"ომი ირანში: ყველაზე საშიში ისაა, რომ დონალდ ტრამპმა თვითონაც არ იცის, რა სურს"-უცხოური პრესა

„დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ომს როცა იწყებდა, ისე გამოვიდა, რომ მან  პილატესავით - რომის იმპერიის დროინდელი იუდეის პროვინციის პრეფექტივით - წინასწარ ხელი დაიბანა იმ შედეგებზე, რასაც მისი ავანტიურა მსოფლიოს მოუტანს", - ნათქვამია ფრანგულ ჟურნალ „ლე ნუველ ობსერვატორში" (Le Nouvel Observateur) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ომი ირანში: ყველაზე საშიში ისაა, რომ დონალდ ტრამპმა თვითონაც არ იცის, რა სურს" (ავტორი - გრეგუარ ლემენაჟე). „სიტუაცია ყველაზე უარესი სცენარით ვითარდება: ომის ხანძარმა შეიძლება ნახევარი მსოფლიო მოიცვას", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

 

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:


მიემხრო რა ბენიამინ ნეთანიაჰუს, დონალდ ტრამპმა ისეთი მასშტაბური ომი გააჩაღა ირანის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში გაურკვევლობას და პესიმიზმს იწვევს.

 

დონალდ ტრამპის სიტყვა და საქმე


„ახლო აღმოსავლეთში ქაოსია გაბატონებული. აშშ-ის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში კატასტროფულია. რეგიონში ომის გაჩაღება ყველაზე უარესი გადაწყვეტილებაა, რომელიც კი აშშ-ის პრეზიდენტებს მიუღიათ ქვეყნის მთელი ისტორიის განმავლობაში" - ალბათ, იშვიათია ისეთი ადამიანი, ვინც ამ სიტყვების მთქმელს გაიხსენებს.

 

გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია: 2016 წელს გაჟღერებული ამ განცხადების ავტორია დონალდ ტრამპი. მისი ნათქვამი გამიზნული იყო ჯორჯ ბუშ-უმცროსისა და ბარაკ ობამას წინააღმდეგ: პირველის მიმართ - ერაყში და ავღანეთში შეჭრის გამო, ხოლო მეორის მიმართ - ავღანეთში საომარი მოქმედებების ესკალაციასთან დაკავშირებით.

 

შეიძლება უსასრულოდ მოვახდინოთ დონალდ ტრამპის გამონათქვამების ციტირება  იზოლაციონისტური დაპირებების თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს დაბეჯითებით ამტკიცებდა - „ჩემი წარმატება გაიზომება, უპირველეს ყოვლისა, იმ ომების რაოდენობით, რომელსაც არ დავიწყებ". როგორც ჩანს, დონალდ ტრამპს ან დაავიწყდა თავისი დაპირებები, ან გადაიფიქრა.

 

2025 წელს დონალდ ტრამპის ბრძანებით უფრო მეტი დარტყმები განხორციელდა, ვიდრე ჯო ბაიდენის დროს მოხდა მთელი მისი პრეზიდენტობის პერიოდში.

 

ნუთუ ამ თვითმარქვია „მშვიდობისმყოფელს" გონება იანვარში გადადგმულმა ნაბიჯმა დაუნისლა, როცა მან ვენესუელის პრეზიდენტი შეიპყრო? ნიკოლას მადუროს შოკისმომგვრელი გატაცება, როგორც ჩანს, მხოლოდ მოთელვა იყო, შემდეგ კი თავის ძველ მოკავშირე ბენიამინ ნეთაუნიაჰუსთან ერთად დაიწყო ოპერაცია „ეპიკური მრისხანება" ირანის წინააღმდეგ - უდიდესი ომი 2003 წელს ერაყზე აშშ-ის თავდასხმისა და მის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ.

 

საქმე იმაში არ არის, თითქოსდა ირანის რეჟიმი გვეცოდება, რომელმაც 1979 წელს შაჰის დესპოტური ხელისუფლება დაამხო და დღეს აშშ-ისრაელის ბომბების სამიზნე გახდა. აიათოლა ალი ჰამენეი, რომელიც ომის დაწყებისთანავე იქნა ლიკვიდირებული, სისასტიკით ცნობილ დიქტატორს წარმოადგენდა და რომელიც ათწლეულების განმავლობაში საერთაშორისო პოლიტიკის ამრევი იყო - აიარაღებდა „ჰამასს", „ჰეზბოლას", იემენელ ჰუსიტებს, მოწოდებებს ავრცელებდა ისრაელის განადგურებისათვის, პროვოცირებდა თავის არაბ მეზობლებს და დასავლეთისადმი სიძულვილს ქადაგებდა...

 

და მაინც არის საბაბი სერიოზული შეშფოთებისა იმის გამო, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. აშკარაა, რომ დაბომბვების ქვეშ მყოფი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მაინც მზად არის შეინარჩუნოს მკაცრი ხელისუფლება თავის თანამემამულეებზე. „გუშაგები" ასევე მზად არიან დარტყმები განახორციელონ ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდებათ - ბაჰრეინში მდებარე სამიზნეებზე, ქუვეითში, ერაყში... და კვიპროსზეც კი. ომის მიმდინარეობა და შედეგები, ეკონომიკური და ენერგეტიკული თვალსაზრისით, როგორც მინიმუმი, რეგიონზე და მსოფლიოზეც გლობალურად იმოქმედებს.

