შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილების პროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გასულ წელს პარლამენტმა ახალი რეგლამენტი მიიღო, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე და პროცედურული ცვლილება დაამკვიდრა.

„რეგლამენტით ახლებურად მოწესრიგდა მრავალი საკითხი, რამაც პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას შეუწყო ხელი. ახალი რეგლამენტის საფუძველზე პარლამენტმა უკვე გამართა საშემოდგომო და საგაზაფხულო სესია. აღნიშნულმა პერიოდმა შესაძლებლობა მოგვცა პრაქტიკაში დაგვენახა სხვადასხვა პროცედურის ეფექტიანობა და გამოიკვეთა ის საკითხები, რომლებიც დამატებით დაზუსტებასა თუ დახვეწას საჭიროებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზუსტდება „ცნობად მიღების" პროცედურასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, ტერმინი „ცნობად მიღება" იცვლება მსგავსი შინაარსის სხვა ტერმინოლოგიით. ამასთანავე, რიგ შემთხვევებში იცვლება ან ზუსტდება აღნიშნული საპარლამენტო სუბიექტების მიერ ცნობად მიღებული ინფორმაციის სამართლებრივი შედეგების ამოქმედების დრო.

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებით ზუსტდება უფრაქციო პარლამენტის წევრის კომიტეტში გაწევრების პროცედურა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცვლილება შედის რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომელიც ადგენს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენების გამოცხადების საკითხს. მოქმედი ნორმის თანახმად, განსაზღვრული ფიქსირებული შესვენების დრო - 15 საათიდან 16 საათამდე უქმდება და სხდომის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე შესვენების გამოცხადების საკითხს საჭიროებისამებრ გადაწყვეტს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომის პარლამენტის პლენარული სხდომების კვირის სხვა დღეს გამართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება პარლამენტის ბიუროს ენიჭება.

ცვლილება ეხება რეგლამენტის 96-ე მუხლის მე-3 პუნქტს. კერძოდ. კანონპროექტის ინიციატორს ენიჭება კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე მისი გამოთხოვის უფლებამოსილება, რომელიც მას, მოქმედი ნორმის თანახმად, კანონპროექტის მხოლოდ პირველი მოსმენით მიღებამდე აქვს.

ზუსტდება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების წესი.

კერძოდ, განისაზღვრება, რომ თუ კანონპროექტის თაობაზე მიღებულია დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება და დაიწყო მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მაგრამ იმავე კვირის განმავლობაში იგი არ იქნა მიღებული სამივე მოსმენით, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მისი განხილვა შეიძლება გაგრძელდეს დაჩქარებული წესით მომდევნო პლენარული სხდომის (სხდომების) კვირაში.

პროექტის თანახმად, ზუსტდება ნორმები, რომლებიც კანონპროექტის თაობაზე შენიშვნის გამოთქმის საკითხს აწესრიგებს.

ასევე, განისაზღვრება, რომ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით განხილვის დასრულების შემდეგ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ იმ პროექტებზე, რომელთა მისაღებად თანაბარი რაოდენობის ხმებია საჭირო, კენჭისყრა ერთიანად გაიმართება, თუ კენჭისყრაში მონაწილე პარლამენტის რომელიმე წევრი კენჭისყრის წინ არ მოითხოვს აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ თითოეულ პროექტზე კენჭისყრის ცალკე გამართვას.

ცვლილება ასევე შეეხება პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლს, რომელიც ინტერპელაციის წესს არეგულირებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ინტერპელაციასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ:

  • ინტერპელაციის გამართვის დღედ ოთხშაბათსა და ხუთშაბათთან ერთად დგინდება სამშაბათიც;
  • ინტერპელაციის წესით წერილობითი შეკითხვის დასმის მაქსიმალური ზღვრული დრო - პარლამენტის მორიგი სხდომების კვირის წინა კვირის ოთხშაბათის 12 საათი - ხანგრძლივდება იმავე ოთხშაბათის დღის ბოლომდე, ხოლო აღნიშნული შეკითხვის მისი ადრესატისთვის გადაცემის მაქსიმალური ზღვრული დრო - პარლამენტის მორიგი სხდომების კვირის წინა კვირის ოთხშაბათი - ხანგრძლივდება იმავე ოთხშაბათის მომდევნო დღის ბოლომდე;
  • ზუსტდება, რომ ინტერპელაციის გამართვის დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა შეიძლება სხვა საკითხების განხილვით დაიწყოს და გაგრძელდეს ინტერპელაციით. ამასთანავე, ზუსტდება, რომ ინტერპელაციის გამართვის დროს წერილობითი შეკითხვის ავტორსა და ადრესატთან კონსულტაციის საფუძველზე განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ცვლილებებით ზუსტდება პარლამენტისთვის წარდგენილი ცალკეული ანგარიშების პლენარულ სხდომაზე განხილვასთან დაკავშირებული საკითხიც.

ცვლილება შეეხება რეგლამენტის მე-200 მუხლს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის - მეურვის არჩევის წესს.

კერძოდ, უქმდება მეურვეობის კანდიდატების შემრჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის პროცედურა, მეურვეობის კანდიდატებს კი მათი წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტები თავიანთი შეხედულებით წარადგენენ.

ამასთანავე, მეურვის კანდიდატურის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლისა და განხილვის უფლებამოსილება ენიჭება პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განახორციელებს აგრეთვე მეურვეობის კანდიდატის კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენას და გასცემს რეკომენდაციას მეურვეობის კანდიდატის მეურვედ არჩევის ან არჩევაზე უარის თქმის თაობაზე.

პროექტის თანახმად, ზუსტდება საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის პროცედურა.

კერძოდ, განისაზღვრება, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის დასრულებით აღნიშნული პროცედურა სრულდება.

ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ შესაძლებელი იქნება პარლამენტის პლენარული სხდომის გაგრძელება და სხვა საკითხების განხილვა.

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის წევრებს საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული კიდევ ერთი ცვლილება გააცნო, რომელიც „ნორმატიული აქტების შესახებ" კანონს ეხება.

პროექტის თანახმად, თუ კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილია, როგორც საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელი ნაწილი, ამ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ კანონპროექტებს ერთი საერთო განმარტებითი ბარათი დაერთვის, რომელშიც აისახება საკანონმდებლო პაკეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია.

ცვლილებები შედის ასევე „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" ორგანულ კანონში და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონში.

შალვა პაპუაშვილმა გაიზიარა პარლამენტის წევრების მიერ გამოთქმული წინადადებები კომიტეტების მიერ ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნის შესაძლებლობის საკითხთან დაკავშირებით და ასევე, ინტერპელაციის დროს შეკითხვის ავტორისთვის და ინტერპელაციის პროცედურის დასრულების შემდეგ დებატებისთვის გამოყოფილი დროის გაზრდასთან დაკავშირებით.

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილებას 79 ხმით ერთხმად მხარი დაუჭირა.

 

 





მსგავსი სიახლეები
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს
გია ვოლსკი - ჯო უილსონს საქართველოსთან მიმართებით გარკვეული ინტერესები აქვს, კონგრესი აქტში მოყვანილ საკითხებზე დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება
პარლამენტმა ეგრისის ეროვნული პარკის შექმნას მხარი დაუჭირა
შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის ომის ეკონომიკის საფუძვლებს - კაია კალასი
,, ერევანს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაითვალისწინოს თბილისის გამოცდილება ბრიუსელთან და ნატოსთან ურთიერთობის კუთხით''- დავით ქართველიშვილი
,,როდესაც საქართველომ საკუთარი ინტერესების დაცვა გადაწყვიტა, ეს გახდა წყალგამყოფი ჩვენსა და ბრიუსელის ბიუროკრატიას შორის. ახლა მიადგნენ სომხეთს''- რევაზ კარანაძე
,,საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან ურთიერთობას''- მიხეილ ყაველაშვილმა სი ძინპინს წერილით მიმართა
ომი თუ მშვიდობა: საერთაშორისო პოლიტიკის სცენარები -ავთანდილ წულაძე
თამარ ჩერგოლეიშვილი - ალიანსის ლოგოდან „ნაცების“ ლოგოს მალე ამოვიღებთ
მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
პრემიერი - ქვეყნის მართვა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა, ქართულ პოლიტიკაში ამ პრინციპების მტკიცედ დაცვასა და განმტკიცებაში
ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებით გაიხსნა მყარი ურთიერთობის ახალი თავი, საქართველო კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, განავითაროს თანამშრომლობა
ჭოუ ციენი - ჩინეთი და საქართველო გახდნენ გულწრფელი პარტნიორები, მზად ვართ, გავაღრმაოთ მაღალი დონის ურთიერთობები პოლიტიკური ნდობის განსამტკიცებლად, გავაფართოოთ სავაჭრო თანამშრომლობა
ირაკლი კობახიძე - ქვეყნის გარეთ და შიგნით არიან ძალები, რომლებიც არიან მტრულად განწყობილი საქართველოს მიმართ და აღიზიანებთ ბიძინა ივანიშვილის სუვერენიტეტის გარანტის როლი
პრემიერი - ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაა
წარმომადგენელთა პალატამ მიიღო "კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი", რომლითაც "საქართველოში რუსულ და ჩინურ სადაზვერვო საქმიანობაზე" საიდუმლო ანგარიშის მომზადებას ითხოვს
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის გროსმეისტერია, უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა, მისი პოლიტიკური წონა ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება, გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს
სულხან თამაზაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ამერიკელებზე - ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ, პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას