პატრიარქი - თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს არამიწიერ ნეტარებას - იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი
თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს ხოლმე ენით გამოუთქმელ, არამიწიერ ნეტარებას. სწორედ ამას ნიშნავს „ქრისტეს შემოსვა" - იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი, - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III -მ საყოველთაო ნათლობის შემდეგ ქადაგებისად განაცხადა.
პატრიარქის თქმით, ეს არის ღვთის მცნებების შესწავლა, მცნებების შესრულება, სინანული და ვედრება უფლისადმი, რომ გვაცხონოს, გადაგვარჩინოს.
"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ჩვენთან არს ღმერთი!
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ყოველთა წმინდანთა ხსენებას!
ეს დღესასწაული დაემთხვა ამ ჩვენს დიდებულ მოვლენას - დღევანდელ საყოველთაო ნათლობას. განსაკუთრებით გილოცავთ ამ დღეს კიდევ ერთხელ, ჩვენი ბავშვების მონათვლას, თქვენი შვილების, თქვენი ნათლულების და მადლობას ვწირავ დღეს უფალს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გავაგრძელოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაწესებული საყოველთაო ნათლობები, რომელთაც ამდენი სიხარული და სიკეთე მოჰგვარა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს.
დღეს ვფიქრობთ ნათლობის მნიშვნელობაზე, ამ საიდუმლოებაზე, რომელიც ტარდება ჩვენს ეკლესიაში. შეგახსენებთ, რომ ერთხელ უფალი იესო ქრისტე ესაუბრა ნათლობის მნიშვნელობაზე თავის საიდუმლო მოწაფე ნიკოდიმოსს და უთხრა, რომ თუ ადამიანი არ იშვება წყლისა და სულისგან, ის ვერ შევა ღვთის სასუფეველში (ინ. 3, 5).
მაშასადამე, ნათლობა ყოფილა აუცილებელი პირობა იმისა, რომ ადამიანი ეკლესიის წევრი გახდეს და ღვთის სასუფეველში შევიდეს.
რა ხდება ამ დიდი საიდუმლოების დროს? სულიწმინდის მადლით ადამიანის სული უხილავად განიბანება და განიწმინდება. როდესაც ის ემბაზში ჩადის, კვდება ცოდვილი კაცი, ძველი კაცი, ხოლო როდესაც ემბაზიდან გამოდის, ეს არის უკვე ახალი ადამიანი, შობილი ღვთივსათნო ცხოვრებისთვის, განწმენდილი, განბანილი, შობილი ქრისტესგან. როგორც ხორციელად ყველანი ადამისგან ვართ დაბადებულნი, ასევე ნათლობის დროს იესო ქრისტესგან იბადება ადამიანი სულიერად, საიდუმლოდ; მიეტევება ადამიანს ყველანაირი ცოდვა, პირველქმნილი ცოდვაც და პირადი ცოდვებიც და მის სულში თვით უფალი შემოდის.
დღეს ალბათ მოისმინეთ საგალობელი: „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს". „ქრისტეს შემოსვა",
ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ამას ნიშნავს, რომ უფალი შემოდის ადამიანის სულში. ძალიან ბევრი ყოფილა შემთხვევა, რომ თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს ხოლმე ენით გამოუთქმელ არამიწიერ ნეტარებას. სწორედ ამას ნიშნავს „ქრისტეს შემოსვა".
მაგრამ ნათლობის შემდეგ თუ ადამიანი არ იცხოვრებს ქრისტიანულად, თუ ყოველგვარი ცოდვებით შეურაცხყოფს უფალს და სინანულით არ განწმენდს თავის სულს, მაშინ ის შეიძლება გახდეს მოუნათლავზე უარესი. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „თქვენ გამო ღმერთი იგმობა წარმართთა შორის" (რომ. 2, 24), იმიტომ, რომ წარმართებზე უარესად ცხოვრობთ.
იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი, როგორც ის გვთხოვს და არა ისე, როგორც გვეუბნება ჩვენი დაცემული, ყალბი გონება და ცოდვებით დაზიანებული გული. რას გვეუბნება ეს დაცემული გონება? - „იცხოვრე ისე, როგორც შენ გინდა, როგორც შენ იცი და არა ისე, როგორც ღმერთი გთხოვს". ღმერთს კი რა სურს ჩვენგან? - რომ სასუფეველში შეგვიყვანოს. ამიტომ უფალი გვთხოვს, ვიცხოვროთ ისე, როგორც მან მიგვითითა, როგორც მან გვასწავლა. ეს არის ღვთის მცნებების შესწავლა, მცნებების შესრულება, სინანული და ვედრება უფლისადმი, რომ გვაცხონოს, გადაგვარჩინოს, როგორც ინებებს იგი. ეს იქნება კეთილდღეობით, თუ დაუშვებს ჩვენზე განსაცდელებს, თუ სნეულებას, თუ როგორც მისი წმინდა ნება იქნება, ოღონდ გვაცხონოს და არ დაგვაკლოს ღვთის სასუფეველს, რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!", - აღნიშნა პატრიარქმა.
მსგავსი სიახლეები
8 ივნისის ამინდის პროგნოზი
8 ივნისს პეტრე-პავლობის მარხვა იწყება
პატრიარქი - თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს არამიწიერ ნეტარებას - იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი
თბილისში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები და მხარდამჭერები „მადლობის მარშს“ მართავენ
შიო მესამე: დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის
,,ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს''- შსს
TeamTalk - „რეალის“ პრეზიდენტს კვარაცხელიას დამატება სურს
16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ამატებს
თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება
პატრიარქი, შიო III, საყოველთაო ნათლობის ფარგლებში, ბავშვებს პირველად დღეს მონათლავს
7 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთა წმიდათა ხსენების დღეს აღნიშნავს
7 ივნისის ამინდის პროგნოზი
მაშველებმა გადაარჩინეს 40 წლამდე მამაკაცი, რომელიც მტკვარში ხიდიდან გადახტომას ცდილობდა
ჯანდაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილესთან ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილა
6 ივნისის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ინფორმაციით, 7 ივნისს ,,მადლობის მარში'' გაიმართება
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა