დადებულ „გარიგებას“, მაგრამ რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას არ ადასტურებს"-Financial Times
"ნატოს პრობლემა: შობადობის დაბალი დონე"-Newsweek
"ევროკავშირის არმია ევროპას ვერ დაიცავს, ეს მხოლოდ ნატოს შეუძლია"-The Daily Telegraph
"ნატურალური ღვინოები, ხანგრძლივი ქვეითი მარშრუტები და ისტორია: შეუძლია თუ არა ქუთაისს პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად გადაიქცეს?"-Euronews
"თურქეთის პოზიცია: დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" მნიშვნელობა პალესტინისა და მსოფლიოს მომავლისთვის"-TRT
"სამხედრო ისტორიკოსი გვაფრთხილებს: "ჩვენ რუსეთი ობიექტურად უნდა შევაფასოთ"-Bild
"უკრაინა ადამიანებს ეძებს"-Україньска правда