9 მარტიდან 9 აპრილამდე დიდი დრო გავიდა და ქართველმა ხალხმა საკუთარი ოცნების ახდენა მხოლოდ ეროვნული კონსოლიდაციის შედეგად შეძლო, არა ერთი ადამიანის სახელის დასაცავად, არამედ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად -თამარ ჩიბურდანიძე

პარტია „ხალხის ძალის" წევრი, თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება 9 მარტის ტრაგიკული მოვლენებიდან 70 წლის გასვლას. ჩიბურდანიძე წერს, რომ „დედაენის" პარკში მომიტინგეები ხშირად ახსენებდნენ სიტყვას „ქეთო", რაც იშიფრება "ქართველი ერის თავისუფლების ორგანიზაციად". ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ეროვნული მოძრაობის მესვეურებს სურდათ, სტალინის სახელის შეურაცხყოფისთვის დაწყებული ბრძოლა, გადაეზარდათ საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში:

„ქართველი ერის თავისუფლების ორგანიზაცია, იყო ალტერნატიული სახელი არალეგალური პატრიოტული გაერთიანებისა "გორგასლიანები". სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. სწორედ ამიტომ დაიგეგმა 9 მარტის მიტინგის დახვრეტა და დაიწყეს მუშაობა სტუდენტებში პროვოკატორის საპოვნელად" - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ დღეს მოღალატე ქართველებმა სხვა „პატრონები" აირჩეს, თუმცა ქართველი ერი განაგრძობს ბრძოლას სრული თავისუფლებისთვის.

„70 წელი გავიდა 1956 წლის 9 მარტის სისხლიანი მოვლენებიდან. ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი პროტესტი საქართველოში, რაც კი მომხდარა ოდესმე რეჟიმის წინააღმდეგ. ამ ხნის განმავლობაში, ბევრი რამ დაიწერა, ბევრმა მკვლევარმა იმუშავა საარქივო მასალებზე, რომლის მხოლოდ ნაწილი იყო განსაიდუმლოებული, დანარჩენს კი გასული საუკუნის 2000-იან წლებამდე გრიფი ედო.

მქონდა პატივი, მემუშავა ახლად განსაიდუმლოებულ მასალებზე ეროვნულ არქივში და საზოგადოებისთვის გამეცნო ის დამალული ფაქტები, რასაც არქივის გახუნებული ფურცლები ინახავდა და რაც ნაკლებად იცოდა საზოგადოებამ. საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ყველამ იცოდა, რომ ეს იყო სტალინის კულტისთვის მოწყობილი აქციები 4-9 მარტის დღეებში, რომელიც დაიწყო გორიდან და მოედო საქართველოს ყველა დიდ ქალაქს. ამ დღეების დასასრული კი იყო 9 მარტი და ქართველთა სისხლით შეღებილი "დედაენის", მაშინდელი სტალინის ბაღი.

ხრუშჩოვის ანტისტალინურმა პოლიტიკამ დიდი საპროტესტო ტალღა წარმოშვა ქართველ ხალხში. პირველი გამოსვლები დაიწყო გორში, შემდეგ ბათუმში, რაჭაში, ქუთაისში, კახეთში და ბოლოს ეპიცენტრი გახდა თბილისი. საბჭოთა „კგბ" თავდაპირველად ამ მიტინგებიდან საფრთხეს ვერ ხედავდა, რადგან თვლიდნენ, რომ სტალინელებიც იმავე რეჟიმის მიმდევრები იყვნენ და წითელი დროშის ქვეშ გაერთიანებულ ქართველ ხალხს კომუნისტური იდეოლოგიით მოერეოდნენ. თუმცა, მათი მოლოდინები შეიცვალა, რადგან მომიტინგეთა რიგებში გამოჩნდნენ სულ სხვა იდეოლოგიის ახალგაზრდები.

რატომ დახვრიტეს 1956 წლის 9 მარტის მიტინგი და ვინ იყო "ქეთო", რომელიც მთავარ საფრთხედ მიიღო საბჭოთა რეჟიმმა? თუნდაც 70 წლის შემდეგ საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს.

