საქართველოს მხარდაჭერა ნიშნავს არა მხოლოდ სოლიდარობის გამოხატვას - არამედ იმ ჯგუფების აქტიურ მხარდაჭერას, რომლებიც ადგილზე წინააღმდეგობის პროცესში არიან ჩართულნი - ეკა გიგაური

ჩემთვის განსაკუთრებული პატივი და დიდი პრივილეგიაა დღეს თქვენ წინაშე ყოფნა და საუბარი, რატომ აქვს საქართველოს ხალხის ბრძოლას დემოკრატიისთვის, სამართლის უზენაესობისთვის და ევროპული მომავლისთვის მნიშვნელობა ნიდერლანდებისთვის, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორმა, ეკა გიგაურმა ნიდერლანდების პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიგაურის თქმით, საქართველო არის 4-მილიონიანი ქვეყანა რთულ რეგიონში, თუმცა ისტორიისა და მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, შეინარჩუნა იდენტობა და ურყევი ერთგულება ევროპული მომავლისადმი.

„საქართველო არ ხდება ევროპული. საქართველო არის ევროპული თავისი ისტორიით, ღირებულებებით და ხალხის ნებით. ათწლეულების განმავლობაში, ქართველების 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი.

ამიტომ, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რუსული იმპერიალიზმის ბუნება და ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია არ არის არჩევანი, არამედ ერთადერთი გზა გადარჩენისთვის. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქართველები ამ არჩევანისთვის თავად იბრძვიან, ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი, მშვიდობიანი პროტესტებით. უკვე 500 დღეა, რაც ქართველები ქუჩებში აპროტესტებენ.

თუმცა, დღეს ეს ევროპული არჩევანი პირდაპირი თავდასხმის ქვეშაა პრორუსული მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. რუსი ოლიგარქის, რომელმაც თავისი ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა.

შესაბამისად, ის გამოწვევებიც, რომელთა წინაშეც ვდგავართ, არსებითად „რუსული" ხასიათისაა. განსაკუთრებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემურ გაუარესებას.

ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი გახდა სასტიკი და სისტემური პოლიციური ძალადობის მსხვერპლი და ეს მხოლოდ აქციების ძალადობრივ დაშლას არ ეხება. პოლიციის ავტომობილებიც კი სპეციალურად იყო აღჭურვილი დემონსტრანტების ფიზიკური ცემისთვის. ამ ძალადობის შედეგად 500-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. არსებობს სანდო ცნობები დაკავებისას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ, მათ შორის სახალხო დამცველის ანგარიშში. 120-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი კვლავ ციხეში რჩება თვითნებური მართლმსაჯულების შედეგად. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ქალები მიზანმიმართულად არიან სამიზნეში ამოღებული. ქალი აქტივისტები და პოლიტიკოსები დამცირებელ მოპყრობას განიცდიან, მათ შორის იძულებით აშიშვლებენ, ემუქრებიან და აყენებენ შეურაცხყოფას დაკავებისას. ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ელენე ხოშტარია. ოპოზიციის ლიდერი და ოთხი შვილის დედა, რომელიც დააპატიმრეს და არაადამიანურ მოპყრობას დაუქვემდებარეს. მისი შემთხვევა უნიკალური არ არის. ის წარმოადგენს რეპრესიების უფრო ფართო სურათის ნაწილს. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ქალების გაჩუმებას, დაშინებას და მათი საჯარო ცხოვრებიდან განდევნას.

დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ზეწოლის ქვეშაა. ის აწყდება დაშინებას, დისკრედიტაციის კამპანიებს და ფინანსურ შეზღუდვებს, თუმცა ჟურნალისტები კვლავაც გაბედულად აგრძელებენ მუშაობას. ამავდროულად, სამოქალაქო საზოგადოება ნგრევის პროცესშია. „უცხოური აგენტებისა" და გრანტების კანონების მეშვეობით, ხელისუფლება ცდილობს: დაფინანსების შეწყვეტას, ორგანიზაციების სტიგმატიზაციას, ცდილობს იმ ადამიანების გაჩუმებას, ვინც ქართულ საზოგადოებას ემსახურება. მიზანი ნათელია - დამოუკიდებელი ხმების განადგურება. ეს მიზანი ნაწილობრივ უკვე მიღწეულია. ჩემმა ორგანიზაციამ, TI Georgia-მ, ქვეყნის მასშტაბით ხუთი ოფისის დახურვა იძულებით მოახდინა, ხოლო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იძულებული გახდა, თავისი საქმიანობის დიდი ნაწილი შეეჩერებინა.

ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას სიყვარულით ემსახურებიან. ადამიანები, რომლებსაც სურთ საქართველო იყოს დემოკრატიული, თავისუფალი და ევროკავშირის ნაწილი. დღეს ისინი სწორედ ამისთვის ისჯებიან. მიუხედავად ამისა, ქართული საზოგადოება წინააღმდეგობას აგრძელებს. სწორედ ამიტომ არის თქვენი როლი მნიშვნელოვანი.

