,, ენაა ის მთავარი კოდი, რომლითაც ვარჩევთ შინაურს და გარეულს''- შალვა პაპუაშვილი
გილოცავთ დედაენის დღეს, ქართული ენის დღეს, რომელსაც ყოველწლიურად განსაკუთრებით აღვნიშნავთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქართული ენა არ არის მხოლოდ სიტყვათა კრებული, ეს არის ცივილიზაცია, უწყვეტობა, რომელიც ერთმანეთისგან საუკუნეებით დაშორებულ თაობებს აკავშირებს.
მისი თქმით, ენაა ის მთავარი კოდი, რომლითაც ვარჩევთ შინაურს და გარეულს.
„ენა არ არის მხოლოდ გრამატიკა ან ლინგვისტური სისტემა. ენა არის შინაარსი, კონტექსტი, ისტორია, ხასიათი, მეხსიერება მთელი თავისი სიღრმით. ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება. ენა არის ჩვენი იდენტობის ბირთვი - ჩვენი ისტორია, ჩვენი მეხსიერება, ჩვენი სული. ილია ჭავჭავაძეს არ შეუთხზავს ფორმულა - მამული, ენა, სარწმუნოება. მან მხოლოდ დაინახა, შეაჯამა და გამოთქვა ის, რაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა ქართველ ერს. ეს არის სამი სვეტი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ყოფა. თუ ერთი სვეტი დაირღვა, დანარჩენიც იწყებს რყევას. თაობებს შორის კავშირი, დროში და სივრცეში გაბმული ეს უწყვეტობა, არის ერის თვითიდენტიფიკაციისა და კოლექტიური მეხსიერების აუცილებელი წინაპირობა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივემართებით. რა არის ჩვენში ურყევი, შეუცვლელი და ბოლომდე დასაცავი, და რა არის ის, რაც ცვალებად დროში ადაპტაციის შესაძლებლობას გვაძლევს. ჩვენს პატრიარქს ხშირად უყვარდა თქმა: „დრონი იცვლებიან და მასთან ერთად ვიცვლებით ჩვენც". მაგრამ, ამავე დროს, იმასაც გვასწავლიდა, რომ ამ ცვლილებებში საკუთარი თავი არ უნდა დავკარგოთ. არ უნდა დავკარგოთ ის, რაც გვხდის ქართველებად. ეს არის ჩვენი მისია. ქართული ენა არ არის მხოლოდ სიტყვათა კრებული. ეს არის ცივილიზაცია. ეს არის უწყვეტობა, რომელიც ერთმანეთისგან საუკუნეებით დაშორებულ თაობებს აკავშირებს. ძნელია მოიძებნოს სხვა ენა, რომლის საუკუნეების წინანდელი ფორმაც ასე გასაგები იყოს თანამედროვე ერისთვის. ქართულ ენას სწორედ ეს უნიკალური უწყვეტობა აქვს. ჩვენ ვკითხულობთ 1700 წლის წინანდელ „წმინდა ნინოს ცხოვრებას", 1500 წლის წინანდელ „შუშანიკის წამებას" და არა მხოლოდ გვესმის მათი შინაარსი, ჩვენ ვგრძნობთ მათ სულს, მათ ძალას, მათ მშობლიურობას. ეს არის იშვიათი ისტორიული პრივილეგია და ამავდროულად - დიდი პასუხისმგებლობა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იმ სიძნელეების შესახებ, რომლებიც ქართველმა ერმა ქართული ენის დასაცავად გამოიარა.
„ბოლო ორი საუკუნე იყო პატარა ენების დასუსტებისა და გაქრობის ეპოქა. გლობალიზაციამ გააძლიერა ძლიერები და დაასუსტა სუსტები. მაგრამ ქართველი ერი ამ პროცესს დაუპირისპირდა, შეგნებულად, მიზანმიმართულად, და გადაარჩინა თავისი ენა. შემდეგ დადგა 1978 წლის 14 აპრილი. ერთი შეხედვით, ტექნიკური ცვლილება, ერთი ჩანაწერის შესწორება, რომელიც საბჭოთა კავშირის ყველა სხვა რესპუბლიკამ უხმოდ მიიღო. ნაცვლად მანამდე მოქმედი 1937 წლის კონსტიტუციით გათვალისწინებული დებულებისა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ქართული ენა სახელმწიფო ენად იყო აღიარებული, კონსტიტუციის ახალი რედაქციის 75-ე მუხლი რესპუბლიკის ყველა მოქალაქისთვის მხოლოდ „მშობლიური ენის გამოყენებას" უზრუნველყოფდა, ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსს კი აუქმებდა. რამდენიმე დღის წინ ჩვენ მორიგ ჯერზე აღვნიშნეთ 9 აპრილი, რომელიც უკავშირდება 1989 და 1991 წლებს. ერთი თვით ადრე ჩვენ გავიხსენეთ 70 წლისთავი 9 მარტისა, როდესაც ასობით ადამიანი დაიღუპა თბილისის საპროტესტო გამოსვლებისას. დღეს კი ვიხსენებთ 1978 წლის 14 აპრილს. ეს მოვლენები, მიუხედავად განსხვავებული შინაარსისა და ფორმისა, იყო ერთი და იმავე სულის გამოვლინება - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის წყურვილის, იმ ეროვნული ენერგიისა და ღირსებისა, რომელსაც ქართველი ხალხი ყველა ეპოქაში ატარებდა, ინახავდა და არასოდეს თმობდა. და სწორედ ასე, 14 აპრილსაც ქართველმა ხალხმა მტკიცედ უთხრა „არა" გარე ძალის თავსმოხვეულ ნებას. ეს იყო მკაფიო გზავნილი: ქართველმა შეიძლება ბევრი სიძნელე აიტანოს, მაგრამ საკუთარ იდენტობაზე ხელის ხლებას ის არასდროს შეეგუება. სწორედ ენაა ის მთავარი კოდი, რომლითაც ჩვენ ვარჩევთ ჩვენსას და უცხოს, შინაურს და გარეულს. ენა არ არის მხოლოდ გრამატიკა ან ლინგვისტური სისტემა. ენა არის შინაარსი, კონტექსტი, ისტორია, ხასიათი, მეხსიერება მთელი თავისი სიღრმით. ქართული სული სრულად მხოლოდ ქართულ ენაში ცოცხლობს. სწორედ ამიტომ დაიცავით, დაეუფლეთ, განავითარეთ და „დაიმარხეთ" ენა ქართული. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ახვლედიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
,, ენაა ის მთავარი კოდი, რომლითაც ვარჩევთ შინაურს და გარეულს''- შალვა პაპუაშვილი
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა
არჩილ ბერიძე: მაესტრო სტურუამ სცენაზე არა მხოლოდ კლასიკა დააბრუნა, არამედ ახალი სიცოცხლე შესძინა ქართულ თეატრს, წამოწია ახალგაზრდა თაობა და დაუტოვა დიდი შემოქმედების გზა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14 აპრილი დედაენის დღეა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტები გამოავლინა
ირაკლი კობახიძე - გილოცავთ დედაენის დღეს! ჩვენი ვალია, განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე
14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
14 აპრილის ამინდის პროგნოზი
14 აპრილს, ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულია - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ
ზვავის ჩამოწოლის შედეგად მოძრაობა შეზღუდულია – ყაზბეგის მერია განცხადებას ავრცელებს
კახეთში მდინარე ალაზანი ადიდდა და საავტომობილო გზები დატბორა
13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
13 აპრილის ამინდის პროგნოზი
მეუფე შიო: დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი - ერთი საზრუნავი დაგვიტოვა მხოლოდ, რომ ჩვენი მკვდრეთით აღდგომა მოხდეს „არა სასჯელად და დასასჯელად“, არამედ მარადიული ცხოვრებისათვის
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა დღე მადლითაა სავსე - რას ვკითხულობთ დილა-საღამოს
სევდანარევია ჩვენი დღე, პირველი წელია, როდესაც უწმინდესის გარეშე ვხვდებით ამ დიდებულ დღესასწაულს, პატრიარქი გვაიმედებდა ნურაფრის გეშინიათო, ამ იმედით ვართ აღვსილები - მეუფე გერასიმე