ამის შესახებ მოგვითხრობენ არქივში შენახული გაშიფრული სტენოგრამები, რომელსაც აწარმოებდა მაშინდელი უსაფრთხოების სამსახური. ისინი 4-9 მარტის მიტინგებზე ყოველი გამომსვლელის სიტყვას ჩუმად იწერდნენ, ასევე იწერდნენ მომიტინგეთა ჩუმ საუბრებს ერთმანეთში. სწორედ ამ სტენოგრამებში ხშირად გვხვდება ერთი სიტყვა -"ქეთო", ანუ, მომიტინგეთა გარკვეული ნაწილი ამ კოდურ სიტყვას მიზანმიმართულად იყენებდა.

რამდენიმე დღის განმავლობაში საბჭოთა „კგბ"-მ ვერ შეძლო ამ სიტყვის გაშიფვრა და ეძებდნენ ქალს სახელად ქეთოს. ფიქრობდნენ, რომ ამ უჩინარ არსებას რაღაც განსაკუთრებული მისია ჰქონდა შესასრულებელი აბობოქრებულ ხალხში. მოგვიანებით მათ შეძლეს კოდური სიტყვის გაშიფვრა, ეს იყო ინიციალები - ქართველი ერის თავისუფლების ორგანიზაცია, რომელიც იყო ალტერნატიული სახელი არალეგალური პატრიოტული გაერთიანებისა "გორგასლიანები". სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. სწორედ ამიტომ დაიგეგმა 9 მარტის მიტინგის დახვრეტა და დაიწყეს მუშაობა სტუდენტებში პროვოკატორის საპოვნელად.

"ქეთო", ანუ "ქართველი ერის თავისუფლების ორგანიზაცია" დაფუძნებული იყო ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, გურამ დოჩანაშვილისა და სხვა დისიდენტების მიერ. ეროვნული მოძრაობის მესვეურებს სურდათ სტალინის სახელის შეურაცხყოფისთვის დაწყებული ბრძოლა, რომელიც ეროვნული თავმოყვარეობის შელახვად მიიღო ქართველმა ხალხმა, საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოეყენებინათ. ისინი იატაკქვეშეთში ბეჭდავდნენ პროკლამაციებს და ჩუმად ავრცელებდნენ ხალხში, აკრავდნენ ხეებზე და რამდენიმემ გაბედა კიდეც სიტყვით გამოსვლა. ბუნებრივია, რეჟიმი მთელი სისასტიკით ამუშავდა და განახორციელა კიდეც სადამსჯელო აქტი.

კავშირგაბმულობის სასახლესთან სტუდენტისთვის სროლასა და შემდეგ მისი სისხლიანი პერანგის სტალინის ძეგლთან ჩატანას მკვლევარების ერთი ნაწილი დაგეგმილ პროვოკაციად მიიჩნევს, მეორენი კი დაძაბული პროცესების ბუნებრივ განვითარებად. ფაქტია, სწორედ ამ სტუდენტის სისხლიანი პერანგის ჩატანას სანაპიროზე მოჰყვა საშინელი ვნებათაღელვა და მიტინგის დახვრეტა. როგორც საარქივო მასალები გვამცნობს, დაიღუპა დაახლოებით ასამდე კაცი, ხოლო შემდეგი დღეების დაკითხვის ოქმებში დაღუპულთა სავარაუდო ციფრები გაცილებით მეტია...

გადაიქცეოდა თუ არა სტალინის სახელის შეურაცხყოფისთვის დაწყებული საყოველთაო ვნებათაღელვა ეროვნულ მოძრაობად, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, თავისუფლებისთვის მებრძოლი ეროვნული მოძრაობის ლიდერები შანსს არ უშვებდნენ ხელიდან, რათა საბჭოთა მმართველობისგან გამოეხსნათ საქართველო. 1956 წლის 9 მარტიც დარჩა ისტორიას, როგორც სტალინის სახელის შეურაცხყოფისთვის ქართველი ხალხის პროტესტი, რომელიც დახვრიტეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არ გადაექციათ სრულიად ეროვნულ პროტესტად.