დღეს საქართველოს მხარდაჭერა ნიშნავს არა მხოლოდ სოლიდარობის გამოხატვას, არამედ იმ ჯგუფების აქტიურ მხარდაჭერას, რომლებიც ადგილზე წინააღმდეგობის პროცესში არიან ჩართულნი. ჩვენთვის ეს არის ბრძოლა რუსული გავლენის წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ეს ნიშნავს, რომ საქართველო უნდა გახდეს სანდო პარტნიორი დასავლეთისთვის სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში და მონაწილეობდეს ევროპული და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის დასკვნები, რომელიც ნათლად აღწერს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს: პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მეშვეობით, სადაც არსებობს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მტკიცებულებები; სახელმწიფოთაშორისი დავების წახალისებას საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის გამო; მიზნობრივი სანქციების დაწესებას რეპრესიებსა და ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ; უნივერსალური იურისდიქციის გამოყენებას წამების ჩამდენთა ეროვნული სასამართლოების ფარგლებში დასასჯელად. ეს არის კონკრეტული და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები და მოსკოვის მექანიზმი პირდაპირ ამ მიმართულებით მიუთითებს. ნიდერლანდები, როგორც ICC-ისა და ICJ-ის მასპინძელი ქვეყანა, უნიკალურ პოზიციაშია, რომ ლიდერობა აიღოს.

საქართველოს მხარდაჭერა, შესაბამისად, ნიშნავს საერთაშორისო სამართლის იმ ინსტრუმენტების გამოყენებას, რომლებიც სწორედ აქ, ჰააგაშია. ეს მხოლოდ საქართველოს საკითხი არ არის.
ეს არის საკითხი იმისა, დადგება თუ არა ევროპა მათ გვერდით, ვისაც მისი სჯერა. ჩვენ არ გთხოვთ, რომ ჩვენ ნაცვლად იბრძოლოთ. ჩვენ უკვე ვიბრძვით, მაგრამ თქვენი მხარდაჭერა განსაზღვრავს, მიიყვანს თუ არა ეს ბრძოლა დემოკრატიულ მომავლამდე, თუ უფრო ღრმა რეპრესიებამდე", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი დიდი სურვილია, აშშ-თან ურთიერთობები გადაიტვირთოს, ეს მათი სურვილიც არის, დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან წინა ადმინისტრაციისგან დიდი ნეგატივი დარჩა
ეკა სეფაშვილი - ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული შეტევით საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირება სურთ, ეს ბრძოლა საზღვარგარეთიდანაც არის დაფინასნებული
შალვა პაპუაშვილი - ქართველები ჩადიოდნენ სხვადასხვა დედაქალაქში, რათა მხარდაჭერა მოეპოვებინათ, ყველაზე ახლო წარსულში მოსკოვში გარბოდნენ, დღეს ეს ზოგისთვის ჰააგა და ბრიუსელია
შალვა პაპუაშვილი - სახეზე გვაქვს კვლავ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“, იგივე სახეები, რომლებმაც წამების, ბიზნესის რეკეტისა და მედიის მიტაცების სისტემა შექმნეს, ცდილობენ, იმავე გეგმით იმოქმედონ
საქართველოს მხარდაჭერა ნიშნავს არა მხოლოდ სოლიდარობის გამოხატვას - არამედ იმ ჯგუფების აქტიურ მხარდაჭერას, რომლებიც ადგილზე წინააღმდეგობის პროცესში არიან ჩართულნი - ეკა გიგაური
მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის პრეზიდენტმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, დენისა საკოვას შეხვდა
არჩილ გორდულაძე - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ კონსტიტუციაზე წარმოდგენა არ აქვს, მათი პოზიცია როცა მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს დასაშვებად ცნობისთვის, ეს ხაზს უსვამს, რომ მავნებლები არიან
კახა კალაძე - აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დიდი იმედი გვაქვს, ურთიერთობები გადაიტვირთება, მოლოდინი გულისხმობს, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მინიმალური ხელფასის შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
კახა კალაძე - წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს, მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები
მიხეილ ყაველაშვილი - სლოვაკეთის პრეზიდენტთან ხაზი გავუსვით, რომ სწრაფად ცვალებად გარემოში მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი
სლოვაკეთის პრეზიდენტი - საქართველო სამხრეთ კავკასიაში სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს, სტრატეგიული პოზიცია აქვს აზიასა და ევროპას შორის, ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის
მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა
მიუსაფარ ცხოველებს ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია -კახა კალაძე
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს
საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
"ნაციონალური მოძრაობა" - მოვითხოვთ, პარტიათა აკრძალვის სარჩელის დასაშვებობის საკითხი ზეპირი განხილვის საფუძველზე გადაწყდეს
თეა წულუკიანი: ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