"გადაიქცევა თუ არა დონალდ ტრამპისთვის ირანი ვიეტნამად?"-Neue Zürcher Zeitung
„აშშ ირანში იგივე შეცდომებს უშვებს, რაც თავის დროზე ვიეტნამში დაუშვა“, - ნათქვამია შვეიცარიის გერმანულენოვან ყოველდღიურ გაზეთ „ნოიე ციუჰერ ცაიტუნგის“ (Neue Zürcher Zeitung) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „გადაიქცევა თუ არა დონალდ ტრამპისთვის ირანი ვიეტნამად?“ (ავტორი - ანდრეას მინკი). „აშშ-ის პრეზიდენტი ვერ ხვდება, რომ „ყველა დროის საუკეთესო არმია“ შეიძლება ჰორმუზის სრუტეში ისე ჩაეფლოს, როგორც ერთ დროს ამერიკელი ჯარისკაცები ვიეტნამის ჭაობებში ეფლობოდნენ“, - წერს გაზეთი.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„ირანი აშშ-ისრაელის მასირებულ დარტყმებს უძლებს, რაც ვაშინგტონისათვის საკმაოდ მოულოდნელ რეალობას წარმოადგენს. თავის მხრივ, დონალდ ტრამპი ირანელებს „ქვის საუკუნეში დაბრუნებას“ პირდება და შესაძლოა ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ სახმელეთო ჯარებიც გამოიყენოს. აშკარაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ესკალაციის ხაფანგშია მოქცეული.
დონალდ ტრამპი და ომი ვიეტნამში
დონალდ ტრამპმა 1968 წელს ვიეტნამის ომში მონაწილეობას თავი „ჯანმრთელობის მდგომარეობის“ გამო აარიდა - წარადგინა ცნობა, რომ მას ქუსლის ძვლის წანაზარდი ჰქონდა. როგორც ამბობენ, ცნობის გამცემი ექიმი ტრამპების ოჯახის მეგობარი იყო. ალბათ, ამიტომაც პოლიტიკოსმა [სამხედრო] გამოცდილება ვერ შეიძინა, თუმცა, ნებით თუ უნებლიედ, მისი მოქმედება ირანის მიმართ ვიეტნამის რეალობას ჰგავს...
გასულ კვირაში, ამერიკელი ხალხისადმი მიმართვაში, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ირანს დავბომბავდა და ქვეყანას ქვის საუკუნეში დააბრუნებდა - იქ, სადაც მისი ადგილია“. ამით აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკელი გენერლის კერტის ლემეის ნათქვამის ციტირება მოახდინა, რომელმაც განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ ვიეტნამს ისე დაბომბავდა, რომ ქვის საუკუნის მდგომარეობამდე მიიყვანდა“.
მაშინაც ბევრ ამერიკელს (და არამარტო მათ) სჯეროდა და ახლაც ბევრს სჯერა: „ამერიკის შეერთებულ შტატებს, თავისი სამხედრო უპირატესობით, შეუძლია ჰაერიდან ერთი დარტყმით მთელი ქვეყანა მუხლებზე დასცეს“.
ოპერაცია „ჭექა-ქუხილის“ დროს ვიეტნამში, 1965-1968 წლებში, აშშ-მა ავიადაბომბვების ხანგრძლივი კამპანია განახორციელა, რომლის მიზანი იყო აეძულებინა კომუნისტური ჩრდილოეთი ვიეტნამი მოლაპარაკებაზე დათანხმებულიყო აშშ-ის პირობებით (ვიეტნამი ორ ნაწილად გაიყო 1954 წელს, მე-17 პარალელის მიხედვით). სხვათა შორის, 1967 წლისათვის ამერიკელებმა ჩრდ. ვიეტნამზე სამჯერ მეტი რაოდენობის ბომბები ჩამოყარეს, ვიდრე მეორე მსოფლიო ომში, მაგრამ ამ ქვეყნის „ქვის ხანაში“ დაბრუნება მაინც ვერ შეძლეს. პირიქით, ამერიკელები 1975 წელს საბოლოოდ თვითონ გამოიქცნენ საიგონიდანაც (სამხრ. ვიეტნამიდან) - ისე, რომ ვიეტნამელთა მტკიცე ნებისყოფა ვერ გატეხეს.
ისევე როგორც მაშინ, დღესაც ამერიკელები მოწინააღმდეგეს ჯეროვნად ვერ აფასებენ. ისინი ვერ ხედავენ, ან არ უნდათ დაინახონ ის, რომ საჰაერო დარტყმები ფრონტის მეორე მხარეს პატრიოტიზმს აღვივებს. დაბომბვების დროს არ აქვს მნიშვნელობა, მოსახლეობა კომუნისტური იდეოლოგიის ერთგულია თუ რელიგიური ფანატიზმისა.
„ხუთსაათიანი სიგიჟეები“: რით ჰგავს ირანი ვიეტნამს?
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეიდ აბას არაღჩიმ მიანიშნა კიდეც, რომ აშშ საინფორმაციო პოლიტიკის თვალსაზრისით, „ვიეტნამური სცენარით“ მოქმედებს - აზვიადებს საკუთარ ფრონტულ „წარმატებებს“, მაგრამ თავისივე დანაკარგებზე ნაკლებს ლაპარაკობს. „ამერიკა აცხადებს, რომ ირანის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა მთლიანად გაანადგურა, მაგრამ როგორ ჩამოაგდეს ირანელმა მერაკეტეებმა სტელსის ტექნოლოგიით შექმნილი თითქმის „უჩინარი“ F-35 ავიაგამანადგურებელი?“, - რიტორიკულად იკითხა მინისტრმა.
ვიეტნამის კონფლიქტის დროს ფრონტზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ საიგონში ყოველდღიურად პრეს-კონფერენციები (ბრიფინგები) ტარდებოდა ხოლმე, არცთუ იშვიათად ხუთი საათის განმავლობაში, რომლებიც ისტორიაში „ხუთსაათიანი სიგიჟეების“ სახელით შევიდა: როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამერიკელი სამხედროები ბრიფინგების დროს უცხოელ ჟურნალისტებს სპეციალურად აწვდიდნენ არასწორ, გაზვიადებულ ინფორმაციას. შესაბამისად, „ხუთსაათიანი სიგიჟეები“ იქცა გადაჭარბებული ოპტიმიზმისა და დამაბნეველი ინფორმაციების სიმბოლოდ.
გასულ კვარაში, პარასკევს, ირანელებმა თავიანთ საჰაერო სივრცეში ორი ამერიკული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს. პილოტები ტყვეობას გადაურჩნენ, მაგრამ მათთვის ძალიან ძვირადღირებული სამაშველო ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. ესეც ვიეტნამს გვაგონებს: იმ წლებში ვიეტნამელებმა ასობით ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მართალია, ირანისაგან განსხვავებით, ვიეტნამში 700-მდე ამერიკელი პილოტი ტყვედ ჩავარდა. ბევრი აწამეს კიდეც და ომის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთებინეს.
ვიეტნამისა და ირანის ომები ციფრებში
როგორც პენტაგონის წარმომადგენლები აცხადებენ, [ომის დასაწყისიდან] ირანში 12 300 სამიზნე ობიქტი განადგურდა. თეთრი სახლის მტკიცებით, დაბომბვები „წინმსწრები გრაფიკით“ ხორციელდება - ისე, რომ თითქოს საქმე რაღაცის აგებას ეხება. ეს იგივე ჟარგონია, რომელსაც დონალდ ტრამპი მშენებლობის სფეროში მუშაობის დროს იყენებდა ხოლმე. იგი დღეს განსაკუთრებით ამაყობს იმით, რომ დაბომბვების დროს დაახლოებით ასამდე ირანელი უმაღლესი რელიგიური მსახური და პოლიტიკოსი იქნა ლიკვიდირებული. ეს ციფრი ნამდვილად შევა თანამედროვე სამხედრო ისტორიაში, მაგრამ რა მიზანს ემსახურება ასეთი ტაქტიკური წარმატებების მოპოვება? დღემდე გაურკვეველია.
ციფრებით აკვიატებას ვიეტნამის ომშიც სისტემური ხასიათი ჰქონდა: 1968 წლამდე აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ მაკნამარა ინდოჩინეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე იყო პასუხისმგებელი. პრეზიდენტების ჯონ კენედისა და ლინდონ ჯონსონის მმართველობის დროს რობერტ მაკნამარა ისწრაფვოდა, რომ ვიეტნამის კონფლიქტი არითმეტიკულ ამოცანად გადაექცია - სამხედროებს ნორმებს უწესებდნენ, თუ რამდენი ბომბი რამდენ სოფელზე უნდა ჩამოეგდოთ მოსახლეობის „დასამშვიდებლად“ და მოწინააღმდეგის ჯარისკაცების გასანადგურებლად.
„გვამების დათვლის“ შედეგები კატასტროფული აღმოჩნდა: სამხედროები ცდილობდნენ „გეგმა“ შეესრულებინათ - ხოცავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას და მსხვერპლის ზედმეტ „მიწერებსაც“ არ თაკილობდნენ. ამას რომ ხედავდნენ, ვიეტნამელები ამერიკელებს უფრო მეტ წინააღმდეგობას უწევდნენ. ათეული წლების შემდეგ რობერტ მაკნამარა ცრემლებად იღვრებოდა და პატიებას ითხოვდა ვიეტნამის არაადამიანური კამპანიის გამო: ამერიკელები დაბომბვების დროს უკიდურესად შხამიან ნივთიერებას - Agent Orange-ს იყენებდნენ, რომელიც, გარდა იმისა, რომ მცენარეების გახმობას და მოუსავლიანობას იწვევდა, ასევე ძალიან აზიანებდა ადამიანის ორგანიზმსაც. ამ ნივთიერებას აფრქვევდნენ მიზნობრივად, ტროპიკული ტყეების გახმობისათვის, რომ იქ ვიეტნამელი ჯარისკაცები არ დამალულიყვნენ. ამას ემატებოდა ნაპალმის გამოყენებაც...
ირანი, აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შემდეგ, მხოლოდ ერთს აკეთებს - კონფლიქტის მასშტაბებს აფართოებს: გეოგრაფიულ-ეკონომიკურად, სპარსეთის ყურის ქვეყნებზე - თეირანი რაკეტებს და დრონებს უშვებს არა მხოლოდ მათ ტერიტორიაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებისაკენ, არამედ ნავთობ-გაზის სტრუქტურებზეც, რითაც ანგრევს რეგიონის ტურისტულ და ფინანსურ სექტორს. გარდა ამისა, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით, ირანმა ნავთობისა და გაზის გლობალური მიწოდების ბალანსი დაარღვია და ამით მსოფლიო ეკონომიკა კონფრონტაციაში ჩაითრია. მართალია, დონალდ ტრამპი ამტკიცებს - ჰორმუზის სრუტე ჩემი პრობლემა აღარ არისო, მაგრამ იგი სწორედ ამ საკითხის გამოა ყველაზე მეტად მოწყვლადი: ირანთან ომის შედეგად აშშ-ში მომატებული ბენზინის ფასები პრეზიდენტს ურტყამს.
როგორ გაიმარჯვა ვიეტნამმა აშშ-სთან ომში? რა თქმა უნდა, ჰანოის რეჟიმი მარტო არ იყო, მის გვერდით იდგა საბჭოთა კავშირი, ასევე ჩინეთიც - ვიეტნამთან ისტორიული მტრობის მიუხედავად. მოკავშირეები მას ცოცხალი ძალით (სამხედრო მრჩევლებით, მფრინავებით), იარაღით და მატერიალური რესურსებით ამარაგებდნენ. პლუს თვითონ ვიეტნამელთა სიმტკიცე და ამტანობა.
ირანიც მოკავშირეთა დახმარებას იღებს: უპირველესად რუსეთისაგან. თანაც ირანს თავისი ყველა კოზირი ჯერ არც გამოუყენებია, მაგალითად, იემენელი ხუსიტების ფაქტორი, რომლებიც ჯერ სრულად არ გააქტიურებულან. მათ ჯერ არ ჩაუკეტავთ ბაბ-ელ-მანდების სრუტე წითელი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, რითაც საერთაშორისო ეკონომიკას კიდევ ერთ მძიმე დარტყმას მიაყენებენ.
გარდაუვალია თუ არა სახმელეთო ოპერაცია?
როცა ჩრდილოეთ ვიეტნამის დაბომბვებმა აშშ-ს სასურველი შედეგი ვერ მოუტანა, პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა 1965 წლის გაზაფხულზე სამხრეთ ვიეტნამში, „ვიეტკონგელებთან“ (სამხრეთვიეტნამელ პარტიზანებთან) და ჩრდილოელ კომუნისტებთან საბრძოლველად, 30 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი გაგზავნა. მაგრამ სულ მალე პენტაგონი იძულებული გახდა დამატებითი ქვედანაყოფები გადაესროლა. რატომ? იმიტომ, რომ ვიეტნამს საკმაოდ დიდი ფართობი ჰქონდა, მდინარე მეკონგის ჭაობებით, ჯუნგლებით და მთებით... ამას ემატებოდა სამხრეთ ვიეტნამის ხელისუფლებაში გაბატონებული კორუფცია, მისი არმიის ბრძოლისუუნარობა და, რა დასამალია, დაუნდობელი და არაადამიანური მეთოდები ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან. ამ ყველაფერმა „ვიეტკონგელებს“ უპირატესობა მისცა დამპყრობლებთან ბრძოლაში. კიდევ ერთი ფაქტორი - აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, რომელიც ვიეტნამის ომის მტკიცე მომხრე იყო, სკანდალითა გადადგა პოსტიდან „უოტერგეიტის საქმის“ გამო, რის შედეგადაც სამხრეთ ვიეტნამს მხარდამჭერი გამოაკლდა.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს არმიის ქვედანაყოფების გაგზავნას ირანის ტერიტორიაზე, მაგალითად, გამდიდრებული ურანის ხელში ჩასაგდებად, რომელიც ქვეყნის მთიან ადგილებში არსებულ ღრმა მიწისქვეშა ბუნკერებშია დაცული. ამ მიზნის მისაღწევად ვაშინგტონს ასობით და ათასობით სამხედრო მოსამსახურე დაჭირდება. ამბობენ, ბუნკერები დაბომბვებით ნაწილობრივ დაინგრა და ურანი ჩაიმარხაო, თუ ეს მართლაც ასეა, საჭირო იქნება მძიმე ტექნიკაც ნანგრევების გასაწმენდად და რადიოაქტიური ელემენტის ამოსაღებად. ამ ყველაფერს, ალბათ, კვირეები და თვეები დაჭირდება... და ეს გაგანია საომარი მდგომარეობის დროს!
არანაკლებ რთული იქნება ჰორმუზის სრუტეში მდებარე რომელიმე კუნძულის დაკავება და მისი ხანგრძლივი დროით გაკონტროლება, ანდა, ვთქვათ, სპარსეთის ყურის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ირანის კუნძულის ხარკის დაკავება, სადაც ნავთობის ექსპორტის მთავარი საკვანძო ტერმინალებია განთავსებული. ხარკი ახლოს მდებარეობს ირანის კონტინენტურ ტერიტორიასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ის „გუშაგების“ არტილერიისათვის, დრონებისა და რაკეტებისათვის ხელმისაწვდომი იქნება.
დროული უკანდახევის შესაძლებლობა?
ირანელ სამხედროებს და „გუშაგებს“ ათწლეულები ჰქონდათ, რომ ამგვარი სცენარისათვის მომზადებულიყვნენ, ხოლო ქვეყნის მკაცრი მთიანი რელიეფი (ისევე როგორც ვიეტნამში) თავდამცველებისათვის მომგებიან როლს ასრულებს. ამიტომაც „ყველა დროის საუკეთესო არმია“, როგორც დონალდ ტრამპს უყვარს ხოლმე თქმა აშშ-ის არმიაზე, შეიძლება ხარკზე ან ჰორმუზის სრუტეში „ჩაეფლოს“.
ასეთ სიტუაციაში დონალდ ტრამპის წინაშე დადგება იგივე არჩევანი, როგორიც ოდესღაც აშშ-ის სხვა პრეზიდენტების - ჯონ კენედის, ლინდონ ჯონსონის და რიჩარდ ნიქსონის წინაშე მდგარა ვიეტნამში - სულ უფრო და უფრო მეტი ძალების მობილიზება განახორციელოს ირანის წინააღმდეგ საბრძოლველად, ან მთელი ძალისხმევა ომის შეწყვეტისა და მოლაპარაკებისათვის მიმართოს. სწორედ ასეთმა სამშვიდობო გადაწყვეტილებამ, საბოლოო ჯამში, მიიყვანა აშშ 1973 წელს ინდოჩინეთიდან (ვიეტნამიდან) ჯარების გამოყვანამდე.
მსგავსი სიახლეები
პიტ ჰეგსეტი - ირანი ზავს გვევედრებოდა, დამანგრეველი სამხედრო მარცხი განიცადეს, პრეზიდენტმა ტრამპმა ისტორია შექმნა, არცერთ პრეზიდენტს ასეთი სიმამაცე არ გამოუჩენია
"ირანის უზენაესი ლიდერი უგონოდ არის და მას ყუმში მკურნალობენ"-The Times
"გადაიქცევა თუ არა დონალდ ტრამპისთვის ირანი ვიეტნამად?"-Neue Zürcher Zeitung
"როგორ უნდა შეწყვიტოს ომი ირანმა: გარიგება, რომელზეც შეიძლება თეირანი დათანხმდეს"-Foreign Affairs
"მთავარი პრობლემა ვიქტორ ორბანი არ არის: რატომ ვერ იღებს კიევი ევროკავშირის კრედიტს და რა ბედი ელოდება უკრაინას"
"დონალდ ტრამპის ომი ირანთან წარუმატებელია და მან ეს თვითონაც კარგად იცის. პრეზიდენტი თავის შეცდომის შედეგებს ნატოელ მოკავშირეებს აბრალებს"-The Daily Telegraph
The Telegraph: ტრამპი ნატოსთვის ახალი წესის "გადაიხადე თამაშისთვის" დანერგვას აპირებს
შეიძლება თუ არა ომი უახლოეს დღეებში დასრულდეს? რას მოსთხოვს ირანი ამერიკას სანაცვლოდ?-BBC
"პრეზიდენტის პასტორი: "დონალდ ტრამპს სულიერი ვალდებულება აქვს ირანის დასაბომბად"-The Daily Telegraph
"რას გულისხმობს რეალურად დონალდ ტრამპი აშშ-ისრაელის "გამარჯვებაში" ირანის წინააღმდეგ"-The Independent
"როგორ ვნებს დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ მიმართული ომი"- The Economist
"კრემლი და თეთრი სახლი პუტინისა და ტრამპის შეხვედრისათვის ემზადებიან: სამი მნიშვნელოვანი საკითხი ჯერჯერობით პასუხის გარეშე რჩება" -BBC
სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ჰეგემონიის ეპოქა დასრულდა - The Washington Post
ტატარსკის მკვლელობა, შესაძლოა, გაფრთხილება იყოს პრიგოჟინისთვის, კრემლის კრიტიკის გამო - ISW
"ჩვენ გვჭირდება გულწრფელი საუბარი "უცხოური აგენტების" შესახებ კანონზე"-openDemocracy
უკრაინელი სამხედროები, სავარაუდოდ, ბახმუტიდან კონტროლირებადი გასვლისთვის ემზადებიან - ISW
Politico - ვიქტორ ორბანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების დაბლოკვით იმუქრება
რუსები ნელ-ნელა ბახმუტის ირგვლივ მაგრდებიან-BBC