"სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია, ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების მეშვეობით და არა ძალადობით, რაც მათი დამხობისკენაა მიმართული"- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პერე ჟოან პონსისა და მაღალი დონის დელეგაციის რამდენიმედღიანი ვიზიტის მიზანს დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკური სპექტრის ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, ყველა მხარეს დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ მოუწოდა.

„ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს ბევრი შთამბეჭდავი პოლიტიკოსი ჰყავს. როგორც ჩანს, როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე მის გარეთ მყოფი პირები მუდმივად აქტიურად ურთიერთობენ საერთაშორისო პარტნიორებთან. სამწუხაროდ, შოკირებული ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ისინი ერთმანეთთან არ ურთიერთობენ. მოვუწოდებ ყველა მხარეს კონსტრუქციული ჩართულობისკენ და დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ. ამაში მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება“, – განაცხადა პერე ჟოან პონსმა.

განცხადების თანახმად, დელეგაცია მიესალმა ფართო კონსენსუსს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებებთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ მომავალი არჩევნები როდესაც ჩატარდება, ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებს უნდა შეესაბამებოდეს, თუმცა, დელეგაციის შეფასებით, ამ მიზნების მისაღწევად „პოლიტიკურ სცენაზე არსებული მწვავე პოლარიზაცია“კვლავაც ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მომავალში ამომრჩეველი მხარს დაუჭერს მათ, ვინც კონსტრუქციული გზით, ამ მისწრაფებების განხორციელებას შეეცდება.

„ნათელია, რომ საქართველოში პოლიტიკასა და საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია ხელს უშლის ქვეყანას თავისი პოტენციალის გამოვლენაში. ჩვენი დელეგაცია პოლიტიკურად მრავალფეროვანია და ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ერთად ვმუშაობთ. იგივეს ველოდებით საქართველოში მყოფი პოლიტიკური ლიდერებისგან“, – აღნიშნა სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუის გრასამ.

ლუის გრასას თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია.

„მოდით, კიდევ კიდევ ერთხელ განვმარტოთ, როგორც ოქტომბერში გავაკეთე: სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია. ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მეშვეობით და არა ძალადობით, რომელიც მათი დამხობისკენ არის მიმართული“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ეუთო-ს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის, ბარონესა კრისტინ ბლოუერის განცხადებით, საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარება საერთაშორისო ორგანოების საქმე არ არის.

„აქ არსებული პრობლემების მოგვარება ჩვენი, ეუთო-ს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის. ეს საქართველოს ხალხისა და ლიდერების პასუხისმგებლობაა. იმედი მაქვს, პოლიტიკური სცენის დეესკალაციისა და რეალური პოლიტიკური დიალოგის დასაბრუნებლად პასუხისმგებლიან ნაბიჯებს ვიხილავ“, – განაცხადა ბარონესა კრისტინ ბლოუერმა.

განცხადების თანახმად, „დელეგაციამ სინანულით აღნიშნა მმართველი პარტიის წევრების მიერ გარკვეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვისკენ მიმართული მცდელობები, რაც, სავარაუდოდ, გაამწვავებს განხეთქილებას და კიდევ უფრო მეტ იზოლაციას გამოიწვევს“.

ეუთო-ს პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის თქმით, ამჟამინდელ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყანას სტაბილურობა და ერთიანობა სჭირდება.

„პარტიების ან რეგულარული პოლიტიკური თუ სამოქალაქო საქმიანობის აკრძალვა წინსვლის გზა არ არის. ანალოგიურად, პოლიტიკა შესაბამის ინსტიტუტებში უნდა განხორციელდეს და ბოიკოტი არ შეიძლება, იყოს დიალოგისა და პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა“, – აღნიშნა ევროსიმა პეიოვიჩმა და ხელისუფლებას ხარვეზების გამოსწორებისკენ მოუწოდა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში ნათქვამია, რომ დელეგაციამ ხელისუფლებას სთხოვა შეხვედრა იმ პირებთან, რომლებსაც ოპოზიციური ძალები პოლიტიკურ პატიმრებად მოიხსენიებენ და სინანული გამოთქვა, რომ ამ შემთხვევაში ეს ვერ მოხერხდა.

განცხადების მიხედვით, ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციის წევრები ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს ეწვივნენ, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აღნიშნეს, რომ მიმდინარე ოკუპაციის ჰუმანიტარული შედეგები კვლავ საერთაშორისო შეშფოთების საგანია.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადების თანახმად, აღნიშნული ვიზიტი ასამბლეის მხრიდან საქართველოსთან მუდმივი თანამშრომლობის ნაწილია, მათ შორის არჩევნებზე დაკვირვებისა და საპარლამენტო კოოპერაციის კუთხით.

 

განცხადების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ რამდენიმედღიანი ვიზიტის შედეგები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომასა და ჰააგაში ყოველწლიურ სესიაზე განიხილება.





მსგავსი სიახლეები
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ყირგიზეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
"სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია, ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების მეშვეობით და არა ძალადობით, რაც მათი დამხობისკენაა მიმართული"- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია
მაკა ბოჭორიშვილი - არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გაამართლებდა ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყულევის ყოფნას
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების ვიზიტი ჩვენი ვიზიტისგან უნდა გამიჯნოთ, ეს დამთხვევაა
ნიკოლოზ სამხარაძე - ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია
საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
,,პიტერ ფიშრს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს. როგორც ელჩი, ის უნდა გადადგეს''- ტომაშ ფროელიხი
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: ეს იყო გულახდილი და ნაყოფიერი ვიზიტი
შეერთებულმა შტატებმა საქართველოში არსებული ვითარება სწორად შეაფასა - ალექსანდრე დარახველიძე
პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველო რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა
საქართველომ არაერთხელ დაადასტურა ურყევი ერთგულება, თავიდან აიცილოს უკრაინისადმი რუსეთის აგრესიის საპასუხოდ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა -მაკა ბოჭორიშვილი
"ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან შეთანხმების წესები-"ნაციონალური მოძრაობა"
მივესალმები საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების პორტებში შესვლას ან მომსახურების მიღებას -დევიდ ო’სალივანი
ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო
ოპოზიციური ალიანსის გაერთიანებას მივესალმები, აუცილებლად დაეცემა დიქტატურა, მაგრამ ამისთვის საჭიროა თავგანწირვა, თუნდაც მარტო საერთაშორისო რეაქციებით, საკითხი არ გადაწყდება -სააკაშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა
როგორც ჩანს, პეტერ ფიშერის შემთხვევაში დასაშვებია ჯერ სიცრუით მანიპულაცია, შემდეგ სიმართლის არშემჩნევა, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი კი დაირღვა, მაგრამ პატიოსნებამ რა დააშავა? -შალვა პაპუაშვილი