სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში - კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში. აი, ეს სამი არის სასუფეველი ღვთისა, რომელზეც უფალი ამბობს, რომ ჩვენში უნდა ვეძებოთ", - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.
როგორც შიო III-მ აღნიშნა, მართლმადიდებელი ქრისტიანი, უპირველეს ყოვლისა, ღვთის სასუფეველსა და მის სიმართლეს უნდა ეძიებდეს, რაც, მისივე თქმით, მშვიდობის ერთადერთი საწინდარია.
"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!
ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო,
პატიოსანო მამებო, ძვირფასო ძმებო და დებო,
გილოცავთ სულთმოფენობიდან მესამე კვირას, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
ერთხელ, როდესაც უფალ იესო ქრისტეს ბევრი ხალხი მიჰყვებოდა თან, მან დაინახა ეს სიმრავლე, მთაზე ავიდა და მთიდან წარმოთქვა თავისი ქადაგება, რომელმაც სრულად შეცვალა მსმენელთა წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის სიკეთე, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რა არის ცხოვრებაში მთავარი და მეორეხარისხოვანი.
მან თქვა სიტყვები, რომლებიც დღეს მოვისმინეთ წმინდა სახარებიდან: „ნუ ზრუნავთ და იტყვით, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რა შევიმოსოთ, რადგან ამ ყველაფერს წარმართები ეძებენ. ხოლო თქვენ პირველად ეძიეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი და ეს ყველაფერი თქვენ შეგემატებათ" (მთ. 6, 31-33). ჩვენ კი ამის ნაცვლად, პირველ რიგში, ვეძებთ, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რით შევიმოსოთ, ანუ მატერიალურ, ამქვეყნიურ კეთილდღეობას ვეძებთ და მხოლოდ შემდეგ - ღვთის სასუფეველს.
რა გამოდის, ძვირფასო ძმებო და დებო, უფალი გვეუბნება, თუ პირველად ეძებ ღვთის სასუფეველს, ყველაფერ დანარჩენს, მატერიალურს, მოგცემს ღმერთი, მას ეს უნდა და გვპირდება კიდეც. ამის ნაცვლად, ჩვენ ვეძებთ იმას, რაც დანამატის სახით ისედაც გვეძლევა, როგორც უმთავრესსა და პირველხარისხოვანს.
ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით", ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში და ა. შ. იმის მაგივრად, რომ დავფიქრდეთ ამ ჩვენს მძიმე ცოდვებზე და გამოვსწორდეთ, ვეძებთ მიზეზებს და თავსაც კი ვიტყუებთ ხოლმე. ამიტომ ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ნაკლებია ჭეშმარიტად აღმატებული, დიადი, სულიერი და ქრისტიანული, ვერ ვაკეთებთ ამ ყველაფერს ჯეროვნად სწორედ ამის გამო, რაც მოგახსენეთ.
ამ ქადაგებაში უფალ იესო ქრისტეს არ უთქვამს ის, რომ საერთოდ არ ვეძებოთ, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, საერთოდ არ ვეძებოთ მატერიალური კეთილდღეობა, რადგან ეს არ გვჭირდება და არ უნდა ვიშრომოთ ამის მოსაპოვებლად, ვინაიდან თავად უფალი ამბობს: „ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა" (დაბ. 3, 19). ასევე, წმინდა წერილში წერია: „ვისაც შრომა არ უნდა, მაშინ ნურც ჭამს" (2 თეს. 3, 10).
ე. ი. ამ გამონათქვამში, რომელსაც განვიხილავთ დღეს, დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვას „პირველად", რომელსაც იყენებს უფალი იესო ქრისტე: „ეძიეთ პირველად სასუფეველი ღვთისა და მისი სიმართლე და სხვა ყველაფერი თქვენ შეგემატებათ". ჩვენ კი, ვიმეორებ, პირველად ვეძიებთ, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რით შევიმოსოთ, როგორ მოვიპოვოთ მატერიალური კეთილდღეობა, შემდეგ უკვე - ღვთის სასუფეველს.
შედეგად რას ვიღებთ, რასაც ძალიან ხშირად ვხედავთ? - როდესაც ადამიანი ამ ყველაფერს ეძიებს, მიისწრაფვის ამის მოპოვებისკენ, ხშირად ხდება, რომ ვერ იგებს ამას, უფრო სწორად, როდესაც ამისკენ ისწრაფვის ღვთის სასუფევლის ძიების გარეშე, როცა ეს ხდება მისი ცხოვრების პირველადი მიზანი, ვერ ირგებს ხოლმე ამას. როგორც ხალხში ამბობენ, „ყელში ეჩხირებაო", ხოლო თუ პირველად ვეძიებთ საღვთო სიმართლეს და სასუფეველს, მაშინ ეს ყველაფერი მოგვეცემა ღვთისგან ისე, როგორც საჭიროა, იმდენი, რამდენიც საჭიროა. მოგვეცემა საკვებიც, სასმელიც, ტანსაცმელიც და სხვა ფასეულობებიც, რომლებიც დაგვაკმაყოფილებს, რაც საკმარისი იქნება. აი, ასე არის, მაგალითად, სხვა ფასეულობებთან მიმართებით, რასაც ჩვენ ვქმნით საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.
რა უფრო მნიშვნელოვანია: საჭმელი, სასმელი და ტანსაცმელი თუ ღვთის სიმართლე? - რა თქმა უნდა, ღვთის სიმართლე, არა?!
რა უფრო მნიშვნელოვანია: ცივილიზაცია, კულტურა და ყველაფერი ის, რასაც კაცობრიობა ქმნის და ჩვენ ვქმნით თუნდაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუ ღვთის სიმართლე? - რა თქმა უნდა, ღვთის სიმართლე აღმატებული და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ყველაფერი.
თუ ასე მივუდგებით, მაშინ ღმერთი ყველაფერს მოგვცემს, ყველა ამ ღირებულებას სულ სხვა აზრი და ფასი ექნება, ეს მოგვანიჭებს მშვიდობას, სიმართლეს და სიხარულს სულიწმინდაში.
ძვირფასო ძმებო და დებო, დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე!
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. შეგვეწიოს უფალი, რომ როგორც ამბობს იგი, პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ეს ყველაფერი მოგვეცემა; პირველ რიგში, მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება.
სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ რა არის აუცილებლად? - სიხარული სულიწმინდაში. აი, ეს სამი, რაც დავასახელე, არის სასუფეველი ღვთისა, რომელზეც უფალი ამბობს, რომ ჩვენში უნდა ვეძებოთ.
რა თქმა უნდა, სასუფეველი ღვთისა არ არის მხოლოდ ჩვენში, ჩვენ გარეთაც არის, მაგრამ, პირველ ყოვლისა, ის ჩვენშია. ღმერთმა მოგვცეს მადლი და წყალობა, რომ ღირსი გავხდეთ ჩვენში ამ სასუფევლის პოვნისა უფალ იესო ქრისტეს მადლით და კაცთმოყვარებით, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!", - განაცხადა პატრიარქმა.
მსგავსი სიახლეები
სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში - კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი - მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიებისგან პასუხი მიიღეს
ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს UNESCO-ს პატრონაჟი მიენიჭა
ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვამ და ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა
ატესტატების გაცემა 22 ივნისიდან იწყება
როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
21 ივნისს წლის ყველაზე გრძელი დღე იქნება - 23 ივნისიდან ღამე მატებას დაიწყებს
21 ივნისის ამინდის პროგნოზი
გზების დეპარტამენტი მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სულხან თამაზაშვილი - შსს აჭარაში ტურისტულ სეზონს სრული მზადყოფნით ხვდება
ირაკლი კობახიძე - საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი
გივი მიქანაძე - გაფორმდა ხელშეკრულება ბაზრის კვლევაში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს სასკოლო ფორმების შეკერვას დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის
„გაცნობებთ, რომ 19- 22 ივნისს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება, მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ" - 112 მოსახლეობას აფრთხილებს
ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრა გამართა
თუ სიჩქარის გადაჭარბება არ აღემატება 30 კმ/სთ-ს, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით - შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი
2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმების შესყიდვის პროცედურა დასრულდა
2026 წლის ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები გამოვლინდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 ივნისიდან
საქართველოში 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან - ძლიერი
პრემიერ-მინისტრმა "სტუდფესტი 2026-ის" დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა