შიო მესამე - გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს, უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა

გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს. უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა, - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ ამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, „როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიწიური ცხოვრება არის დროებითი მგზავრობა".

 

„ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ამაღლების დიდებულ დღესასწაულს! მამა კახაბერ, მადლობა მოლოცვისთვის, თბილი სიტყვებისთვის. თქვენ რაც ბრძანეთ, რომ აქ ნუგეშობს, ლოცულობს და სულს იცხონებს მრავალი ადამიანი, რა თქმა უნდა, ეს არის თქვენი დამსახურებაც, მათ შორის და იმ სამღვდელოების, რომელიც აქ უკვე წლებია, მოღვაწეობს. მეც მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ღვაწლისთვის, თქვენი მისიონერული და სამოძღვრო საქმიანობისთვის, რომელიც ესოდენ სასარგებლოა ჩვენი ეკლესიისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს!

 

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მოვლენას, როდესაც უფალი იესო ქრისტე ბოლოჯერ ესაუბრება თავის მოციქულებს, უკანასკნელად ეცხადება და უბრძანებს მათ, რომ იერუსალიმში დაელოდონ სულიწმინდის გარდამოსვლას. შემდეგ მიჰყავს ისინი ელეონის მთაზე, აკურთხებს და მათ თვალწინ იწყებს ზეცად ამაღლებას. ისინი, ამის მხედვარნი, გაოგნებულნი არიან. მათ გამოეცხადათ ორი ანგელოზი და უთხრა: „კაცნო გალილეველნო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას, იესო, რომელიც თქვენგან ზეცად ამაღლდა, ასევე მოვა, როგორც ამაღლდა ზეცად" (საქმ. 1, 11). სახარება მოგვითხრობს, რომ ისინი ბრუნდებიან იერუსალიმში ძალიან დიდი სიხარულით. თითქოს განშორება მოხდა უფალთან, დამთავრდა ის მათი ყოველდღიური ბედნიერება იესო ქრისტესთან საუბრების და ურთიერთობის. მაშ, რა ახარებდა მათ? რატომ ჰქონდათ ასეთი დიდი სიხარული? ჩვენც რატომ ვზეიმობთ ამ დიდ მოვლენას? პირველ რიგში, უფალი იესო ქრისტე დაჰპირდა მათ სულიწმინდის მოვლინებას, სულიწმინდის მიცემას. შემდეგ, განსაკუთრებით ამ მოვლენის მერე, მათ განუმტკიცდათ, გაუმყარდათ რწმენა იმისა, რომ იესო ქრისტე არის ნამდვილად ძე ღვთისა და გამოჩნდა, რომ მასში ორი ბუნებაა: საღვთო და კაცობრივი. ასევე, უფალმა აღუთქვა მათ, რომ მუდამ მათთან ერთად იქნება: „მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მთ. 28, 20), - ხომ გახსოვთ ეს სიტყვები? მაგრამ ეს სიტყვები არ იყო განკუთვნილი მხოლოდ მოციქულებისთვის, იმიტომ, რომ ისინი გარდაიცვალნენ, მაგრამ სოფლის აღსასრული ჯერ არ დამდგარა, ხომ სწორია? მაშასადამე, ეს სიტყვები განკუთვნილია ყველა დროის ქრისტიანისთვის, ყველასთვის არის!

 

მართლაც, ჩვენ ვხედავთ, რომ უფალი დღესაც ჩვენთან არის, იგი ასრულებს თავის აღთქმას, დანაპირებს. თავისი მადლით, თავისი სიტყვით, სიყვარულით ის არის ჩვენში, ჩვენ შორის იმყოფება და მოქმედებს. ზოგიერთი ჩვენგანი მის მყოფობას თუ ვერ ამჩნევს, ვერ გრძნობს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მიზეზი არის ჩვენში: ან საკმარისად არ გვიყვარს იგი, ან არ ვფიქრობთ მასზე და ამიტომ ეს მადლიც გვაკლია, ამიტომ ვერ ვგრძნობთ მის მყოფობას, სიახლოვეს. ამიტომ, უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩემში ეს მიზეზი. ამას უფალს რომ ვკითხავთ, აუცილებლად დაგვანახებს, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ უფრო მეტად და მეტად ვიგრძნოთ უფლის სიახლოვე და მისი სიყვარული.

 

კიდევ ერთ საიდუმლოსთან არის დაკავშირებული უფლის ზეცად ამაღლების მოვლენა. ეს არის აღთქმა იმისა, რომ იგი მეორედ მოვა დედამიწაზე, მეორედ მოვა, როგორც მეუფე და მსაჯული. როგორც იცით, უკვე დიდებით იქნება მისი მოსვლა, მაგრამ ამ მოვლენის დღისა და საათის შესახებ, როგორც თავად უფალი ბრძანებდა, არავინ იცის, მხოლოდ ზეციურმა მამამ უწყის ეს. არის ცნობილი მხოლოდ ზოგიერთი ნიშანი და წინაპირობა მისი მეორედ მოსვლის.

 

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს დიდი მოვლენა შთაგვაგონებს, რომ როგორც მოციქული პავლე ამბობს, ჩვენი მოქალაქობა ზეცაშია, საიდანაც მოველით ჩვენს მაცხოვარს, იესო ქრისტეს (ფილ 3, 20); გვმართებს, ვფიქრობდეთ ზეცისას და არა მიწისას, მივისწრაფოდეთ ზეციურისკენ, სადაც მარჯვენით ღვთისა ბრძანდება უფალი ჩვენი იესო ქრისტე (კოლ 3, 2-1). როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიწიური ცხოვრება არის დროებითი მგზავრობა. წმინდა იოანე ოქროპირი ძალიან ხშირად ამბობს ამას და ჩვენი ნამდვილი, მარადიული სამშობლო არის ზეცაში.

 

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. უფალმა ინებოს თქვენი სულიერი ამაღლება, ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს სულიერი ამაღლება, გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა, ამინ!", - განაცხადა შიო მესამემ.

 





მსგავსი სიახლეები
შიო მესამე - გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს, უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
თავისუფლების მოედანზე 26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო
21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
21 მაისის ამინდის პროგნოზი
21 მაისს მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულია
კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფება
გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის ღირებულება საშუალოდ 128 ლარი იქნება
ნინო ფოჩხუა: ესაა შედეგი იმ ანტიქრისტიანული და ანტიეკლესიური პროპაგანდის, რომელსაც უცხოელი პატრონების დავალებით აწარმოებს დესტრუქციული ოპოზიცია და მათი მართული მედია, მაგრამ ჩვენს რელიგიას, ეკლესიას და პატრიარქს ვერ მოერევიან
ზაალ ანჯაფარიძე: მაქვს უფლება, მქონდეს ეჭვი, რომ ეს იყო გაფრთხილება იმაზე, რომ შემდგომში მანქანა, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდება, შეიძლება აფეთქდეს
დავით ქართველიშვილი: დედაეკლესიის მიმართ გინებით და პატრიარქის შეურაცხყოფით, საპატრიარქოს ეზოში მანქანით შემოვარდა ადგილობრივი ლიბერალ-ფაშისტი - ლიბერალურ ფაშისტურ ჯგუფებსა და ეკლესიას შორის დაპირისპირება ყველაზე მწვავე ფაზაში გადავიდა
21 მაისს, პატრიარქი წირვას საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლენს
ავტომობილის მძღოლი აგრესიული იყო, ბოთლებს ისროდა და ილანძღებოდა-საპატრიარქოს თანამშრომელი
21-22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, სეტყვა, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები-გარემოს ეროვნული სააგენტო
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა უახლოეს პერიოდში, ღამის საათებში მოწესრიგდება
კახა კალაძე: ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეებთან დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამარჯვებული კომპანია გვეყოლება
გივი მიქანაძე მე-12 კლასელებს ბოლო ზარს ულოცავს - სკოლის დამთავრება თქვენი წარმატების მხოლოდ დასაწყისია, მეამაყება, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი ღირსეული ახალგაზრდობა ჰყავს
ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ბოლო ზარის შემდეგ, თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება -ირაკლი კობახიძე