,,ჯვარი საღვთო სიყვარულის სიმბოლოა - თუ მართებულად თაყვანს ვცემთ ჯვარს, მაშინ მწუხარება სიხარულად შეიცვლება''- მეუფე შიო

 

ჯვარსა და ღმერთს შორის, რომელიც არის ჯვრის პირველსახე და თავად სიყვარულია, არსებობს ცოცხალი კავშირი. ამიტომ როდესაც ჯვარს თაყვანს ვცემთ, ჩვენ თაყვანს ვცემთ თვით ღმერთს, ყოვლადწმინდა სამებას და ვთხოვთ მას, რომ ჩვენთან მოვიდეს, ჩვენში დამკვიდრდეს და დაგვეხმაროს, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.

მან ტაძარში შეკრებილებს ჯვრის თაყვანისცემის კვირა მიულოცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა.

მან ისაუბრა, თუ რა ცხოველსმყოფელი მოქმედების ძალაა ჯვარში და რას წამოადგენს იგი ჭეშმარიტი მართლმადიდებლებისთვის.

მისივე თქმით, უფლის საღმრთო სიყვარულის არსი ისაა, რომ იგი ჯვარცმული და თავგანწირულია და რომ საღვთო სიყვარული გვეძლევა წმინდა ჯვრის მეშვეობით. ამდენად, მეუფის განმარტებით, არ არის საკმარისი, რომ მხოლოდ გულ-მკერდზე გვეკეთოს ჯვარი. მთავარია, ის გულით ვატაროთ.

„აი, გაიარა დიდი მარხვის პირველმა ნახევარმა და, ბუნებრივია, დავღლილიყავით ჩვენს თავში ჩაღრმავებით და ცუდის დანახვით. ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ წმინდა ეკლესია დღეს გვანუგეშებს და თაყვანისცემისთვის ტაძრის შუაგულში გამოაბრძანებს უფლის წმინდა და პატიოსან ჯვარს, ბოროტებაზე გამარჯვების ამ სიმბოლოს და დიდებულ ნიშანს.

ჯვრის თაყვანისცემაში არის რაღაც საზეიმო სიხარული, ჩვენ ხომ მას ლოცვებში მივმართავთ, როგორც ჩვენს საფარველს, ზღუდეს, რომელიც იცავს ეკლესიას ყოველგვარი უბედურებისგან, ებრძვის და ამარცხებს ეშმაკებს.

რა ძალით ახდენს ამას ჯვარი? რა ძალაა მასში ასეთი დაფარული? რა არის ეს ძალა?

ძვირფასო ძმებო და დებო, ეს არის საღვთო სიყვარულის ძალა, რომელიც მუდამ სწყალობს და თანაუგრძნობს ადამიანს. სწორედ ამ სიყვარულის ძალით შეიქმნა სამყარო, მისი ძალით მიიღო ღმერთმა ადამიანური ბუნება და გახდა ღმერთკაცი, რომ გადავერჩინეთ, ადამიანი განეღმრთო და მიენიჭებინა ადამიანის ბუნებისთვის თავისი საღვთო ძალა. ეს სიყვარული კი ყოველთვის ჯვარცმული და თავგანწირულია. სხვანაირი სიყვარული, ნამდვილი სიყვარული არც არსებობს. ეს არის სიყვარულის არსი. აი, ეს საღვთო სიყვარული გვეძლევა წმინდა ჯვრის მეშვეობით. დღეს ჩვენ ვმადლობთ და ვადიდებთ უფალს, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ვიყოთ თანაზიარნი ამ სიყვარულისა.

მაშასადამე, ჯვარი არის საღვთო სიყვარულის ნიშანი და სიმბოლო. როგორც ვიცით, სიმბოლოსა და რეალობას შორის არსებობს ცოცხალი კავშირი. ეს არის კავშირი ხატსა და მის პირველსახეს შორის. ამგვარად, ჯვარსა და ღმერთს შორის, რომელიც არის ჯვრის პირველსახე და თავად სიყვარულია (და ვიმეორებ - ჯვრის პირველსახეა), არსებობს ცოცხალი კავშირი. ამიტომ როდესაც ჯვარს თაყვანს ვცემთ, ჩვენ თაყვანს ვცემთ თვით ღმერთს, ყოვლადწმინდა სამებას და ვთხოვთ მას, რომ ჩვენთან მოვიდეს, ჩვენში დამკვიდრდეს და დაგვეხმაროს. აი, სწორედ ამიტომ ჩვენ გულ-მკერდზე ვატარებთ ჯვარს, რომ ეს საღვთო სიყვარულის ძალა ახლოს იყოს ჩვენთან და შეგვეწიოს.

