„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ - მარტა კოსის იდეა გამოხატავს, რომ „დიფ სთეითის“ დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოსგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ
ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა, რომლის წარსულ საქმიანობასა და იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით ფაქტებზე დაფუძნებული არაერთი შეკითხვა არსებობს, განაცხადა, რომ განიხილება იდეა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის მომავალ წევრებს მოქმედი წევრების მსგავსი ხმის უფლება არ ექნებათ. გამოდის, თუ დავუშვებთ, რომ საქართველო ოდესმე აღნიშნული ორგანიზაციის წევრი გახდება, ჩვენს ქვეყანას, ისევე, როგორც სხვა ახალ წევრებს, ფაქტობრივად, არ ექნებათ ხმის უფლება, თუმცა, ექნებათ ისეთივე ვალდებულებები, როგორიც იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრები უკვე არიან, - ამის შესახებ ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მარტა კოსის იდეის მიღმა დიდი საფრთხე იმალება.
„ვისაც ოდნავ მაინც აქვს წარმოდგენა, რა ფორმალური წესები არსებობს ევროკავშირში და ორგანიზაციას რა სახის ბერკეტები აქვს წევრ სახელმწიფოებზე გავლენის მოსახდენად, ყველამ კარგად იცის, რომ მარტა კოსის გაჟღერებული იდეის მიღმა დიდი საფრთხე იმალება. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირმა, შესაძლოა, საქართველოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე, ფაქტობრივად, შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილება, საქართველოს გარეშე მიიღოს. ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვხედავთ, როგორ ებრძვის ევროპული ბიუროკრატია განსხვავებულ შეხედულებებს, თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად, საბოლოოდ გადაწყვიტეს, ჩაახშონ ნებისმიერი თავისუფალი აზრი, რომელიც მათ ხედვებს ეწინააღმდეგება, თანაც, ამის გაკეთებას ყველაზე უხეში ფორმით ფიქრობენ და იმ ორგანიზაციაში წევრობისთვის, რომელიც მრავალფეროვნებისა და თანაბარუფლებიანობის იდეას დაეფუძნა, ქვეყნებს საკუთარი ხმის უფლების დათმობასა და უსიტყვო მორჩილებაზე თანხმობას სთავაზობენ. ჩვენ საჯაროდ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ილუზია და სხვადასხვა ერებისთვის ფუჭი იმედების ჩასახვაა, მოლოდინის შექმნა, თითქოს, ევრობიუროკრატები ევროკავშირში კიდევ რომელიმე ქვეყანას მიიღებენ, თუმცა, ისინი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და სავარაუდო ახალი წევრებისთვის, სეგრეგაციის პრინციპით, ჩანასახშივე მონურ როლს განიხილავენ. პარალელურად, საზოგადოების წინაშე ისეთ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს, ეს საჩუქარია და მთელი რიგი ქვეყნები, ამ „წყალობისთვის" მადლიერები უნდა დარჩნენ. ევროპელი ბიუროკრატები, ყოველდღიურად ადასტურებენ, რომ თანამედროვე ევროკავშირი საბჭოთა კავშირზე შორს მიდის და თანასწორობის პრინციპს ფორმალურად, ფურცელზეც კი აღარ იცავს. დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ევროკავშირი გადაიქცა გაერთიანებად, რომლის წიაღშიც, ბრიუსელიდან მომავალი შეხედულებისგან განსხვავებული ნებისმიერი აზრი დაისჯება და უხეშად ჩაეხშობა. განვლილი წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე მეტად სწორედ ქართულმა სახელმწიფომ გამოსცადა, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევრობიუროკრატია რაზეა წამსვლელი კონკრეტული სახელმწიფოსგან მონური მორჩილების მისაღებად. რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და საკუთარი ეკონომიკის ჩამონგრევის, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად მეორე ფრონტის გახსნისა და კონფლიქტში საქართველოს ჩართვის მოთხოვნებზე უარის საპასუხოდ, გარე ძალების მორჩილი ადგილობრივი რადიკალების მხრიდან დაგეგმილი რევოლუციების დაფინანსება და წახალისება, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მთელი რიგი გადაწყვეტილებების იძულების მცდელობები, გამუდმებული შანტაჟი, სხვადასხვა სექტორში დასაქმებული ადამიანებისა და კონკრეტული ინსტიტუციების წარმომადგენლების წინააღმდეგ უსამართლოდ ამოქმედებული სადამსჯელო ღონისძიებები და დაწესებული სანქციები ჩვენმა საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა. დღეს უკვე ნათელია, რომ ეს ყველაფერი ბრიუსელიდან წამოსული დირექტივების უსიტყვოდ შესრულებაზე უარის თქმამ გამოიწვია, თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, საქართველო არა წევრი, არამედ მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. საბოლოოდ, მივიღეთ მოცემულობა, რომ ევროპელი ბიუროკრატები, რომლებიც მთელ რიგ ერებს წლების განმავლობაში „აღთქმულ მიწამდე" მიახლოებისა და ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანების შესაძლებლობის ქონის ილუზიაში აცხოვრებდნენ, ამაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავლენ, თუკი ისინი მათ წესებს დაემორჩილებიან და ამავდროულად უარს იტყვიან იმ უფლებებზე, რომელიც დღესდღეობით ორგანიზაციაში გაერთიანებულ სახელმწიფოებს გააჩნიათ, ეს კი ლამაზად შეფუთული მონობაა და სხვა არაფერი! მარტა კოსის მიერ გაჟღერებული იდეა საუკეთესოდ გამოხატავს, რომ დღეს „დიფ სთეითის" დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოებისგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ, თუმცა, ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, იდეოლოგიური თვალსაზრისით, კონკრეტული ქვეყნების შიგნით, ხელისუფლებები ერთი რიგითი ინდივიდისგან რა სახის ქცევას მოითხოვენ და მათთვის მიუღებელი ქმედების შემთხვევაში რა სადამსჯელო ღონისძიებები არსებობს. გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბერლინში პოლიციამ მოქალაქეს ეროვნული დროშის საჯაროდ აფრიალება აუკრძალა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მსგავსი ქმედება იმ ადამიანების უფლებებს ლახავს, რომლებიც გერმანიასთან არ არიან ასოცირებული. ამ ამბავში კი ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ გერმანიის დროშის ფრიალს, რაც, წესით, თითოეული გერმანელისთვის სიამაყის გამომწვევი უნდა იყოს, გერმანელი პოლიციელი კრძალავს სხვების უფლებებზე ზრუნვის მოტივით მაშინ, როდესაც აბსურდია იმის მტკიცება, რომ საკუთარ ქვეყანაში, ეროვნული დროშის ფრიალი შეიძლება ვინმეს უფლებებს არღვევდეს. სამწუხაროდ, ფსევდოლიბერალური ღირებულებების ევროპულ საზოგადოებაში დანერგვით, საგანმანათლებლო სისტემაში შეღწევით, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და ხელისუფლებების სრული კონტროლით „დიფ სთეითმა" ერთ დროს ყველასთვის მისაბაძი ევროპული სახელმწიფოები იქამდე მიიყვანა, რომ პოლიციელები საჯარო სივრცეში ეროვნული დროშის დემონსტრირებას კრძალავენ. თუმცა ეს ყველაფერი გუშინ ნამდვილად არ დაწყებულა. ეს წლების წინ დასახული გეგმის აღსრულების პროცესში ბოლო ეტაპია და მიზნად ისახავს ევროპული სახელმწიფოების ტრადიციული და ეროვნული ღირებულებებისგან სრულად დაცლას.
უკვე დიდი ხანია, რაც „დიფ სთეითმა" ევროკავშირის ხელმძღვანელების და კონკრეტული „ეროვნული" ხელისუფლებების ხელით, ევროპული ქვეყნები აიძულა, მიგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკა უკიდურესად შეერბილებინათ და მილიონობით არალეგალი მიგრანტი საკუთარ ქვეყნებში მიეღოთ. 13 ივნისიდან ევროკავშირში ოფიციალურად ამოქმედდა მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტი, რომელიც მიგრანტების სავალდებულო განაწილების მექანიზმსაც მოიცავს და წევრ სახელმწიფოებს ყოველწლიურად გარკვეული რაოდენობის მიგრანტის მიღებას ავალდებულებს, ეს რიცხვი კი კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობისა და მშპ-ს მიხედვით ითვლება. ახლად ამოქმედებული პაქტის წესების თანახმად, თუკი ქვეყანა მიგრანტების მიღებაზე უარს იტყვის, თითოეულ იმ პირზე, რომელიც თავშესაფარს ვერ მიიღებს, 20 ათასი ევროს გადახდა მოუწევს, აღნიშნული თანხა კი სპეციალურ ევროპულ ფონდში მოიყრის თავს. ცალკე საკითხია, მიგრანტების მიღების შემდეგ ამ ქვეყნებში რა მიმართულებით ვითარდება მოვლენები, უარესდება თუ არა მაგალითად სოციალურ-ეკონომიკური თუ კრიმინოგენური მდგომარეობა, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევროკავშირის ხელმძღვანელობა, სახელმწიფოებს მიგრანტების მიღებას აიძულებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი კონკრეტული ქვეყნების ტერიტორიაზე დამკვიდრდებიან, მულტიკულტურალიზმის ერთი შეხედვით კეთილშობილური პრინციპის დაცვის მოტივით, მასპინძელი ქვეყნის შვილებს, საკუთარი სამშობლოსადმი პატივისცემისა და სიყვარულის საჯაროდ გამოვლენის მცდელობებს, უკვე სტუმარი და შეფარებული ადამიანების შეურაცხყოფაში უთვლიან, რაც სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის ბოლომდე შელახვა, ყველანაირი ჭეშმარიტი ევროპული ღირებულების უხეში ფეხქვეშ გათელვაა და სხვა არაფერი. მსგავსი რეალობა სწორედ „დიფ სთეითის" გავლენამ და ევროპელი ბიუროკრატების ქმედებებმა განაპირობა და კარგად უნდა ვიაზრებდეთ, რომ დღევანდელი ევროკავშირისკენ სწრაფვა, მონური მორჩილების სანაცვლოდ ორგანიზაციაში მიღება, შემდეგ მათი წესების დაცვის მოტივით ტრადიციულ ქართულ ღირებულებებზე უარის თქმის იძულება, ჩვენს ქვეყანაში უკონტროლო მიგრაციის დაშვება და „ლგბტ" დღის წესრიგის თავზე მოხვევა, საქართველოს ისეთივე მდგომარეობას უქადის, როგორიც ევროპის კონტინენტზე უკვე ნორმად იქცა", - ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიმართავენ „ქართულ ოცნებას", უარი განაცხადონ ევროკავშირისკენ სწრაფვის ოფიციალურად დეკლარირებულ პოზიციაზე.
„ამ ფონზე „ქართული ოცნება" საქართველოს მოსახლეობისთვის ჯიუტად აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ჩვენი ეროვნული მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა, მის სათავეში არსებული ბიუროკრატები მალე შეიცვლებიან, ევროპა ტრადიციულ ეროვნულ ღირებულებებს დაუბრუნდება, ჩვენგან უპირობო მორჩილებას აღარ მოითხოვენ, რაც ურთიერთობების გაუმჯობესებას, მხარეების პოზიციების კვლავ დაახლოებას და საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას განაპირობებს. მათი მტკიცების საწინააღმდეგოდ ყველაზე უკეთ ის ფაქტები მეტყველებს, რომლებსაც ევროპის კონტინენტზე ვაწყდებით. სწორედ ამიტომ, მივმართავთ „ქართულ ოცნებას", რომელსაც დღეს ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული - გსურთ საქართველო „დიფ სთეითის" უსიტყვო მორჩილების პირობებში, სუვერენიტეტის გარეშე ისევე აგრძელებდეს არსებობას, როგორც მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოები?! ისეთ ქვეყანაში გსურთ ცხოვრება, რომელიც ორგანიზაციის წევრობის სანაცვლოდ, ვალდებულებებს იზიარებს და უფლებებს თმობს?! გსურთ მომავალში ქართველი პოლიციელი საქართველოს შვილს დროშის ფრიალს უკრძალავდეს?! თუკი ეს თქვენთვისაც მიუღებელია, მაშინ დროულად განაცხადეთ უარი ევროკავშირისკენ სწრაფვის ოფიციალურად დეკლარირებულ პოზიციაზე, გაუმხილეთ ქართულ საზოგადოებას სიმართლე, დაიცავით ქვეყნის სუვერენიტეტი და ჩვენი შვილების მომავალი!
თუკი უარს ამბობთ აღნიშნული ნაბიჯის გადადგმაზე, მაშინ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის წინაშე გთავაზობთ დებატებს, რომლის შედეგადაც ჩვენი საზოგადოება თავად აწონ-დაწონის ჩვენ მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს, შეაფასებს ფაქტებს და დასკვნებსაც გამოიტანს! ამავდროულად, მივმართავთ ტელეკომპანია „იმედს", თუკი ხელისუფლება თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული დებატების გამართვა და დაინტერესებული მხარეების პროცესში მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ კონსტრუქციულ ოპონენტთან არგუმენტებით ვიკამათოთ და ქართველ ხალხს ევროკავშირის შესახებ ერთადერთი სიმართლე ვუჩვენოთ", - აღნიშნულია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
„დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“- ცესკო მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
ევროპარლამენტში დღეს კენჭს უყრიან საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტარი, მომხსენებელი საქართველოს საკითხებში რასა იუკნევიჩიენე წარადგენს
სამადაშვილის ტყუილი - საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე ღარიბი ქვეყანაა, IMF -ის 2026 წლის მონაცემი - ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე:1 - საქართველო 10 346$, 2 - მოლდოვა 8 542$; 3 - უკრაინა 6 499$
,,უკრაინელების ბრძოლის გამო, ევროკავშირის გაფართოების ფანჯარა გაიღო "ქართული ოცნების" ხელისუფლება კი ამ შესაძლებლობას არ იყენებს''- რასა იუკნევიჩიენე
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ - მარტა კოსის იდეა გამოხატავს, რომ „დიფ სთეითის“ დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოსგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ორი თვეა, საერთოდ არაფერში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია
იმედი გვაქვს, როდესაც იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები ლუქსემბურგი მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის გაგრძელებას - ნიკოლოზ სამხარაძე
ლევან მახაშვილი - იმედი გვაქვს, ლუქსემბურგში ვიზიტი ხელს შეუწყობს, როგორც ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას, ასევე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
დონალდ ტრამპი - რუსეთმა შეთანხმება უნდა დადოს, რვა ომი მოვაგვარე, ამის მოგვარება ყველაზე ადვილი მეგონა, ორ ლიდერს შორის დიდი ანტიპათიაა
პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა
ალექსანდრ ვუჩიჩი - გაუმარჯოს სერბ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობას
ნინო წილოსანი - მაკრონი ამბობს, რომ ამერიკა კანონების მიღებას ვერ უკარნახებს, სასტიკია კარმა, გვახსოვს, ევროკავშირის ლიდერები როგორ მიუთითებდნენ საქართველოს, როგორი კანონები ჰქონოდა
ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
ალექსანდრ ვუჩიჩი - 2012 წლიდან დღემდე საქართველომ საოცარი შედეგები აჩვენა, სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა პირველ კვარტალში იყო 9.3%, ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ აქვს
ალექსანდრ ვუჩიჩი - საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, გვექნება საშუალება, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ
ირაკლი კობახიძე - სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ეს ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ქართულ-სერბულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ყველა მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და სერბეთს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით საერთო გამოწვევებიც, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით ორმხრივად გამოცდილების გაზიარება და მჭიდრო კოორდინაცია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ - ცესკო