 

დონალდ ტრამპის სამართალი


რამდენად შორს წავა დონალდ ტრამპი თავისი სახიფათო ავანტიურით? მართლაც იმედოვნებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის ირანის რეჟიმის დამხობას და ქვეყნის გადაქცევას თავის ვასალად - ვენესუელის მსგავსად? ყველაზე საშინელი ისაა, რომ მან ეს თვითონაც არ იცის. ჩვენ წინაშეა საოცარი კონტრასტი ოპერაციისათვის გამოყენებულ იარაღსა და ამ ფონზე გაჩენილ იმპროვიზაციის გრძნობას შორის. უგულვებელყოფს რა საერთაშორისო სამართალს, კონგრესის ნებას და ირანელთა რეალურ ბედს, დონალდ ტრამპი მოქმედებს იმ შერიფის მსგავსად, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სუბიექტური, ახლომხედველური და მოკლევადიანია.  შესაძლოა ეს არის ცდუნება ბენიამინ ნეთანიაჰუს მაგალითით, რომლისთვისაც ომები ხელისუფლების შესანარჩუნებელი ინსტრუმენტი გახდა, მაგრამ ნუთუ დონალდ ტრამპისთვისაც საჭიროა გარეშე მტრის სახით სარგებლობა შიდაპოლიტიკური მიზნებისათვის - შუალედურ არჩევნებში წარმატების მოსაპოვებლად?

 

დონალდ ტრამპის ბუმერანგი


რაც არ უნდა იყოს, დონალდ ტრამპი ნებისმიერ შემთხვევაში უუნარო აღმოჩნდა ჩამოეყალიბებინა მკაფიო მიზანი, რათა ეს არალოგიკური კონფლიქტი გაემართლებინა, დაქწყებული იმ მომენტში, როცა დასუსტებული ირანი აშშ-სათვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. დონალდ ტრამპმა თითქოსდა ხელი დაიბანა იმ ტრაგედიისაგან, რომლის პროვოცირება მის წამქეზებლურ კურსს შეუძლია. აშშ-ს პრეზიდენტმა თითქოსდა არ იცის, რომ ერაყში შეჭრამ ხელი შეუწყო „ისლამური სახელმწიფოს" ჩასახვას. გამოდის, რომ ისტორიამ ვერაფერი გვასწავლა - ვერ გავაცნობიერეთ, რომ ომის დაწყება უფრო იოლია, ვიდრე მისი დასრულება. ოპერაციის დაწყებიდან პირველ 72 საათში უკვე დაფიქსირდა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის ფაქტები. არ არის გამორიცხული, რომ „ეპიკური მრისხანება" დონალდ ტრამპს უკან ბუმერანგივით დაუბრუნდეს და ნახევარი მსოფლიო ომის ხანძარში გაახვიოს.

 

წყარო: 





მსგავსი სიახლეები
"აშშ-ირანის კრიზისს პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია: იქმნება შთაბეჭდილება, რომ დიპლომატიური ნაბიჯების მიუხედავად, ომი უფრო გამწვავდება"-Financial Times
"დონალდ ტრამპის გამოსავალი ირანთან ომში"-The New York Times
"აშშ-ში ერთი გალონი ბენზინის ფასმა, პირველად ოთხი წლის განმავლობაში, 4 დოლარს გადააჭარბა"-The Washington Post
"ტრამპი ომის დროს თავისი გუმანითა და ინსტინქტებით ხელმძღვანელობს" -BBC
„ისტორიული მემკვიდრეობა და პოლიტიკური გათვლები: რატომ აქვთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უფრო მეტად ბრიუსელისადმი შიში, ვიდრე მოსკოვის მიმართ“
"უკრაინა", "კიევი" და "ზელენსკი". რეპორტაჟი ვიქტორ ორბანის მიტინგიდან, ანუ როგორი შედეგია მოსალოდნელი არჩევნებით"-BBC
"აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ: უპირატესობას თეირანი ფლობს"-The Economist
რა იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ -უცხოური პრესა
"93 წლის ასაკში გარდაიცვალა პატრიარქი ილია II, საქართველოს სტაბილურობის სულიერი სიმბოლო"-The New York Times
"ტრამპს "სუეცის მომენტი" დაუდგა, ზელენსკი კი უფრო ძლიერად გამოიყურება" -The Independent
"დონალდ ტრამპის ომს სერიოზული შედეგები მოჰყვება აშშ-ის მოკავშირეებისათვის სპარსეთის ყურეში"-The Daily Telegraph
"მისი ფილოსოფია ჩემი ფილოსოფიისაგან ცოტათი განსხვავდება": პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსისგან დისტანცირდება"-Die Welt
"რუსეთი ყოველდღიურად ნავთობის გაყიდვისაგან 150 მილიონ დოლარზე მეტს იღებს"-Financial Times
"რა დაემართა ვოლოდიმირ ზელენსკის?"-Politico
"დონალდ ტრამპის მიერ დაწყებული ომიდან მარტივი გამოსვლა შეუძლებელია: აშშ-ისრაელის შეტევების გაგრძელება კი ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო დიდ რყევებს გამოიწვევს"-Financial Times
"რატომ არის ვლადიმერ პუტინი გამარჯვებული ირანის წინააღმდეგ მიმართულ აშშ-ისრაელის ომში"-Politico
"ომი ირანში: პოლიტიკური გამოცდა როგორც იზოლაციონისტ ჯეიმს ვენსისათვის, ასევე ინტერვენციონისტ მარკო რუბიოსათვის" -Le Monde
"ომი ირანში: ყველაზე საშიში ისაა, რომ დონალდ ტრამპმა თვითონაც არ იცის, რა სურს"-უცხოური პრესა
"რას ნიშნავს ირანის წინააღმდეგ ომი უკრაინისათვის: რადგან მოკავშირეთა ყურადღება ახლო აღმოსავლეთზეა გადატანილი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეიძლება იარაღის გარეშე დარჩეს"-The Daily Telegraph
"ომი, რომლის შედეგები არავინ არ იცის"-BBC