ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები შიო მესამეს ღია წერილით მიმართავენ

 

ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს ღია წერილით მიმართავენ და ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მის აღსაყდრებას ულოცავენ.

ღია წერილში ახალგაზრდები აღნიშნავენ ქრისტიანობის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიის, ეროვნული თვითმყოფადობისა და კულტურული განვითარების საქმეში.

ახალგაზრდები გამოთქვამენ რწმენას, რომ პატრიარქ შიო მესამის სულიერი წინამძღოლობით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მომავალშიც შეასრულებს საზოგადოების გამაერთიანებელ მისიას და ხელს შეუწყობს ეროვნული თანხმობის განმტკიცებას.

წერილის ხელმომწერები ასევე ადასტურებენ მზადყოფნას, საკუთარი წვლილი შეიტანონ მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და საზოგადოებრივი თანხმობის გაძლიერებაში.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, საქართველოს ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების სახელით, გულითადად გილოცავთ ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს! მოციქულთასწორი წმინდა ნინოს შემობრძანებამ, ქადაგებამ და ქართველთა გაქრისტიანებამ საფუძველი ჩაუყარა იმ მყარ სულიერ და ცივილიზაციურ მემკვიდრეობას, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის სახე, განამტკიცა ეროვნული თვითმყოფადობა და გვაქცია ქრისტიანული სამყაროს, მათ შორის, ევროპული ცივილიზაციის, განუყოფელ ნაწილად. ქრისტიანობა ამ ხნის განმავლობაში იყო ის სულიერი საყრდენი, რომელიც ჩვენს ქვეყანას არაერთი განსაცდელის გადატანაში შეეწია. ერისა და სარწმუნოების ეს მრავალსაუკუნოვანი კავშირი გამოიხატებოდა როგორც სასულიერო, ისე საერო მოღვაწეთა თავდადებაში, რომელიც ერთდროულად ემსახურებოდა ეროვნული საქმის წინსვლასა და ქრისტიანული რწმენის განმტკიცებას. სწორედ ამიტომ, დღესაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ მარადიული, სახარებისეული ღირებულებების ერთგულება, როგორიც სიყვარული, მიტევება, თანადგომა, სამართლიანობა, ღირსება და მოყვასზე ზრუნვაა.

თქვენო უწმინდესობავ, ნება მოგვეცით, ვისარგებლოთ შემთხვევით და გულითადად მოგილოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად თქვენი აღსაყდრებაც. ღრმა სიმბოლური, განსაკუთრებული სულიერი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ თქვენი პატრიარქობის დასაწყისი ემთხვევა ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. გვწამს, რომ ღვთის შეწევნითა და თქვენი სულიერი წინამძღოლობით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მომავალშიც შეასრულებს საზოგადოების გამაერთიანებელ მისიას, ხელს შეუწყობს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ დიალოგს, შერიგებასა და ეროვნული თანხმობის განმტკიცებას.

ჩვენ, ახალგაზრდები, მზად ვართ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვიყოთ ამ ძალისხმევის თანამონაწილენი. ვიდგეთ ეკლესიისა და ქვეყნის სამსახურში, ხელი შევუწყოთ თანხმობის, მშვიდობისა და ურთიერთგაგების დამკვიდრებას. სწორედ ამ მზაობის გამოხატულებად მივიჩნევთ რამდენიმე წლის წინ ჩვენ მიერ მიღებულ „ახალგაზრდობის თანხმობის აქტსაც", რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ჩვენი თაობის სურვილი საერთო ეროვნული მიზნების ირგვლივ გაერთიანებისაკენ.

გიდასტურებთ ჩვენს პატივისცემას, გულწრფელ სიყვარულსა და თანადგომას. გისურვებთ, უფლის მადლით, მრავალი წელი ემსახუროთ საქართველოს ეკლესიასა და ერს სიბრძნით, სიმტკიცითა და სიყვარულით. მრავალჟამიერ, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!", - ნათქვამია ღია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ორგანიზაციები: ახალგაზრდული ფორუმი მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის; საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი; საქართველოს ევროპისმცოდნეთა ასოციაცია; საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო; ევროპული ახალგაზრდული ცენტრი; პლატფორმა „ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის"; საქართველოს ახალგაზრდული ევროატლანტიკური კოალიცია; ახალგაზრდული ორგანიზაცია „ვექტორი"; ორგანიზაცია Climate Hub; ქართულ-ევროპული მოძრაობა; ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ზემო სვანეთი - LAG Upper Svaneti; AEGEE-Tbilisi; ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა კავშირი; საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასოციაცია; მწვანე იმპულსი; ახალგაზრდები დემოკრატიისთვის; საქართველოს ახალგაზრდული სივრცე; ორგანიზაცია „მომავლის ხმა".

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე, ფოკაში, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო
შეკვეთილში მალე ქვეყანაში ყველაზე დიდი დინო პარკი - „დინოტოპია“ აშენდება
ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები შიო მესამეს ღია წერილით მიმართავენ
მეუფე იაკობი: ქართველებმა უნდა გავითავისოთ ის, რომ წარსული დიდებით თავი კი არ მოგვქონდეს, შევეცადოთ, მასზე უკეთესი აწმყო და მომავალი შევქმნათ
უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი აუტისტური სპექტრისა და შშმ ბავშვთა მხარდასაჭერად - ერთად დავძლიოთ აუტიზმი
შიო მესამე - სულიწმინდის მადლის მოხვეჭა უნდა იყოს მთავარი მიზანი ქრისტიანის ცხოვრების, რამეთუ ამაში მდგომარეობს სულის ცხონება, მხოლოდ სულიწმინდის მიერ შეიძლება გაიხსნას ჩვენში სასუფეველი ღვთისა
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
სიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო
"არის ერთი ნიუანსი" - თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს
როდიდან გამოიდარებს საქართველოში - 1 თვის ამინდის პროგნოზი
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა
1-ელი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1-ელი ივნისი საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღეა
ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ სულიწმიდის მადლის მოხვეჭაა - შიო მესამე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
,,თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება''- ჯანმო
დღეს სულთმოფენობაა - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს
31 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით