შალვა პაპუაშვილი - უცხო ძალების რაობასა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს, ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ

ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვნად და მიზანმიმართულად გახშირდა რადიკალური, ანტიქართული პოლიტიკური ძალების მხრიდან განცხადებები, რომლებიც ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს ეხება და სხვა სახელმწიფოების სასარგებლოდ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, საზოგადოებამ მორიგი ასეთი განცხადება გუშინ, რადიკალური ოპოზიციური ალიანსისგან მოისმინა.

 

პაპუაშვილის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი აბსოლუტურად მართალია, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებს და უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს.

 

„ჩვენ ვნახეთ, როგორ საუბრობდნენ გიგი წერეთელი, გიგა ბოკერია და ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის შეერთებული შტატების გაზრდილ ინტერესზე ჩვენს რეგიონში და როგორ ცდილობდნენ მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, თითქოს საქართველოს ამოცანა უნდა იყოს არა საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების მომსახურება.

 

ამით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი აბსოლუტურად მართალია, როდესაც მათ სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებს და უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მისი თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის.

 

„ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, ხელისუფლების არჩევანი და სტრატეგიული გადაწყვეტილებები დემოკრატიული პროცესების შედეგად ყალიბდება. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს ვერც პოლიტიკური სპეკულაციით და ვერც გარე ზეწოლით.

სამწუხაროდ, სულ უფრო ხშირად ვხედავთ მცდელობას, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური კონკურენცია გასცდეს დემოკრატიული ბრძოლის ჩარჩოებს და გადაიქცეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად. სწორედ ამაზე მეტყველებს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიაზე დაფუძნებული რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი პარტიული მიზნების მისაღწევად ავრცელებენ გზავნილებს, რომლებიც არა ჩვენი ხალხის და ქვეყნის, არამედ გარე პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

პაპუაშვილის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტენდენცია, რომ საქართველო წარმოაჩინონ როგორც რუსეთისა და ირანის მოკავშირე თუ დასაყრდენი სახელმწიფო რეგიონში, რაც მისივე განცხადებით, ყოველგვარ რეალობას არის აცდენილი.

 

„რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, საქართველოს რუსეთთან გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რაც უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რა სახის ურთიერთობა არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის. რაც შეეხება ირანს, რომელიც ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, საქართველოს და ირანს შორის ურთიერთობა ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად ახლოსაც ვერ მივა იმ ურთიერთობების დონესთან, რომელიც რეგიონის სხვა სახელმწიფოებს მასთან გააჩნიათ. შესაბამისად, ამგვარი ნარატივების გავრცელება მხოლოდ საქართველოზე ცრუ წარმოდგენების შექმნასა და მისი საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებას ისახავს მიზნად. ასეთივე კონტექსტში მიმდინარეობს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული დინამიკური და შედეგიანი სტრატეგიული თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობა, მაშინ როდესაც, სახელმწიფოს ნებისმიერი პარტნიორობა უნდა შეფასდეს მხოლოდ ერთი კრიტერიუმით, თუ რამდენად ემსახურება ის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მისივე თქმით, კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში უცხო ძალების ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან.

 

„ამ ძალების რაობასა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ. დაუშვებელია, რომ ვინმემ, თუნდაც მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების სახელით, საქართველოს ინტერესების დაზიანება სცადოს.

 

სამწუხაროდ, სწორედ ამგვარ ქმედებებს ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელთა განცხადებებიდან ხშირად იკვეთება, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები მეორეხარისხოვანია იმ გარე ძალების პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ, რომელთა დაცვასაც ისინი ცდილობენ.

 

ეს აქტორები უკვე დაუფარავად მიანიშნებენ, თითქოს საქართველო არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა სახელმწიფოების გეგმებს მოერგოს, თუნდაც საქართველოს და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ.

 

ცხადია, ამ პოლიტიკურ ძალებს კარგად მოეხსენებათ, რომ საქართველოსა და რუსეთის, საქართველოსა და ირანის კავშირებზე საუბარი არასერიოზულია. ამიტომ, გასაგები ხდება, რომ მათი მთავარი ამოცანა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანებაა იმ ძალების სასარგებლოდ, რომელთა პოლიტიკური დღის წესრიგის დაცვასაც მათი აქტივობები ემსახურება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებს საზოგადოებას, კრიტიკულად შეაფასოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო განწყობების შექმნას ემსახურება.

„ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოვუწოდებ საზოგადოებას, კრიტიკულად შეაფასოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო განწყობების შექმნას ემსახურება. ქვეყნებს შორის ჯანსაღი პარტნიორობა ეფუძნება არა ერთი ქვეყნის მხრიდან მეორის ინტერესების მომსახურებას, არამედ ქვეყნებს შორის ეროვნული ინტერესების თანხვედრის ძიებას. სწორედ ეს არის სუვერენიტეტის არსი.

 

 

ისტორია გვასწავლის, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე შედეგები დგება მაშინ, როდესაც შიდა პოლიტიკური დაპირისპირება სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დგება. გასული საუკუნის გამოცდილება სწორედ იმის შეხსენებაა, თუ რამდენად სახიფათოა ეროვნული ერთიანობის შესუსტება და უცხო ძალების დღის წესრიგისთვის ქვეყნის შიდა პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობის მიცემა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.





მსგავსი სიახლეები
აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
შალვა პაპუაშვილი - უცხო ძალების რაობასა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს, ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ
ნიკა გვარამია: ვუშვებ, რომ მე და მელია ერთად აღარ ვიყოთ
პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული საქონლისა და ავტომობილების იმპორტი აქციზისგან თავისუფლდება
თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი "ტუპიაკი". უფასოდაა ასეთი
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი - თურქეთ-საქართველოს პარტნიორობა დაფუძნებულია მყარ მეგობრობაზე
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს
გია ვოლსკი - ჯო უილსონს საქართველოსთან მიმართებით გარკვეული ინტერესები აქვს, კონგრესი აქტში მოყვანილ საკითხებზე დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება
პარლამენტმა ეგრისის ეროვნული პარკის შექმნას მხარი დაუჭირა
შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის ომის ეკონომიკის საფუძვლებს - კაია კალასი
,, ერევანს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაითვალისწინოს თბილისის გამოცდილება ბრიუსელთან და ნატოსთან ურთიერთობის კუთხით''- დავით ქართველიშვილი
,,როდესაც საქართველომ საკუთარი ინტერესების დაცვა გადაწყვიტა, ეს გახდა წყალგამყოფი ჩვენსა და ბრიუსელის ბიუროკრატიას შორის. ახლა მიადგნენ სომხეთს''- რევაზ კარანაძე
,,საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან ურთიერთობას''- მიხეილ ყაველაშვილმა სი ძინპინს წერილით მიმართა
ომი თუ მშვიდობა: საერთაშორისო პოლიტიკის სცენარები -ავთანდილ წულაძე
თამარ ჩერგოლეიშვილი - ალიანსის ლოგოდან „ნაცების“ ლოგოს მალე ამოვიღებთ
მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
პრემიერი - ქვეყნის მართვა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა, ქართულ პოლიტიკაში ამ პრინციპების მტკიცედ დაცვასა და განმტკიცებაში
ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებით გაიხსნა მყარი ურთიერთობის ახალი თავი, საქართველო კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, განავითაროს თანამშრომლობა
ჭოუ ციენი - ჩინეთი და საქართველო გახდნენ გულწრფელი პარტნიორები, მზად ვართ, გავაღრმაოთ მაღალი დონის ურთიერთობები პოლიტიკური ნდობის განსამტკიცებლად, გავაფართოოთ სავაჭრო თანამშრომლობა