თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

2025 წელს საქართველო წმინდა კრედიტორი გახდა; ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზეგავლენის მორიგი განახლება.

თიბისი კაპიტალი განაგრძობს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის უახლესი ინდიკატორებით შეფასებას. ამ მხრივ, ჯერჯერობით შესამჩნევი ცვლილება არ იკვეთება, თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დღევანდელი შეთანხმების გათვალისწინებით, სურათი, შესაძლოა, სწრაფად შეიცვალოს, რასაც დეტალურად შემდგომ პუბლიკაციებში დავფარავთაღნიშნული ინდიკატორები პუბლიკაციის სრული ვერსიის დანართშია მოცემული.

უფრო სტრუქტურული განახლების კუთხით, 2025 წელს,თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, საქართველოს მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, 82 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 0.2%-ია. მართალია, მოცულობა უმნიშვნელოა, თუმცა ეს ფაქტი იმითაა აღსანიშნავი, რომ მიმდინარე ანგარიშის დადებითი ბალანსი ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა.  

პრაქტიკული თვალსაზრისით, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი ნიშნავს, რომ საქართველო დანარჩენი მსოფლიოს მიმართ წმინდა კრედიტორი გახდა, ანუ გასულ წელს უცხოურ ვალუტაში რეზიდენტების შემოსავლები ხარჯებს აღემატებოდა. მიმდინარე ანგარიში სწორედ ამ ბალანსს ასახავს - ქვეყანა მეტ შემოსავალს იღებს თუ მეტს ხარჯავს დანარჩენ მსოფლიოსთან საგარეო ვაჭრობისა და ფულადი ნაკადების (მათ შორის, ფულადი გზავნილები, შრომის ანაზღაურება, დივიდენდები, რეინვესტიცია, საპროცენტო ხარჯები)  ჭრილში. სარკისებური პრინციპით, ფინანსური ანგარიში მიუთითებს, თუ როგორ დაიხარჯა პროფიციტი საზღვარგარეთ ან როგორ დაფინანსდა დეფიციტი საზღვარგარეთიდან (მაგალითად, პირდაპირი ან პორტფელური ინვესტიციების გზით).

2025 წლამდე მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებული პროფიციტი მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის მესამე კვარტალში ფიქსირდებოდა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე. 2025 წელს კი მიმდინარე ანგარიშის ბალანსი მეორე კვარტლიდან ზედიზედ სამი კვარტლის განმავლობაში იყო დადებითი. აღნიშნული გასულ წელს ლარის გაცვლითი კურსის ერთ-ერთ ძირითად მხარდამჭერ ფაქტორს წარმოადგენდა, როგორც ეს არაერთხელ იყო ხაზგასმული თიბისი კაპიტალის პუბლიკაციებში. გარდა ამისა, წლის დასაწყისში სავალუტო ბაზარზე არსებული სიჭარბე ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე ლარის მიმდინარე სტაბილურობასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

რამ გამოიწვია საგარეო ბალანსის გაუმჯობესება? სავალუტო გადინებების მხრივ, ყველაზე მსხვილი კომპონენტები - საქონლისა და მომსახურების იმპორტი, დივიდენდები და საპროცენტო ხარჯები - მშპ-სთან მიმართებით შემცირდა 2024 წელს მშპ-ის 50.4%-დან 47.8%-მდე. შემოდინებების მხრივ, ICT სექტორის მომსახურების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა (მშპ-ის 1.8%-დან 2.8%-მდე), ხოლო ყველაზე მსხვილი ნაკადები - საქონლის ექსპორტი, ტურიზმიდან შემოსავლები და ფულადი გზავნილები - მხოლოდ მცირედით შენელდა (მშპ-ის 46.1%-დან 45.2%-მდე).

რაც შეეხება ფინანსურ ანგარიშს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რეინვესტირებული შემოსავლების გარეშე, 2025 წელსაც, წინა წლების მსგავსად, დაბალ ნიშნულზე დარჩა (მშპ-ის 0.8%). რეინვესტიციის ჩათვლით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ძირითადი წყარო ევროკავშირი იყო (31%), რომელსაც გაერთიანებული სამეფო (20%) და თურქეთი (11%) მოსდევდა. სექტორულ ჭრილში, მაღალი ხვედრითი წილი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებს (36%), უძრავ ქონებასა (11%) და ლოჯისტიკას (10%) ეკავა. 

პორტფელური ინვესტიციების მხრივ, საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხოური აქტივების შეძენის ბოლოდროინდელი ტენდენცია გრძელდება. დეკემბრის მდგომარეობით, რეზიდენტების მფლობელობაში 4.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებია, რაც მშპ-ის 12.7%-ს შეადგენს. ამასთან, გარკვეულწილად შეცვლილია სტრუქტურა: თუ 2024 წელს ყველაზე დიდი წილი კომერციული ბანკების მიერ სავალო ფასიანი ქაღალდების შეძენაზე მოდიოდა, 2025 წელს კერძო სექტორის (ბანკების გარეშე) შესყიდვები გააქტიურდა, როგორც კოტირებული, აგრეთვე საინვესტიციო ფონდების აქციების კუთხით.

ამავდროულად, 2025 წელს შემცირდა ჯამურად ქვეყნის მიერ აღებული წმინდა ვალის მოცულობა, პირველად 2013 წლის შემდეგ, რაც კერძო სექტორის დავალიანების კლებით იყო განპირობებული, ხოლო მთავრობის ვალი მცირედით გაიზარდა. 

აღნიშნული ტენდენციების ფონზე, მთლიანი სავალუტო რეზერვები 2025 წელს 1.7 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა, საიდანაც 500 მილიონი აშშ დოლარი ოქროს ფასის მატებაზე მოდიოდა. ზრდა 2026 წლის საწყის ორ თვეშიც გაგრძელდა, დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით, თუმცა მარტში რეზერვები 343 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა, ნაწილობრივ ოქროს ფასის ამჯერად უკვე კლების გამო. მარტის ბოლოსთვის, წმინდა სავალუტო რეზერვებმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნასესხობის სპეციალური უფლების გარეშე (475 მილიონი აშშ დოლარი), ჩვენი შეფასებით, 3.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 204%-ით არის გაზრდილი.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007473-macro-update-georgia

(R)





მსგავსი სიახლეები
"ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა ძალიან დიდ შედეგს მოგვიტანს"-მარიამ როჭიკაშვილი
საქსტატი - 2026 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით რუსეთიდან სომხეთში რკინიგზით 280 ტონა ხორბალი და 277 ტონა სასუქი გაიგზავნა
"ITB China საქართველოსთვის ძალიან მასშტაბური გამოფენა და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა მთლიანად ტურიზმის სექტორისთვის"-ნატალია ჩანადირი
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს
საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით რუსეთიდან სომხეთში რკინიგზით 126 ტონა კარბამიდის სასუქი და 67 ტონა ფქვილი გაიგზავნა
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
ირაკლი ნადარეიშვილი: „საქართველო ძალიან საინტერესო, უნიკალური და ავთენტიკური მიმართულებაა ჩინელი მოგზაურებისთვის"
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
"როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი" - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზზე პირველი სამგზავრო რეისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შესრულდა
ITB China 2026-ის ტურისტული გამოფენა საქართველოს სტენდით გაიხსნა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა - აპრილ-მაისში წმინდა სავალუტო შემოდინებები გაიზარდა; ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება?
ვახტანგ ცინცაძე: "2025 წელს სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა - მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ბუნებრივად უზრუნველყოფს სიღარიბის შემცირებას"
ირაკლი კობახიძე - 2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური
საქსტატი - 2025 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 7.1 პროცენტამდე შემცირდა
ირაკლი კობახიძე - მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია
კახა კალაძე - კომპანია „ტეზერთან“ სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოება არის საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის და უსაფრთხო ქვეყნის აღიარება
პრემიერი - სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი 7.1 პროცენტამდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ შემცირდა