მაგრამ ამისთვის არ არის საკმარისი, რომ მხოლოდ გულ-მკერდზე გვეკეთოს ჯვარი; მთავარია, ის გულით ვატაროთ, გულში გვქონდეს ეს ჯვარი, ჩვენი გული მიისწრაფოდეს ღვთისადმი საპასუხო სიყვარულისკენ. მაშინ ეს საღვთო სიყვარულის ძალაც ყოველთვის ჩვენთან იქნება და დაგვეხმარება. გვეხმარება კიდეც, გვეწევა კიდეც. როდესაც ვხედავთ ჩვენს ცოდვებს და ჯეროვნად ვინანიებთ მათ, გვწამს და ვიცით, რომ ღვთის შეწევნით ამ ცოდვებს დავამარცხებთ, იმიტომ, რომ ცოდვა არ არის უძლეველი და ყოვლისშემძლე. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ არსებობს ღვთის სიყვარული, ღვთის სიყვარულის ძალა, რომელიც ჩვენთან მოდის, რომ გვაცხონოს, გადაგვარჩინოს, განგვწმინდოს და მოელის ჩვენგან საპასუხო სიყვარულს, ოღონდაც ეს სიყვარული გვქონდეს, ოღონდაც გული გავუხსნათ ამ სიყვარულს და ჩვენი თაყვანისცემა ჯვრისადმი არ იყოს მხოლოდ გარეგნული და ფორმალური. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქცევა უბრალო ჩვევად, მათ შორის, ჯვრის თაყვანისცემასა და ჯვრის ტარებასაც ვგულისხმობ.

თუ არ იქნება ისეთი, როგორც მოგახსენეთ, გულითადი, გულისმიერი, შინაგანი, ეს იქნება მხოლოდ გარეგნული, ფორმალური ჩვევა, რომელიც ძალას არ მოგვანიჭებს. შესაბამისად, დავრჩებით დაუცველნი და უმწეონი ცოდვის, ბოროტი სულების წინაშე, რომლებიც დაგვამარცხებენ და დაგვღუპავენ. ხოლო თუ მართებულად თაყვანს ვცემთ ჯვარს, როგორც მოგახსენეთ, მაშინ ჩვენი მწუხარება სიხარულად შეიცვლება და ჩვენი ცოდვების ხედვისგან გამოწვეული სიმწარე, რაც თან ახლავს მარხვისა და სინანულის სარბიელს, გადაიქცევა საღვთო სიყვარულის დამატკბობელ ძალად, ვინაიდან უფლის პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარი უძლეველია, ის ამარცხებს ცოდვასაც და სიკვდილსაც! ის სძლევს ცოდვას, სიკვდილსა და ბოროტებას!

კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდი მარხვის მესამე კვირას - ჯვრის თაყვანისცემის კვირას. ჯვრის ძალამ და მადლმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ჯვრის ძალამ და მადლმა დალოცოს, დაიფაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო და ყველას მოგვმადლოს მშვიდობა და წყალობა", - განაცხადა მეუფე შიომ.

 

 





მსგავსი სიახლეები
"პატრიარქმა დავითმა მითხრა, შენზეა დაწერილი ანდერძიო, რაც შემდეგ დაიკარგა. ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია..."- ანდრია ჯაღმაიძემ პირდაპირ ეთერში პატრიარქის კარნახით დაწერილი წერილი წაიკითხა
30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე - დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება, რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, არავინ დააყოვნებს
ცესკო ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს - მორიგი შეხვედრა დუშეთში გაიმართა
დედაქალაქის მერია პირველი მაისიდან ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამას იწყებს
თიბისის მხარდაჭერით "ქოლგა თბილისი ფოტო" 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
,,არცერთი მხრიდან ყოფილა ჩარევა, მსგავსი ფაქტი მე არ შემინიშნავს''- მეუფე სტეფანე
გაზმომარაგება 20 000 აბონენტს შეუწყდება - „თბილისი ენერჯი''
29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ტემპერატურა 21 გრადუსამდე მოიმატებს - უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი
საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფართოვდა
მეუფე ნიკოლოზი - უკვე გასაგები და ცხადია, ღვთის ნება როგორია, გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ
პატრიარქობის სამი კანდიდატი ცნობილია
როგორ ამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ თვალის ბაქტერიულ ინფექციას სწორად
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ - ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
კონკრეტული მაგალითები, როგორც ვნახეთ არ მოგვისმენია და ძალიან კარგია ეს, რომ არ ჩანს არანაირი ჩარევა - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ვიხსენებ პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას, რათა მისი რწმენისა და სიმამაცის ნათელი მაგალითი მარადიულად დარჩეს-ევროპარლამენტარი კრისტიან ტერჰესი
საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ
მეუფე ზენონი - ჩემი პოზიცია იყო, რომ ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას, ამის ხელის შემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს