მეუფე შიო: ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ყველა ცოდვამ და მანკიერებამ
ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ყველა ცოდვამ და მანკიერებამ, არამედ ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში, რომ დღეიდან აღარ განვეშოროთ მას, რომ მუდამ გვახსოვდეს იგი, მასთან ერთად ვიყოთ და მასთან ერთად ვიცხოვროთ, - განაცხადა სიონის საპატრიარქო ტაძარში ბზობის დღესასწაულზე ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, (მუჯირი).
მან ტაძარში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და ბზობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„როგორც გვიამბობს წმინდა სახარება ამ მოვლენის შესახებ, მთელი ქალაქი შეიძრა, მთელი ხალხი მიისწრაფოდა იერუსალიმისკენ მიმავალი მაცხოვრის შესახვედრად. მას გზაზე უფენდნენ თავიანთ ტანსაცმელს, ხეებიდან ჭრიდნენ რტოებს, ასევე უფენდნენ და გაიძახოდნენ: „ოსანა დავითის ძეს! კურთხეულ არს მომავალი უფლის სახელით! გვაცხოვნენ ჩვენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!".
აი, ასეთი სახოტბო შეძახილებით ხვდებოდნენ მას. შეიძლება ითქვას, თითქოს მოხდა რაღაც საოცარი გამონათება ხალხში, ყველამ შეიცნო იესოში მათი მხსნელი, ღმერთიც, მკურნალიც, რომელიც ახდენს სასწაულებს და მკვდრებსაც აღადგენს.
აი, ასეთი გამონათება, ძვირფასო ძმებო და დებო, შეიძლება მოხდეს და ხდება კიდეც ყოველი ჩვენგანის სულშიც, როდესაც თითქოს, ნათელი და ცხადი ხდება ყველაფერი: ღმერთის არსებობაც, სულის უკვდავებაც, უფლის სიტყვების ჭეშმარიტებაც.
ასეთი ამაღლებული გრძნობა შეიძლება მოხდეს, როდესაც ვჭვრეტთ და აღიქვამთ ღმერთის მიერ შექმნილი სამყაროს მშვენიერებას, იმ კანონზომიერებას და საოცარ სიბრძნეს, რომელიც არის სამყაროში, თუ როგორ არის მოწყობილი ეს სამყარო.
ასევე, შეიძლება ეს მოხდეს ჩვენს სულში ცხოვრებისეული წარმატების ან წარუმატებლობის შედეგად; შეიძლება იყოს დიდი ბედნიერებისგან ან უბედურებისგან, დიდი მწუხარებისგან ან სიხარულისგან. ასეთ მომენტებში ადამიანი მადლობს და ადიდებს უფალს და წარმოთქვამს თავის ოსანას. ეს ყველას გამოცდილი გვაქვს, იმიტომაც ვართ აქ, ასე ვხარობთ და ვზეიმობთ დღევანდელ დღეს.
შეიძლება ვთქვათ, რომ მსგავსი საოცარი გამონათება ვიხილეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შემდგომ დღეებში, როდესაც მთელი ჩვენი ხალხი, მთელი ჩვენი ერი გაერთიანდა მისადმი მადლიერების, მისადმი სიყვარულის გრძნობაში.
მინდა, დავამატო ასევე ის, რომ ეს არ იყო მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის პიროვნების დაფასება, მხოლოდ ეს როდი იყო, არამედ, ალბათ, პირველ ყოვლისა, იყო ღვთისადმი, ეკლესიისადმი, სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატვა და იმ ღირებულებებისადმი ერთგულების გამოვლინება, რომელთაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა მთელი ცხოვრება ემსახურებოდა და ქადაგებდა. ეს ნამდვილად ასე იყო, ეს საოცარი დღეები, რომლებიც გამოვიარეთ და რომლებსაც გავდივართ.
ამ გამონათებამ, ამ ჩვენმა დიდმა ერთობამ და სიყვარულმა გაგვაერთიანა და გადაგვატანინა ის მძიმე მოვლენა, რასაც ჰქვია მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალება.
...მაგრამ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი. ვიცით, რა მოხდა იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლიდან სულ რამდენიმე დღეში. იუდა მოციქულმა მას უღალატა, მოწაფეებმა მიატოვეს, ბრბო კი ყვიროდა: „ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი ეგე!". აი, რა საშინელი ცვალებადობაა! მაგრამ განა დღეს ჩვენ არ ვაწყდებით ასეთ მერყეობასა და ცვალებადობას?! ჩვენც ადვილად ვიცვლით გუნება-განწყობილებას და ვკარგავთ-ხოლმე ამ გამონათებას, რომელსაც უფალი გვაძლევს.
მართალია, დღეს ადამიანები არ ყვირიან „ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!", მაგრამ ხშირია შემთხვევა, როდესაც ივიწყებენ უფალს, ღალატობენ მას და შორდებიან. სხვადასხვა ცოდვით, ბოროტებით, უწმინდურობით, უსამართლობით, უკანონობით, ცილისწამებით და ასე შემდეგ, კვლავდაკვლავ ითხოვენ უფლის ახალ ჯვარცმას და ახალ ტანჯვებს. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი მდგომარეობისგან!
ნუ დავუშვებთ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ბოროტებამ, უწმინდურობამ, ამ ყველა ცოდვამ და მანკიერებებმა, არამედ ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს ჩვენთვის მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში, რომ დღეიდან აღარ განვეშოროთ მას, რომ მუდამ გვახსოვდეს იგი, მასთან ერთად ვიყოთ და მასთან ერთად ვიცხოვროთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ბზობის დიდებულ დღესასწაულს!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა მოგვცეს მადლი, რომ ეს საოცარი მუხტი და განწყობა, რომელიც ჩვენმა ხალხმა გამოავლინა, შევინარჩუნოთ მუდამ, ვინაიდან ეს არის საწინდარი ჩვენი გადარჩენის, ჩვენი სიძლიერის და ჩვენი, როგორც ხალხის და ერის, წარმატების და ღვთის წყალობის ჩვენდამო", - განაცხადა მეუფე შიომ.
მსგავსი სიახლეები
მეუფე შიო: ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ყველა ცოდვამ და მანკიერებამ
იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ბზობისა და აღდგომის დღესასწაულები მრევლის გარეშე აღინიშნა
მოხდა ხალხში საოცარი გამონათება - ყველამ შეიცნო იესოში მათი მხსნელი. მსგავსი საოცარი გამონათება ვიხილეთ უწმინდესის გარდაცვალების შემდგომ დღეებში - მეუფე შიო
5 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ლოცვა, რომელიც ბზობის დღესასწაულზე იკითხება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხებაა
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს აღდგომას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
,,მომავალმა პატრიარქმა, ხალხის სიყვარულს უნდა უპასუხოს''- მეუფე დოსითეოსი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
5 აპრილის ამინდის პროგნოზი
მეუფე დანიელი - დებულებაში ცვლილება უნდა მოხდეს გაფართოებულ კრებაზე, პატრიარქის არჩევის შემდეგ
მეუფე იობი - დასრულდა ილია მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა -მომავალში დაიწყება საქართველოს სულიერი გაბრწყინება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო პატრიარქის ორმოცამდე ყოველ კვირას და ყოველ დღესასწაულზე სიონის ტაძარში აღასრულებს წირვას -დეკანოზი გიორგი სანამაშვილი
"თბილისი ენერჯი" - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ორი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი გაზის გაჟონვაა, სიმართლეს არ შეესაბამება
ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის დახმარება, მოვიქცევით ისე, როგორც ეკადრება ჭეშმარიტ ქართველს, ქრისტიანს -მეუფე იაკობი
სინოდში ერთობაა, ჩვენ ძალიან ერთიანები ვართ, არ არსებობს ძალა, რომელიც შეძლებს, დედაეკლესიას და საქართველოს მოერიოს -მეუფე სპირიდონი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეცტექნიკას IVECO VOLKAN-ის ფირმის სახანძრო-სამაშველო ავტოკიბეები შეემატა
4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
4 აპრილის ამინდის პროგნოზი