სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
11 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ გარეთ უორდს შეხვდა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და ამავე სამსახურის წარმომადგენლები.
„შეხვედრა გულთბილ და მეგობრულ ვითარებაში წარიმართა. მისმა უწმინდესობამ მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისთვის და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ელჩი თავისუფლად ფლობს ქართულ ენას, რაც, მისი თქმით, საქართველოსა და ქართული კულტურისადმი განსაკუთრებული პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატულებაა.
კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე ისაუბრა ოჯახური, ზნეობრივი და სულიერი ღირებულებების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების აღზრდისა და განათლების საკითხებზე. მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ აფასებს ელჩის ახალგაზრდობისა და განათლების სფეროსადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და მიესალმება იმ საქმიანობას, რომელსაც გაერთიანებული სამეფო ამ მიმართულებით ქართველებისთვის ახორციელებს.
თავის მხრივ, ელჩმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას მიღებისა და გულთბილი მასპინძლობისთვის და აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მან კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაიხსენა მისი უდიდესი ავტორიტეტი.
სტუმარმა მის უწმინდესობას გადასცა დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამისა და ანგლიკანური ეკლესიის მეთაურის მილოცვა კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ისაუბრეს აგრეთვე მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებსა და თანამედროვე სამყაროს წინაშე მდგარ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქრისტიანულ ღირებულებებს, რომელთა დაცვა და შენარჩუნება დღესაც აუცილებელია. მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ეკლესიას მნიშვნელოვანი მისია აკისრია სულიერი და ზნეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერების მხრივ, განსაკუთრებით - ახალგაზრდების აღზრდისა და საზოგადოების ჯანსაღი განვითარების მიმართულებით.
განათლების სფეროზე საუბრისას კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში ბოლო პერიოდში სახელმწიფოსა და ეკლესიის თანამშრომლობით დაინერგა და აქტიურად მიმდინარეობს „ღირებულებითი განათლების" პროგრამა, რომელიც, გარკვეულწილად, ბრიტანეთის საგანმანათლებლო გამოცდილების პრაქტიკასაც ეყრდნობა. მან ხაზი გაუსვა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში სკოლებში სასულიერო პირების მონაწილეობით მიმდინარე საგანმანათლებლო საქმიანობა მიზნად ისახავს ახალგაზრდების ზნეობრივ და მოქალაქეობრივ აღზრდას, მათში ეროვნული და სულიერი ღირებულებების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას.
საუბარი ასევე შეეხო გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მისმა უწმინდესობამ მადლობა გადაუხადა ელჩს და დიდი ბრიტანეთის სამეფოს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბრიტანელი მეცნიერები და სპეციალისტები ამ პროცესში მონაწილეობით გამოხატავენ. თავის მხრივ, ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, მომავალშიც გაგრძელდეს თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით.
მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველო აღნიშნავს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს და ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს", - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
მალხაზ გულაშვილის გადაცემას "დიდი რეალური პოლიტიკა"გერმანიიდან ქართველი ხელოვანი გიორგი დარბაიძე ეხმაურება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ისრაელის ელჩს შეხვდა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
შიო მესამე საქართველოს საპატრიარქოში გელათის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება
GM PHAMRA-მ გერმანულ კომპანია - Actrevo GmbH-ს უმასპინძლა
„სიმღერის აკადემია“ მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
„დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე 12 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება, მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი გახანგრძლივებულად იმუშავებს
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
დღეს საქართველოში ისევ იწვიმებს
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა დაიწყო
ბრიუსელში დღეს ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგი გაიმართება
11 ივნისის ამინდის პროგნოზი
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს სავარაუდო თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს
,,ამ ეტაპზე არც განიხილება და არც მიღებულია რაიმე გადაწყვეტილება საავტომობილო გზების ფასიან რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით ''- საავტომობილო გზების დეპარტამენტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
27 ივნისიდან N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
როდესაც ტკბილეულზე მოთხოვნილება იზრდება, როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს გლუკოზის კონტროლში