9 მარტიდან 9 აპრილამდე დიდი დრო გავიდა და ქართველმა ხალხმა საკუთარი ოცნების ახდენა მხოლოდ ეროვნული კონსოლიდაციის შედეგად შეძლო, არა ერთი ადამიანის სახელის დასაცავად, არამედ, საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.

დღევანდელი დღე გვახსენებს იმას, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის არასოდეს დასრულდება. ისტორია ცდილობს ისევ გაყიდული ქართველების ხელით მხოლოდ "პატრონების" სახელები შეგვიცვალოს, ერი კი ისევ იბრძვის სრული თავისუფლებისთვის" - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

 





მსგავსი სიახლეები
ოპოზიციის ალიანსი დღეს არის ყველაზე ქმედითი ოპოზიციური ერთობა და პარტიების აკრძალვაზე განცხადება ნამდვილად ასახავს რეჟიმის შიშს -თინა ბოკუჩავა
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა, აქედან ჩანს, რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგედიაა -ირაკლი კობახიძე
ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა -ირაკლი კობახიძე
ვაშინგტონში გამართული შეხვედრებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, შეგვიძლია, გვქონდეს ოპტიმიზმის საფუძველი -ნიკოლოზ სამხარაძე
სამწუხაროა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის 30-წლიანი პარტნიორობა პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში დაანგრია, ისღა დაგვრჩენია, ივნისს დაველოდოთ, როცა საქართველოდან წავა -შალვა პაპუაშვილი
საქართველომ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, მოვიგეთ ოლიმპიური მედლები ზამთრის სპორტის სახეობებში, ეს აჩვენებს, რომ ჩვენი სპორტი მუდმივად ვითარდება -ირაკლი კობახიძე
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს
9 მარტიდან 9 აპრილამდე დიდი დრო გავიდა და ქართველმა ხალხმა საკუთარი ოცნების ახდენა მხოლოდ ეროვნული კონსოლიდაციის შედეგად შეძლო, არა ერთი ადამიანის სახელის დასაცავად, არამედ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად -თამარ ჩიბურდანიძე
ქართველი ნებისმიერ პირობებში, ნებისმიერი იმპერიისა თუ უცხო ძალის ზეგავლენის მდგომარეობაში, იდენტობას არ ივიწყებს, ჩვენი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ არასოდეს შეწყდება -შალვა პაპუაშვილი
“იმედის” და “პოსტივის” დასანქცირება ეს არის არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების უხეში ხელყოფა, არამედ, ძალიან არაგონივრული ნაბიჯიც ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ჰქონდა ვიწრო პოლიტიკური მიზანი, სიცრუი გავრცელებისთვის'' -პრემიერი
,,ლომჯარია არ არის ერთადერთი, ვინც ამ საქმიანობაშია ჩართული'',- ვოლსკი
ლევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ
ლევან მაჭავარიანი: დიდი იმედი მაქვს, რომ სუს-ი ბოლომდე მიიყვანს ყველაფერს და ამ უსამშობლოებს პასუხს აგებინებს"
,,თუკი ვინმეს აქვს მსგავსი ინფორმაცია, პირველ რიგში თავისი ფეხით უნდა მისულიყო უშიშროების სამსახურში და განეცხადებინა''- სოზარ სუბარი
,,აშკარაა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენა საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან შორს წავიდა - ეს საჭიროებს რეაგირებას''- გიორგი კანდელაკი
,,არსად მითქვამს, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ''- თინა ხიდაშელი
გიგა ბოკერია - ქართველები რეალურ უსაფრთხოებას მივაღწევთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეროვნული ინტერესების მოღალატე რეჟიმს ძალაუფლებას ჩამოვაშორებთ
ირაკლი კობახიძე - Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა
ირაკლი კობახიძე - „იგლ ჰილსთან“ დადებული კონტრაქტის ყველა დეტალი გამოვიტანეთ, არაფერი მოსახლეობისთვის დასამალი არ არის
პრემიერი: 60 000 ბინა გაიყიდა მარტო ამ რამდენიმე წელიწადში უცხოელებზე და ამ საფუძვლით მხოლოდ 5 000-მა უცხოელმა მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ეს მიგრაციაში მაინცდამაინც დიდ წილს არ ქმნის