საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ადმინისტრაციული წესით, დაკავებულ იქნა აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვი, რომელიც სასამართლოს წინაშე შესაბამისი ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში წარდგა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის. კერძოდ, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

სასამართლომ გაითვალისწინა შს სამინისტროს წარმომადგენლების პოზიცია და მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ აღნიშნული პირი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.

გარდა ამისა, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, გათვალისწინებულ იქნა აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ინფორმაცია აფგან სადიგოვის შესახებ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით.

დამატებით, საზოგადოების ინფორმირებისა და სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, განვმარტავთ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა ბოლო წლების განმავლობაში ითხოვდა მათ მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი აფგან სადიგოვის ექსტრადირებას. იმის გამო, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დაეკისრა დროებითი ღონისძიება, არ გადაეცა აფგან სადიგოვი აზერბაიჯანისათვის, ბუნებრივია ქართული მხარე უარს აცხადებდა ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნული პირის ექსტრადიციაზე. ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები.

ამავდროულად, სადიგოვმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეეფარდა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს. შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა.

საქართველოში სრულად არის დაცული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ამავდროულად, სახელმწიფო მკაცრად იცავს ბალანსს ინდივიდუალურ უფლებებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს შორის. კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი და სამართალდამრღვევი პირები დაექვემდებარებიან კანონით განსაზღვრულ იმ ზომებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია კანონის უზენაესობის პრინციპთან", - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

 





მსგავსი სიახლეები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი „ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძეა
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა
თბილისში გარდაცვლილი ინდოელი ტურისტის მშობლები ინდურ მედიასთან აცხადებენ, რომ მათი შვილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა ბინის მესაკუთრისგან, რომელიც მისგან თანხას ითხოვდა
შსს-მ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირის ვინაობა ცნობილია, ის გულბაათ რცხილაძეა
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს გადასცემდა ინფორმაციას
თბილისში კონსპირაციულ სახლებში ნარკოდანაშაულის ფაქტი გამოვლინდა - დაკავებულია 6 პირი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმიდან ცალკე გამოყოფილ საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
გორის რაიონულმა სასამართლომ უფლებამოსილების ძალადობით გამოყენების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს, აუცილებელია დაინიშნოს ვიდეო ექსპერტიზა - გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი
შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 000 ლარით დააჯარიმეს
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას ეწვია
პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა
გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა
საგარეჯოს ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომსახურე პერსონალს წიწაკის სპრეი შეასხეს - რა დეტალებია ცნობილი
გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
პროკურატურამ გორში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელმაც მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად იძალადა ბრალდება წარუდგინა